ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“
„ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მიერ მონაწილეობის მიღების უფლების თაობაზე დამატებითი ოქმი განიხილა, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა წარადგინა.
ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის დემოკრატიისთვის და ადგილობრივი თვითმართველობის განვითარებისთვის.
აღსანიშნავია, რომ საქართველო 2004 წლიდან არის ევროპის ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის მხარე. ქარტიის პრეამბულა ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპია, მოქალაქეთა უფლება, განახორციელონ საჯარო მართვა.
ამასთან, თვითმმართველობის ქარტია არსად მოიაზრებს მოქალაქეთა პირდაპირ ჩართულობასაც. სწორედ ამიტომ, 2009 წლის ნოემბერში ქარტიას დაემატა ოქმი „ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მონაწილეობის უფლების შესახებ“, რომელიც ავალდებულებს ხელმომწერ სახელმწიფოებს, ყველა ადამიანს მისცეს შესაძლებლობა, ჩაერთოს თვითმმართველობის საქმიანობაში.
„ევროპულ ქარტიას საქართველომ ხელი მოაწერა 2002 წელს, ხოლო იგი რატიფიცირებული იქნა 2004 წელს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მიმდინარეობს დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის რეფორმა ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია საქართველოს მხრიდან ასეთი ინსტრუმენტის და შესაძლებლობის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა და ზოგადად, თვითმმართველობის კოდექსი უკვე რეალურად აღიარებს მეთერთმეტე თავით იმ ძირითად ვალდებულებას და ასევე, გარანტიებს მოქალაქეთა მონაწილეობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იქნება რომ ჩვენც დავდგეთ იმ ქვეყნების რიგში, რომელთაც აღიარებული აქვს უტრეხტის ოქმი. ვფიქრობთ, რომ თვითმმართველობის კოდექსში დამატებით შემოვიტანოთ და დავხვეწოთ მოქალაქეთა მონაწილეობა. ასევე, ხელი შევუწყოთ მოქალაქეთა ჩართულობას სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღებაში. ვფიქრობთ, რომ ეს გარანტირებული იქნება თვითმმართველობის კოდექსში ჩანაწერით თუმცა, გარდა ამისა, გვინდა რომ მოქალაქეთა მონაწილეობასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივები შემოვიტანოთ“, - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, სხდომაზე წარმოდგენილ დოკუმენტს მხარი დაუჭირა.
„ერთი წლის წინ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ჩვენი კოლეგის, ზაზა გაბუნიას რეკომენდაციას მთავრობის მიმართ, რომ მომხდარიყო ამ ოქმის რატიფიცირება. მისასალმებელია, რომ თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც 2014 წელს იქნა მიღებული სწორედ, ამ ფუძემდებლური პრინციპების საფუძველზე, ევროპული ქარტიის და დამატებითი ოქმის გათვალისწინებით არის შემუშავებული“, - განცხადა თამარ ხულორდავამ.
