თქვენ იმყოფებით: სტატიები პარკირების წესების დარღვევისათვის ჯარიმის ოდენობა 10 ლარიდან 50 ლარამდე იზრდება
პარკირების წესების დარღვევისათვის ჯარიმის ოდენობა 10 ლარიდან 50 ლარამდე იზრდება
პარკირების წესების დარღვევისათვის ჯარიმის ოდენობა 10 ლარიდან 50 ლარამდე იზრდება
24 მაისი, 2022 წ.
ფრაქცია „ქართული ოცნება“ ინიციატივით, მხოლოდ თბილისში, პარკირების წესების დარღვევა და პარკირების საფასურის გადახდის გარეშე სატრანსპორტო საშუალების დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ჯარიმის ოდენობა ისევ 10 ლარი იქნება.

კანონპროექტის ავტორები ვარაუდობენ ჯარიმების ოდენობის გაზრდით სამართალდარღვევათა რაოდენობის შემცირებას.

განმარტებითი ბარათის მიხედვით: „ ჯარიმების მცირე ოდენობებიდან გამომდინარე ხშირია მოქალაქეთა მხრიდან ამ სამართალდარღვევათა ჩადენის ფაქტები, საკანონმდებლო რეგულაციები ვერ აღწევს მის მიზანს მოახდინოს სამართალდარღვევათა პრევენცია. კანონპროექტის მიზანია საგზაო მოძრაობის შემდგომი გაუმჯობესება. საგზაო მოძრაობის ორგანიზების შემდგომი მოწესრიგება მოახდენს პრევენციას და შეამცირებს მოქალაქეთა მხრიდან სამართალდარღვევათა ჩადენის ფაქტებს, ამასთანავე, გაუმჯობესდება ქვეითად მოსიარულეთა, ასევე, სხვადასხვა ჯგუფების უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დედაქალაქ თბილისში 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებს ზონალური პარკირება, რომელიც ითვალისწინებს პარკირების საფასურის საათობრივად გადახდას და აღნიშნულის შემოღების მიზანი იყო საგზაო მოძრაობის განტვირთვა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღმოფხვრა. უმრავლეს შემთხვევაში მძღოლი ერთსა და იმავე ზონალური პარკირების ადგილას მთელი დღის განმავლობაში აჩერებს სატრანსპორტო საშუალებას, ვინაიდან ზონალური პარკირების საფასური დროის განმავლობაში აღემატება კოდექსით დადგენილი 10 ლარიანი ჯარიმის ოდენობას. ამავე დროს ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით გაჩერებული, მოძრავი და მდგომი სატრანსპორტო საშუალებები იწვევენ საგზაო მოძრაობის შეფერხებას და ქმნიან საცობებს, ხოლო მძღოლებს უფრო მიზანშეწონილად მიაჩნიათ კოდექსით დადგენილი 10 ლარიანი ჯარიმის გადახდა, ვიდრე დაემორჩილონ საგზაო მოძრაობის წესებს. აღნიშნულის გათვალისწინებით პროექტის მიხედვით იზრდება ჯარიმების ოდენობა.“

ამასთანავე, ავტორების ვარაუდით კანონპროექტის ამოქმედების შედეგად დამატებით შემოსავლებს მიიღებენ სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინიციატივა წინა მოწვევის პარლამენტმა 2019 წელს, მხოლოდ ერთი მოსმენით მიიღო და აღარ ჩათვალა საჭიროდ წინასარჩევნოთ ჯარიმების ოდენობის გაზრდა. იხ. პარკირების წესების დარღვევისათვის ჯარიმის ოდენობა 10 ლარიდან 50 ლარამდე იზრდება

საკანონმდებლო პაკეტი



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა