თქვენ იმყოფებით: სტატიები ა(ა)იპ-ების სუბსიდია 43,3 ათასი ლარით გაიზარდა
ა(ა)იპ-ების სუბსიდია 43,3 ათასი ლარით გაიზარდა
25 ივლისი, 2014 წ.
22 ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს საბიუჯეტო ცვლილება, რომელიც მათ გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა წარუდგინა. საბიუჯეტო ცვლილების განხილვას ბიუროს სხდომაზე ხმაური და დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„საარჩევნო პერიოდის გამო, აპრილის შემდეგ, საბიუჯეტო ცვლილება ვერ განხორციელდა. გასულ თვეებში ა(ა)იპ-ების დირექტორთა მომართვის საფუძველზე აუცილებელი ხარჯების გასაწევად საჭიროა 43,3 ათ. ლარი სუბსიდიის გამოყოფა. სრულად ვერ ვაკმაყოფილებთ ყველა მათგანის მოთხოვნას თანხების სიმცირის გამო და ეს ხარჯები სამ თვეზეა გათვლილი,“ – აღნიშნა ბიუროს სხდომაზე ვლადიმერ გელაშვილმა.

საბიუჯეტო ცვლილების თანახმად

ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობა“ 3,0 ათას ლარს მიიღებს;
ა(ა)იპ კულტურის ცენტრი – 5, 2 ათას ლარს;
ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავება“ – 1,5 ათას ლარს;
ა(ა)იპ „ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი“ – 2,4 ათას ლარს;
ა(ა)იპ „ისტორიული მუზეუმი“ – 2, 3 ათას ლარს;
ა(ა)იპ „სათნოების სახლი“ – 7, 4 ათას ლარს;
ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი“ – 4, 0 ათას ლარს;
ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი „ჩხერიმელა 2009“ – 15, 0 ათას ლარს;
ა(ა)იპ „ახალი ხარაგაული“ – 2,5 ათას ლარს.

გარდა ამისა, სამხედრო აღრიცხვის სამსახურს დამატებით ესაჭიროება 7,1 ათასი ლარი ხელშეკრულებით აყვანილი მომუშავეების შრომის ანაზღაურებისთვის და შპს „ხარაგაული 2011“-ს 3,0 ათასი ლარი „ხარაგაული-ოკიშურა-თეთრაწყაროს“ მარშრუტზე მიმაგრებული მიკროავტობუსის მომსახურებისთვის.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მკურნალობისა და დახმარების ხარჯებში ახალი ვალდებულებების ასაღებად დამატებით საჭიროა 63,0 ათასი ლარი.

საბიუჯეტო ცვლილებისთვის საჭირო 116,4 ათ. ლარი ბანკის მიერ გადახდილი პროცენტის (25,0 ათ. ლარი), ჯარიმების გეგმის გაზრდითა (75,0 ათ. ლარი) და 2014 წლის პირველი იანვრისთვის არსებული ნაშთით (16, 4 ათ. ლარი) დაიფარება.

დეპუტატმა თორნიკე ავალიშვილმა მოითხოვა, რომ განეხილათ ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელთა მოხსენებითი ბარათები თანხის მოთხოვნის თაობაზე. როგორც მოხსენებითი ბარათებიდან ირკვევა, ორგანიზაციებმა გაცილებით მეტი თანხა მოითხოვეს. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში განხილვის შემდეგ ზოგიერთი ა(ა)იპ-ის მოთხოვნა სრულად ვერ დაკმაყოფილდა. „ისტორიული მუზეუმი“ თანხას თანამშრომლის დეკრეტული შვებულებისთვის ითხოვს. „ხარაგაულდასუფთავებას“ აპრილში დაემატა საქმისმწარმოებლის შტატი და წლის ბოლომდე 3 ათასი ლარი მოითხოვა. „ხარაგაულკეთილმოწყობა“ ორი მუშის დანიშვნისთვის ითხოვდა 6 ათას ლარს. „სათნოების სახლში“ მაისში მიიღეს თანამშრომელი შესყიდვების საკითხებში. მისი სახელფასო ანაზღაურებისთვის საჭიროა 3 350 ლარი. სათნოების სახლმა მათთვის შეძენილ ფართში გადასვლა ვერ მოახერხა და ქირისთვის ესაჭიროება 1 500 ლარი, დახმარებებისთვის კი, რაც ვლადიმერ გელაშვილის განმარტებით, შეჭირვებულთა დაკრძალვის ხარჯია, „სათნოების სახლს“ დამატებით 2 500 ლარი ესაჭიროება. „შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი“ 2 400 ლარს ითხოვდა; აქედან 1 200 ლარს – სადეკრეტო შვებულების ანაზღაურებისთვის, ხოლო 1 200 ლარს ალპინისტურ ექსპედიციაში მონაწილეობისთვის. ვლადიმერ გელაშვილმა განმარტა, რომ, ექსპედიცია მაისში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ უამინდობის გამო გადაიდო. მისივე ინფორმაციით, შესაძლოა, ექსპედიცია აღარ შედგეს და თანხა ბიუჯეტში დაბრუნდება. „კულტურის ცენტრი“ დაფინანსებას (7 600 ლარი) ორი ახალი თანამშრომლის სახელფასო ანაზღაურებისა და ერთი თანამშრომლის სადეკრეტო შვებულებისთვის ითხოვდა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი 4 ათას ლარს წილობრივი დაფინანსებისთვის ითხოვს პროექტის „სინემა“ განხორციელებისთვის. პროექტის ფარგლებში ხარაგაულში ათი დღის განმავლობაში ხარაგაულელი მოსწავლეეები „პიონერფილმის“ მოსწავლეებთან ერთად შეისწავლიან ფილმების გადაღებას. ათი დღის მანძილზე 37 მოსწავლის სამჯერადი კვებისა და ღამის თევისთვის საჭიროა 4 ათასი ლარი. გაზეთის ბეჭდვისა და სახელფასო ხარჯებისთვის ა(ა)იპ „ახალი ხარაგაული“ 5 ათას ლარს ითხოვდა. ივნის-ივლისის ხელფასების, სამეურნეო და მომსახურების ხარჯებისთვის საფეხბურთო კლუბმა „ჩხერიმელა 2009“ ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარი მოითხოვა.

საფეხბურთო კლუბის დაფინანსების საკითხი გააპროტესტა ბიუროს სხდომაზე დეპუტატმა თორნიკე ავალიშვილმა. მისი თქმით, წელს საფეხბურთო გუნდი 100 ათასი ლარით ფინანსდება, ხოლო გასულ წლებში მის შენახვაზე უფრო მცირე თანხა იხარჯებოდა. „იმ წლებში გუნდი მეორე-მესამე ადგილზე იმყოფებოდა, 2013-14 წლებში კი ბოლოდან მეორე ადგილზეა. გუნდში უნდა ეთამაშათ ხარაგაულელებს. არც ეს პირობა შესრულდა. ჯერ ვნახოთ წლევანდელი ხარჯები რამდენად კანონიერად განაწილდა და მერე 15 ათასი ლარი კი არა, შეიძლება 40 ათასი ლარი დავუმატოთ,“ – აღნიშნა თორნიკე ავალიშვილმა. მისივე თქმით, პრობლემიდან გამოსავალი ერთად უნდა მოძებნონ.

დეპუტატმა ვარლამ თავზარაშვილმა წინა წლებში გუნდის დაფინანსებაში არსებულ დარღვევებზე ისაუბრა და განმარტა, რომ გუნდში ამჟამად ხუთი ხარაგაულელი თამაშობს და გუნდი არა ბოლოდან მეორე, არამედ მერვე ადგილზეა ცამეტ გუნდს შორის. მისივე მოთხოვნით, ა(ა)იპ-ების ხარჯების კანონიერების შემოწმება უნდა დაიწყოს საფეხბურთო გუნდის შემოწმებით. მისივე ინფორმაციით, მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს საფეხბურთო გუნდებისთვის წლის ბოლომდე და მომავალ წელს 100 ათას – 100 ათასი ლარის გამოყოფას.

გამგებლის პირველი მოადგილის, პაატა გოგოლაძის თქმით, ზოგადად, გუნდის დაფინანსება არასაკმარისია. მისივე თქმით, უნდა ჩატარდეს ჩემპიონატი ხარაგაულელთა მონაწილეობით და ამ გზით შეირჩეს გუნდისთვის მოთამაშეები.

კლუბის დაფინანსებასთან დაკავშირებული დისკუსია დეპუტატებსა და გამგებლის პირველ მოადგილეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მათ ერთმანეთს პოლიტიკური წარსული გაუხსენეს. საკრებულოს თავმჯდომარემ მათ არაერთხელ მოუწოდა წესრიგისა და კორექტურობის დაცვისკენ. ინგა მაღრაძის თქმით, თუ ერთმანეთს ემოციური დაძაბულობის გარეშე არ მოუსმენენ, ვერ შეძლებენ მუშაობას. „დავიცვათ ელემენტარული კულტურა და ერთმანეთს მშვიდად მოვუსმინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნები რეგლამენტით გათვალისწინებული ზომები მივიღო,“ – აღნიშნა ინგა მაღრაძემ.

ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბის დაფინანსებას და მისი ხარჯების შემოწმებას მხარი დაუჭირა ბიუროს წევრმა გივი თხელიძემ.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, საბიუჯეტო ცვლილებები განპირობებული იყო წინა მოწვევის საკრებულოსგან უკვე აღებული ვალდებულებების შესასრულებლად. „ჩვენ გვქონდა გარკვეული შენიშვნები საბიუჯეტო ცვლილების განხილვისას. „მეტი დასაბუთებაა საჭირო თანხის მოთხოვნისას ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებისგან, – აღნიშნა ვარლამ ჭიპაშვილმა. მისივე თქმით, კომისია მომავალში ყველა საკითხს უფრო დეტალურად განიხილავს.

http://chemikharagauli.com/
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა