გლდანის მე-8 საპყრობილეში გადაღებული კადრების ტელევიზიით გავრცელების შემდეგ ქვეყანში განვითარებულ პროცესებზე "ინტერპრესნიუსი" საბჭოთა პერიოდის პოლიტპატიმარს, ავთანდილ იმნაძეს ესაუბრა.
- ბატონო ავთანდილ, გლდანის მე-8 საპყრობილისა და არასრულწლოვანთა კოლონიაში გადაღებულმა პატიმართა წამებისა და შეურაცხყობის კადრებმა საზოგადოება შეძრა. გარდა იმისა, რომ ამ კადრებმა წინასაარჩევნოდ ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, დისკრედიტებული აღმოჩნდა არა მარტო სასჯელაღსრულების სისტემა, არამედ უდიდესი მორალური ზიანი მიადგა ხელისუფლებას. როგორ შეაფასებდით იმას, რაც ტელევიზიით ვიხილეთ და თქვენი აზრით, სავარაუდოდ რა გავლენას იქონიებს ეს არჩევნებში ჩართულ სახელისუფლებო "ნაცმოძრაობაზე"?
- რაც ჩვენ ტელევიზიით ვიხილეთ, იყო ის საშინელება, რომელიც ჩვენ ისედაც ვიცოდით. ინფორმაცია მოდიოდა, მაგრამ ვერ წარმოგვედგინა, თუ ასეთი რამ შეიძლება საქართველოში მომხდარიყო. როგორც ხალხი ამბობს - "ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი სჯობიაო", სწორედ ეს მოხდა. ხალხის გონებაში მოხდა უდიდესი სტრესი, ამას არც ფაშისტები და არც კომუნისტები აკეთებენ. ესეთი რამ 30-იან წლებშიც არ ხდებოდა. შეიძლება უარესი ხდებოდა - კლავდნენ, მაგრამ, იმას, რასაც უკეთებდნენ ამ ბიჭებსა და ბავშვებს, ადამიანის მოკვლა სჯობს. მართალია, მე მოკვლის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ეს მკვლელობაზე უარესია.
ჩემთვის, როგორც გორბაჩოვის დემოკრატიზაციისა და პერესტროიკის პერიოდში კი არა, 70-იან წლებში 30-ზე მეტ საბჭოთა ციხეეებში მოვლილი ადამიანისთვის, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება კლასობრივ მტრად მიიჩნევდა, ხელიც კი არავის დაუკარებია, არა თუ ასეთი სასტიკი მოქცევა, რომლის კადრებიც ვიხილეთ. არ მჯერა იმის, თითქოს პრეზიდენტი მომხდარის გამო შეწუხებულია. სააკაშვილი ტიპური ფარისეველია, იგი კურდღელივით შეშინდა მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ ხალხი თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში გამოვიდა და მის ძალაუფლებას საფრთხე დაემუქრა. პრეზიდენტი სააკაშვილი იმსახურებს ძალიან ბევრ განზოგადებულ ეპითეტებს. იგი ძალიან ჰგავს მოლიერის ტარტიუფს, კაკაბაძის ყვარყვარეს, რომელიც ხელისუფლებაში შემთხვევით მოვიდა და არ იცის, რა გააკეთოს. იგი ასევე იმსახურებს დონჟუანის სახელწოდებას, რის შესახებაც ყველამ იცის.
რაც შეეხება მორალური ზიანის თემას, ხელისუფლებას მორალური ზიანი მიადგა კი არა, სააკაშვილის ხელისუფლება დამთავრდა! ჩემი ეს რწმენა მას შემდეგ კიდევ უფრო გამყარდა, რაც ტელევიზიის წინ მიმდინარე მიტინგზე მივედი და დავინახე ახალგაზრდები. ძალიან მინდოდა ვინმე ძველი ნაცნობის ნახვა მაინც, მაგრამ ვერავინ ვნახე და სიხარულისგან კინაღამ ავტირდი. თუ ახალგაზრდებმა ასე გამოიღვიძეს, სააკაშვლის საქმე დამთავრებულია. ახლა ის დროა, სააკაშვილმა რასაც მოასწრებს შეაკოწიწოს და ქვეყნიდან გაიქცეს. იურიდიულად ამ ხელისუფლების პოლიტიკურ დამარცხებას მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები მოახდენს. არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნები სააკაშვილისა და ე.წ. "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე ჩატარდება.
- ახლა არავითარი აზრი არ აქვს იმას, თუ ვინ გადაიღო ან ვინ გაავრცელა, ანაც მართლა რომელიმე ძალამ დაუკვეთა თუ არა გადაღება, ვინაიდან იკვეთება, რომ მსჯავრდებულთა დასჯის იმგვარი სისტემა, რომელიც ტელევიზიით ვნახეთ, პრობაციის სისტემაში რეალურად არსებობს. გლდანის მე-8 საპყრობილის ყოფილი თანამშრომლის, ვლადიმერ ბედუკაძის მიერ კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი გამოითქვა. თქვენ რა მოსაზრებები გაქვთ? ბედუკაძემ სარგებლის მიღების გამო გაავრცელა კადრები, თუ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტელეკომპანიებისთვის კადრების გადაცემას თავად სახელისუფლებო გუნდიდან შეუწყო ვინმემ ხელი?
- როგორც ჩემთვის ცნობილია, ასეთ სიბინძურეებს რომ აკეთებდნენ, როგორც წესი, ხდებოდა ყველაფერ ამის გადაღება. ჯერ ერთი იმისთვის, რომ პირადად სააკაშვილისა და მერაბიშვილისთვის მოეხსენებინათ, მეორეც იმისთვის, რომ დაეშანტაჟებინათ ეს საცოდავი პატიმრები. რაც შეეხება გავრცელებას, შესაძლოა, ბედუკაძე სინდისმა შეაწუხა, ანაც ათასი რამ შეიძლება იფიქროს ადამიანმა. ხელისუფლება ამ ამბით ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს, მაგრამ ესენი არც ერთი კურდღლის დამჭერები აღარ არიან. სრული სიცრუეა, თითქოს ამ კადრების გადაღება პატიმარმა თამაზაშვილმა დაუკვეთა. მაგრამ ეს სიმართლეც რომ იყოს, თამაზაშვილი კი არ უნდა დასაჯო, არამედ უნდა დააჯილდოვო, რომ ეს ამბავი საზოგადოებისთვის საჯარო გახადა. რაც შეეხება იმას, ხომ არ შეუწყო ხელი ვინმემ ამ კადრების ხელისუფლებიდან გავრცელებას, ეს ვერსია ნაკლებად სავარაუდო მგონია, მაგრამ ახლა გამორიცხული არაფერია.
- პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის რეაქცია მყისიერი და ადეკვატური იყო. ჯერ გათავისუფლდნენ საპყრობილისა და სამინისტროს მაღალჩინოსნები, შემდეგ მინისტრიც საკუთარი თხოვნის საფუძველზე გადადგა. პრეზიდენტის დავალებით ვიდრე საპყრობილეში მომხდარის შესახებ ბოლომდე ყველაფერი არ გაირკვევა, საპყრობილეებში ბადრაგს პოლიცია ჩაანაცვლებს. თქვენი აზრით, შეძლებს თუ არა ხელისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი გუნდის შელახული რეტუტაციის აღდგენას?
- იმის შემდეგ, რაც მე ტელევიზიასთან ზღვა ახალგაზრდა ვნახე, არ მგონია, ეს ახალგაზრდობა გაჩერდეს. ამდენად, შესაძლოა, ხვალ ან ზეგ სააკაშვილს მოუხდეს ბაჩო ახალაიას გათავისუფლება, არ გამოვრიცხავ, რომ მერაბიშვილიც მიაყოლოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილი ახლა თავის გადარჩენაზე ფიქრობს. საქმე ისაა, რომ სააკაშვილმა რაც არ უნდა გააკეთოს, ბოლოს წასვლა მასაც მოუწევს. ამაში მე უკვე ღრმად ვარ დარწმუნებული. ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ აზვირთებული ახალგაზრდობის სახით დიდი ზვავი მოდის, რომლის გაჩერება უკვე შეუძლებელია.
- უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ საპყრობილეებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ხელისუფლების შეცდომები აღიარა. "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში მე-9 წელია, მაგრამ შეცდომა არასოდეს არავის უღიარებია. თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს ხელისუფლების მაღალჩინოსნის მიერ დაშვებულ შეცდომებზე საჯარო განცხადების გაკეთება?
- საერთოდ, მე მესმოდა ხოლმე, რომ ბოკერია ზოგჯერ წინააღმდეგი იყო ოფიციალური სახელისუფლებო პოზიციის, მაგრამ ამას ხმამაღლა არ ამბობდა. ბოკერიას განცხადება იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლების შიგნით სერიოზული ბზარებია გაჩენილი.
- "ქართული ოცნების" ლიდერმა ივანიშვილმა ქუჩაში გამოსულ და აქციებში მონაწილე ხალხს მოუწოდა - "არ იჩქაროთ, არჩევნები კარზეა მომდგარი და ძალადობაზე არ წახვიდეთ . . . ექსცესები არ მოხდეს. ესენი ქუჩის პროფესიონალი მოჩხუბრები არიან". კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს არა ერთხელ უთქვამს, რომ ქვეყანა არჩევნებამდე მშვიდობიანად უნდა მივიდეს. თქვენი აზრით, შეძლებს ივანიშვილი აბობოქრებული და აზვირთებული ხალხის არჩევნებამდე შეჩერებას?
- ივანიშვილი ვალდებულია თქვას ის, რაც თქვა, რომ სიტუაცია მართლაც არ დაიძაბოს უკიდურესად. მან თავიდანვე თქვა, რომ ქუჩის აქციების წინააღმდეგია. რასაც მე ვხედავ, მშვიდობიანი საპროტესტო აქციებია. არც მიკროფონი აქვთ, არც არავინ გამოდის. ხალხი ხელისუფლების ქმედებების მიმართ თავის პროტესტს მშვიდობიანად აფიქსირებს. ახლა ამ ახალგაზრდებს რომ ვინმემ რამე დაუშაოს, მერე ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება ქალაქში. ამათი საქმე დასრულებულია. ახლა ამ ახალგაზრდებს რომ ერთი თმის ღერი ჩამოუვარდეს, ხელისუფლებას გასაქცევად ექნება საქმე. რა შეკითხვაც არ უნდა დამისვათ, მე გიპასუხებთ - სააკაშვილის რეჟიმი დამთავრდა. დანარჩენი ტექნიკის საქმეა, თუ რანაირად მოხდება ეს. ესენი გაიქცევიან თუ არ გაიქცევიან, თუ ერთმანეთს დაერევიან, ეს მთავარი არაა. როგორადაც არ უნდა იყოს, მე გეუბნებით - არჩევნები სააკაშვილისა და მერაბიშვილის და ე.წ. "ნაცმოძრაობის" გარეშე ჩატარდება. ჩემი აზრით, ისინი გაიქცევიან.
- სამართალდამცავებმა საზღვრის გადაკვეთისას ვინმე დათა აკობია დააკავეს, რომელსაც გადაღებული კადრების გავრცელება ბრალდება. აკობიამ კადრების გავრცელებით პრაქტიკულად დანაშაულის ჩამდენები ამხილა და ამდენად, მისი დაკავება გაუგებარია. ბევრი იმასაც ამტკიცებს, რომ დაკავებულ აკობიას იმას ათქმევინებენ, თითქოს მას მაკომპრომეტირებელი მასალის გადაღება "ქართულმა ოცნებამ" დაუკვეთა. თუ პროცესები ამ სცენარით განვითარდა, თქვენ რას პროგნოზირებთ?
- შეიძლება ასეც მოხდეს. უკვე ერთს ათქმევინეს, ხვალ მეორესაც შეიძლება ათქმევინონ. აკობიას ათქმევინებენ იმას, რაც მაგათი ჭკუით მათ გადაარჩენს. ესენი ისე იქცევიან, როგორც ერთ ქართულ ანდაზაშია - წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო. ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს, მაგრამ ამ ხელისუფლებას ვერაფერი უშველის, მათი საქმე დამთავრებულია. ხალხის ზვავი მოდის და თუ სააკაშვილსა და მერაბიშვილს ოდნავ დარჩათ ჭკუა, ამ ზვავს თუ არ გაეცალნენ, ეს ზვავი მათ აუცილებლად წალეკავს. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ 1-ელი ოქტომბრის არჩევნები შეიძლება "ნაცმოძრაობის" გარეშე ჩატარდეს.
კობა ბენდელიანი
წყარო: http://www.interpressnews.ge
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები