სარჩელი მერებისა და გამგებლების გადაყენების ანტიკონსტიტუციურობაზე

სარჩელი მერებისა და გამგებლების გადაყენების ანტიკონსტიტუციურობაზე

sakonstitucio2016 წლის 16 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა კოტე კანდელაკისა და გიორგი აბულაძის კონსტუტუციური სარჩელი N754, რომელიც  ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით მომზადდა. სარჩელი შეტანილი იყო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ იმ ნორმის არაკონსტუტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლითაც საკრებულოს ენიჭება უფლება, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადააყენოს მოსახლეობის მიერ პირდაპირ არჩეული გამგებელი და მერი. მოსარჩელეების წარმომადგენელი იყო იურისტი ვახუშტი მენაბდე.

„სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი“ და „მწვანე კავკასია“ ამ ნორმის წინააღმდეგი არიან ჯერ კიდევ 2013 წლიდან, როდესაც  საქართველოს პარლამენტს საკომიტეტო განხილვაზე კანონპროექტის შესაბამისი მუხლის ალტერნატივა შესთავაზეს, რომლითაც მერისა და გამგებლის გადარჩევის უფლება თავად ამომრჩევლებს უნდა ჰქონოდათ.

სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო და 2016 წლის 10 ნოემბერს ის განსახილველად გადაეცა სასამართლოს პლენუმს (განჩინება #1-3/4/754). 2017 წლის 17 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა, რომლის გადაწყვეტილებით სარჩელი არსებითად განსახილველად არ იქნა მიღებული.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა, ქალბატონმა მაია კოპალეიშვილმა გამოთქვა პლენუმის მოსაზრებისგან განსხვავებული აზრი, კერძოდ, მან აღნიშნა: "...საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციურ სარჩელში დასმულ მოთხოვნას კვლავ ფორმალური განმარტების თვალსაზრისით მიუდგა და კვლავ გამორჩა თვალთახედვის არედან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ქმედითი მოდელის შექმნა უკავშირდება სწორედ მისი აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევითობას. მოქალაქეთა ჩართულობის დონე და საზოგადოების პასუხისმგებლობა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში კიდევ უფრო მეტად იზრდება, როდესაც ისინი მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობის (ადგილობრივი საჯარო ხელისუფლების) ორგანოების (მათ შორის, აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობის პირების) არჩევნების გზით ფორმირებაში. ადგილობრივი თვითმმართველობა როგორც საჯარო ხელისუფლების შემადგენელი ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ კონსტიტუციის სულისკვეთების საწინააღმდეგოა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობის პირების - მერების/გამგებლების არჩევნების გამორიცხვა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით გარანტირებული საარჩევნო უფლებისგან.

N754 კონსტიტუციური სარჩელიდან გამოდინარე, ცხადია, რომ სადავო ნორმა ითვალისწინებს მოქალაქეთა მიერ აქტიური საარჩევნო უფლების ფარგლებში არჩეული პირის თანამდებობიდან გადაყენებას. ამომრჩევლის უფლება, ხმა მისცეს მისთვის სასურველ კანდიდატს არ წარმოადგენს თვითმიზანს. საარჩევნო პროცესის უმთავრესი მიზანი ამომრჩეველთა ნების რეალიზებაა, სხვაგვარად, ამომრჩეველი ხმას აძლევს კონკრეტულ პირს, რათა მან კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით და ვადით დაიკავოს არჩევითი თანამდებობა. სწორედ ამაში ვლინდება დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების ელემენტარული პრინციპი. არჩეული პირის თანამდებობიდან გადაყენება ანდა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ყოველთვის პოვებს ასახვას აქტიურ საარჩევნო უფლებაზე.

სადავო ნორმების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ენიჭება მერისთვის/გამგებლისთვის უნდობლობის გამოცხადების უფლებამოსილება, რაც იწვევს აღნიშნულ თანამდებობის პირთა უფლებამოსილების შეწყვეტას. ცხადია, რომ სადავო ნორმა ქმნის არჩეული მერის/გამგებლის თანამდებობიდან გადაყენების საფუძველს, რომელიც არ არის პირობადადებული რაიმე სამართლებრივი საფუძვლით და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერ დროს, მათ შორის, საკრებულოს პოლიტიკური ნების შესაბამისადაც. საკრებულოს მიერ მერის/გამგებლის თანამდებობიდან გადაყენების ამგვარი რეგულაცია მნიშვნელოვნად ზღუდავს პირის უფლებას, აირჩიოს მისთვის სასურველი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და აუფერულებს საარჩევნო უფლების არსს. ამდენად, ცხადია, რომ სადავო ნორმა ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებას."

მოსამართლემ ხაზი გაუსვა, რომ ჩვენს კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარ ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლს შორის არსებობს შინაარსობრივი მიმართება, შესაბამისად, არ არსებობდა N754 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე სასამართლოს პლენუმის მიერ უარის თქმის საფუძველი.

OSGF-ლოგო

Close