პირველად საქართველოში: რკინიგზის ხმაურისგან მოსახლეობის დაცვა

პირველად საქართველოში: რკინიგზის ხმაურისგან მოსახლეობის დაცვა

ბაქო–თბილისი–ახალქალაქი–ყარსის საერთაშორისი რკინიგზა ქ.თეთრიწყაროსა და ქ. წალკის საცხოვრებელი უბნების მახლობლად გადის. 2007 წელს „მწვანე კავკასიამ“ გამოთვალა, რომ ტვირთბრუნვის ზრდასთან ერთად გაიზრდება ხმაური, რომლის ინტენსივობა დასაშვებ ნორმას გადააჭარბებს ლიანდაგთან ახლოს მდგომ საცხოვრებელ სახლებში და სთხოვა ოპერატორ კომპანიას - შპს „მარაბდა–კარწახის რკინიგზას“, პროექტირებისას გაეთვალისწინებინათ მოსახლეობის ხმაურისგან დაცვის ღონისძიებები, კერძოდ, რკინიგზასა და საცხოვრებელ უბნებს შორის გაშენებულიყო მწვანე ნარგავების ზოლი, ლიანდაგთან ახლოს მყოფ სახლებში კი დამონტაჟებულიყო მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრები.

მოქმედი კანონმდებლობა ინვესტორს არ ავალდებულებდა საზოგადოებასთან კონსულტაციებს პროექტის შედგენის სტადიაზე, მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის მოსაზრებების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში გათვალისწინების აუცილებლობაზე მითითება საპროექტო ორგანიზაციას თავად შპს „მარაბდა–კარწახის რკინიგზის“ დირექტორმა, რამაზ გიორგაძემ მისცა.

პროექტის შედგენისას (სკოპინგის ეტაპზე) საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების ამგვარი პრაქტიკა საქართველოში არ არსებობდა, „მსოფლიო ბანკის“ და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების დაფინანსებით მიმდინარე მსხვილი პროექტებიც კი მხოლოდ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვით შემოიფარგლებოდნენ.

46993_161190297244468_5740661_n

„მწვანე კავკასიამ“ ითანამშრომლა დამპროექტებელ ორგანიზაციასთან „თბილწყალგეო“ და მისი მოსაზრებები აისახა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში, რომლის საჯარო განხილვა გაიმართა ქ.თეთრიწყაროში 2008 წლის ნოემბერში.   აღნიშნული დოკუმენტით რკინიგზამ აიღო ვალდებულება, თეთრიწყაროში გააშენოს 2300 მ, ხოლო წალკაში 2645 მ სიგრძისა და 15 მ სიგანის გამწვანების ზოლი ლიანდაგზა და საცხოვრებელ უბნებს შორის, ლიანდაგიდან 155 მ მანძილზე მყოფ სახლებში კი დაამონტაჟოს მეტალოპლასტმასის ფანჯრები (თეთრიწყაროში 347 კვ.მ, წალკაში 185 კვ.მ.) რკინიგზიდან მომავალი ხმაურის ტალღის მხრიდან. ხმაურის დაცვის ღონისძიებების ღირებულება, 2008 წლის განფასებით, 762 920 აშშ დოლარს შეადგენდა. ეს სამუშაოები გათვალისწინებულ იქნა პროექტის ხარჯთაღრიცხვაში და ამჟამად მწვანე ზოლის გაშენება მიმდინარეობს.

სარკინიგზო ტრანსპორტიდან ხმაურის ემისიის მოსახლეობაზე გავლენის შესარბილებლად ამგვარი ღონისძიებების გატარების პრეცენდენტი საქართველოში მანამდე არ ყოფილა.

mwvane 2

                                                               ნარგავების გაშენება რკინიგზის ლიანდაგსა და საცხოვრებელ უბანს შორის ქ.თეთრიწყაროსთან, 2017

Close