თენგიზ შერგელაშვილი თვითმმართველობის რეფორმის გამოწვევებზე
19 მაისი, 2017 წ.


19 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თენგიზ შერგელაშვილი, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში. მან ილაპარაკა თვითმმართველობის რეფორმის გამოწვევებზე და ხელისუფლების იდეაზე თვითმმართველი ქალაქების სტატუსის გაუქმების შესახებ.

თენგიზ შერგელაშვილი თვლის, რომ ერთი საკითხია მუნიციპალიტეტების გამსხვილების მომხრეთა პოზიცია და მეორე ის, რომ ძალიან ცოტა დროა გასული თვითმმართველი ქალაქების გამოყოფიდან მათი კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების იდეამდე იმისათვის, რომ ობიექტურად შეფასებულიყო რეფორმის ამ ეტაპის ავკარგი. "დილის საუბრების" სტუმარმა აღნიშნა, რომ არა 2014 წელს თვითმმართველი ქალაქების გამოყოფა, არამედ სწორედ ძველ პრინციპთან დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებაა ნაჩქარევი. თენგიზ შერგელაშვილის შეფასებით, ხელისუფლების შიში პასუხისმგებლობებისა და ფუნქციების ქვედა რგოლებისკენ გადაცემის მიმართ მხოლოდ თვითმმართველობის რეფორმას არ ეხება, არამედ ფონად გასდევს მთელ პოლიტიკას. ის თვლის, რომ დღეს მუნიციპალიტეტებში საჯარო სამსახურში მყოფმა პირებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები არა პოლიტიკური კონიუნქტურის, არამედ მუნიციპალიტეტების ინტერესების გათვალისწინებით.
ბეჭდვა