თქვენ იმყოფებით: სტატიები ოთხჯერ ჩატარებული საკონსულტაციო სხდომა მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების გარეშე
ოთხჯერ ჩატარებული საკონსულტაციო სხდომა მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების გარეშე
ოთხჯერ ჩატარებული საკონსულტაციო სხდომა მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების გარეშე
05 ივნისი, 2015 წ.

გურიის რეგიონის სამხარეო საკონსულტაციო საბჭო საქართველოს ორგანული კანონის"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 146-ე მუხლის საფუძველზე 2014 წლის 17 ოქტომბერს შეიქმნა.

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს პირველ სხდომაზე ორი  საკითხი განიხილეს:  სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს დებულების დამტკიცება და რეგიონული სტრატეგიების სამოქმედო გეგმების მეთოდოლოგიის გაცნობა.

გურიის გუბერნატორის ყოფილი მოვალეობის შემსრულებელი და ახლა გურიის გუბერნატორის მოადგილე, ქეთი მოისწრაფეშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ საკონსულტაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რეგიონული სტრატეგიების სამოქმედო გეგმების შემუშავების მიზნით, სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისგან შეიქმნა 5 თემატური სამუშაო ჯგუფი: 1. ინფრასტრუქტურა და ტურიზმი; 2. ბიზნესის განვითარება და სოფლის მეურნეობა; 3. ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა; 4. განათლება და კულტურა; 5. გარემოს დაცვა. სამოქმედო გეგმების მეთოდოლოგიის შესაბამისად, სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადდა საპროექტო წინადადებები სამოქმედო გეგმებისათვის, შედგა სამოქმედო გეგმების ცხრილები. რეგიონული სტრატეგიების სამოქმედო გეგმების სამუშაო ვერსიები შეთანხმდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან.

_ სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მეორე სხდომაზე, რომელიც წლის 31 დეკემბერს ჩატარდა  განხილულ იქნა შემდეგი საკითხი: 1. გურიის რეგიონის განვითარების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის განხილვა და მოწონება.

სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ შეაფასა სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმების შესაბამისობა და დასახული პროექტების თანმიმდევრულობა, გურიის რეგიონის 2014-2021 წწ  განვითარების სტრატეგიასთან და საქართველოს რეგიონული განვითარების 2015-2017 წლების პროგრამასთან მიმართებაში და მიიჩნია აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტების შესაბამისად. სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ განიხილა ლანჩხუთის, ოზურგეთის, ქ. ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების პრიორიტეტების დოკუმენტები, მათი 2015 წლის ბიუჯეტების პროექტები და მიიჩნია, რომ ისინი თანხვედრაშია რეგიონული განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებთან და შესაბამის სამოქმედო გეგმასთან. სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ განხილვის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება გურიის რეგიონის განვითარების სტრატეგიის 2014-2017 წლების სამოქმედო გეგმის მოწონების შესახებ.

