საკანონმდებლო წინადადება თანამონაწილეობით დაგეგმვაზე

საკანონმდებლო წინადადება თანამონაწილეობით დაგეგმვაზე

2013 წლიდან "მწვანე კავკასია" მონაწილეობს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის საკანონმდებლო ბაზის შემუშავებაში, ახორციელებს პროექტებს მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდის მიმართულებით.

2017 წლის 17 მარტს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო, რომელშიც ორგანიზაციას მისი თავმჯდომარე, გიორგი აბულაძე წარმოადგენს.

ჩვენი ხედვაა, რომ საჯარო მმართველობის დეცენტრალიზაცია, თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულების გაზრდა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა შექმნის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისა და სტაბილურობის მყარ საფუძველს.

ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით 2016 წელს "მწვანე კავკასიამ" საქართველოში პირველად მოახდინა თანამონაწილეობითი დაგეგმვის პილოტირება, რის შემდეგაც სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრთან ერთად შემუშავდა საკანონმდებლო წინადადება მოქალაქეთა მონაწილეობის ამ ფორმის ყველა მუნიციპალიტეტში დანერგვის მიზნით.

Untitled2017 წლის 17 მარტს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე "მწვანე კავკასიას" თავმჯდომარემ, გიორგი აბულაძემ, წარადგინა საკანონმდებლო წინადადება:

(ამონაწერი სხდომის ოქმიდან)

"IV. მოისმინეს: ,,მწვანე კავკასიას“ თავმჯდომარემ გიორგი აბულაძემ წარმოადგინა  (ა)იპ ,,მწვანე კავკასიის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, რომლის ძირითადი ინსტრუმენტი გახლავთ არჩევნები, მაგრამ ამასთანავე მნიშვნელოვანია მონაწილეობითი დემოკრატიის განვითრებისთვის გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. 2014 წელს  ამ მიზნით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს“ დაემატა 861 მუხლი ,,სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო“, რომელიც პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნა, თუმცა საჭიროდ მიგვაჩნია, რომ ამ ორგანოს მიეცეს რეალური ფუნქვციები იმისათვის, რათა მან შეძლოს რეალური კომუნიკატორის  ერთგვარი ,,ხიდის“  როლის შესრულება ადგილობრივ ხელისუფლებას მერს/გამგებელს და მოსახლეობას შორის. მოგახსენებთ, რომ 2016 წელს ჩვენმა ორგანიზაციამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოახდინა წარმატებული და განვითარებული ქვეყნების პრაქტიკის პილოტირება "თანამონაწილეობითი დაგეგმვა ურბანულ დასახლებაში", რაც გულისხმობს კეთილმოწყობის პროექტების საზოგადოებასთან ერთად განხილვას, მათთან შეთანხმებას და დაგეგმვას. თანამონაწილეობითი დაგეგმვის პროცესი გავრცელდა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში 60-70-იან წლებში. ეს გამოწვეული იყო მანამდე გამოყენებული ,,ზემოდან-ქვემოთ“ დაგეგმვის არაეფექტურობით, რომელიც მოსახლეობას თითქმის არ აძლევდა მათი დასახლების განვითარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას, რაც, ბუნებრივია, მათ უკმაყოფილებსა იწვევდა.

წარმატებულ ქვეყნების გამოცდილებამ და პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ  თანამონაწილეობითი დაგეგმვის მექანიზმი მნიშვნელოვანია ინოვაციური პროექტების წარმატებულად განხორციელებისთვის. აღნიშნულის   მაგალითად  ჩვენმა ორგანიზაციამ 2016 წელს ამ მოდელის პილოტირება მივახდინეთ ისეთი დაბალი აქტივობის მუნიციპალიტეტში, როგორიც თეთრიწყაროა, და, მინდა გითხათ, რომ  პროექტი განხორციელდა და საზოგადოებაც აქტიურად ჩაერთო.  რეალურად  გამგეობასა და მოსახლეობას შორის შედგა კომუნიკაცია, სამუშაო ჯგუფებში მოქალაქეების ჩართულობით შემუშავდა ქალაქის გაცოცხლებისათვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების  მხარიდან მხარდაჭერილი იქნა.

ჩვენ გთავაზობთ თანამონაწილეობითი დაგეგმვის პრაქტიკის შემოტანას საქართველოში. პროექტის შესაბამისად გთავაზობთ საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 861 მუხლში  მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების დამატებას. თუ თქვენ ამ მიდგომას მოიწონებთ და დაეთანხმებით მონაწილეობითი დემოკრატიის განვითრებას ქვეყანაში და მხარს დაუჭერთ ამ ინიციატივას,  ჩვენს მუნიციპალიტეტებში კეთილმოწყობის პროექტები დაგიგეგმება ხალხთან ერთად, საზოგადოების ნდობა ხელისუფლების მიმართ გიზრდება, ასევე,  საჯარო ფინანსების ხარჯვა გახდება უფრო ეფექტური, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

   აზრი გამოთქვეს:

 მერაბ ქვარაია:  შემოთავაზებული საკანონმდებლო წინადადება მისაღებია, მაგრამ  ვინაიდან იგი არსებითად ეხება ისეთ საკითხებს, რომლებიც დასმულია და იხილება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში საკანონმდებლო პაკეტის შემუშავებისას  ერთობლივ სამუშაო ჯგუფში, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვა მიზანშეწონილად მიგვაჩნია  სწორედ ამ პაკეტის ფარგლებში იყოს წარმოდგენილი.   

 ერეკლე ტრიპოლკი: მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც მუნიციპალიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობისა და თანამედროვე კომუნიკაციების გზით მოქალაქეთა ჩართულობის ამაღლებას შეეხება.  სწორეედ ამ მიზნით,  ევროპის საბჭოს და ევროკავშირის ერთობლივ გრანტის ფარგლებში დაფინანსდა სამი მუნიციპალიტეტის: დუშეთის, თიანეთის და კასპის პროექტი: „გახდი გადაწყვეტილების მიმღები პირი ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში''. გრანტის მოცულობა შეადგენს დაახლოებით თვრამეტ ათას ევროს (17 953 EURO) და მისი ძირითადი ნაწილი დაიხარჯება მოსახლეობასთან კომუნიკაციის საშუალებების გაუმჯობესებაზე, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გზითპროექტი 6 თვიანია და პირველ ეტაპზე საპილოტედ მოიცავს მუნიციპალიტეტის 5 ადმინისტრაციულ ერთეულს: დუშეთს, ჟინვალს, მჭადიჯვარს, ჭოპორტს და ფასანაურს. რაც შეეხება ღონისძიებებს, აღნიშნულ  5 ადმინისტრაციულ ერთეულში იგეგმება საინფორმაციო სტენდების ე.წ. ლაით-ბოქსების განთავსება,  რომელთა საშუალებითაც მოსახლეობას ექნება მუდმივად განახლებადი, ილუსტრირებული ინფორმაცია მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ღონისძიებისა და აქტუალური პროგრამის შესახებ. ასევე  განთავსდება 5 საფოსტო ყუთი, სახელწოდებით „შენი აზრი მნიშვნელოვანია“, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მოათავსონ საკუთარი წინადადება/მოსაზრებები წერილობით, რომელსაც პირადად გაეცნობა და უპასუხებს გამგებელი.

 გრიგოლ ლილუაშვილი: მხარს უჭერ ბატონი მერაბ ქვარაიას წინადადებას, რომ საკითხი განხილული იქნეს არა ცალკე, არამედ  ზემოხსენებულ პაკეტის ფარგლებში იყოს წარმოდგენილი."

მსჯელობის შემდეგ საპარლამენტო კომიტეტმა უარყო წინადადების განხილვა შემდეგი მოსაზრებით:

"აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების ძირითად მიზანს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთვის თანამონაწილეობითი დაგეგმვის პროცესის ნორმატიული ბაზის შექმნა. პროექტით შემოთავაზებული პროცედურებით ჩამოყალიბდება მუნიციპალიტეტის მიერ კეთილმოწყობისა და არქიტექტურული პროექტების შერჩევის ისეთი მექანიზმი, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს მუნიციპალური ორგანოების მიერ საზოგადოებასთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილების მიღებას, რასაც შეიძლება მოყვეს მოსახლეობის უკმაყოფილება და ხელისუფლების მიმართ უნდობლობის გაჩენა. ამასთანავე, ეს მექანიზმი, საჯაროობისა და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის ხარჯზე, ქმნის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტებზე საზოგადოების მიერ ინფორმირებული მონიტორინგის შესაძლებლობებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული მმართველობის განვითარების 2017 – 2020 წლების სტრატეგიის, სტრატეგიის სამოქმედო გეგმის და სხვა დოკუმენტებისა თუ წინადადებების (მათ შორის „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის) შემუშავების პროცესი, რომელიც მოიცავს თვითმმართველობასთან დაკავშირებულ მულტისექტორულ საკითხებს (მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის და გარანტიების, ჩართულობის, თვითმმართველობის ინსტიტუციური მოწყობის და სხვა საკითხებს).

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება არსებითად შეეხება იმ საკითხებს, რომლებიც დასმულია ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების პროცესში, ხსენებული საკანონმდებლო წინადადების განხილვა მიზანშეწონილად მიგვაჩნია ძირითად საკანონმდებლო პაკეტთან ერთად".

Close