თქვენ იმყოფებით: სტატიები საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს ოთხის ნაცვლად სამი მოადგილე ეყოლებათ
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს ოთხის ნაცვლად სამი მოადგილე ეყოლებათ
30 ნოემბერი, 2017 წ.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა პარლამენტის წევრების გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ დანელიას და დავით სონღულაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“.

როგორც კანონპროექტის წარდგენისას ერთ-ერთმა ინიციატორმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, წარმოდგენილი კანონპროექტით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა ჩამონათვალს ემატება ახალი თანამდებობა - მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა. კანონპროექტით ასევე განისაზღვრა, რამდენი მოადგილე შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის თავმჯდომარეს. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობა ფრაქციაში შემავალ წევრთა რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება, თუმცა ფრაქციის თავმჯდომარეს წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ოთხ მოადგილეზე მეტი ვერ ეყოლება.

გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ამ ცვლილებების მიზანს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების გაძლიერება წარმოადგენს, რათა მათ უკეთ შეძლონ თავიანთი პოლიტიკური კურსის გამოხატვა და გატარება საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით. ეს ასევე ხელს შეუწყობს საკრებულოს ფრაქციების საქმიანობას, შეამცირებს ამ საქმიანობის შეფერხების რისკს იმით, რომ მოხდება მუნიციპალიტეტის ფრაქციის თავმჯდომარის უფლებამოსილებათა გადანაწილება, და თავმჯდომარის არყოფნა ფრაქციების ნორმალური საქმიანობის პროცესს არ შეაფერხებს. ასევე ხელს უწყობს პარტიული სტრუქტურების გაძლიერებას ადგილებზე.

შესაბამისად, კოდექსში განხორციელებული ცვლილების მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე. ამასთანავე, ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს ოთხი მოადგილისა.

წარმოდგენილი ცვლილებები კანონის მიღების შემთხვევაში გავლენას მოახდენს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან, წარმოდგენილი ინიციატივის მიხედვით ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ემატება თანამდებობის პირების ჩამონათვალს, რომლის მაქსიმალური ოდენობა ერთ ფრაქციაზე შეადგენს არაუმეტეს ოთხს, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, კი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის საქმიანობა ანაზღაურებადია, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებისა და საკრებულოს თანამდებობის პირების არსებული შრომის ანაზღაურების საშუალო მაჩვენებლის გათვალისწინებით.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით კანონპროექტის განხილვისას, შენიშვნის სახით გამოთქვა მოსაზრება, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული მოადგილეების რაოდენობა მიზანშეწონილია შემცირდეს ისე, რომ საკანონმდებლო ცვლილებებმა არ გამოიწვიოს ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა. ანალოგიური მოსაზრება ჰქონდა მთავრობას, როცა წარმოადგინა საკუთარი შენიშვნები კანონპროექტზე.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა კანონპროექტი დეტალურად განიხილა და გაითვალისწინა როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ასევე მთავრობის შენიშვნა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 38-ე მუხლი ახალი რედაქციით ჩამოაყალიბა:

„მუხლი 38. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე და მოადგილეები

მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას ხელმძღვანელობს ფრაქციის თავმჯდომარე.
ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს სამი მოადგილისა.
ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.“
ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების ზღვრული ოდენობის შემცირების შესაბამისად, ასევე მცირდება ადმინისტრაციული ხარჯებიც კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტისაგან განსხვავებით.

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტის საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვას.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=1144616529002485&id=375622245901921
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა