თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიხედვით, გორს ქალაქის სტატუსი მიენიჭა და დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეული გახდა. 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებზე ადგილობრივებმა მერი პირდაპირი წესით უნდა აირჩიონ. რაიონში კი საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებს ცალკე ირჩევენ.
წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გამოცხადდა, თუმცა ქალაქში ამ კამპანიის ნიშნები ჯერ არ ჩანს. არ ჩანან ასევე კანდიდატები. მთავარი პოლიტიკური ძალებიდან (კერძოდ, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოკვეთილი – ,,ქართული ოცნება”, ,,ნაციონალური მოძრაობა”, ნინო ბურჯანაძის პარტია) მხოლოდ ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბმა დაასახელა გორის მერობის კანდიდატი.
ქალაქის ცენტრალურ ჭავჭავაძის ქუჩაზე, ადმინისტრაციული შენობის გვერდით, გორის სასწავლო უნივერსიტეტის წინ სტუდენტების სიმრავლე ყოველთვისაა. აქ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტებიც სწავლობენ. ბლიც-ინტერვიუების მეშვეობით ცნობილი ხდება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია აქვთ. შესაბამისად, არჩევანის გაკეთებას არ აპირებენ.
სოციალურ-მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ნათია ჯოლბორდი ამბობს, რომ არ არის დაინტერესებული ამ საკითხით, რადგან არანაირი ინფორმაცია გააჩნია. ამის გამო ის არჩევნებზე წასვლას არ აპირებს. ამავე ფაკულტეტის სტუდენტის გიორგი გიგოლაშვილისთვის კი მართალია ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ არაინფორმირებულობის გამო წასვლას არ აპირებს. სტუდენტი გიგოლაშვილი იმასაც გვიხსნის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ახალ სახეებს და ახალი კანდიდატებს წარმოჩენის საშუალება აქვთ.
სტუდენტი თამარ მღებრიშვილი არჩევნებზეც მიდის და, როგორც თვითონ ამბობს, კამპანიაშიცაა ჩართული. თუ ვის სასარგებლოდ, ამაზე არ საუბრობს. მისი თქმით, მოახლოებული არჩევნების შესახებ ინფორმირებულია, ხოლო შედეგები ქვეყანას წაადგება.
ჟურნალისტიკის პირველი კურსის სტუდენტმა ანი ბერუაშვილმა ზუსტად არ იცის როდის ტარდება არჩევნები, არაა დეტალურად ინფორმირებული, მაგრამ წასვლას აპირებს. ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტი ანა ტოლიაშვილი კი კანდიდატებისგან იმის მოსმენას ელოდება, თუ რის გაკეთებას შესთავაზებენ. არჩევანსაც ამის შემდეგ გააკეთებს.
მესამე კურსის სტუდენტი დავით ლომაია დეტალურად ფლობს ინფორმაციას. Qartli.gE-ს განუმარტა კიდეც, თუ ვის და რას ირჩევენ მოქალაქეები. ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი ნათია მიგრიაული კი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ნაციონალებს მისცემს ხმას, და არა ბიძინა ივანიშვილს. მისი თქმით, მასთან ერთად მყოფი ორი მეგობარიც არჩევნებზე წასვლას აპირებს.
ისტორიული ფაკულტეტის სტუდენტი ირაკლი ლიპარტელიანი უნივერსიტეტის წინ ჩონგურით იდგა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ინფორმაციას დეტალურად არ ფლობს. წასვლას აპირებს თუ არა, ამას დარჩენილი დრო გვიჩვენებსო. სამართალმცოდნეობის სტუდენტმა ლიკა ახალკაცმა გვითხრა, რომ არჩევნების შესახებ საერთოდ არაფერი იცის.
საჯარო პოლიტიკის მმართველობის ფაკულტეტის სტუდენტი თამარ ლომიძე არჩევნებზე წასვლას არ აპირებს და არც რაიმე ინფორმაცია გააჩნია. არჩევნებზე წასასვლელად არ სცალია ფინანსების ფაკულტეტის სტუდენტს გიორგი ქოქაშვილს. ,,არ მცალია და არ მივდივარო” – ამბობს ის. ხოლო ერთ-ერთმა სტუდენტმა ისიც გვითხრა, რომ ამჟამად გამოცდების პერიოდია, მხოლოდ, ამ გამოცდებზე ფიქრობს.
სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი ანი ამბრიაშვილიც საერთოდ არ აპირებს წასვლას და არც ინფორმაცია გააჩნია. ისტორიული ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ არღუთაშვილი ამბობს, რომ არჩევნებზე იმიტომ არ მიდის, რომ ნეიტრალური პოზიცია უკავია. სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი ნათია ციცქიშვილი არჩევნებზე წასვლა-არ წასვლას იმის მიხედვით გადაწყვეტს, როდესაც მეტ ინფორმაციას მიიღებს. სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტმა ვალერი გაგნიძემ ნამდვილად არ იცის, როდის იქნება არჩევნები. ამავე ფაკულტეტის სტუდენტები ნანა მეტრეველი და ანი მახაშვილიც არ მიდიან არჩევნებზე. ნანა მეტრეველის თქმით, ცოტაოდენი წარმოადგენა კი აქვს თვითმმართველობის არჩევნებზე, მიუხედავად ამისა, წასვლას არ აპირებს. რაც შეეხება ანი მახაშვილს, ის პირველ კურსზეა და რადგანაც მცირე ინფორმაცია აქვს, ამიტომ არ წავა არჩევნებზე.
http://qartli.ge/web/18595