ქვემო ქართლის რეგიონის განვითარების სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგი (2018)

ქვემო ქართლის რეგიონის განვითარების სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგი (2018)

2010-2017 წლებში მთავრობის მიერ მიღებულია სხვადასხვა დარგისა და რეგიონის განვითარების 40-ზე მეტი სტრატეგიული დოკუმენტი, თუმცა, საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული, როგორ მიმდინარეობს ამ სტრატეგიების შესრულება.

2010 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო 2 რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, 2013 წელს ეს სტრატეგიები განახლდა, ასევე, კიდევ 7 რეგიონისათვის შემუშავდა და საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 2014-21 წლების განვითარების სტრატეგიები. 2014 წელს ყველა რეგიონში მომზადდა რეგიონების განვითარების სტრატეგიების განხორციელების 3-წლიანი სამოქმედო გეგმები (2014-2017), რომლებიც სამხარეო საკონსულტაციო საბჭოებმა მოიწონეს. საქართველოში არ არის ჩამოყალიბებული რეგიონული განვითარების სტრატეგიების განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების სისტემა, არ არსებობდა მონიტორინგის რაიმე მეთოდოლოგია.

„მწვანე კავკასიამ“, „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრთან“ პარტნიორობით, 2018 წელს განვიზრახეთ შეგვექმნა სამთავრობო სტრატეგიების განხორციელებაზე სამოქალაქო მონიტორინგის პირველი პრეცედენტი. საამისოდ შევარჩიეთ „ქვემო ქართლის რეგიონის განვითარების 2014-2021 წლების სტრატეგია“, რომელიც დამტკიცებულია  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17  სექტემბრის №1365 განკარგულებით.

სპეციალურად  მონიტორინგის მიზნებისთვის შემუშავდა მეთოდოლოგია, რომელიც სტრატეგიის თითოეული ამოცანის განხორციელებისა და მიზნების მიღწევის მდგომარეობის რაოდენობრივად გამოსახვის საშუალებას მოგვცემდა.  ამგვარი მეთოდოლოგია ინოვაციას წარმოადგენს სფეროში, ხოლო თავად მონიტორინგი განხორციელდა ამ მეთოდოლოგიის დაინტერესებული მხარეებისათვის გაცნობისა და მათგან უკუკავშირის მიღების შემდეგ. შემუშავებულმა მეთოდოლოგიამ მოგვცა მიმდინარე ეტაპზე სტრატეგიის ამოცანების განხორციელების მდგომარეობის გაცილებით მარტივად და  ქულების სისტემის მეშვეობით შეფასების შესაძლებლობა, ვიდრე ეს იქნებოდა შესაბამისი უწყებებიდან ნარატიული ფორმით საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, რომლის ობიექტური დამუშავება-გაანალიზება მნიშვნელოვან პრობლემებთან იქნებოდა დაკავშირებული. ამდენად, ჩვენი გამოცდილებით, მეთოდოლოგია მკვლევარის დროის დაზოგვისა და შედეგების ობიექტურად, ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წარმოდგენის საშუალებას იძლევა.

შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით შეიქმნა კითხვარები ყველა საჯარო დაწესებულებისთვის, რომლებიც დაიგზავნა 35 საჯარო ინსტიტუციაში. მონიტორინგისათვის საჭირო ინფორმაცია მოგვაწოდეს შემდეგმა უწყებებმა და ორგანიზაციებმა:

  • საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
  • გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრიწყაროსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაცია
  • ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო
  • ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტები: ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, დმანისის მუნიციპალიტეტი, წალკის მუნიციპალიტეტი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტი, სოფლის მეურნეობის, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტი, გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი)
  • სსიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო
  • სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლებისა  ცენტრი
  • სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
  • სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო
  • ააიპ პროექტების მართვის სააგენტო
  • სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
  • სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტო
  • სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო
  • სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო
  • შპს საქართველოს მელიორაცია
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
  • სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო
  • სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
  • სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
  • სსიპ აწარმოე საქართველოში
  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტი
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

 საჯარო ინსტიტუციებიდან მიღებული ინფორმაცია შეძლებისდაგვარად გადამოწმდა ღია წყაროების (ინტერნეტი, ელექტრონული მედიაში გამოქვეყნებული სიახლეები) მეშვეობით. მიღებული ინფორმაცია გაანალიზდა და მაქსიმალურად იქნა ასახული ანგარიშის სამუშაო ვერსიაში, რომელიც, უკუკავშირის მიღების მიზნით, დაეგზავნა ყველა საჯარო ინსტიტუციას, საიდანაც იყო მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.

მეთოდოლოგიის მიხედვით, „ქვემო ქართლის განვითარების სტრატეგიის 14 მიზნის მიღწევისა და 172 ამოცანის შესრულების მდგომარეობა შეფასდა 231 კრიტერიუმით. 35 საჯარო ინსტიტუციიდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და ღია წყაროების ანალიზის საფუძველზე მომზადდა დასკვნები და რეკომენდაციები, რომლებიც, მონიტორნგის შედეგებთან ერთად აისახა მონიტორინგის ანგარიშში.  მონიტორინგის შედეგებით, ქვემო ქართლის რეგიონის განვითარების 2014-2021 წლების სტრატეგიის ამოქმედებიდან 4 წლის შემდეგ მისი ცალკეული მიზნების მიღწევის მდგომარეობა განსხვავებულ დონეზეა  (27-დან 71%-მდე),   ხოლო მთლიანობაში სტრატეგიის მიზნები 44%-ით არის მიღწეული.

პროექტის დახურვა მოხდა მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციით, რომელიც გაიმართა 2018 წლის 26 ნოემბერს ქ.თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასში“. მას დაესწრნენ ქვემო ქართლის გუბერნიის, სამინისტროების, არასამთავრობო სექტორისა და  დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროექტი „ქვემო ქართლის რეგიონის განვითარების სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგი“ განხორციელდა „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (2017 -2020) ფარგლებში.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.  პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

Close