თქვენ იმყოფებით: სტატიები გორის მუნიციპალიტეტში “სამოქალაქო ბიუჯეტი 2020“ - ის პროექტების შერჩევა იწყება
გორის მუნიციპალიტეტში “სამოქალაქო ბიუჯეტი 2020“ - ის პროექტების შერჩევა იწყება
გორის მუნიციპალიტეტში “სამოქალაქო ბიუჯეტი 2020“ - ის პროექტების შერჩევა იწყება
17 აპრილი, 2019 წ.
„მე ვგეგმავ ჩემი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს!“ - გორის მუნიციპალიტეტში ამ სლოგანით “სამოქალაქო ბიუჯეტი 2020“ - ის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი იწყება.

აღნიშნული პროცესი ექვს ეტაპს მოიცავს და 18 აპრილიდან 5 ოქტომბრამდე გრძელდება (პროგრამის ეტაპების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ "სამოქალაქო ბიუჯეტი 2020" - ის განვითარების გეგმა - http://gori.gov.ge/samoqalaqo-biujeti, ან დაგვიკავშირდით 593 451 428;) . ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობა მათთვის პრიორიტეტულ პროექტებს შეარჩევს.

გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, უკვე მომზადდა პროგრამის განვითარების გეგმა და სააპლიკაციო ფორმა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები საკუთარ ინიციატივებს წარმოადგენენ.

განვითარების გეგმის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია წარმოადგინოს ინფრასტრუქტურული, ახალგაზრდული, საგანმანათლებლო, სპორტული, კულტურული და სოციალური პროექტი, რომლის ღირებულება არანაკლებ 50 ათასი ლარი იქნება.

ჩატარდება საინფორმაციო კამპანია და სამუშაო შეხვედრები, სადაც მოქალაქეებს საპროექტო განაცხადის ფორმებიც დაურიგდებათ. დაინტერესებულ პირებს განაცხადების მისაღებად შეუძლიათ მერის წარმომადგენლებსაც მიამართონ ან დოკუმენტი მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე (gori.gov.ge) მოიძიონ (http://gori.gov.ge/samoqalaqo-biujeti). შევსებული აპლიკაციების წარმოდგენა შესაძლებელი იქნება როგორც მერიაში ან მერის წარმომადგენელთან, ასევე ელექტრონულად ელ. ფოსტის მისამართზე - samokalakobiujeti.gori@gmail.com.

“სამოქალაქო ბიუჯეტი 2020“ - ის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ნუსხა წლის ბოლოს საკრებულოს წარედგინება დასამტკიცებლად.

პროგრამის 2020 წლის ბიუჯეტი, რომელიც მუნიციპალიტეტის 28 ტერიტორიულ ერთეულზე თანაბრად ნაწილდება, 2 800 000 ლარია.

პროგრამა, რომლის მიზანიც ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა, გორის მუნიციპალიტეტში მეოთხე წელია ხორციელდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა