მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმაში

მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმაში

platform logo2017 წლის 21 ნოემბრიდან „მწვანე კავკასია“ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრია. თემატურ სამუშაო ჯგუფში „დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეფექტური მმართველობა და სტაბილურობა“ ორგანიზაციას მისი თავმჯდომარე, გიორგი აბულაძე წარმოადგენს.

2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების მე-15 მუხლი ეძღვნება თანამშრომლობას მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის სფეროებში. ამ მუხლის მე-2 პუნქტის “c” ქვეპუნქტის მიხედვით, ქვეყანას აქვს ვალდებულება, ყურადღება გამახვილდეს შემდეგ ასპექტებზე: „(c) პირთა მიღების (ადმისიის) წესები და მიღებულ პირთა უფლებები და სტატუსი, კანონიერად მცხოვრებ არამოქალაქეთა მიმართ სამართლიანი მოპყრობა და ინტეგრაცია, განათლება და ტრეინინგი; და რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები“.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტის განხილვისას „მწვანე კავკასიამ“ დასვა საკითხი, რომ დოკუმენტის პროექტში აღნიშნული ვალდებულებების განხორციელების მიმართულებით ღონისძიებები საერთოდ არ არის გათვალისწინებული, მიუხედავად მისი აქტუალობისა.

2018 წლის 23 მარტს „მწვანე კავკასიას“ თავმჯდომარემ აღნიშნული საკითხი ასევე დასვა ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას, რომელიც ორგანიზებული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის სამდივნოს მიერ, ეროვნული სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტზე სამოქალაქო საზოგადოების შენიშვნებისა და წინადადებების განხილვის მიზნით.

Related Articles

Close