როგორ უნდა წარიმართოს საკრებულოს პირველი სხდომა
როგორ უნდა წარიმართოს საკრებულოს პირველი სხდომა
10 ნოემბერი, 2017 წ.
ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა იმართება სპეციალური დღის წესრიგით.
კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში.

მუნიციპალიტეტის საკრებულო მუშაობას შეუდგება, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისია დაადასტურებს (არჩეულად გამოაცხადებს) ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევას.

ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა შეიძლება გაიხსნას, თუ მას ესწრება ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას, შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული საკრებულოს წევრის დროებითი მოწმობის საფუძველზე, ახორციელებს საკრებულოს აპარატი. სხდომაზე დასწრება საკრებულოს წევრებმა უნდა დაადასტურონ სარეგისტრაციო ფურცელზე ხელმოწერით.

საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მაგრამ სხდომის გახსნა არ ნიშნავს, რომ სხდომას მან უნდა უთავმჯდომარეოს.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სხდომის გახსნისთანავე ასახელებს საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულად გამოცხადებულ პირთაგან უხუცესს (ასაკით უფროსს), რომელიც უფლებამოსილია იყოს სხდომის თავმჯდომარე და წარმართოს საკრებულოს სხდომები საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი საკრებულოს პირველი სხდომის თავმჯდომარის განსაზღვრისას მიუთითებს "უხუცესი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრზე" და არა საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთაგან უხუცესზე. ასეთი მითითება ვალდებულს ხდის საკრებულოს უხუცეს წევრს უთავმჯდომარეოს საკრებულოს პირველ სხდომებს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე. მაგრამ, არ იქნება სწორი, კანონის ეს ჩანაწერი იმპერატიული სახით იქნეს გაგებული. ასეთ შემთხვევაში, თუ საკრებულოს უხუცესი წევრი რაიმე მიზეზის გამო არ დაესწრება ახლადარჩეულ საკრებულოს პირველ სხდომას, სხდომა უნდა ჩაიშალოს, რაც, რა თქმა უნდა, არამართებულია. თუ საკრებულოს უხუცესი წევრი არ ესწრება ახლადარჩეულ საკრებულოს პირველ სხდომას, ან უარს განაცხადებს საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეობაზე, იგი უნდა შეიცვალოს საკრებულოს სხვა, ასაკით უფროსი წევრით.


ახალარჩეული საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე (უხუცესი წევრი) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე წარმართავს საკრებულოს სხდომას, ხელმძღვანელობს საკრებულოს სხდომის ჩატარების ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას და ხელს აწერს საკრებულოს სხდომის ოქმს. სხდომის დამთავრების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე არ სარგებლობს საკრებულოს სხვა წევრებისგან განსხვავებული უფლებამოსილებებით და თუ პირველივე სხდომაზე არ მოხდა საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა, საკრებულოს მომდევნო სხდომაზე ხელახლა დგება სხდომის თავმჯდომარის განსაზღვრის საკითხი. ასეთ შემთხვევაში, საკრებულოს აპარატის უფროსმა უნდა გამოაცხადოს სხდომაზე დამსწრე წევრთაგან უხუცესი, რომელიც გაუძღვება სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე.
ახლადარჩეულ საკრებულოს პირველ სხდომაზე (სხდომებზე) განსახილველი საკითხები
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მიუთითებს ახლადარჩეულ საკრებულოს პირველ სხდომაზე განსახილველ მხოლოდ ერთ საკითხზე. ესაა საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა. კერძოდ, ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: "ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო საკრებულომ, არის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის საკრებულოს." კოდექსი არ განსაზღვრავს არც საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო პროცედურას და არც სხვა საკითხს, რომელიც უნდა იქნეს განხილული ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე. სარეკომენდაციოდ ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე შეიძლება მიმდინარეობდეს შემდეგი დღის წესრიგით:

•საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება;
•სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა;
•ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა;
•საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა.

სხდომის გახსნისა და სხდომის თავმჯდომარის დასახელების შემდეგ, ახალარჩეული საკრებულო პირველ რიგში ისმენს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენებას არჩევნების შედეგების, შემოსული საჩივრების, განცხადებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ. იმისათვის, რომ მოხდეს ახალარ ჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა საჭირო იქნება, ერთი მხრივ შეიქმნას დროებითი კომისია, რომელიც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენებიდან გამომდინარე წარმოადგენს დასკვნას ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის თაობაზე, ხოლო მეორე მხრივ შეიქმნას დროებითი კომისია, რომელიც უზრუნველყოფს კენჭისყრის ჩატარებას. ამ მიზნით, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენების მოსმენის შემდეგ, ახალარჩეულმა საკრებულომ, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, უნდა აირჩიოს ხმისდამთვლელი დროებით კომისია და სამანდატო დროებითი კომისია. თითოეულ დროებით კომისიაში არჩეული უნდა იქნეს არანაკლებ სამი წევრი, რომლებიც თავისი შემადგენლობიდან, ხმების უმრავლესობით, აირჩევს დროებითი კომისიის თავმჯდომარეებს. დროებითმა კომისიებმა თავიანთი უფლებამოსილებები უნდა განახორციელონ საკრებულოს მიერ შესაბამისი მუდმივი კომისიის არჩევამდე.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დროებითი კომისიების არჩევის შემდეგ, სამანდატო დროებით კომისიას უნდა გადასცეს საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაცია (საარჩევნო ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და სხვ.), რის შემდეგაც, ცხადდება შესვენება. შესვენების დროს, ცალკე ოთახში, იკრიბება სამანდატო დროებითი კომისია, რომელიც, საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით, ამზადებს და შესაბამის დასკვნას მოახსენებს საკრებულოს.

ახალარჩეული საკრებულო, სამანდატო დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოხსენების შესაბამისად, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ისა, ღია კენჭისყრით, იღებს განკარგულებას საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე. საკრებულომ განკარგულება შეიძლება მიიღოს თითოეული წევრის უფლებამოსილების ცნობაზე სათითაოდ ან, განკარგულება შეიძლება იქნეს მიღებული სამანდატო დროებითი კომისიის მიერ წარმოდგენილ ერთიან სიაზე. თუ საკრებულოს განკარგულება ახალარჩეული საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობაზე მიღებული იქნა ერთიანი სიით, სიაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში. ამ პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, საკრებულო მიიღებს ცნობის სახით, თუ სასამართლომ იგი არჩეულად გამოაცხადა.

ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა შემდგარად ჩაითვლება, თუ საკრებულოს მიერ ცნობილი იქნა საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება. თუ საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილება ცნო საკრე ბულომ, საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ზე ნაკლებია, საკრებულოს სხდომა წყდება და იგი განახლდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოწვევით იმ დღიდან 10 დღის ვადაში, როდესაც შესაძლებელი გახდება საკრებულოს წინაშე იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია საკრებულოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის შესავსებად.
საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, საკრებულომ უნდა განიხილოს საკითხები შემდეგი თანამიმდევრობით:

•საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;
•საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;
•ცნობად მიღება საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების შესახებ;
•საკრებულოს რეგლამენტში ცვლილების შეტანა(საჭიროების შემთხვევაში) ან გაერთიანებული მუნიციპალიტეტების შემთხვევაში ახალი რეგლამენტის მიღება;
•საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.

საკრებულოს უფლებამოსილების ცნობიდან საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე საკრებულოს სხდომაზე შესაძლოა მოხდეს მხოლოდ საკრებულოს ფრაქციების დაფუძნება და რეგისტრაცია. საკრებულომ სხვა საკითხს ვერ განიხილავს. იმ შემთხვევაში თუ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი გაჭიანურდა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელახალმა კენჭისყრამაც ვერ გამოავლინა გამარჯვებული, საკრებულოს სხდომა უნდა გადაიდოს, სასურველია, არა უმეტეს ერთი კვირით. სხდომის უფრო ხანგძლივი ვადით გადადება არ იქნება მიზანშეწონილი, რადგან საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე საკრებულო, პრაქტიკულად, არაუფლებაუნარიანია.

საკრებულო, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შემდეგ იხილავს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის საკითხს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს მოითხოვოს ამ საკითხის გადადება რამდენიმე ხნით ან საკრებულოს შემდეგი მორიგი სხდომისათვის. საკრებულოს თავმჯდომარის ეს მოთხოვნა საკრებულომ შეიძლება მიიღოს მხოლოდ ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე. ამ საკითხზე მსჯელობა ან კენჭისყრა არ შეიძლება გაიმართოს, რადგან თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელება მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის პრეროგატივაა.

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეთა არჩევა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რადგან კომისიის თავმჯდომარეთა არჩევა განაპირობებს საკრებულოს ბიუროს ფორმირებას.

გაერთიანებულ მუნიციპალიტეტებში პირველი სხდომის დღის წესრიგს შეიძლება დაემატოს მერიის ორგანიზაციული სტრუქტურის და საშტატო ნუსხის დამტკიცება.
საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეების არჩევის შემდეგ, საკრებულოს პირველი სხდომა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შეიძლება დასრულებულად გამოცხადდეს. ამის შემდეგ საკრებულოს შემდგომ მორიგ სხდომამდე მუშაობა უნდა გაგრძელდეს საკრებულოს კომისიებში, რომელთა უპირველესი მოვალეობაა შეადგინონ კომისიათა დებულებები და სამუშაო გეგმები. კომისიათა სამუშაო გეგმების გათვალისწინებით საკრებულოს ბიურომ უნდა მოამზადოს და საკრებულოს შემდგომ მორიგ სხდომას დასამტკიცებლად წარუდგინოს საკრებულოს სამუშაო გეგმა.

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი


ბეჭდვა