„ქართულმა ოცნებამ“ უკან გაიწვია და საქმიანობას ჩამოაცილა გურჯაანის საარჩევნო ოლქის 36–ე და 37–ე საუბნო – საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები ხატია ბურდულაძე და თამარ ლაზაშვილი მას შემდეგ, რაც მათ ჟურნალისტებთან დაადასტურეს, რომ კოალიციიდან საოლქო – საარჩევნო კომისიის წევრმა უკანონო დავალება მისცა. საოლქოს წევრი საუბნო კომისიების თავმჯდომარეებისგან ითხოვდა, რომ მათ უბნებზე არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, გურჯაანის მოქმედ გამგებელს ემზარ ჯიქურაშვილს გაემარჯვა.
სოფელ კაჭრეთში ემზარ ჯიქურაშვილის მთავარი კონკურენტი სოფლის ყოფილი გამგებელი, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გივი რამაზაშვილია.
რამაზაშვილი ზემო კაჭრეთის რწმუნებულთან ვაჟა არუთინაშვილთან ერთად, 2013 წლის 12 ივნისს ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, გივი რამაზაშვილმა და ვაჟა არუთინაშვილმა 12 ივნისს, სოფლების კაჭრეთის და ზემო კაჭრეთის მიმდებარე 50 ჰექტარი მიწის ნაკვეთისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტყის მასივის დროებით ფაქტობრივ სარგებლობაში გადაცემის სანაცვლოდ, ნიკა ცხვარაშვილისა და ფირდოვსი ალახვერდოვისაგან ქრთამის სახით აიღეს 10 000 ლარი და მათ დაპირდნენ სამსახურებრივი ავტორიტეტის გამოყენებით მფარველობას. სასამართლომ რამაზაშვილს და არუთინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. რამაზაშვილის განცხადებით, 50 ჰექტარი ტყის მასივი გურჯაანი – ველისციხის ეპარქიის საკუთრებაშია და სასულიერო პირებისგან მათ ნებართვა ჰქონდათ, ტერიტორია დროებით გაექირავებინათ, თანხის ქრთამის სახით აღება კი არ მომხდარა. დაკავების შემდეგ რამაზაშვილიც და არუთინაშვილიც თანამდებობებიდან გადააყენეს სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე. საქმე თითქმის ერთი წელია სასამართლოშია, განხილვის დაწყება რამდენჯერმე გადაიდო. რამაზაშვილის თქმით, ალახვერდოვი საგამოძიებო სამსახურის ისეთივე აგენტია, როგორიც რუსლან მამედოვი. ნიკა ცხვარაშვილი კი საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელია.
„ქართულმა ოცნებამ“ სოფელ კაჭრეთში მაჟორიტარობის კანდიდატად გივი რამაზაშვილი 2 მიზეზის გამო არ წარადგინა: რამაზაშვილი ამ დრომდე ბრალდებულია ქრთამის აღებაში; გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე კოალიაციმ მოქმედი გამგებლის ემზარ ჯიქურაშვილის ნაცვლად გია გერგიძე წარადგინა. ემზარ ჯიქურაშვილი კაჭრეთელია. კოალიციაში მას საკრებულოს თავმჯდომარედ მოიაზრებენ, რის გამოც ჯიქურაშვილი „ქართული ოცნებიდან“ კენჭს იყრის სოფელ კაჭრეთში მაჟორიტარად.
რამაზაშვილმა არჩევნებში მონაწილეობა მაინც გადაწყვიტა. ის კაჭრეთში კენჭს საინიციატივო ჯგუფიდან იყრის.
რამაზაშვილი ამბობს, რომ ჯიქურაშვილი მას 6 მაისს შეხვდა და კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვა, რაზედაც უარი უთხრა.
„ბევრჯერ შემომითვალა ჯიქურაშვილმა, რომ შევხვედროდი. 6 მაისს, სოფელ ნანიანის ვენახებთან შემხვდა და კატეგორიულად მითხრა, კანდიდატურა უნდა მოხსნაო. მიზეზი ის, რომ თვითონ უნდა გავიდეს კაჭრეთის დეპუტატად და პირდებიან, რომ გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე გახდება. როცა უარი ვუთხარი კანდიდატურის მოხსნაზე, მითხრა, აქამდეც უნდა გამეთავისუფლებინა შენი მეგობრები სამსახურიდან და ახლა გავუშვებო“, – აღნიშნავს გივი რამაზაშვილი.
14 მაისს, სოფელ კაჭრეთის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელს გულო ბასილაშვილს და სპეციალისტს ოთარ მირიანაშვილს ტელეფონით დაუკავშირდა გურჯაანის გამგებლის მოადგილე გიორგი ჩეკურიშვილი და მათ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერა მოსთხოვა. ბასილაშვილმაც და მირიანაშვილმაც პირადი განცხადების დაწერაზე უარი თქვეს. სატელეფონო ზარის შემდეგ, ნერვიულობის ნიადაგზე გულო ბასილაშვილი ავად გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის ჯანმრთელობის გაუარესების გამო გურჯაანის სამედიცინო ცენტრში მოათავსა.
„რწმუნებულის მოვალეობას ვასრულებდი 10 თვის განმავლობაში. გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე ემზარ ჯიქურაშვილმა შენიშვნა მომცა, გივი რამაზაშვილს ადმინისტრაციულ შენობაში ნუ უშვებო. მე ვუთხარი, რა უფლება მაქვს, მოქალაქეა, ჯერ ერთი, მეგობარია ჩემი და მტერიც რომ იყოს, რა უფლება მაქვს არ შემოვუშვა ტერიტორიული ორგანოს შენობაში მეთქი. ნუ დგას იქ და აგიტაციას ნუ ატარებსო. მე ვუთხარი, არ მაქვს უფლება ქუჩაში აგიტაცია ვინმეს დავუშალო მეთქი. ეს იყო სიტყვიერი გაფრთხილება. ამის მერე მგონია, რომ ყველაფერმა ჩაიარა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ, 14 მაისს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მათავისუფლებს სამსახურიდან. იცოდა, რომ ჩემს ხელში ადმინისტრაციულ რესურსს ვერ გამოიყენებდა. ტერიტორიულ ორგანოში თანამშრომლები ვინც არიან, დადიან ახლა და ხალხს აფრთხილებენ, ემზარ ჯიქურაშვილი კენჭს იყრის საკრებულოს თავმჯდომარეობაზეო“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გულო ბასილაშვილმა.
საჯარო მოსამსახურის სტაციონარში მოთავსება გამგებლის გადაწყვეტილებას რომ არ დაკავშირებოდა, გამგებელმა გულო ბასილაშვილის და ოთარ მირიანაშვილის დათხოვნის შესახებ ბრძანება 2014 წლის 13 მაისით დაათარიღა. ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად სამსახურებრივი მოვალეობის სისტემური შეუსრულებლობაა მითითებული. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამგეობიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის შესწავლით დგინდება, რომ გურჯაანის გამგებელს გათავისუფლებამდე არც ბასილაშვილის და არც მირიანაშვილის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვა ზომა არ აქვს გამოყენებული. სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობასთან დაკავშირებითაც არც ადმინისტრაციული წარმოებაა ჩატარებული.
ბასილაშვილის და მირიანაშვილის გათავისუფლების შემდეგ, გამგებელმა ემზარ ჯიქურაშვილმა კაჭრეთის რწმუნებულად ნათესავი გელა ბაზერაშვილი დანიშნა. გელა ბაზერაშვილის და ლელა ბაზერაშვილი გამგებლის ბიძაშვილის მეუღლეა. ამავე დროს, გელა ბაზერაშვილი მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნატო გონგაძის მეუღლეა. გამგებელმა ოთარ მირიანაშვილის შემცვლელადაც თავისი ნათესავი, მალხაზ ბაზერაშვილი დანიშნა. ემზარ ჯიქურაშვილის და ხათუნა ჯიქურაშვილი მალხაზ ბაზერაშვილის ბიძაშვილის ცოლია.
საყურადღებოა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მიხედვით, „სახელმწიფო მოსამსახურეს არ აქვს უფლება თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს პარტიული საქმიანობისთვის“.
ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი დეტალურად განსაზღვრავს პირის საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებს (კანონის მე-10 თავი) და დაუშვებელია, ამ პროცესს ჰქონდეს კავშირი პირის პოლიტიკურ ან/და საარჩევნო საქმიანობასთან.
სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის თანახმად, დასჯადია საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია. თანამდებობის პირებს არ აქვთ უფლება დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს მოსთხოვონ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა.
გურჯაანის გამგებელმა არ გაითვალისწინა არჩევნების სამართლიანად ჩატარების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2014 წლის 5 მაისის რეკომენდაციაც, წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეიკავონ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებების განხორციელებისაგან, რათა ეს არ იქნეს პირთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებისა და არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობად აღქმული.
დავალება საოლქოდან საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს –კოალიციის კანდიდატები ჩვენი გასაყვანები არიან
23 მაისს, N12 გურჯაანის საოლქო – საარჩევნო კომისიის წევრი თორნიკე წინწალაშვილი (ეროვნული ფორუმიდან) სოფელ კაჭრეთში 36–ე და 37–ე საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს, ხატია ბურდულაძეს და თამარ ლაზაშვილს შეხვდა.
ნიშანდობლივია, რომ თორნიკე წინწალაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტია ეკონომიკისა და ადგილობრივი შემოსავლების საკითხებში.
აუდიოჩანაწერიდან, რომელიც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა, ისმის, როგორ ავალებს თორნიკე წინწალაშვილი კაჭრეთის საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს, მოახდინონ ამომრჩეველთა სიების ფოტოგადაღება და მას წარუდგინონ.
„ერთ რამეს მიაქციეთ ყურადღება, კოალიციის წარმომადგენლები ხართ და უნდა დაიცვათ კოალიციის ინტერესები. კოალიციის კანდიდატები ჩვენი გასაყვანები არიან. სხვა შემთხვევაში, მე გივისაც პატივს ვცემ, მაგრამ კოალიციური ინტერესების გამო ვარკვევთ ვინ ვინ არის, ვისი მხარდამჭერია. მომაწოდეთ სიები, მე და ემზარმა (ჯიქურაშვილი, მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი სოფელ კაჭრეთში) უნდა გავიაროთ, ვინ ვინ არის, ვინ ვის იცნობს, ვისზე მუშაობს, პარტიული დამუშავება უნდა მოვახდინოთ“, – აცხადებს თორნიკე წინწალაშვილი აუდიოჩანაწერში.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45–ე მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს საარჩევნო კომისიის წევრს.
ეს საკითხი ცნობილი გახდა გივი რამაზაშვილისთვის. მან კახეთის საინფორმაციო ცენტრის პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა.
„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ კაჭრეთში, არჩევნები გაყალბდეს. 23 მაისს, საოლქო – საარჩევნო კომისიის წევრი თორნიკე წინწალაშვილი იყო კაჭრეთში და შეხვდა საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს და მისცა ასეთი დავალება, გადაეღოთ ამომრჩეველთა სიების თითოეული ფურცელი. მეორე დღისით, როცა ელოდებოდა ამ დავალების შესრულებას, არსებობს ჩანაწერი, სადაც ბატონი თორნიკე ძალიან გულდაწყვეტილია იმაზე, რომ ვერ მოახერხა ამ სიების აღება და აცხადებს ამ ჩანაწერში, რომ ემზარი ელოდებოდა ამ სიებს და რა პირით შეხედოს ეხლა ემზარის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, გივი რამაზაშვილი ჩაიხსნას, წააგოს და გავიდეს ემზარ ჯიქურაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ კაჭრეთის კომისიებიდან ეს არ გაკეთებულა, მეორე დღესვე, თორნიკე წინწალაშვილი ავიდა ზემო კაჭრეთში და პირადად, თავისი ციფრული ფოტოაპარატით თითოეული ფურცელი გადაიღო. მე მივიღე და მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომხრეებს, რომლებიც მე მიჭერენ მხარს, აიძულებენ არჩევნების დღეს არ გამოცხადდნენ საარჩევნო უბანში და ასევე, ახდენენ ზოგიერთი პიროვნებების გადაბირებას“, – განაცხადა გივი რამაზაშვილმა.
