თქვენ იმყოფებით: სტატიები თვითმმართველობის კომიტეტმა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების ანგარიში მოისმინა
თვითმმართველობის კომიტეტმა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების ანგარიში მოისმინა
თვითმმართველობის კომიტეტმა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის  განხორციელების ანგარიში მოისმინა
10 მარტი, 2021 წ.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი უძღვებოდა, კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის დამტკიცებული გეგმის ფარგლებში, საქართველოს 2020-2025 წწ. დეცენტრალიზაციის სტრატეგიის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიში მოისმინეს.

საკითხი წარმოადგინა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, რომლის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პრიორიტეტია ქვეყნის რეგიონული განვითარება და მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაცია.

„ამ მხრივ გადადგმული ნაბიჯებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც მიღებულია 2014 წელს და, ამ თვალსაზრისით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითადი ჩარჩო ჩვენი განვითარების, მიზნებისა და მიმართულებების უკვე მიღებულია და ახლა მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე გადავწყვიტოთ ის ამოცანები, რომლებიც უკავშირდება მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების ზრდას, ფინანსურ გაძლიერებას, ადგილობრივი ეკონომიკის წახალისებაში მუნიციპალიტეტების როლის ზრდას, ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის გაღრმავებას, ადგილობრივი საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის უფრო მეტად ამაღლებას და სხვას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, 2018 წელს ცენტრალურმა ხელისუფლებამ და პარლამენტმა ერთდროულად გააკეთეს განაცხადი და განსაზღვრეს ის სამი ძირითადი მიმართულება, რომლებზე უნდა აიგოს ზოგადად დეცენტრალიზაციის განხორციელებისთვის საჭირო ქმედებები.

ესენია:

თვითმმართველი ერთეულის როლის გაზრდა საჯარო საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილის გადაწყვეტაში;
ადგილობრივი თვითმმართველობის უზრუნველყოფა შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსით;
სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება.
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის შექმნილ უწყებათაშორის კომისიაში სახელმწიფო სტრუქტურებთან და ორგანიზაციებთან ერთად, მიწვეული იყო პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, გარდა ამისა, შექმნილი იყო სამი სამუშაო ჯგუფი ზემოაღნიშნული სამი მიმართულებით.

„სტრატეგიის აღსრულების შედეგი, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ 2025 წლისათვის, არის ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების საერთო შემოსულობების წილი მშპ-ში უნდა იყოს არანაკლებ 7% და ქონება, რომელიც არ იქნება დარეგისტრირებული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ავტომატურად უნდა გადაეცეს მუნიციპალიტეტებს საკუთრებაში. ეს არის ქვაკუთხედი, რომელიც რეალურად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში ადგილზე დოვლათის შექმნისათვის და მეორეც, რომ მან იფიქროს სისტემის გაძლიერებაზე“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, დეცენტრალიზაციის 2020-2025 სტრატეგიის განხორციელების 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა მოიცავს 3 მიზანს, 8 ამოცანას, 26 აქტივობას და 46 შესრულების ინდიკატორს. მისივე თქმით, 2020 წელს განხორციელებული აქტივობებიდან აღსანიშნავია, რომ მიღებულია 171 საკანონმდებლო ცვლილება კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის, 21 მუნიციპალიტეტში დაინერგა ინფორმაციული ნაკადების მართვის ელექტრონული სისტემა, გადამზადდა 3000 ათასზე მეტი ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, მომზადებულია სამი საკანონმდებლო ინიციატივის პროექტი და სხვა.

თანამომხსენებელმა, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ როსებაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია 2020 წელს განხორციელებული საქმიანობის და ძირითადი აქტივობების შესახებ, დეტალურად ისაუბრა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ იმ ქმედებებზე, რომლებიც დღემდე განხორციელდა მუნიციპალიტეტებში.

შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

დასასრულ, კომიტეტმა ცნობად მიიღო წარმოდგენილი ანგარიში და რეკომენდაცია მისცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომ უახლოეს პერიოდში კომიტეტს წერილობით წარუდგინოს დეტალური ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ თავისი კვლევებით, რომლებიც სოზარ სუბარის განცხადებით, კომიტეტს დაეხმარება არა მხოლოდ შეაფასოს არსებული ვითარება, არამედ დაანახოს შემდგომი განვითარების გზებიც.


რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიშის მოსმენა. ნაწილი 1.





დეცენტრალიზაციის სტრატეგიის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიშის მოსმენა. ნაწილი 2


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა