თანამონაწილეობითი დაგეგმვა ურბანულ დასახლებაში (2016)

თანამონაწილეობითი დაგეგმვა ურბანულ დასახლებაში (2016)

ქალაქ თეთრიწყათეთრიწყაროროს დაარსებიდან 200 წელი უსრულდება. შუა საუკუნეების ნასოფლარის - გარისის ტერიტორიაზე, 1816 წლიდან ქართველ გრენადერთა პოლკის განთავსების შემდეგ, განვითარდა სამხედრო დაბა, რომელსაც  რუსეთის იმპერიის სამხედრო უწყებამ „Белый Ключ“ უწოდა. 1930 წლიდან დაბამ რაიონის ადმინისტრაციული ცენტრის ფუნქცია შეიძინა, 1940 წლის 9 ოქტომბერს მას, ქართული თარგმანით, „თეთრიწყარო“ დაერქვა.

თეთრიწყარომ ქალაქის სტატუსი 1966 წელს მიიღო, როცა მისმა მოსახლეობამ 10.000 მცხოვრებს გადააჭარბა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქალაქმა სამხედრო დასახლების ფუნქცია დაკარგა, განადგურდა ადგილობრივი წარმოება, მოსახლეობისგან დაცლა დაიწყო და, 2014 წლის აღწერის მონაცემებით, 3.076 მცხოვრები დარჩა.

მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყარო მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია, მდებარეობს თბილისისა და რუსთავის სიახლოვეს, აქვს მაღალი საკურორტო-ტურისტული პოტენციალი, ხოლო XXI საუკუნის დასაწყისიდან საერთაშორისო სატრანზიტო დერეფანშიც მოექცა (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთ კავკასიის მილსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის საერთაშორისო რკინიგზა), ქალაქის განვითარება არ ხდება და 2002-დან 2014 წლამდე პერიოდში მისი მოსახლეობა 23%-ით შემცირდა.

ქალაქი გაზიფიცირებულია, 2010-14 წლებში თითქმის მთლიანად მოხდა წყალსადენების რეაბილიტაცია, მოასფალტდა ქუჩების დიდი ნაწილი. ამდენად, მაღალი ღირებულების ძირითადი საქალაქო ინფრასტრუქტურა უკვე რამდენადმე მოწესრიგებულია, მაგრამ ქალაქს არ გააჩნია რაიმე კონცეფცია ან გეგმა, რომლის მიხედვითაც მის განვითარებას მიზანმიმართული ბიძგი მიეცემა.

OSGF-ლოგოსაზოგადოების მონაწილეობით ქალაქის სივრცით განვითარებაზე ხედვის შესამუშავებლად მწვანე კავკასიამ, მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან ერთად, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით, 2016 წლის ივნისიდან დაიწყო პროექტი "თანამონაწილეობითი დაგეგმვა ურბანულ დასახლებაში".

პროექტის ფარგლებში, მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ერთობლივად დასაგეგმი სივრცე მოიცავს ქალაქის ცენტრალურ უბანს, კერძოდ, თამარ მეფისა ქუჩისა და ჭავჭავაძის ჩიხების მიმდებარე ტერიტორიას: „თეთრი წყარო“, მოედანი, ფუნქციადაკარგული შენობები (ყოფილი კომისარიატი, საბავშვო ბაღი, პროკურატურა, ბიბლიოთეკა), ასევე, ყოფილი კინოთეატრი და დაცლილი წყალსაცავი („ტბა“), და მათ გარშემო არსებული კეთილმოუწყობელი პარკები და სკვერები.

მუნიციპალიტეტის გამგებელთან და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან საჯარო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ქ.თეთრიწყაროს მოსახლეობაში გავრცელდა საინფორმაციო ფურცლების, სოციალური ქსელების, ადგილობრივი ბეჭდვითი და ონლაინ-მედიის მეშვეობით, პროექტის განმახორციელებელი გუნდი ასევე შეხვდა #1 და #2 საჯარო სკოლების, სახელოვნებო და სამუსიკო სკოლების, სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის თანამშრომლებს და ესაუბრა თანამონაწილეობითი დაგეგმვის მექანიზმის შესახებ.

2016 წლის 26 ივნისს, გამგეობის სააქტო დარბაზში,  თეთრიწყაროს საზოგადოების წინაშე გაწეული მუშაობის შესახებ  ანგარიშით წარსდგა მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, შემდეგ კი  მუნიციპალიტეტის  მოსახლეობას შეხვდნენ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო და „მწვანე კავკასია“.

IMG_4575მუნიციპალიტეტის გამგებელმა საზოგადოებას წარუდგინა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი თავმჯდომარე გიორგი აბულაძე, რომელმაც ისაუბრა საზოგადოების ჩართულობის  ამ ახალი ფორმის არსზე.  მან აღნიშნა, რომ საბჭოს მეშვეობით მოხდება ეფექტური კომუნიკაცია მოსახლეობასა და პირდაპირი წესით არჩეულ გამგებელს შორის, საზოგადოების  მონაწილეობით მოხდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, მნიშვნელოვანი პროექტების და გეგმების წინასწარი განხილვა და ხაზი გაუსვა თეთრიწყაროში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებს, რაც გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტის ეკონომიკას, შექმნის ახალგაზრდობის დასაქმებისა და ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივებს.

პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ლიზი სოფრომაძემ ისაუბრა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან ერთად „მწვანე კავკასიას“ მიერ დაგეგმილ პროცესზე, რომელიც ქ. თეთრიწყაროს ცენტრალური უბნების განვითარების დაგეგმვაში მოსახლეობის აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს. ის, თუ როგორი უნდა იყოს ქალაქის ცენტრი, მხოლოდ ხელისუფლების გადასაწყვეტი არ არის, მნიშვნელოვანია თავად თეთრწყაროელების ხედვა და იდეები. საჯარო შეხვედრაზე  დამსწრე მოქალაქეები გამოეხმაურნენ „მწვანე კავკასიას“ მოწოდებას და გამოთქვეს სურვილი, აქტიურად ჩაერთონ სამუშაო ჯგუფებში.  

"მწვანე კავკასიამ" სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან შექმნილ სამუშაო ჯგუფებს ჩაუტარა ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების პრინციპების, ურბანული განვითარებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ათვისების თანამედროვე არქიტექტურული გადაწყვეტის საკითხებზე. ტრენინგების მონაწილეებს შეხვდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური და ესაუბრა მუნიციპალიტეტში დაგეგმილ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე, მოქალაქეთა ჩართულობისა და ახალგაზრდების აქტიურობის მნიშვნელობაზე.

13724927_590441017794528_1795261178105623764_o

13641015_1326976337332519_6906241812012548135_o 13697991_593268704178426_6178080326203026762_o

 

 

 

 

 

 

იდი ინტერესი გამოიწვია მარიამ წიკლაურის მიერ თავისი სამაგისტრო ნაშრომის პრეზენტაციამ, რომლითაც თეთრიწყაროს ცენტრალურ უბანში საზოგადოებრივი ჩართულობის ცენტრის ორიგინალური, თანამედროვე კომპლექსის პროექტი წარმოადგინა. ახალგაზრდა თეთრწყაროელი არქიტექტორის ჩანაფიქრით, ამ კომპლექსში მოაზრებულია უფუნქციო შენობების რეაბილიტაციით და "მწვანე არქიტექტურის" პრინციპებით სამკითხველო დარბაზის, შემოქმედებითი სახელოსნოების, კაფეტერიის, საბავშვო შემეცნებითი და მულტიეთნიკური ცენტრების მოწყობა.

13680220_1326976263999193_5504547622924251544_o

პრეზენტაცია

 

 

 

 

 

 

 

 

სამწუხაროდ,  ამ მშვენიერ პროექტს მუნიციპალიტეტი ვერ განახორციელებს: აღმოჩნდა, რომ ტერიტორია, რომელზეც საზოგადოებრივი ჩართულობის ცენტრის კომპლექსია დაგეგმილი (თამარ მეფის ქუჩა №7 - საკადასტრო კოდი 84.01.38.013 - ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა და პარკი ამ შენობიდან ყოფილ კომისარიატამდე), ჯერ კიდევ 2009 წელს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გადაცემული საქართველოს საპატრიარქოსათვის, რის შესახებაც ქალაქის მოსახლეობა ინფორმირებული არ იყო. Tetritskaroაგრეთვე, ქალაქის სახელდებასთან დაკავშირებული და ერთგვარი სავიზიტო ბარათი - "თეთრი წყარო", მიმდებარე ტერიტორიით (საკადასტრო კოდი 84.01.39.024), 2011 წლის სექტემბერში შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგები კომპანიის" საწესდებო კაპიტალშია შეტანილი და მის გადმოცემას მუნიციპალიტეტი სახელმწიფოსგან ახლა ითხოვს.

ამდენად, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სამუშაო ჯგუფები, რომლებიც შეჯერდნენ ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარების ხედვაზე,  კონცენტრირებას მოახდენენ ამ მიზნით მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ტერიტორიების გამოყენებაზე .20160720_134218

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის ურბანული განვითარების თემატიკაზე ტრენინგების ჩასატარებლად „მწვანე კავკასიამ“  მოიწვია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი, არქიტექტორი ირაკლი ჟვანია. ჯგუფის წევრებმა დასაგეგმი ტერიტორია მასთან ერთად მოინახულეს და გამოთქვეს იდეები, თუ რა პროექტები შეიძლება განხორციელდეს ქალაქის კეთილმოწყობისათვის.

სამუშაო ჯგუფებში გამოითქვა რამდენიმე წინადადება, როგორებიცაა ყოფ. კომისარიატის შენობაში ქალაქის მუზეუმის შექმნა, თეატრის აშენება, ყოფ. პროკურატურის შენობაში ახალგაზრდული ცენტრის გახსნა და სხვ. მიმდინარეობდა მსჯელობა, პირველ რიგში რომელი მათგანის განხორციელება იქნება ბიძგის მიმცემი ქალაქის განვითარებისათვის. ქალაქს აკლია სანახაობრივი სარეკრეაციო ზონები, რომლებიც მიმზიდველი იქნებოდა ინვესტორებისათვის სასტუმროებისა და კვების ობიექტების ასაშენებლად. დაგეგმვის პროცესში მოსახლეობამ გამოთქვა სურვილი, აღდგეს ჭავჭავაძის, რუსთაველის ჩიხებსა და ფარნავაზის ქუჩებს შორის მდებარე უფუნქციო 26200 კვ.მ ფართზე ხელოვნური წყალსატევი („ტბა“), სადაც ამჟამად ქვაბული და მისი მიმდებარე წიწვოვანი სკვერია.

recreation-zone-0

recreation-zone-5დასასვენებელი ზონის რეაბილიტაციის თაობაზე მოსაზრებები დაამუშავა არქიტექტორმა მარიამ წიკლაურმა და მას მიეცა საპროექტო წინადადების სახე. პროექტი ითვალისწინებს ხელოვნური ტბის აღდგენას, მის გარშემო - ბულვარს და მიმდებარე წიწვოვანი სკვერის კეთილმოწყობას, ასევე, კერძო ინვესტორებისთვის ტბის პირას სასტუმროსა და წყალზე რესტორნის აშენების უფლების მიცემას, საპროექტო წინადადების გათვალისწინებით.

პროეტის  მიახლოებითი ღირებულება 600-650 ათას ლარს შეადგენს, რომელიც მუნიციპალიტეტის მიერ შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, 2017-2019 წლების განმავლობაში. რამდენადაც პროექტი შეესაბამება ქვემო ქართლის რეგიონის განვითარების სტრატეგიის ამოცანებს, მის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტმა დაფინანსება  შეიძლება მიიღოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ხოლო საკუთარი ბიუჯეტიდან დაეხარჯება 15-18.000 ლარამდე პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავებაზე და პროექტის ღირებულების 5%  - თანადაფინანსებაზე.

recreation-zone-4

recreation-zone-3

ამგვარი პროექტის განხორციელება მიზანშეწონილია საჯარო-კერძო პარტნიორობის გზით: მუნიციპალიტეტს საშუალება მიეცემა, ტერიტორიის ნაწილი გაითვალისწინოს ინვესტორის მოსაზიდად, რომელიც აქ ააშენებს სასტუმროს და რესტორანს. შესაძლებელია, მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულებით  ინვესტორს სამართავად გადასცეს მთლიანი ტერიტორია, მოსახლეობის, დამსვენებლებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურისათვის დასასვენებელი ზონითა და წყალსატევით სარგებლობაზე რაიმე შეზღუდვებისა და საფასურის დაწესების დაუშვებლობის პირობით, რითაც ადგილობრივი ბიუჯეტი აიცილებს წყალსატევისა და სკვერის მოვლა-პატრონობის, რემონტის,  წყალსატევით სარგებლობისას უსაფრთხოების წესების დაცვისა და გარე განათებაზე გასაწევ ხარჯებს, ამასთანავე, მიიღებს დამატებით შემოსავალს ქონების გადასახადის სახით.

recreation-zone-1

recreation-zone-1

მოსალოდნელი სარგებელი, რასაც მიიღებს ქალაქი პროექტის განხორციელებით:

  • კეთილმოეწყობა ქალაქის ცენტრალური უბნის აუთვისებელი ტერიტორია,
  • გაიზრდება დამსვენებლებისა და ტურისტების რაოდენობა,
  • გაუმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა, რომლებიც სარგებელს მიიღებენ საოჯახო სასტუმროების განვითარებით,
  • შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები,
  • მიმდებარე სოფლების ფერმერები შეძლებენ ადგილზე გაყიდონ საკუთარი პროდუქცია,
  • გაუმჯობესდება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა ფარნავაზის, რუსთაველის ჩიხისა და ჭავჭავაძის ქუჩისა და ჩიხის მოსახლეობის საკანალიზაციო კოლექტორში ჩართვის შესაძლებლობის შექმნით,
  • სახანძრო-სამაშველო სამსახურისათვის შეიქმნება დასახლების ცენტრში მდებარე, მოსახერხებელი წყალაღების რეზერვუარი.

