საინფორმაციო შეხვედრა თვითმართველობის არჩევნების თემაზე
საინფორმაციო შეხვედრა თვითმართველობის არჩევნების თემაზე
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2014 წლის 15 ივნისს ტარდება. არჩევნები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით ჩატარდება. თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებულ ცლილებებზე სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
„შეხვედრების მიზანია ვაცნობოთ საზოგადოებას თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ. ის რომ თვითმმართველ ორგანოებს გადაეცემათ ექსკლუზიური უფლებამოსილება; ის რომ 2014 წლის სექტემბერში საშემოსავლო გადასახადის ნაწილი უნდა დარჩეს თვითმმართველობას, ასევე უნდა გაიმიჯნოს ქონება თვითმმართველობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. 2017 წლამდე შესაძლებელია მოხდეს ახალი მუნიციპალიტეტების წარმოშობაც. ასევე ის ცვლილებები, რომელიც საარჩევნო კოდექსშია, როდესაც პირდაპირ ვირჩევთ მერებს, ის რომ 4%-იანი ბარიერია პარტიებისთვის დადგენილი, რომ ამომრჩევლის 20% აქვს უფლება მოითხოვოს საკითხის ინიცირება, თუ კი უკმაყოფილოა გამგებლის ან მერის საქმიანობით. ბუნებრივია შემდეგ საკრებულომ უნდა იმსჯელოს და ორმა მესამედმა გადაწყვიტოს ეს საკითხი“ - ამბობს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი ასლან ჭანიძე.

ტბელ აბუსერიძის #4-ში ამხანაგობის თავმდომარე ლალი ბისეიშვილი თვითმმართველობის რეფორმის, კონკრეტულად კი დეცენტრალიზების მომხრეა.

„რაც არის დასახული, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი მოხმარდეს ქალაქის განვითარებას და არ იყოს ცენტრალიზებული, ეს იქნებოდა კარგი“- ამბობს ლალი ბისეიშვილი.


დღემდე საქართველოში ოთხი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მცდელობა იყო. ასლან ჭანიძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის რეფორმის პრაქტიკაში დანერგვა ხალხის აქტიურობაზეა დამოკიდებული:



„ხალხს აქვს ძალაუფლება. თუკი მოსახლეობა არ იაქტიურებს და არ გაიგებს, როგორ ხდება ქონების გამიჯვნა, რა პროცენტი რჩება საშემოსავლოს და თვითმმართველობას, ბუნებრივია ეს რეფორმაც დაზიანდება.“


მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით 21 მაისიდან ტარდება. მას სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3) მხარდაჭერით. პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანია“ ფარგლებში ახორციელებს.
ბეჭდვა