ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თექნგიზ ხარჩილავა რეგიონული განვითარების სამინისტროს სამთვრობო კომისიის წინადადებას
- მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ, განცხადებით გამოეხმაურა. ის იზიარებს მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას მოსაზრებას, რომ თვითმმართველობას საფრთხე არ ემუქრება. დეპუტატის განცხადებას „ლაივპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.
„ზოგიერთი რამ თვითმმართველობის შესახებ
თითოეული მოქალაქის ეკონომიკური ძლიერება არის პოლიტიკური მრავალფეროვნების წინაპირობა. სახელმწიფო იწყება ოჯახიდან. ზუგდიდელებისთვის მთავარი არის მათი ოჯახის კეთილდღეობა, ეკონომიკური ძლიერება, და არა რომელიმე საკრებულოს წევრის ან მერიის თანამშრომლის კომფორტულ მდგომარეობაში ყოფნა. ამ მხრივ კი მოსახლეობა ალბათ მხარს დაუჭერს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც შეამცირებს არამწარმოებლურ ხარჯებს და გაზრდის თითოეული ოჯახის კეთილდღეობას, მხარში დაუდგება სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ავადმყოფებს და პენსიონრებს.
რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, მხოლოდ ეკონომიკურად გაძლიერებულ და მოღონიერებულ ხალხს, ადამიანებს, უჩნდება შემდგომ სურვილი იყოს ჩართული დემოკრატიულ და მმართველობით პროცესებში. გაერთიანებული ზუგდიდი და ქალაქის სტატუსი, ეს ყველაფერი მოგვარებადია, თუ ამისი კეთილი ნება იქნება. ამისთვის კი საჭიროა ცენტრალური ხელისუფლება ენდოს ადგილობრივ თვითმმართველობას, ძალაუფლების რაღაც ნაწილის დელეგირება მოახდინოს თვითმმართველი წარმონაქმნისთვის. ეკონომიკური ძალაუფლების დელეგირება და არა ის, რომ ვინც აფინანსებს ის უკვეთავს მუსიკას, ასეთ შემთხვევაში ხალხი მმართველი პოლიტიკური ძალისთვის მართლა გახდება ძალაუფლების წყარო და ვინც ახლა ბევრს ყვირის ხალხის სახელით „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი დამქაშების სახით, პირში ჩალა გამოვლებული დარჩებიან. ესენი ხომ პირწავარდნილი კარიერისტები და მეტი არაფერნი არიან.
დარწმუნებული ვარ ჩვენი ოპონენტები, რომლებიც როგორც კი ბერლინში ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ უკან დაიხიეს კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილბების შეტანასთან დაკავშირებით და სულ სხვანაირად აჭიკჭიკდნენ, ასე მოხდება თვითმმართველობის კანონის განხილვისასაც. ამაში მტკიცედ ვარ დარწმუნებული.
ჩემი აზრით მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ბევრ სხვადასხვა ხალხურ ბრძნულ გამონათქვამთან ერთად ორი გამონათქვამი უნდა გაითვალისწინოს, რომელიც სიბრძნის შემცველია. პირველი, საყვარელ ძაღლს ერთი დარტყმით უნდა მოაჭრა კუდი და მეორე, მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია.
პატივცემულო ზუგდიდელებო,
მე ვიზიარებ ბატონი მერაბ ქვარაიას მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თვითმმართველობას საფრთხე არ ემუქრება და ამაში თვითონ სულ მალე დარწმუნდებით.
პატივისცემით თენგიზ ხარჩილავა“, - ნათქვამია განცხადებაში.
http://www.livepress.ge