2015 წლის 15 მარტს, სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი  სხდომა ჩატარდა და დღის წესრიგით 9 საკითხი განიხილეს; რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხების ათვისების მდგომარეობა, პროექტირების მიმდინარეობა, პროექტების ექსპერტიზის საკითხები; ტენდერების პროცესში  და შესყიდვების პროცესში არსებული პრობლემები; მთავრობის კანცელარიისა და ინფრასტრუქტურისა და  რეგიონული განვითარების სამინისტროს ერთობლივად შემუშავებული ცხრილის განხილვა, ცხრილი შეიცავს  მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების (რგპფ, ადგილობრივი ბიუჯეტი, სტიქია) მიმდინარეობის და შესრულების მონაცემებს, რომელიც ორი კვირის შუალედით უნდა გადმოიგზავნოს გუბერნიაში, შემდეგ კი გუბერნიიდან გადაიგზავნება მთავრობის კანცელარიასა  და ინფრსტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში; სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესაბამისად, სოფლის კრებების მიმდინარეობის საკითხი. გამოვლენილი პრიორიტეტული პროექტების პირველადი ანალიზი; ვაუჩერების დარიგებისა და ხვნა-თესვის პროცესის მიმდინარეობა, არსებული პრობლემები და ხარვეზები. დახნული და დათესილი ფართობების რაოდენობა; სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის  მიერ დაგეგმილია საცდელი სანერგე მეურნეობის მოწყობა ოზურგეთსა და ჩოხატაურში. მიწის ნაკვეთების შერჩევისა და გადაცემის მდგომარეობა; "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 იანვრის #76 განკარგულების თანახმად სხვადასხვა უწყებებს, მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობებსაც  დაევალათ აღნიშნული სამოქმედო გეგმის განხორციელება. ამ სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რა ეტაპზეა  მუნიციპალიტეტში შესრულებული სამუშაოების მიმდინარეობა,  არსებული პრობლემები და დაგეგმილი ღონისძიებები; ელექტრონულ საქმის წარმოებაზე გადასვლის პროცესების მიმდინარეობა ის პრობლემური საკითხები, რომლებიც არ შედის თვითმმართველობის კომპეტენციაში და მათი მოგვარება ცენტრალური უწყებების ჩართვას საჭიროებს, _ გვითხრა ქეთი მოისწრაფეშვილმა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე ამბობს, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანია.

_ აუცილებლად საჭირო ფორმატია იმიტომ, რომ ოთხივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ხვდებით ერთმანეთს. სწორედ ამ შეხვედრაზე ხდება პროექტების შეჯერება, საჭირბოროტო საკითხების განხილვა, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ზაალ მამალაძემ.

"საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის" აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ხინთიბიძე ამბობს, რომ ის არ ფლობს ინფორმაციებს გურიის სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომებისა და იქ მიმდინარე პროცესების შესახებ:

_ თუმცაღა ვფიქრობ, რომ თავად გუბერნატორი და მისი აპარატი დაინტერესებული უნდა იყოს ასეთი სხდომების გამჭვირვალობასა და მასში თუნდაც სამოქალაქო და მედია სექტორის მოწვევის საკითხებზე. რადგანაც საკითხებს, რომლებიც სამხარეო დონეზე განიხილება არ ვფლობ, ბუნებრივია, ჩემთვის უცნობია ესწრება თუ არა ამ შეხვედრებს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ახლადმიღებული ორგანული კანონით"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით" განსაზღვრული – სამხარეო საკონსულტაციო საბჭო გახლავთ რეგიონის (მხარის) არსებული მართვის მოდელში თვითმმართველობის გარკვეული ელემენტების დამკვიდრების, რეგიონული მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში ადგილობრივი თვითმმართველობების მონაწილეობის (კონსულტაციებისა და რეკომენდაციების დონეზე)  ინსტიტუციური მექანიზმის ჩამოყალიბების მცდელობა. კერძოდ, საბჭო ჩაფიქრებულია შეიქმნას როგორც სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან არსებული მუნიციპალიტეტთა საკონსულტაციო ორგანო. ეს კი პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ რეგიონული დონე კვლავაც ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელება იქნება ადგილზე, ოღონდ მასში შემოვა თვითმმართველობის გარკვეული (თუმცა კი, ძალზე სუსტი) ელემენტები. სწორედ ეს მომენტი განაპირობებს სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს, როგორც ინსტიტუტის ჩართვას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომები 3 თვეში ერთხელ მაინც მოიწვევა სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის (თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ). საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკონსულტაციო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. მისი სხდომა ფორმდება სხდომის ოქმით. საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაცია მიიღება სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.დღევანდელი შეფასებით სამხარეო - საკონსულტაციო საბჭო ვერაფერ ღირებულს ვერ ქმნის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების (თუ უუფლებობის) საფუძველზე, აქ საუბარი არ გახლავთ რომელიმე კონკრეტულ სამხარეო საბჭოზე, არამედ საუბარია ზოგადად ქვეყანაში შექმნილ ამ ინსტიტუტზე. აქ რამდენიმე ტიპის ხარვეზთან გვაქვს საქმე: წარმოიდგინეთ თუ რომელიმე საბჭოს წევრი სხდომას არ დაესწრება, მასზე რაიმე ტიპის სანქცია ან პასუხისმგებლობა არ არსებობს (შესაბამისად, არც ვალდებულება), ხოლო თუ კვორუმი არ შეიქმნა, შესაძლოა, სხდომა ჩაიშალოს კიდეც, არადა, წელიწადში სულ 4 სავალდებულო სხდომა უნდა ჩატარდეს. ამის გარდა, დავუშვათ სამხარეო - საკონსულტაციო საბჭომ მიიღო რაიმე ტიპის გადაწყვეტილება რეგიონის განვითარების პრობლემატიკასთან დაკავშირებით და შესთავაზა გუბერნატორს რეკომენდაციის სახით, მაგრამ რეკომენდაცია ნიშნავს იმას, რომ გუბერნატორი მას ან გაითვალისწინებს ან არა, შესაბამისად, ბჭობა რაიმე საკითხის გარშემო ფუჭად ჩავლილ შრომად შეიძლება მივიჩნიოთ, რაც ამ ორგანოსადმი დაბალი სანდოობის განცდას იწვევს. მე, ბუნებრივია, ვგულისხმობ რისკებს, რასაც ჩვენი დღევანდელი კანონმდებლობა შეიცავს სამხარეო-ადმინისტრაციულ საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით და რაც ამ ინსტიტუტის საჭიროებას სერიოზული ეჭვის ქვეშ აყენებს. ამიტომაც, აუცილებელია ამ მიმართულებით რეფორმების გაგრძელება დემოკრატიული ღირებულებების გათვალისწინებით,_ ამბობს ლევან ხინთიბიძე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებბლის მერაბ ჭანუყვაძის თქმით, სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს არსებობა რეგიონის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელია.

_ მუნიციპალიტეტებისთვის პრიორიტეტულ საკითხებს გუბერნატორთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის ხელძღვანელი პირები კომპლექსურად განვიხილავთ. ვმსჯელობთ ტენდერებისა და შესყიდვების პროცესებში არსებულ პრობლემებზე, თუ მსგავს შემთხვევას აქვს ადგილი. ვაფასებთ რეგიონში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხების ათვისების მდგომარეობას, პროექტების მიმდინარეობას, ექსპერტიზის საკითხებს. სხდომაზე პროექტების მიმდინარეობის შესახებ თითოეულმა მუნიციპალიტეტმა, შესრულებული სამუშაოების ანგარიში უნდა წარმოადგინოს. ვაკეთებთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესაბამისად სოფლის კრებებზე გამოვლენილი პრიორიტეტული პროექტების ანალიზს. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომლებსაც სამხარეო-საკონსულტაციო საბჭო განიხილავს, _ თქვა მერაბ ჭანუყვაძემ.

საკონსულტაციო საბჭოს არსებობას ასევე მხარს უჭერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელიზაზა ურუშაძე:

_ საკონსულტაციო საბჭოში ვიხილავთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე ვგეგმავთ, ახლა, მაგალითად, სამი წლის მანძილზე ჩასატარებელი პროექტები გვაქვს დაგეგმილი. ეს არის შედეგებზე ორიენტირებული საბჭო, რომელიც რეალურ გეგმებზე მსჯელობს, _ გვითხრა ზაზა ურუშაძემ.

სტატიის მომზადების დროს, გურიის ახალდანიშნულმა გუბერნატორმა საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გამართა. შეხვედრას გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტის პირველი პირები ესწრებოდა. შეხვედრა მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციის გარეშე გაიმართა.

"მასალა მომზადებულია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის პროექტის_"სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვის" ფარგლებში,
ფონდ"ღია საზოგადოება_საქართველოს" მხარდაჭერით.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის და
ფონდ
"ღია საზოგადოება_საქართველოს" პოზიციას.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილი"ჟურნალისტთა ქსელი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის" _ ქვეყნის ყველა რეგიონში იწყებს მუშაობას. ქსელის მიზანია, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობა და თვითმმართველობის რეფორმის შესახებ საზოგადოების ინფორმირება."

ფოტო ეკუთვნის გურიის გუბერნიის პრესსამსახურს

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა