საგანგებო მდგომარეობის დროს ან მისი გაუქმების შემდეგ თბილისის ქონების შემძენი, სარგებლობის ან მართვის უფლებით მოსარგებლე პირი შესაძლოა საინვესტიციო და ფინანსური პირობებისგან განთავისუფლდეს
საგანგებო მდგომარეობის დროს ან მისი გაუქმების შემდეგ თბილისის ქონების შემძენი, სარგებლობის ან მართვის უფლებით მოსარგებლე პირი შესაძლოა საინვესტიციო და ფინანსური პირობებისგან განთავისუფლდეს
22 აპრილი, 2020 წ.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის  სხდომაზე,  კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტი პირველი მოსმენით განიხილეს.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, ქ. თბილისის მთავრობა უფლებამოსილია, საგანგებო მდგომარეობის დროს ან მისი გაუქმების შემდეგ მიმართოს თბილისის საკრებულოს აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ.

კანონპროექტის ზოგადი პრინციპების წარდგენისას, კობა ლურსმანაშვილმა ისაუბრა იმ ობიექტურ მიზეზებზე, რამაც გამოიწვია კანონპროექტის მომზადება და რაც უკავშირდება მსოფლიო მასშტაბით პანდემიას, რის გამოც შეფერხებულია მთელი რიგი ეკონომიკური აქტივობები.

ამას ემატება ასევე ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობაც, რამაც დამატებით მთელ რიგი უფლებების შეზღუდვა გამოიწვია.

მისი თქმით, თბილისის ქონებით მოსარგებლე პირების მიმართ გატარდება საშეღავათო რეჟიმი, რაც ცხადია, დადებით გავლენას იქონიებს მათ ფინანსურ მდგომარეობაზე.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ამ ცვლილებებით ჩვენ ხელს შევუწყობთ აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენებს, სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემული ქონების მიმღებთ და შევუმსუბუქებთ მძიმე ეკონომიკურ ტვირთს, მუნიციპალიტეტებს კი ექნება უფლება ახალი ვალდებულებები წარმოშვას ამ სუბიექტების მიმართ.

კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, ეს ცვლილებები არ არის გათვლილი მხოლოდ მთავრობისთვის, რომ მათ ბერკეტები გადაეცეს კანონით, არამედ ეს არის გათვლილი იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ახალ რეალობაში აღმოჩნდნენ და განსაკუთრებით იმ სუბიექტებში დასაქმებული ჩვენი მოქალაქეებისათვის.

კანონპროექტი თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია მოქალაქეთა ინტერესებზე, მათი უფლებების დაცვაზე და მათი შესაძლებლობების რეალიზებაზე.

სხდომაზე კომიტეტის წევრების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ კარგი იქნება, თუკი კანონპროექტის შემოთავაზებული ნორმა სხვა მუნიციპალიტეტებზეც გავრცელდება, ვინაიდან არც რეგიონებშია უკეთესი მდგომარეობა.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, თუკი კანონპროექტის ინიციატორი აღნიშნულთან დაკავშირებით დღესვე გამართავს კონსულტაციებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, რათა კომიტეტს ჰქონდეს სამინისტროს პოზიცია ამ ნორმის სხვა მუნიციპალიტეტზე გავრცელების შესახებ.

„ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ეს მიდგომა არ იქნება დაკავშირებული მხოლოდ ამ კანონპროექტთან, ეს იქნება ზოგადად სახელმწიფოს დამოკიდებულება მეწარმეების და ბიზნესის მიმართ ამ ვითარებაში, როდესაც ისინი პრაქტიკულად აღმოჩნდნენ სრულიად გამოუვალ ვითარებაში. ახსნას არ საჭიროებს ის მიზეზები და ატმოსფერო, რომელშიც ვიმყოფებით. ასე რომ ეს სულისკვეთება სახელმწიფოს დამოკიდებულებისა იქნება გამოხატული სხვა გადაწყვეტილებებშიც, რომელსაც ელის ბიზნესი, ელის ის სუბიექტები, რომლებიც ქმნიან ამ ქვეყანაში ეკონომიკურ დოვლათს. ასე, რომ ამ საკითხს უნდა შევხედოთ ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ბუნებრივია, ის საკითხები, რომლებიც სხდომაზე იქნა წამოჭრილი კოლეგების მიერ, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია და მნიშვნელოვანია, რომ მომხსენებელიც იზიარებს ამ პოზიციას.

დასასრულ, კომიტეტის წევრებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

parliament.ge

ბეჭდვა