კობახიძის შეფასებით, რეგლამენტში არსებული ჩანაწერით გამოდის, რომ დეპუტატს შეუძლია თვითმმართველობის საქმიანობის კონტროლი, რაც თვითმმართველობასა და სახელმწიფოს შორის კომპეტენციების გამიჯვნის პრინციპს ეწინააღმდეგება.
“ბიუროს სხდომამდე ვესაუბრე თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელობას პარლამენტის წევრების არშეშვებასთან დაკავშირებით. საკითხი მათი მხრიდან განიმარტა შემდეგი სახით: მართალია, პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს, რომ პარლამენტის წევრს შეუძლია სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში, თუმცა საკრებულოს ხელმძღვანელობის განმარტებით, რეგლამენტის ეს ნორმა ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს. კერძოდ, კონსტიტუციის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფოს კომპეტენციები არის გამიჯნული. საქართველოს კონსტიტუცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია, თვითმმართველობის კოდექსი ითვალისწინებს თვითმმართველობის საკითხებში სახელმწიფოს ჩარევის მხოლოდ ორ ფორმას - ეს არის სახელმწიფოს ზედამხედველობა და სახელმწიფო აუდიტი. მესამე არის საკრებულოს დათხოვა, რასაც კონსტიტუცია უკიდურეს შემთხვევაში ითვალისწინებს. არც ერთ სხვა ფორმას სახელმწიფოს პირდაპირი თუ არაპირდაპირი ჩარევის, არც კონსტიტუცია, არც თვითმმართველობის ქარტია და არც თვითმმართველობის კოდექსი არ ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, საკრებულოს ხელმძღვანელობის პოზიციაა, რომ პარლამენტის მოქმედი რეგლამენტი ეწინააღმდეგება როგორც თვითმმართველობის კოდექსს, ასევე ქარტიას და კონსტიტუციას. ამ საფუძვლით მათ გამართლებულად მიაჩნდათ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების არდაშვება“, - განაცხადა კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
მან ასევე გაიხსენება, რომ 2008 წელს, როცა ერთ-ერთ ორგანიზაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტად მუშაობდა, მათი მხრიდან ინიცირებული იყო პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, რომლის მიზანი რეგლამენტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა იყო. კობახიძის თქმით, ერთ-ერთი ცვლილება სწორედ იმას გულისხმობდა, რომ პარლამენტის წევრებს სათათბირო ხმის უფლებით საკრებულოს სხდომებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ჰქონოდათ. კობახიძის განცხადებით, მაშინ ცვლილებების წინააღმდეგ მაჟორიტარი დეპუტატები წავიდნენ, რადგან ისინი უხეშად და პირდაპირ ერეოდნენ თვითმმართველობის საქმიანობაში.