„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებისათვის“ სანქციები მკაცრდება
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებისათვის“ სანქციები მკაცრდება
02 აპრილი, 2018 წ.
3 აპრილს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება. სხდომაზე განხილული იქნება  საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, არჩილ თალაკვაძის, მარიამ ჯაშის, ბექა ოდიშარიას და ალექსანდრე ქანთარიას საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ .

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაზიანებასთან, იერსახის დამახინჯებასთან, გარე რეკლამების განთავსებასთან და გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების გახშირება და ამ სამართალდარღვევებისთვის დადგენილი სანქციების შეუსაბამობა ჩადენილი ქმედების მნიშვნელობასა და სიმძიმესთან.

კანონპროექტის მიღების მიზანია, გამკაცრდეს სანქციები რიგ სამართალდარღვევებზე და ამასთანავე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს მიეცეს შესაძლებლობა დამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს სანქცია, საჯარიმო ოქმის (ქვითრის) შევსების გზით, რაც უფრო ეფექტურს გახდის აღნიშნული ორგანოების საქმიანობას და მოახდეს სამომვლოდ სამართალდარღვევების პრევენციას.

კანონპროექტის შესაბამისად:
1. კოდექსს ემატება 1502 და 1503 მუხლები.

1502-ე მუხლი ითვალისწინებს სანქციას „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებისათვის“. კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა), იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი 1000 ლარიან ჯარიმას (ნაცვლად 500 ლარისა).

ასევე, იერსახის დამახინჯებად განიხილება სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით (ნაცვლად 500 ლარისა), ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევ დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით (ნაცვლად 1000 ლარისა).

აღნიშნული სამართალდარღვევები დღესაც მოქმედებს მოქმედი კოდექსის მიხედვით, თუმცა ის მუხლი ეხება ზოგადად ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. წარმოდგენილი მუხლი კი ცალკე დაარეგულირებს მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩადენილ აღნიშნულ სამართალდარღვევებისათვის სანქციების საკითხს.

1503-ე მუხლი ითვალისწინებს სანქციას „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის თვითნებურად შეცვლისათვის“, კერძოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის თვითნებური შეცვლა, მათ შორის, შენობა-ნაგებობის ფერის შეცვლა გამოიწვევს
დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით (ნაცვლად 200 ლარისა). სხვა დარღვევები და სანქციები, რჩება უცვლელი, როგორც სხვა თვითმმართველი ტერიტორიების შემთხვევებში.

2. 1536-ე მუხლს ემატება მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის განხორციელება, შესაბამისი ნებართვის გარეშე, სატრანსპორტო ან მასზე მისაბმელი საშუალების, ან სხვა მექანიკურად მოძრავი საშუალების გამოყენებით გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და ამავე დროს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას.

ცვლილებით, ასევე მკაცრდება 1536 მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობები. კერძოდ, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის განხორციელება, შესაბამისი ნებართვის გარეშე, გამოიწვევს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (ნაცვლად 20 ლარისა), ხოლო იგივე ქმედების ჩადენა განმეორებით იწვევს სამართალდამრღვევი პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით (ნაცვლად 100 ლარისა). ასევე, იზრდება უფლებამოსილი პირის მოთხოვნების დაუმორჩილებისათვის განკუთვნილი ჯარიმაც 50 ლარიდან 200 ლარამდე.

3. კოდექსს ემატება 1538 მუხლი, რომელიც ადგენს სანქციას ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევისათვის და შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე რეკლამის განთავსებისათვის, კერძოდ: ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევისათვის სამართალდამრღვევი ექვემდებარება დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობის (ნაცვლად 300 ლარისა), ხოლო შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე რეკლამის განთავსებისათვის 3000 ლარის ოდენობით (ნაცვლად 500 ლარისა).

4. კოდექსს ემატება 1583 და 1584 მუხლები:
ა) 1583 მუხლის თანახმად, დგინდება სანქცია ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე რეკლამის დაკვეთის, წარმოების, გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევისათვის და იგი განისაზღვრება 1000 ლარით (ნაცვლად 500 ლარისა)ფიზიკური პირებისათვის, ხოლო იურიდიული პირებისათვის 3000 ლარით.

დგინდება ასევე სანქციები აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევისათვის და იგი განისაზღვრება ფიზიკური პირისათვის 1000 ლარით (ნაცვლად 200 ლარისა), ხოლო იურიდიული პირისათვის 3000 ლარით (ნაცვლად 300 ლარისა). მკაცრდება ჯარიმები მათი განმეორებით ჩადენისათვისაც ფიზიკური პირისთვის - 2000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისთვის- 6000 ლარის ოდენობით. ამასთან, საგულისხმოა, რომ ამ სამართალდარღვევებისათვის, დღეს მოქმედი კოდექსით, ჯერ გათვალისწინებული იყო გაფრთხილება.

ბეჭდვა