არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი” იწყებს პროექტის “ახლადჩამოყალიბებულ თვითმმართველ ქალაქებში პოლიტიკური პარტიების საკრებულოების წევრობის კანდიდატების შესაძლებლობების გაზრდა” განხორციელებას, რომელიც დაფინანსებულია სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მიერ.
პროექტით დაგეგმილია ახლად ჩამოყალიბეულ, აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე ოთხ თვითმმართველ ქალაქში და თვითმმართველ თემში(თელავი, მცხეთა, გორი და ახალციხე) პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და მათ მიერ დასახელებული საკრებულოს წევრობის კანდიდატებისათვის ორდღიანი ტრენინგ-სემინარების ჩატარება შემდეგ თემებზე: თვითმმართველობის და საარჩევნო კოდექსის სიახლეები, ადგილობრივი თვითმართველობის არსი, მნიშვნელობა და სისტემა, საკრებულოს წევრების უფლებამოვალეობები, საარჩევნო კანონმდებლობა - წინასაარჩევნო პერიოდის რეგულაციები, არჩევნების დღის პროცედურები და სხვა.
პროექტის ფარგლებში აგრეთვე გამოიცემა დამხმარე სახელმძღვანელო-გზამკვლევი, სადაც აღწერილი იქნება თვითმმართველობის არსი, ფუნქციები, საკრებულოს წევრის უფლებება–მოვალეობები, საკრებულოს პირველ სხდომებზე განსახორციელებელი პროცედურები. მეორე ნაწილი დაეთმობა საარჩევნო კანონმდებლობის მიმოხილვას, წინასაარჩევნო პროცედურებს და რეგულაციებს, არჩევნების დღის დაკვირვების განხორციელების მექანიზმებს და სხვა; სახელმძღვანელო დაურიგდებათ პოლიტიკური პარტიებს და მათ წარმომადგენლებს.
მოგმართავთ თხოვნით, შეძლებისგვარად აქტიური მონაწილეობა მიიღოთ პროექტი დაგეგმილ ღონისძიებებში.
თუ თქვენ სურვილი გაქვთ, რომ თქვენმა წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღონ ჩვენს მიერ დაგეგმილ ტრენინგებში, გთხოვთ თანხმობის წერილი მოგვაწოდოთ 23 აპრილამდე შემდეგ მისამართზე თბილისი ბაქოს 20ა, მეორე სართული ან გამოგვიგზავნოთ ელექტონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე : office@iccc.org.ge. წერილი უნდა იყოს პარტიის ბლანკზე და პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი.