გორის მუნიციპალიტეტის ორად გაყოფას არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა
თვითმმართველობის ახალი რეფორმის ფარგლებში გორის ადმინისტრაციული საზღვრების დადგენაზე მუშაობა დასრულდა. ქალაქის საკრებულოს ინფორმაციით, გორის ფართობი 700 კვ მეტრით გაიზარდა. ქალაქის ბალანსზე გადავიდა კარალეთის დევნილთა ჩასახლება და გორის შესასვლელთან მდებარე ე.წ. სასროლეთის ტერიტორია. ფართობით გაზრდილი ქალაქისა და შემცირებული თემის საკრებულოების თავმჯდომარეებმა შესაბამისი წერილი უკვე მოამზადეს და პარლამენტისგან საზღვრების ლეგიტიმაციის საკითხის განხილვას ელოდებიან. ორივე თვითმმართველი ერთეული გორის ცენტრში მდებარე ერთ ადმინისტრაციულ შენობაში ცდილობს იმ გამოწვევების დაძლევას, რაც მათ ახალი რეფორმის განხორციელების პროცესში ხვდებათ. მარცხენა ფლიგერი გორის თემის ადმინისტრაციულ ორგანოებს უკავიათ, მარჯვენა კი ქალაქის მერიას და საკრებულოს.
ქონების გაყოფასთან დაკავშირებით ორივე მხარე აცხადებს, რომ რაიმე სერიოზულ პრობლემას ადგილი არ ჰქონია, მით უმეტეს, რომ ამ საკითხზე 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი თვით ადრე, სალიკვიდაციო კომისიამ იმუშავა, რომელსაც სწორედ ქონების და დოკუმენტაციის გაყოფა ევალებოდა. გადაწყდა, რომ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ობიექტები მერიის ბალანსზე აღირიცხოს, სოფლებში არსებული ქონება კი გორის თემს დარჩეს. ქალაქ გორის მერიისა და თემის წარმომადგენლები რეფორმის განხორციელების აუცილებლობაზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ სირთულეების მიუხედავად, ცვლილების საწყის ეტაპზევე საჯარო მოხელეთა ანგარიშვალდებულების დონე ამომრჩევლის წინაშე საგრძნობლად გაიზარდა. დადებითი შეფასებების პარალელურად აქცენტები გარკვეული სახის სირთულეებზეც კეთდება.
შალვა ტლაშაძე (გორის მერის მრჩეველი): ,,-რეფორმას აქვს მოკლე და გრძელვადიანი ეფექტები, მოკლევადიანში შეიძლება დავინახოთ ის, რომ პირდაპირი წესით აირჩნენ მერები და გამგებლები. გასულ წლებში ანგარიშვალდებულება წარმდგენი პარტიის მიმართ არსებობდა, ახლა ეს ვალდებულება ამომრჩეველზე გადავიდა.
რა თქმა რეფორმის განხორციელების ეტაპები სირთულეების ფონზე მიმდინარეობს, რადგან ახალი გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით. მოგეხსენებათ, 2017 წლამდე ყველა ქონება, რაც კი მუნიციპალიტეტში არსებობს უნდა გადაეცეს ადგილობრივ თვითმმართველობას, მაგრამ გაფანტულია ობიექტები. ზოგო ეკონომისკის, ზოგი კულტურის სამინისტროს ბალანსზეა და ა.შ.
რაც შეეხება გრძელვადიან ეფექტებს, ბევრი რამ ჯერ კიდევ წინ გვაქვს რომ დავინახოთ. გორის მერიაში ამჟამად გეო-ინფორმაციული ბაზის შექმნაზე მიმდინარეობს მუშობა. რომელიც იქნება გრძელვადიანი სარგებლობის გეგმა. აუცილებელია მუნიციპალიტეტებს მიეცეთ ექსკლუზიური უფლებამოსილებებით განსაზღვრული უფლებების ადმინისტრირების შესაძლებლობა. ასევე ტრანსპორტის საკითხშიც ბევრი ბუნდოვანებაა და კარგი იქნება ესეც განიმარტოს რათა ადგილობრივ თვითმმართველობებს მეტი პრიორიტეტი ჰქონდეთ ტრანსპორტის რეგულაციების საკითხში’’.
გიორგი წვერავა: (გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე) ,,_ეს რეფორმა დროული და საჭირო იყო. გაყოფა აქამდეც უნდა მომხდარიყო, რადგან როცა ქალაქი და რაიონი ერთად იყო , რაიონს უფრო ნაკლები ყურადღება ექცეოდა. გასულ წელს მაგალითად, მხოლოდ სოფლის პროგრამით გავალისწინებული თანხები იყო გამოყოფილი. მწირი რესურსების გამო ძირითადად სამთავრობო პროგრამებმა იმუშავა. მელიორაცია, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობდა და სულ ეს იყო. სხვა არანაირი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა. ძირითადად ქალაქზე კეთდებოდა აქცენტი, რადგან ქალაქის მოსახლეობა უფრო მომთხოვნია. ყველა ქუჩას თავისი პრობლემა აქვს. სოფელში ამხელა კომუნიკაციები და საშუალებები არ არის. ახლა უკვე ქალაქის მერია მთელი თავისი აპარატით ორიენტირებულია, რომ ქალაქის პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს და აქვს ამისთვის ცალკე ბიუჯეტი, უფრო მეტია მათი მხრიდან ჩართულობა, უფრო მეტად ხედავენ მნიშვნელოვან საკითხებს. გაყოფის შედეგად შრომითი რესურსიც უფრო მეტია ამ პრობლემების აღმოფხვრისთვის. პირველი მერცხლები ვიყავით და რა სახის საჭიროებები თუ პრობლემები წამოვიდოდა არ ვიცოდით. ზოგად პრობლემას კი ვხედავთ ყველა, მაგრამ კონკრეტულად უკვე საქმეში რომ შედიხარ და არჩეული თვითმმართველობა ხარ პასუხისმგებლობა უფრო დიდია.
კანონი ყველაფერს ვერ განსაზღვრავს და ვერ გაითვალისწინებს. ამიტომ ხარვეზები და ლაფსუსები იყო, რადგან რაც ტერიტორიული პრინციპით გაიყო და რაც ქალაქის ტერიტორიაზე იყო დარჩა ქალაქს და რაც რაიონისაზე იყო დარჩა რაიონს. შესაბამისად ტექნიკის არცერთი ერთეული არ დარჩა რაიონს, ტრაქტორი მაგალითად არ გვყავდა წელს ვიყიდეთ ერთი ცალი რადგან მეტის საშუალება არ გვქონდა. მოგეხსენებათ, იქ თუ ელემენტარული ექსკავატორი და გრეიედრი არ გაქვს ვერაფერს გააკეთებ. დავრჩით ცარიელი ხელებით. ბაზის შექმნა ნულიდან მოგვიწია. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ სირთულეების მიუხედავად რეფორა უნდა დაწყებულიყო.“
როგორც მერიაში ისე თემში უმრავლესობა თანხმდება, რომ თვითმმართველობის რეფორმით გათვალისწინებული ცვლილებების დაწყება გორში აუცილებელი იყო, თუმცა ზოგიერთი მათგანის აზრით, მთელი რიგი პროცესების განხორციელება ჭიანურდება და გარკვეული მიზეზების გამო საზოგადოების მოლოდინებს მიღებული სურათი ვერ პასუხობს.
ნინო წეწვაძე (გორის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი): ,,_ამ ცვლილების აზრი იყო ის, რომ თვითმმართველობების დეცენტრალიზაცია უნდა მომხდარიყო საქართველოში.
თავდაპირველად პროექტში ჩვენ ვნახეთ რომ 1+5 მოდელი განიხილებოდა გორში, რომელიც უნდ განხორციელებულიყო. მაგრამ საბოლოოდ მივიღეთ1+1, ანუ გორის მუნიციპალიტეტში ქალაქი და თემი გამოიყო. ჩემი შეფასებით, ეს არ არის სრულყოფილი და დეცენტრალიზაციის მიზანს დღევანდელი რეალობა ვერ ემსახურება. ეს პროცესი მე სხვაგვარად წარმომიდგენია, ეს არის სერვისების გატანა მოპქალაქეებთან ახლოს.
ჩვენ შემთხვევაში ადმინისტრაციული შენობა არის გორში და დეცენტრალიზაცია სრულად არ მოხდა და თავის მიზანს სრულად ვერ მიაღწია, თუმცა ეს არის ერთი გადადგმული ნაბიჯი წინ, მომავალში უნდა დაიხვეწოს და საბოლოო დეცენტრალიზაციისთვის ცვლილებები უნდა განხორციედეს. კარგია, რომ გაიმიჯნა ფუნქციები, აქამდე თუ ერთი ადმინისტრაციული ცენტრი აკონტოლებდა ქალაქსაც და სოფელსაც, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ფიქრობდა, ქალაქისა და სოფლის განვითარებაზე ზრუნვა ერთდროულად უწევდა, ახლა უკვე ორი თვითმმართველი ორგანოა, რმელიც თავ-თავის ჭრილში ზრუნავს ერთი ქლაქში, მეორე სოფლად. ვფიქრობ მეტია გასაკეთებელი, იმისთვის, რომ მოწესრიგდეს სიტუაცია.“
თამარ კოდოშვილი (გორის თემის საკრებულოს დეპუტატი): ,,_ ჩემი აზრით, ახალმა რეფორმამ მოსახლოების უფრო მეტი ჩრთულობა გამოიწვია, რაც მისასალმებელია. მათი გააქტიურება სხვადასხვა პროცესებში ნათლად ჩანს. იმ პრობლემას რასაც წამოჭრის ბოლომდე მიყვება, დაავალდებულებს გამგებელს, არჩეულ მაჟორიტარს. უფრო ხშირი შეხვედრებია ადგილობრივებსა და თვითმმართველობებს შორის. შეიძლება ითქვას, რომ ეს რეფორმა სხვა რეფორმებთან შედარებით ბევრად უფრო წინგადადგმული და ეფექტური ნაბიჯია.
მე უფრო ბიუჯეტზე გავამახვილებ ყურადღებას, ქალაქს უფრო მეტი შეხვდა ვიდრე რაიონს. იმ დროს როცა რაიონში ასჯერ და ათასჯერ უფრო მეტი სამუშაოები უნდა ჩატარდეს, ვიდრე ქალაქში. მოსახლეთა რაოდენობის მიხედვითაც რაიონში უფრო მეტი მოსახლეა, ვიდრე ქალაქში.
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მოითხოვს ძალიან დიდ ხარჯებს, ასევე ადამიანურ რესურსებს. ხელფასების მხრივაც გეტყვით, რომ ქალაქში უფრო ატიან საჯარო მოხელეები დაფასებულები ხარჯების ანაზღაურების მხრივ, ვიდრე რაიონის გამგეობაში ან საკრებულოში მომუშავე ადამიანები. ჩემი დაკვირვებით, გამგეობის თანამშრომლებს, სპეციალისტებს უფრო მეტი სამუშაო აქვთ, მითუმეტეს ახლა როცა ულკვე ეს პროექტები უნდა განხორციელდეს და გავიდეს ბოლოში. მათ შორის, სასმელი და სარწყავი წყალი, შიდა გზების მოწესრიგება. ნიქოზში მაგალითად, 3 მილიონ ნახევრიანი პროექტი განხორციელდა. არადა აუცილებელი იყო. კონფლიქტის ზონაა და თუ პრობლემები არ მოგვარდა სოფლები იცლება ხალხისგან. თუ სასმელი და სარწყავი წყალი არ არსებობს სოფელში იქ გლეხი არ გაჩერდება. თვითმმართველობის კანონშია ჯერ ცვლილებებია შესატანი და შემდეგ უკვე ეტაპობრივად გამოსწორდება ყველაფერი.“
განსხვავებულ შეხედულებებს გამთქვამენ საიას გორის ოფისში. მისი წარმომადგენლების აზრით, რეფორმის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ორად გაყოფის შედეგად სოფელი უკეთეს ვითარებაში აღმოჩნდა ვიდრე ქალაქი.
ქეთი ბებიაშვილი (საიას გორის ოფისის თავმჯდომარე): ,,_თემის და ქალაქის დაყოფა ვფიქრობ რომ ერთადერთი კარგი ცვლილება იყო თვითმმართველობი სისტემაში. რაიონს უფრო მეტად დააკლდა გორის საკითხი, ვიდრე გორს რაიონი. რადგან, ძალიან ბევრი პროექტი არ ხორციელდება. ქალაქი ფაქტობრივად არ ვითარდება. არც ინფრასტრუქტურულად, არც სამოქალაქო აქტიურობის თვლასაზრისით. ძალიან დიდი პრობლემებია არსასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით. ქალაქს რომ შევხედოთ ურბანულად არ ვითარდება ასევე პრობლემურია დევნილების საკითხი, გორის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილების საჭიროებებზე ვინ ზრუნავს, ქალაქის, ან თემი თვითმმართველობა თუ ცალკე არსებული ქურთის,ერედვის და თიღვის მუნიციპალიტეტები. ეს მუნიციპალიტეტები თვითმმართველობის კოდექსიდან გამომდინარე კვლავ არსებობენ. შესაბამისად ვინ იღებს მათ სოციალურ-ეკონომიურ განვითარებაზე პასუხუხისმგებელობას ნათლად არ ჩანს. ქალაქ განაშენიანების საკითხიც პრობლემური თემაა.
ქალაქს არ აქვს თავისი განვითარების გეგმა. როგორც შინაარსობლივი ისე ურბანული თვალსაზრისით. ქალაქს ასევე სამრეწველო ზონა ჭირდება. ამ მიმართულებითაც ვერ ვითარდება ქალაქი. რაც იყო ისევ ისაა დარჩენილი და ესაა კერძო საკუთრება. დადებითი, როგორც შედეგი ქალაქისთვის არაფერია. რაიონი უფრო მეტადაა განვითარებული. რაიონის შემთხვევაში ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება. ქალაქთან შედარებით რაიონი დიდია, მაგრამ მეტი შესაძლებლობებიც აქვს. ქალაქს კი შემოსავალიც კი არ აქვს დიდი.რადგან ეს ზონა არ აქვს სრულად შესწავლილი, არც ათვისებული და არც დაგეგმილი თუ რაუნდა ქალაქის დღევანდელ ადგილობრივ ხელისუფლებას. პრობლემა შიგნით თვითონ სტრუქტურულ მუშაობასთან დაკავშირებით არსებობს, სწორად არ არის განსაზღვრული რამდენი თანამშრომელი ჭირდება მუნიციპალიტეტს, მართალია კანონმა გარკვეული შეზღუდვები დაუწესა, მაგარმ ამ შეზღუდვების მაქსიმალური რაოდენობაა დასაქმებული. არის თუ არა ადეკვატური მათი საქმიანობა. ეს თემა საერთოდ არ დგას დღის წესრიგსი დღესღეობით, რაც რა თქმა უნდა დიდ პრობლემას წარმოადგენს. ეხლა უნდა დაიწყოს ატესტაციის პერიოდი და საინტერესოა როგორ უნდა შეაფასონ დანიშნული კადრის შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან. არანაირი მექანიზმი მუნიციპალიტეტს დღემდე არ შეუმუშავებია შეფასებისთვის. ასევე პრემიების საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოს შეუძლია პრემია იყოს გამოყენებული წახალისებისთვის სამუშაოს შესრულებისთვის და არა დღესასწაულზე მიბმული და ამ პრემიის ოდენობით მოგვარდეს ერთი მცირე პრობლემა მაინც. მაგრამ ვხედავთ რომ ეს დღეს არ ხდება.“
გორის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში 104 სოფელი შედის, აქედან 26 კონფლიქტის ზონაში მდებარეობს. სოფლები 22 ტერიტორიულ ორგანოზეა გადანაწილებული, მათ შორის 2 ტერიტორიული ორგანო მაღალმთლიან ზონაში მდებარეობს, სადაც მოსახლეობა მცირე რაოდენობითღაა წარმოდგენილი.
გორის თემის წლევანდელი ბიუჯეტი 10 მილიონ ნახევრ ლარს აღწევს, თანხები კი ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა გაწერილი.
განსხვავებული ვითარებაა ქალაქის მუნიციპალიტეტში. 54 700 ადამიანით დასახლებული გორის ბიუჯეტი 2015 წელს - 13, 750 000 ლარით განისაზღვრა, აქედან 2 მილიონი ლარით საფეხბურთო კლუბი ,,გორის დილა“ ფინანსდება. ქალაქის ბიუჯეტიდან თანხები ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სპორტულ და კულტურულ ცენტრებთან ერთად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზეცაა გათვალისწინებული.
თამარ თედლიაშვილი (ქალაქ გორის საკრებულოს დეპუტატი): ,,_მე პირადად ყველაზე მეტად მაწუხებს თუ როგორ შეიძლება რაიონის გამგეობამ მოაგვაროს საბავშვო ბაღებში აღსაზრდელის ვაუჩერიზაცია. ანუ სოფლებიდან ბევრი ბავშვი ქალაქის საბავშვო ბაღში დაყავთ და მას აფინანსებს გორის მერია. კარგი იქნება ამ ვალდებულებას თუ რაიონი აიღებს და სოფლად მცხოვრებ ბავშვებს დააფინანსებს, ბავშვების კონტიგენტი არ შეიცვლება, სამაგიეროდ, ჩვენ გამოთავისუფლებულ თანხებს ისევ ქალაქის საბავშვო ბაღების კეთილმოწყობას და განვითარებას მოვახმართ.
დაახლოებით ანალოგიური სიტუაციაა სპორტული ცენტრების შემთხვევაშიც რომლებიც დარჩა ქალაქში. მიუხედავად იმისა, რომ სპორტის ნაწილში თემმა მიიღო დაფინანსება, სოფლად მცხოვრები ბავშვები მაინც ქალაქის სპორტულ დარბაზებში დადიან და ცოტა არათანაბარ პირობებს ვხვდებით ამ ჭრილში.
ზოგადად თვითმმართველობა ძალიან დიდ შანსს აძლევს ქალაქის მერიას, განავითაროს და შექმნას მეტი სამუშაო ადგილები. მოსაკრებელი ისევ ქალაქს მოხმარდება, თუმცა ამ ეტაპზე ეს მაინცდამაინც ვერ ხეხდება. მერიამ გამოაცხადა მცირე ბიზნესის განვითარების მიზნით პროექტების კონკურსი, 5,10 და 15 ათას ლარიანი ბიუჯეტის ფარგლებში, სხვათაშორის ეს არცერთ თვითმმართველ ქალაქში არ განხორციელებულა ჯერჯერობით, სადაც აუცილებელი მოთხოვნაა მინიმუმ 2 ადამიანის დასაქმება. კარგია ისიც, რომ ქალაქის საკრებულოში 15 დეპუტატია და ვფიქრობ მუშაობისთვის დადებითი ფაქტორია, უფრო ეფექტურად ხდება მუშაობა და საკითხების გადაწყვეტა, მცირე რაოდენობის დეპუტატებს შორის უფრო მარტივია შეთანხმების მიღწევა დადებითი კუთხით.“
საკრებულოსგან განსხვავებით, ახალი რეფორმის შედეგად ქაოსურ ვითარებაში მოუწია მუშაობა ქალაქ გორის ახალგაზრდულ - კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს. მისი ხელმძღვანელი აიპი-ების გაყოფას გორის მუნიციპალიტეტის პარალელურად არასწორ ნაბიჯად მიიჩნევს და თვლის, რომ რეფორმის ამ ნაწილში რამდენიმე ეტაპის გავლა უნდა ყოფილიყო შესაძლებელი.
ლექსო ვალიაური (ქალაქ გორის ახალგაზრდულ- კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი) : ,,_მე ვიყავი მომხრე რომ გორი დაყოფილიყო 1+4 ან 1+5 მოდელით, უფრო მეტი დეცენტრალიზაცია რომ მომხდარიყო.დღეს მოხდა ისეთი დაყოფა რომ ისევ გაბერილია აღმასრულებელი თუ წარმომადგენლობითი რგოლები. დღეს ვხედავთ რომ 90 ათას ადამიანზე, რაიონში მოდის ერთი თვითმმართველი ხელისუფლება, რაც დიდი ეფექტის შესაძლებლობას არ ქმნის, გაცილებით უკეთესი შედეგი იქნებოდა უფრო მეტად რომ დაყოფილიყო აღნიშნული ერთეული, რადგან მოქალაქეების ინტერესი უფრო მეტად იქნებოდა ახლოს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ჩართულობაც უფრო მეტი იქნებოდა. ჩვენ მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, აიპებს მოგვიწია ძალიან სერიოზული გდაწყობა. 2013 წლის ბოლოს და და 2014 წლის დასაწყისშიც, როცა უკვე მოახლოვდა თვითმმართველობის რეფორმა, ყველგან ვაფიქსირებდი ჩემ აზრს, რომ მერიას დაქვემდებარებულ სტრუქტურებზე დაყოფები ჯერ არ უნდა მომხდარიყო, როგორც მინიმუმ პირველივე ეტაპზე არ უნდა შეხებოდა. ჩვენი გაყოფაც მაშინვე მოხდა, როდესაც პირველად შეიკრიბნენ თვითმმართველობების წარმომადგენლები. რამაც ერთის მხრივ გამოიწვია რამოდენიმე თვიანი ფორსმაჟორული მუშოაბა.
2014 წლის აგვისტოში როცა ჩატარდა საკრებულოს პირველი სხდომა აღმოჩნდა რომ ჩვენი თანხა მოქალაქეთა რაოდენობის მიხედვით გამოყენებული ფორმულით გაიყო და წლის განმავლობაში უნდა დაგვეხარჯა 295 ათასი, იმ ფონზე როცა ჩვენ უკვე 310 ათასი გვქონდა ხარჯვა. მოგვიწია ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით თუ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით როგორღაც გავიტანეთ დარჩენილი თვეები. ფორსმაჟორში მუშაობა 2015 წელსაც გაგრძელდა. 490 ათასი გახდა ჩვენი ბიუჯეტი ჩამოგვაკლდა 11 შტატი, რომელიც იყო რაიონზე ორიენტირებული სოფლის კლუბების მენეჯერები და მათი ხელმძღვანელი ადგილზე, ჩვენ ეს შტატები გავაუქმეთ და ამან გამოიწვია მცირე სახელფასო ფონდის დაკლება. ახლა შეიძლება ითქვას რომ უფრო მეტი სუბსიდია გამოგვივიდა გასულ წლებთან შედარებით. იმ ფონზე როცა ჩვენ ბაზაზე ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურა ეს არის რაიონის კულტურის ცენტრი, რომელსაც 400 ათასამდე აქვს დაფინანსება თემის მხრიდან. მერია და გამგეობები უნდა გამიჯნულიყო კომპეტენციების თვალსაზრისით, გამოკვეთილიყო მიზნები და ამოცანები ამ ორი ერთეულის და ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო აიპების, შპს-ების და სიპების გაყოფა, თუ ამის აუცილებლობა და საჭიროება იქნებოდა.“
მუნიციპალიტეტის გაყოფის საკითხზე განსხვავებულია მოქალაქეთა შეხედულებები. საზოგადოების ნაწილი ერთის მხრივ რეფორმის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, მეორეს მხრივ სასიკეთო ცვლილებებს ქალაქსა თუ თემში ჯერჯერობით ვერ გამოარჩევს.
მარიამ ლომიძე (გორის მკვიდრი): ,,_ ისე, რომ შეგვეძლოს თქმა, ეს თვითმმართველობის რეფორმის დამსახურებააო რაიმე განსხვავებული შედეგი არაა ჯერ და ეს არც იყო მოსალოდნელი. რადგან, ფაქტობრივად, ესაა "პილოტური პროგრამა". ამიტომაც 4 წლიანი შუალედი არაა. არც ქალაქისთვის შეცვლილა რაიმე მნიშვნელოვნად და არც სოფლებისთვის. ვგულისხმობ სოციალურ პირობებს და ინფრასტრუქტურულს. სოფლებში ისევ საშინელ მდგომარეობაშია გზები, წყლის საკითხი მოუგვარებელია. მათ შორის არ არსებობს ხელმისაწვდომობა სასმელად ვარგის, ხარისხიან, დაუბინძურებელ წყალზე სოფლების, ალბათ 80 პროცენტში ესეც ოპტიმისტური რომ ვიყოთ. კანალიზაციის პრობლემა ისევ დგას. ანუ პროგრესისკენ ბევრი არაფერი შეცვლილა არ მინდა ისე გამოჩნდეს, თითქოს რეფორმის არსს არ ვემხრობი. ვემხრობი და მჯერა, რომ სწორი მიმართულებაა, უბრალოდ საჭიროა მეტი ფინანსები ადგილებზე, რომ რაღაც პროცესები დაიძრას და ეს იყოს შესამჩნევი“.
გიორგი ედიშერაშვილი (ჟურნალისტი, სოფელ მეღვრეკისის მკვიდრი): ,,_მუნიციპალიტეტის ორად გაყოფით გაიზარღა დეცენტრალიზაციის ხარისხი, რამაც თვითმმართველობებს მისცა ლოკალურ პრობლემებზე ფოკუსირებულად მუშაობის საშუალება. თუმცა პრობლემები მაინც არსებობს. იმ დროს, როდესაც მუნიციპალიტეტების საქმიანობაში აქტიურად უნდა ერთვებოღნენ მოქალაქეები ერთი მხრივ თავად მოსახლეობა არ იჩენს ინიციატივას იყოს თვითმმართველი, მეორე მხრივ კი მუნიციპალიტეტები ვერ უზრუნველყოფენ მათი ჩართულობის ხარისხის ზრდას, რაც ცხადია აფერხებს ეფექტური თვითმმართველობის ჩამოყალიბებას.
დადებით შედეგად შეიძლება ჩაითვალოს მუნიციპალიტეტების მეტი კონცენტრაცია ადგილობრივ პრობლემებზე, სოფლად და ქალაქში არსებულ ინფრასტრუქტურულ საკითხებზე,თუმცა ამ პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობა მინიმალისტურია.“
ანი ბალიაშვილი (ახალგაზრდული თვითმმართველობის წევრი): ,,_ვფიქრობ ეს ცვლილება პირველ რიგში ადგილობრივ ბიუჯეტს დააწვა მძიმე ტვირთად, რადგან საჭირო გახდა ერთის მაგივრად ორი მუნიციპალიტეტის, ანუ ქალაქის და რაიონის დაკომპლექტება, რაც თავის მხრივ მთლიანობაში შტატებისა და დანახარჯების გაორმაგებას იწვევს. ამ დროისთვის ძნელი სათქმელია რამდენად საჭირო ან ეფექტური აღმოჩნდა ეს ცვლილებაბა და რამდენად დაეტყო ქალაქს ამდენი თანამშრომლის მუშაობა..
ქალაქს, სადაც ამდენი მოსახლეობაა, ნამდვილად უნდა ჰქონდეს თვითმმართველობის მაღალი ხარისხი, რათა ის ორიენტირებული იყოს ძალიან კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე. თუმცა ამ ეტაპზე ეს რამდენად ამართლებს ვერ გეტყვით.''
ზურა ჩხეიძე (შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი): ,,_ ქონების გადაცემის და გამიჯვნის საკითხზე არ შეიძლება ვისაუბროთ განცალკევებულად ვინაიდან ამ საკითხთან პირდაპირ კავშირშია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, სადაც ნათლად გამოჩნდება ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების სტრატეგია, ურბნული განვითარების ხედვა და მიმართულება. თუ ჩვენ არ ვიცით როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი შეუძლებელია ვისაუბროთ ქონებაზე და მითუმეტეს როდესაც გორის მერიასა და გორის მუნიციპალიტეტს შორის ჯერ კიდევ არის და იქნება სადაო საკითხები საზღვრებთან დაკავშირებით და არა მხოლოდ.
ამ საკითხების მოგვარება რომელიც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა თავის დროზე რეგიონალური განვითარების სამინისტროს უნდა უზრუნველყო, თუმცა როგორც ჩანს ისევ ადგილობრივ თვითმმართველობას მოუწევს მასზე ზრუნვა, რაც კიდევ უფრო გაახანგრძლივებს ამ პროცესს.
საფინანსო ეკონომიკური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ვერ ხდება, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაზე რიცხული ქონება თვითმმართველობებზე 2017 წლამდე არ გადავა, ასე რომ დღეს მივიღეთ თვითმმართველობა რომელსაც არ აქვს გადმოცემული ქონება, ხოლო რაც აქვს იმის დიდ ნაწილსაც ყიდის ყოველგვარი გეგმისა და სტრატეგიის გარეშე.
როგორც ხელისუფლება აცხადებს რეფორმის მეორე ეტაპი 2017 წლიდან გაგრძელდება, თუმცა გაუგებარია ეხლა რა უშლიდა ხელს. შესაძლებელია ამაზე მარტივი პასუხის გაცემა, ნების არ არსებობა.
სამწუხაროდ მივიღეთ ცენტრალურ ხელისუფლებაზე ორიენტირებული საოცრად გაზრდილი შტატებით თვითმმართველობა, რომელიც ისევ ცენტრიდან დირექტივებით მუშაობს, არ იჩენს ინიციატივას და არ ლობირებს აქტიურად ცენტრალური ხელისუფლების წინაშე რაც ჩანს კიდეც.
არადა რეალურად რეფორმის მიზანი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებლად პრობლემების მოგვარება ადგილზე საკუთარი ბიუჯეტით და რესურსებით. ეს შანსი ხელიდან გაშვებულია და არ მგონია 2017 წელს ამ ხელისუფლებას შესაძლებლობა ქონდეს განხორციელოს რეალური თვითმმართველობის რეფორმა.“
მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა ექსპერტები ფიქრობენ, რომ თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში ცვლილებების განხორციელება ქალაქებისა და სოფლების განვითარების გარანტია. მათი აზრით, ინტენსიური სამუშაოების განხორციელების შედეგად თითოეული თვითმმართველი მუნიციპალიტეტი მაგალითის მიმცემი იქნება სხვა დანარჩენი ქალაქებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ თვითმმართველის სტატუსი მოიპოვონ.
კოტე კანდელაკი(ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში): ,,_ტერიტორიულ ოპტიმიზაციას და თვითმმართველი ქალაქების გამრავლებას მე პირადად დადებითად ვაფასებ. ეს ერთერთი ჩვენი მოთხოვნა იყო და თავის დროზე - უფრო ფართომასშტაბიანი. საქართველოში არიან ქალაქები, რომლებიც საჭიროებენ ცალკე დამოუკიდებელ თვითმმართველობას. ჩემი ინფორმაციით, ქალაქების მოსახლეობა, სადაც თვითმმართველი ქალაქის სტატუსი აქვთ კმაყოფილია. ცალკე არსებული ბიუჯეტის კუთხით რომ ვთქვათ, იციან რას მოახმარონ ეს თანხა, კონცენტრირებულია და წარმატება ამ რეფორმის უშუალოდ დღეს არჩეული გამგებლების მერების და თვითმმართველობის წარმომადგენელთა ხელშია, თუ რამდენად წარმატებულად გაართმევენ თავს ისინი ამ ვალდებულებას - აღებულს ამომრჩევლის წინაშე. თუ რეფორმა წარმატებულად იმუშავებს, წარმატებული იქნებიან ეს ქალაქებიც მომავალში და გახდებიან მაგალითები იმ ქალაქებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭოთ. ასეთია ჭიათურა, ქობულეთი, სამტრედია და აშ. უამრავი ქალაქია საქართველოში, რომელიც თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების რიგში დგას. ჯერ ერთი წელიც არ არის რაც ამ რეფორმის განხორციელებას შეუდგნენ ქალაქები და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.“
თვითმმართველობის ახალი კოდექსი პარლამენტმა 2014 წლის 5 თებერვალს დაამტკიცა. რომლის მიხედვით, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დამატებით შვიდ ქალაქს - , თელავს, ზუგდიდს, ოზურგეთს, ახალციხეს, ამბროლაურს მცხეთას და გორს მიენიჭა.
ისტორიულ წყაროებში გორის დასახლებული ტერიტორია საუკუნეების მანძილზე ქალაქად მოიხსენიებოდა. მე-19 საუკუნის ბოლოდან ქალაქს ჰყავდა თვითმმართველობა. საბჭოთა პერიოდშიც კი არსებობდა ქალაქ გორის აღმასკომი. მე-20 საუკუნის 80–იანი წლების ბოლოს მოხდა ქალაქ გორისა და გორის რაიონის გაერთიანება და ქალაქმა დაკარგა საკუთარი მმართველობა. ამის შემდეგ რამდენჯერმე იყო მცდელობა, რომ რაიონი და ქალაქი გაყოფილიყო, მაგრამ, საბოლოოდ, 2006 წლის არჩევნებით თვითმმართველობა ქალაქში საერთოდ გაუქმდა. გორის რაიონის ტერიტორიაზე შეიქმნა გორის მუნიციპალიტეტი, რამაც ქალაქის წარმომადგენლობა საკრებულოში მინიმუმამდე დაიყვანა.
ამჟამად კი გორელები იმედოვნებენ, რომ ვიმედოვნებ, რომ უახლოეს პერიოდში თვითმმართველობის ახალი რეფორმა თანდათან დაიხვეწება და შედეგად, დადებით ასახვას ჰპოვებს როგორც ქალაქის, ისე სოფლის ცხოვრებაზე.
ნინო ჩიბჩიური
მასალა მომზადებულია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვის" ფარგლებში, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" პოზიციას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილი „ჟურნალისტთა ქსელი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის"-ქვეყნის ყველა რეგიონში იწყებს მუშაობას.ქსელის მიზანია მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობა და თვითმმართველობის რეფორმის შესახებ საზოგადოების ინფორმირება.