მულტიკულტურული თბილისი დღეს (2018)

მულტიკულტურული თბილისი დღეს (2018)

თბილისის განვითარება იზიდავს მიგრანტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელთა ენობრივი და გარეგნული სიუცხოვე მოსახლეობაში  ქსენოფობიის რისკებს აჩენს. ჩატარებული კვლევებით, საზოგადოების ნაწილს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს იმიგრანტების მიმართ. ამავე დროს, რუსეთის ოკუპანტურ ინტერესებშია შექმნას მუდმივი დაძაბულობის კერები, შესაბამისად, კრემლის ღია თუ ფარული პროპაგანდა მომართულია იმაზე, რომ მოსახლეობის ეს განწყობები, რადიკალური ნაციონალისტური ჯგუფების მეშვეობით, გადაზარდოს უმცირესობების, აზიური წარმოშობის იმიგრანტების, მეზობელი ერებისა და ევროპის მიმართ მტრულ გამოვლინებებში.

ეთნონაციონალიზმისა და უცხოს მიუღებლობის დემონსტრირება ქვეყნის კარჩაკეტილობას გამოიწვევს და დააბრკოლებს ტურიზმის - ქვეყნის ეკონომიკის მზარდი სექტორის განვითარებას. ასეთ პირობებში მნიშვნელოვანია მოსახლეობას, განსაკუთრებით - ახალ თაობებს შევახსენოთ თბილისისათვის ტრადიციული მულტიკულტურალიზმის შესახებ. ქალაქში ჩნდება იმიგრანტების ახალი, მცირე ეთნიკური ჯგუფები, რომელთა რაოდენობა და მათგან მომავალი „საფრთხეები“ გაზვიადებულია ულტრანაციონალისტების მიერ.

ჩვენ მივმართეთ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს და გამოვითხოვეთ იმიგრანტების შესახებ საჯარო ინფორმაცია. პასუხები მივიღეთ:

  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან - დეტალური ინფორმაცია 2012-2017 წლებში თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისა და მასზე უარის თქმის შესახებ;
  • საქართველოს შრომის, კანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან - საქართველოში მყოფი შრომითი იმიგრანტების შესახებ;
  • სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან - საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართებაში ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 და ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილებების მოქმედების შესახებ და ამ მიზნით გახარჯული ფინანსების თაობაზე;
  • სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან - საქართველოს მასშტაბით ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აქტიური სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების სტატისტიკა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და მოქალაქეობის ჭრილში (ყველა აკადემიურ საფეხურზე).
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან - ქვეყნებისა და წლების მიხედვით საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ სტატისტიკა.

ბოლო წლებში ბინადრობის მოწმობებისა და მოქალაქეობის მინიჭების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ არ მოგვცა. ადმინისტრაციულ საჩივარს ამის თაობაზე მისმა ზემდგომმა ორგანომ - საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ იგნორირება გაუკეთა.

აღნიშნული გარემოებების გამო ჩვენი კვლევა იმიგრაციული ნაკადების შესახებ და მასზე დაფუძნებული საინფორმაციო კამპანია ძირითადად საქსტატის/შსს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის და სხვა სამინისტროების მიერ მოწოდებულ მონაცემებს ეყრდნობოდა. ანგარიში „საჯარო ინფორმაცია იმიგრაციის შესახებ - 2018“ გამოქვეყნდა ჩვენს საიტზე და ინფორმაცია მისი ძირითადი მიგნებების შესახებ ფართოდ გაავრცელეს საინფორმაციო სააგენტოებმა აპრილ-მაისში. ჩვენ ყოველწლიურად ჩავატარებთ სახელმწიფო უწყებების მიერ იმიგრაციის შესახებ საჯარო ინფორმაციის გაცემის მონიტორინგს და გამოვცემთ ანგარიშებს იმიგრაციული ნაკადების შესახებ.

2018 წლის ივნისში იუსტიციის სამინისტროში შევხვდით მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს პასუხისმგებელ პირებს. შეხვედრაზე მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა ანგარიშში გამოთქმულ შენიშვნებთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებით, არალეგალური ტრანზიტული მიგრაციის რისკებისა და უცხოელი სტუდენტებისათვის ბინადრობის მოწმობების გაცემის გამარტივების თაობაზე, მაგრამ შეთანხმება ბინადრობის უფლებისა და მოქალაქეობის მინიჭების დეტალური სტატისტიკის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე ვერ მოხერხდა.

9 აპრილს ფერადკანიან სტუდენტებზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ იმავე დღეს გავავრცელეთ საგანგებო განცხადება, რომელსაც მხარი კიდევ 12-მა ორგანიზაციამ დაუჭირა (ახალგაზრდობის ასოციაცია "დრონი", მეწარმე ქალთა ფონდი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ასოციაცია "გადავარჩინოთ ახალი თაობა", ახალგაზრდები მშვიდობისა და განვითარებისათვის, ახალგაზრდების განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო „კომპასი“, ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ - FAD, ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“, მრავალეროვანი საქართველო, ასოციაცია "ტოლერანტი", თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს კომიტეტი IPI).  განცხადება გადავუგზავნეთ პრემიერს და შს მინისტრს my.gov.ge-ს მეშვეობით. განცხადების თაობაზე პასუხი შსს-დან მივიღეთ 15 მაისს.

პროექტის ფარგლებში გადავიღეთ ვიდეორგოლები, რომლებიც სოციალურ ქსელ Facebook-ში გავავრცელეთ ჩვენი ორგანიზაციის გვერდიდან. მათმა ჯამურმა ნახვებმა 179 K შეადგინა. ყველაზე მეტი მნახველი 81 K ჰყავდა ვიდეორგოლს "საქართველო რასიზმის გარეშე".

პროექტის ფარგლებში გადაღებული სხვა ვიდეორგოლების ნახვა შესაძლებელია ამ საიტის გვერდზე "ვებ-სტუდია".

პროექტის მიმდინარეობისას ვაკვირდებოდით სოციალურ ქსელებს და შემოდგომის დასაწყისში რამდენჯერმე შევნიშნეთ ირანოფობიური კამპანიის გაჩაღების მცდელობა, ე.წ. ფეიკ-ნიუსების მეშვეობით. ერთ შემთხვევას ჩვენ განცხადებით გამოვეხმაურეთ. ირანოფობიის გაღვივების შესაძლო მიზეზებსა და მოტივაციაზე საგარეო პოლიტიკის საბჭომ გამოაქვეყნა სტატია „ქსენოფობიური ექსცესები  - რისკები ეკონომიკური განვითარებისათვის".

დასკვნითი კონფერენცია „იმიგრაციული პროცესები: მითები და რეალობა“  გაიმართა 2018  წლის 26 ნოემბერს სასტუმრო „ვერე პალასის“  საკონფერენციო დარბაზში. კონფერენციაზე მოხდა პროექტის შედეგების პრეზენტაცია, კვლევის „საჯარო ინფორმაცია იმიგრაციის შესახებ - 2018“ ძირითადი მიგნებების წარდგენა საზოგადოებისათვის, მათზე დისკუსია და პროექტის ფარგლებში გადაღებული ვოდეორგოლების ჩვენება. დისკუსიის ძირითადი თემები იყო: მითები იმიგრანტების შესახებ; თურქოფობიის სავარაუდო მიზეზები, ნარატივები და შედეგები; ირანოფობიის სავარაუდო მიზეზები, შესაძლო გავლენა ტურიზმზე; სარგებელი მოსახლეობისა და უნივერსიტეტებისათვის უცხოელი სტუდენტების მხრიდან; რასისტული ინციდენტები. ვიდეორგოლების მონაწილე ახალგაზრდებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები პროექტში შეტანილი წვლილისათვის. კონფერენციას ესწრებოდნენ მიგრაციის სამთავრობო კომისიის სამდივნოს, შსს მიგრაციის დეპარტამენტის, თბილისის მერიის, პოლიტიკური პარტიების, უნივერსიტეტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროექტი "მულტიკულტურული თბილისი დღეს" მხარდაჭერილი იყო ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" მიერ. პროექტის პარტნიორები იყვნენ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია IOM-Georgia და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

Close