პროექტს არ ექნება ნეგატიური ეფექტები: წყლის დონე წყალსატევში და წყლის დამწრეტი საკანალიზაციო მილი არ იქნება ისეთ ნიშნულზე მაღლა, რომ მიწისქვეშა წყლების დონის აწევით გამოიწვიოს მიმდებარე სახლების სარდაფების დატბორვა, ხოლო მისი ზედაპირის მცირე ფართობი არ გამოიწვევს კლიმატის ლოკალურ ცვლილებებს.

14372459_619526698219293_9196674806810583274_o-1

14361218_619526944885935_2873559537389455063_o17 სექტემბერს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს საჯარო სხდომაზე მოიწონეს საპროექტო წინადადება „სარეკრეაციო ზონის რეაბილიტაცია ქ.თეთრიწყაროს ცენტრალურ უბანში“ და გადაწყვიტეს მისი წარდგენა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის, სამომავლო გეგმებში მისი გათვალისწინების მიზნით. მრჩეველთა საბჭომ ასევე მისცა რეკომენდაცია გამგებელს, სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს წინაშე დააყენოს პროექტის განსახორციელებლად საჭირო არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების მუნიციპალიტეტისათვის გადმოცემის საკითხი.

10 ნოემბერს გაიმართა საჯარო შეხვედრა, სადაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე იმსჯელეს და მოხდა საპროექტო წინადადების "სარეკრეაციო ზონის რეაბილიტაცია ქ.თეთრიწყაროში" წარდგენა ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოებისათვის.

თეთრიწყაროში განხორციელებული თანამონაწილეობითი გამოცდილების პროცესი გაანალიზებულ იქნა ბეჭდურის სახით გამოცემულ პუბლიკაციაში "თანამონაწილეობითი დაგეგმვა ურბანულ დასახლებაში". ელექტრონილი სახით პუბლიკაცია განთავსდა ორგანიზაციის საიტზე და ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში.

26 იანვარს "მწვანე კავკასიამ" გამართა კონფერენცია, სადაც მოხდა პროექტის შედეგების პრეზენტაცია. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბულაძემ საზოგადოებას წარუდგინა მოქალაქეებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ერთობლივად შემუშავებული საპროექტო წინადადება. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მის განხორციელებას და ისაუბრა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის აპრობირებული ინსტრუმენტების სხვა მუნიციპალიტეტების მიერ გაზიარების აუცილებლობაზე. 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ერეკლე კუხიანიძემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო მოქალაქეთა თვითორგანიზაციის სხვადასხვა ფორმების დანერგვაში ხელისუფლების როლზე ხედვა და ისაუბრა მუნიციპალიტეტის განვითარების პერსპექტივებზე. ნინო ლოლაძემ და ლიზა სოფრომაძემ ისაუბრეს თეთრიწყაროში განხორციელებული პროცესის ეტაპებსა და მიღწევებზე. "მწვანე კავკასიას" მიერ გამოცემული პუბლიკაციის ავტორმა, მამუკა აბულაძემ დამსწრეებს გააცნო გასულ წელს თეთრიწყაროში მონაწილეობითი დემოკრატიის სხვადასხვა ფორმების გამოყენებაზე დაკვირვების შედეგად გამოტანილი დასკვნები და რეკომენდაციები. 212601
გაიმართა დისკუსია ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდისა და საქართველოში მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერების პერსპექტივებზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" OSGF, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, ვანო ხუხუნაიშვილის სახ. ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI, გაეროს განვითარების პროგრამის UNDP, GGI- USAID-ის, რეგიონის განვითარების ცენტრის RDC, მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის MSDC, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის CSRDG, ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის GYLA, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს CiDA, "ქეა საერთაშორისოს" CARE, ასოციაცია "სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის" RDFG, ადგილობრივი განვითარების ქსელის ცენტრის CLDN, DVV-International-ის, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ICCC წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები.

პროექტის პრეზენტაციის სლაიდ-შოუ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://drive.google.com/file/d/0B3jSlYxkhM0VbFF1YnhTRFdjcDg/view

 პროექტის შედეგების საფუძველზე ორგანიზაციამ შეიმუშავა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარუდგინა.

Close