კაჭრეთის N36 საუბნო – საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ლაზაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაუდასტურა, რომ საოლქო კომისიის წევრი თორნიკე წინწალაშვილი მას და ხატია ბურდულაძეს ნამდვილად შეხვდა და უკანონო დავალებები მისცა. „პარასკევს იყო ჩამოსული, რიცხვი არ მახსოვს ზუსტად. მერე შევხვდით შაბათს ტრენინგზე.
– რა მინდაო, რა გითხრათ, რა დაგავალათ?
– სიების ფოტოგადაღება. მე დავუკავშირდი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ცხელ ხაზზე. ვიკითხე, რამდენად კანონიერი იყო აღნიშნულის გაკეთება და იქიდან მივიღე პასუხი, რომ ეს კანონის ჩარჩოებში არ ჯდებოდა. ჩანაწერი თუ გაქვთ მოსმენილი და თუ უნდა გაასაჯაროოთ, ჩანაწერში ცხადია ყველაფერი.
– რა არის ცხადი?
– ცხადია ის, რომ წინწალაშვილი გვავალებს ვიმუშაოთ კონკრეტულ კანდიდატზე და გავიყვანოთ“.
ჩვენ ვკითხეთ თორნიკე წინწალაშვილს რატომ მისცა საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს ასეთი დავალებები.
„არანაირი დავალებები არ მაქვს გაცემული. ეს ჩანაწერი დამახინჯებულია, გაუგებარია ჩემთვის მაგ ჩანაწერის შინაარსი“.
– გაუგებარი როგორ არის, სრული ჩანაწერი გვაქვს, სადაც თქვენ ავალებთ, რომ კომისიის თავმჯდომარეებმა სიების გადაღება მოახდინონ, რომელიც მერე ემზართან ერთად უნდა განიხილოთ.
– მე არ გამიცია ასეთი დავალება.
– თქვენი ხმა არ არის?
– ჩემი ხმაა, მაგრამ მე ასეთი დავალება არ გამიცია“.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ N12 გურჯაანის საოლქო – საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნატალია ბეგაშვილმა თორნიკე წინწალაშვილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა და განსახილველად გურჯაანის რაიონულ სასამართლოს გადაუგზავნა. განხილვა 2 ივნისს არის დანიშნული.
„ქართული ოცნების“ სასჯელი
ამავე დროს, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ კაჭრეთის 36–ე და 37–ე საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები თამარ ლაზაშვილი და ხატია ბურდულაძე უკან გაიწვია.
საოლქო – საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნატალია ბეგაშვილის განმარტებით, პარტიას არჩევნებამდე არაუგვიანეს 15 დღისა, შეუძლია მის მიერ დანიშნული კომისიის წევრი გაიწვიოს ანუ შეცვალოს.
რატომ ჩამოაცილა „ქართულმა ოცნებამ“ კაჭრეთის საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები საარჩევნო პროცესებს, ამ კითხვით კოალიციის გურჯაანის საარჩევნო შტაბის უფროსს ვანო ბერიძიშვილს მივმართეთ:
„ეს არის ჩვენი შიდაპარტიული საქმიანობა და როგორც ჩავთვალეთ საჭიროდ, ისე მოვიქეცით. დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ ვერ ასრულებდნენ და გავათავისუფლეთ 36–ე და 37–ე კომისიის თავმჯდომარეები.
– მათი გათავისუფლება მოხდა მას შემდეგ, რაც მედიისთვის ხელმისაწვდომი გახდა ჩანაწერი, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი თქვენი კოალიციიდან, მათ ავალებდა, რომ გაეყვანათ თქვენს მიერ წარდგენილი კანდიდატი იმ სოფელში, გადაეღოთ ამომრჩეველთა სიები და მიეწოდებინათ მისთვის, რათა შემდეგ მოქმედ გამგებელთან–კანდიდატთან ერთად მოეხდინა სიების დამუშავება.
– არა, არა, ამ პროცესს არ უკავშირდება ნამდვილად. მანამდეც ვაპირებდით ამის გაკეთებას.
– მაშინ რატომ არ შეცვალეთ მანამდე?
– ნუ ეხლა შევცვალეთ რა.
http://ick.ge/articles/18254-i.html
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები