რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის“ განკარგვის შესახებ ინფორმაცია მოისმინა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა  „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის“ განკარგვის შესახებ ინფორმაცია მოისმინა
24 აპრილი, 2019 წ.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე,  ინფორმაცია „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის“ განკარგვის შესახებ, კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2019 წლის გეგმის შესაბამისად მოისმინეს.

ფონდიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის - 2017-2018 წლების შესრულებისა და 2019 წლის გეგმების შესახებ მოხსენება დეპუტატებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა წარუდგინა.

მინისტრის მოადგილემ ფონდის სახსრების განკარგვისა და ხარჯვის მაჩვენებლები კომიტეტის წევრებს წლების მიხედვით, დეტალურად გააცნო. მისი თქმით, 2017 წელს ფონდში იყო აკუმულირებული 26 მილიონი ლარი, აქედან ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოიყო 10 მილიონი ლარი, ეკონომიკაში გადანაწილდა 10 მილიონი ლარი, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთვის გამოიყო 6 მილიონი ლარი.

2018 წელი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო-10 მილიონი ლარი
ეკონომიკა- 1 მილიონი ლარი
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო- 8,5 მილიონი ლარი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-300 ათასი ლარი
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტრო-100 ათასი ლარი.

2019 წელს გამოყოფილია 20 მილიონი ლარი. აქედან, ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 8 მილიონ 491 ათას ლარს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო -10 მილიონ 808 ათასი ლარს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კი 700 ათას ლარს განკარგავს.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული კუთხით აღნიშნული თანხის გამოყენებაზეც. მისი ინფორმაციით, 2017 წელს 25 მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 39 პროექტი, 2018 წელს 10 მილიონი ლარი გადანაწილდა 24 მუნიციპალიტეტში არსებული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.

მიმდინარე 2019 წელს, 2 მილიონი ლარი დაიხარჯება „მზის პანელების“ პროექტზე, რომლის მეშვეობითაც 200 მდე ოჯახის ელექტროენერგიით მომარაგება იქნება უზრუნველყოფილი. 6 მილიონ 491 ათასი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. 150 ათასი ლარია გათვალისწინებული მთის ფაკულტეტის შექმნისთვის, მილიონზე მეტი დაიხარჯება დუშეთში არსებული 3 სკოლა-პანსიონატის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, წლების განმავლობაში ფონდიდან თანხები თანაბრად ნაწილდება ინფრასტრუქტურაში, ეკონომიკაში და სოფლის მეურნეობაში, ამასთან, წლიდან წლამდე იზრდება რეგიონული განვითარების ფონდიდან მთის სოფლების დაფინანსებისათვის გათვალისწინებული თანხა.

კომიტეტის წევრებს, ფონდიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის, შესრულებისა და 2019 წლის გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

მისი განცხადებით, 2017 და 2018 წელს ჯამურად, მთაში შეიქმნა 39 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. მანვე განმარტა, რომ მაღალმთიანი საძოვრების ათვისების პროგრამაც სწორედ იმ დანიშნულებით არსებობს, რომ მთის მოსახლეობამ უფრო მეტი ინტენსივობით გამოიყენოს ის საძოვრები, რომელიც არის და შექმნას მეტი სიკეთე.

„ფონდის მიზანი პირველ ნაწილში იყო მაღალმთიანის განვითარების ნაწილში კოოპერაციის შექმნა, სათიბებისა და ტექნიკის გადაცემა. ფონდით დაფინანსებული მეორე ეტაპი კი მოიცავს რძის გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობას. ამით მთის მოსახლეობისთვის იქმნება სრული საწარმოო ციკლი, რომლის გეგმის მიხედვით განხორციელების პირობებში მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მომხსენებლებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს, რომელთა დიდი ნაწილი ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას შეეხებოდა.

კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა ფონდის თანხების განკარგვის შედეგებით, თუ რამდენი მოქალაქეა ჩართული აღნიშნულ პროცესში, როგორ ხდება მათი ჩართულობა, როგორ იქმნება დოვლათი და რამდენად აისახება ეს მათ სოციალურ მდგომარეობაზე. ზაზა გაბუნია ასევე დაინტერესდა ინფორმაციით, რამდენად ხდება შეფასება და ანალიზი უკვე განხორციელებული პროექტების და რამდენად მჭიდროა სამინისტროს კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან ამ მიმართულებით. გიორგი ხანიშვილის ინფორმაციით მოქალაქეთა რაოდენობამ, ვინც აღნიშნული პროექტების განხორციელებით სიკეთე მიიღო, 2017 წელს 85, ხოლო 2018 წელს კი 302 ადამიანი შეადგინა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ცნობად მიიღო წარმოდგენილი ინფორმაცია. ახალი რეგლამენტის მიხედვით, მთავრობა და შესაბამისი სუბიექტები კომიტეტისგან წერილობით რეკომენდაციებს მიიღებენ.
ბეჭდვა