ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
ნინო ჯანაშია – უწყებათაშორისი კომისიის მანდატი გადასახედია
13 ივნისი, 2014 წ.
„უწყებათაშორისი კომისიის მანდატი გადასახედია. რამდენად ეფექტურია ის ორგანო, რომელიც უშუალოდ ჩართულია წინასაარჩევნო აგიტაციაში რომელიმე კანდიდატის, ამ შემთხვევაში ხელისუფლების კანდიდატების სასარგებლოდ და ამასთან, მას ნეიტრალურობის და ობიექტურობის ვალდებულება აქვს“, – აცხადებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოების“ იურისტი ნინო ჯანაშია.

- როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო გარემოს, რა ტენდენციები გამოიკვეთა? რამდენად ეფექტურია ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა?

- წინასაარჩევნოდ ყველაზე გამოკვეთილი ტენდენცია ბოლო დროს იყო კანდიდატების მოხსნა ძალიან ბევრ საარჩევნო ოლქში და ზოგიერთი მათგანი, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ზეწოლის შედეგად განხორციელდა.

წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას მნიშვნელოვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის შეფასებაც, რომელსაც რამდენიმე ისეთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ არ გამოირჩევა განსაკუთრებული თანმიმდევრულობით და ეს კითხვის ნიშნებს აჩენს. მაგალითად, ერთი და იგივე საკითხზე, რომელიც კანდიდატების რეგისტრაციას ეხებოდა, ცესკომ გამოავლინა განსხვავებული მიდგომა. დაარეგისტრირა ერთნაირ მდგომარეობაში მყოფი ერთი კანდიდატი და არ დაარეგისტრირა მეორე. ანუ მიდგომების დონეზე იყო ძალინ განსხვავებული ცესკოს მუშაობა.

- თანაბარკონკურენტულია არსებული წინასაარჩევნო გარემო პოლიტიკური პარტიებისთვის?

- ზოგადად ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები საკმაოდ რთული და კომპლექსურია იმ თვალსაზრისით, რომ რამდენიმე ათასი კანდიდატია და ძალიან ბევრ ადგილზე გაჩაღებულია წინასაარჩევნო კამპანია. შესაბამისად, დარღვევის ფაქტებიც რაც გამოვლინდა, გაცილებით მეტია იმიტომ, რომ ინტერესთა კონფლიქტი არის ყველა დონეზე, ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, იქ, სადაც ირჩევენ ან საკრებულოს, ან გამგებელს. ასევე არის საარჩევნო პლაკატებისა და საარჩევნო მასალის დაზიანების ფაქტებიც, რომლის აღრიცხვაც შეუძლებელია და დათვლაც.

თანაბარი გარემო, მაგალითად, თუ ჩავთვლით ცესკოს გადაწყვეტილებას, რომელმაც დაარეგისტრირა „ქართული ოცნების“ ორი კანდიდატი, რომელიც, ჩვენი აზრით, არ აკმაყოფილებდა საქართველოში ორ წლიანი ცხოვრების ცენზს და არ დაარეგისტრირა, მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატი მარნეულში, ეს რა თქმა უნდა, არ ქმნის თანაბარ საარჩევნო გარემოს.

თანაბარ საარჩევნო გარემოს არც ის ქმნის, როდესაც ოპოზიციურ კანდიდატებზე ზეწოლა მიმდინარეობს და არ ხდება ამის სრულყოფილად გამოძიება. თუმცა, საერთო ჯამში, წინასაარჩევნო პერიოდი, თუნდაც დარღვევების თვალსაზრისით, რომ შევადაროთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდს, არის გაცილებით განსხვავებული, იმიტომ რომ დღეს არ არის მასობრივი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები, არ არის მასობრივად მოსყიდვის ფაქტები. ფიზიკური ძალადობაც გაცილებით უფრო მწვავე იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. შესაბამისად, გაუმჯობესება გარკვეული თვალსაზრისით არის, მაგრამ ეს კიდევ არ არის ჩვენი შეხედულებით სრულყოფილი წინასაარჩევნო გარემო, სადაც ყველა კანდიდატს ერთნაირად ეძლევა კამპანიის წარმოების შესაძლებლობა.

სარეკლამო დროის თვალსაზრისითაც ძალიან შეზღუდულები არიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და უფასო სარეკლამო დროსთან დაკავშირებით არსებული ნორმაც დახვეწას საჭიროებს. ჩემი აზრით, კიდევ ბევრია გასაკეთებელი თანაბარი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად კანონმდებლობის თვალსაზრისით ერთი მხრივ და მეორე მხრივ, პარტიების მუშაობის და მათ მიერ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების თვალსაზრისით.

- თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის შექმნილი უწყებათაშორის კომისია, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელებს, რამდენად ეფექტურად რეაგირებს მსგავს ფაქტებზე და როგორ შეაფასებდით მის საქმიანობას?

- უწყებათაშორისი კომისია თავადვე არის შეზღუდული თავის საქმიანობაში იმ კუთხით, რომ ის მხოლოდ რეკომენდაციების გაცემით შემოიფარგლება და ფაქტობრივად არანაირი მექანიზმი მას არ აქვს, რომ ამ რეკომენდაციების აღსრულება უზრუნველყოს. კანონის ჩანაწერშიც აღნიშნულია, რომ უწყებათაშორის კომისიას ევალება პრევენციული მეთოდების შემუშავება წინასაარჩევნო დარღვევების აღსაკვეთად და შემდგომ, რასაკვირველია, დარღვევებზე რეაგირება.

მე ვერ დავინახე, რა სახის პრევენცია განახორციელა უწყებათაშორისმა კომისიამ იმაზე, რომ წინასაარჩევნო დარღვევები შემცირებულიყო, ან საერთოდ არ ყოფილიყო. რეაგირების თვალსაზრისით, მხოლოდ რეკომენდაციებით შემოფარგვლა ისე, რომ შემდგომ ამ რეკომენდაციების შესრულების ანგარიშიც კი არ მოსთხოვოს კომპეტენტურ ორგანოებს, ცოტა კითხვის ნიშნებს ბადებს. არ უნდა იყოს ასეთი ზედაპირული უწყებათაშორისი კომისია და კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, თუნდაც იმ ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობის თვალსაზრისით, რომელზეც ის რეკომენდაციებს გასცემს და უმეტეს შემთხვევაში არ ასრულებენ ამ რეკომენდაციებს.

გარდა ამისა, საგამოძიებო უწყებები, რომლებიც თანამშრომლობენ უწყებათაშორის კომისიასთან დარღვევების გამოძიების კუთხით, არ არიან ეფექტურები და არ ხდება ბოლომდე იმ ფაქტების გამოძიება, რომლებზეც ან არასამთავრობოები, ან პარტიები საუბრობენ. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ უწყებათაშორისი კომისიის მანდატი გადასახედია, რამდენად ეფექტურია ის ორგანო, რომელიც უშუალოდ ჩართულია წინასაარჩევნო აგიტაციაში რომელიმე კანდიდატის, ამ შემთხვევაში ხელისუფლების კანდიდატების სასარგებლოდ და ამასთან, მას ნეიტრალურობის და ობიექტურობის ვალდებულება აქვს. ეს აჩენს კითხვის ნიშნებს, იქნება ობიექტური ის ხალხი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს წინასაარჩევნო აგიტაციაში, რაც კანომდებლობით არ ეკრძალებათ?

- გავრცელდა აშშ-ს საელჩოს განცხადებაც, რომლის თანახმადაც საელჩო შეშფოთებულია ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ინციდენტების გამო. განცხადებაში ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ ობიექტურად გამოიძიოს არსებული ბრალდებები და უზრუნველყოს ამ „არჩევნებში საერთაშორისოდ აღიარებული იმ მაღალი სტანდარტების დაცვა, რომლითაც ბოლო ორი არჩევნები გამოირჩეოდა“. რა სახის განცხადებად შეიძლება მივიჩნიოთ ეს განცხადება? პრევენციული სახის თუ...

- ელჩის ეს განცხადება არის კიდევ ერთხელ შეხსენება პარტიებისთვის და ძირითადად ხელისუფლებისთვის, რომ წინასაარჩევნო გარემო არ არის სრულყოფილი. ელჩი საუბრობდა, ზეწოლის იმ ფაქტებზე, რომელიც დაფიქსირდა ბევრ ადგილას და 50-მდე კანდიდატის შემთხვევაში. მნიშვნელოვანია, როდესაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელიც მრავალგზის გადამოწმებულია. შესაბამისად, ელჩის მოწოდება, ერთგვარი შეხსენებაც არის, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს მაქსიმალურად მაღალ დონეზე და ასევე ეს მოწოდებაცაა იმ ფაქტების უკეთესი გამოძიებისაკენ, რომლებიც არ არის გამოძიებული.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ელჩი არის ყოვედღიურად ინფორმირებული წინასაარჩევნო დარღვევებზე და როდესაც დაგროვდა ამდენი ფაქტი, მან გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთხელ შეეხსენებინა ხელისუფლებისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აკვირდება საქართელოს საარჩევნო გარემოს და რომ ძალიან უარყოფითად აისახება ნებისმიერი დარღვევა ხელისუფლების რეპუტაციაზე.

უპირველესად ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს შეხვედრების უსაფრთხოება, არ დაუშვას დარღვევის ფაქტები. ეს არის შეხსენებაც, ეს არის პრევენციაც, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გვაქვს ჩასატარებელი ძალიან მაღალი დონის არჩენები, რომელიც იქნება მომდევნო ტესტი ქართული დემოკრატიისთვის.

http://ick.ge/articles/18381-i.html
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30