სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ჯუმბერ ლაშქარავა აირჩიეს. ეს ინფორმაცია „ლაივპრესს“ თავად ლაშქარავამ დაუდასტურა. დღეს გამართულ სხდომაზე გადაწყვეტილებას მხარი 22-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ჯუმბერ ლაშქარავა თავდაპირველად უარყოფდა გავრცელებულ ინფორმაციას, მოსალოდნელი ცვლილებების და მისი შესაძლო არჩევის შესახებ თავმჯდომარის თანამდებობაზე. ჩვენი კითხვის პასუხად, თუ რა შეიცვალა მას შემდეგ, აღნიშნა: „შეიცვალა ის, რომ ამას წყვეტს საკრებულოს სხდომა, საკრებულოს სხდომის შემდეგ დადგა ეს შედეგი“. იყო თუ არა შიდაპარტიული დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“, ჯუმბერ ლაშქარავამ ამაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ხვიჩა ჟიშკარიანი თანამდებობიდან გუშინ გამართულ საკრებულოს სხდომაზე გადააყენეს. კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობა 24-მა დეპუტატმა მიიღო. 21-მა მხარი მის გადაყენებას დაუჭირა, ორმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა. ყოფილი თავჯდომარე ბრძოლის გაგრძელებას სასამართლოს გზით გეგმავს.
შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე ინფორმაცია დაახლოებით ათი დღის წინ გავრცელდა, თუმცა მაშინ ოფიციალურად ეს ცნობები არცერთმა საჯარო მოხელემ არ დაადასტურა. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ სენაკის საკრებულოს კანცელარიაში შევიდა განცხადება, საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის შესახებ. მას 30-დან 24 დეპუტატი აწერდა ხელს. ხელის არმომწერმა ხუთმა დეპუტატმა, რომელთა შორის იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული 4 და ერთიც „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, „ქართულ ოცნებაში“ შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე ისაუბრეს მაშინ. მათი თქმით, განცხადებაც ზეწოლის შედეგად დაიწერა, რაშიც მონაწილეობის მიღება არ სურდათ.
http://www.livepress.ge/