ტყის კოდექსის პროექტით მუნიციპალიტეტებს ტყეზე საკუთრების უფლება ერთმევათ
ტყის კოდექსის პროექტით  მუნიციპალიტეტებს ტყეზე საკუთრების უფლება ერთმევათ
03 ოქტომბერი, 2019 წ.
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა „საქართველოს ტყის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კოდექსის პროექტის ძირითად პრინციპებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონის მიღებით ტყით სარგებლობის მართვის პრინციპების, მისი მოვლის, აღრიცხვის და ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა მოხდება. ნინო თანდილაშვილის განცხადებით, კოდექსით ტყეების კლასიფიკაცია, სარეკრიაციო და ტურისტული მიზნებით გამოყენება და სატყეო მეურნეობების შექმნა განხორციელდება. მისივე ინფორმაციით, სიახლეს წარმოადგენს ტყის საკუთრების უფლება, რომლის კრიტერიუმებიც მკაცრად გაკონტროლდება.

ტყის კოდექსი არ იცნობს ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტყის ტერმინებს, რაც აუცილებელს ხდის შესაბამის ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში. 

ტყის კოდექსის პროექტში გამოყენებულია ტერმინი - საქართველოს ტყე, რომელიც მოიცავს ტყეს, რომელიც არის მხოლოდ სახელმწიფო და კერძო საკუთრების. კოდექსის პროექტში ასევე განმარტებულია ტყე, რომელიც მოიცავს ტყის მიწებსაც. უქმდება ტერმინი „სახელმწიფო ტყის ფონდი“ და მის ნაცვლად გამოიყენება ტერმინი „ტყე“. ამასთან, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტყე შესაძლებელია 2030 წლიდან მართვაში გადაეცეს შესაბამის მუნიციპალიტეტს. ქ. თბილისის საზღვრებში არსებულ სახელმწიფო ტყეს მართავს თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი ტყის მართვის მუნიციპალური ორგანო. 


ბეჭდვა