გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ადმინისტრაციის უფროსი დავით მესხიშვილი დაინიშნა. მესხიშვილი შს ორგანოებში 2005 წლიდან მუშაობდა.
2006 – 2008 წლებში ის საქართველოს ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაქარია იაგანაშვილმა განუცხადა, მოქმედი კანონმდებლობით გამგებლის თანამდებობაზე კონკურსი აღარ ცხადდება. „საკრებულოს თავმჯდომარემ უნდა წარუდგინოს კანდიდატურა საკრებულოს და სთხოვოს თანხმობა მის დანიშვნაზე. მე ვიცნობდი დავით მესხიშვილს, ის წარმოშობით გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანიდან არის. აქვს ცოდნა, წესიერი, პატიოსანი კაცია. მენეჯერად მუშაობის გამოცდილება აქვს. შს ორგანოებში რომ მუშაობდა, ამის გამო არ დაგვინიშნავს. რა შუაშია ეგ?“, - განაცხადა ზაქარია იაგანაშვილმა.
გურჯაანის გამგებლის თანამდებობა ვაკანტური 2011 წლის 16 დეკემბრიდან იყო. ყოფილმა გამგებელმა „დასვენების“ მიზეზით თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, რამდენიმე დღეში კი კახეთის სამაშველო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
ამ დრომდე ვაკანტურია სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობა.
http://ick.ge