ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა
04 აპრილი, 2018 წ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, განსახილველად საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში წარადგინა.

განმარტებითი ბარათის მიხედვით მთლიანობაში, კანონპროექტის მოცემული სახით მიღება გამოიწვევს არჩევნების საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას 1 614 335 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის ძირითადი არსი შემდეგში მდგომარეობს:

1. განხორციელდება საკონტროლო ფურცლისა და სპეციალური კონვერტების გამოყენების, ასევე მათთან დაკავშირებული პროცედურების გაუქმება 2019 წლის პირველი იანვრიდან.
2. საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ ტერმინთა განმარტებით განისაზღვრება
,,არჩევნებში/რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების“ ცნება.
3. ცვლილებების შედეგად, დაზუსტდება, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობაში ყოფნა აღარ იქნება განხილული, როგორც წინასაარჩევნო აგიტაცია.
4. დაზუსტდება, რომ ჩასატარებელი არჩევნებისათვის/რეფერენდუმისათვის საარჩევნო ღონისძიებებისა და პროცედურების საწყისი ვადები აითვლება არჩევნების/რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან.
5. საარჩევნო კოდექსში გაკეთდება ჩანაწერი, რომელიც აკრძალავს ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტოვიდეოგადაღებას, ან სხვაგვარ დამუშავებას, რომელიც ამავე კოდექსის შესაბამისად არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს დამუშავება ან გადაღება გათვალისწინებულია საარჩევნო კოდექსით.
6. ცესკოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასასაქმებელ პირთა რაოდენობას ყოველწლიურად განკარგულებით განსაზღვრავს ცესკო, დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. ცესკოს განკარგულებითვე განისაზღვრება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ დაქირავებული ბუღალტრებისა და იურისტების თანამდებობრივი სარგოების ქვედა და ზედა ზღვარი.
7. საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული სოციალური შეღავათები გავრცელდება ასევე საარჩევნო კოდექსის მე-19 მუხლის მე-5 პუქნტით განსაზღვრულ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებსა და საოლქო საარჩევნო კომისიების დამხმარე/ტექნიკურ პერსონალზეც. ისინი არ ჩაითვლებიან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებად და მათ მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად.
8. შეიცვლება ვადა, რომლის განმავლობაში პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს ცესკოს/საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად და ნაცვლად 8 წლისა, განისაზღვრება 4 წლით.
9. ცვლილების შესაბამისად, ცესკოს მიერ აღარ მოხდება გადაწყვეტილების მიღება შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების/ამომრჩეველთა სიების ხელახლა დათვლის შესახებ.
10. ცესკოს მიერ აღარ მოხდება იმ საარჩევნო კომისიის წევრთა შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოება, რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ, ასევე, რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის.
11. კოდექსში გაკეთდება ჩანაწერი, რომლის შესაბამისად, ცესკოს აპარატში საჯარო მოხელის სერტიფიკატი არ მოეთხოვებათ იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.
12. განისაზღვრება შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანების მიერ პირის საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშვნისას, საბუთებში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის პროცედურები, ასევე, გაიწერება, რომ უფლებამოსილი პარტიის მიერ საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული პირი კომისიის წევრად არ ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ აღმოჩნდება, რომ ეს პირი ცესკოსთვის/შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის მისი წარდგენის მომენტისათვის არის იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრი ან/და არ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის მე-20 მუხლის მე-17 პუნქტის/24-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში პარტიას მიეცემა დამატებითი ვადა ახალი წევრის წარსადგენად.
13. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანონით განსაზღვრულ ფუნქციათა ჩამონათვალს დაემატება, რომ ის საოლქო საარჩევნო კომისიის სახელით უფორმებს ხელშეკრულებას საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს, რომელნიც არ განიხილებიან როგორც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეები და შესაბამისად, მათზე არ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები.
14. ცვლილებების შესაბამისად, საარჩევნო უბანი შეიქმნება არაუმეტეს 1800 ამომრჩევლისათვის, სხვა სახელმწიფოში - 3500 ამომრჩევლისათვის, ხოლო იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ხმას აძლევენ ამავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამომრჩევლები - 2500 ამომრჩევლისათვის. ამის შესაბამისად, ხმის მიცემის ადგილის მოწყობის მიზნით, ხმის მისაცემი ერთი ადგილი გათვალისწინებული იქნება ყოველი 600 ამომრჩევლისათვის, ხოლო ამომრჩეველთა ერთი რეგისტრატორი გამოიყოფა ყოველი 400 ამომრჩევლისათვის.
15. საარჩევნო კომისიის წევრისათვის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადა განისაზღვრება 1 წლით. ამავე დროს, შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისია უფლებამოსილი იქნება კომისიის წევრს ვადაზე ადრე მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა, რაც განხორციელდება იმავე წესით, როგორითაც მოხდა მისი დაკისრება,
ხოლო დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობები განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.
16. საარჩევნო კომისიის წევრს, იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის შემთხვევაში, უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება არჩევის/დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან, რასაც შესაბამისი საარჩევნო კომისია მიიღებს ცნობად და გააფორმებს კომისიის სხდომის საოქმო ჩანაწერით.
17. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა აიკრძალება ასევე კენჭისყრის დღესა და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს.
18. ამომრჩეველთა სიის/მონაცემების გადამოწმების/ცვლილების შეტანის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი საჭიროების არსებობისას, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ერთად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ან/და მისი ტერიტორიული ორგანოები ვალდებულნი იქნებიან, დაუყოვნებლივ მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიას.
19. არასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით საჩივრის/სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილი იქნება ბოლო საერთო არჩევნებისას დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაცია.
20. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის სურვილის შემთხვევაში, წერილობითი/სატელეფონო ზეპირი განცხადებისას, სავალდებულო იქნება შესაბამისი ამომრჩევლის საქართველოს მოქალაქის პირადი ნომრის მითითება.
21. დაზუსტდება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრობის პირობები, კერძოდ, გაიწერება, რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან. ასევე გაიწერება, რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი.
22. ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებად რეგისტრაციისათვის წესდების/სადამფუძნებლო დოკუმენტის ნაცვლად მოხდება საჯარო რეესტრიდან ამონაწერის წარდგენა (ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) მითითებით), ხოლო ამონაწერის მონაცემების ნამდვილობისა და საარჩევნო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების გადამოწმების/დადასტურების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს ცესკოს შესაბამისი ელექტრონული მონაცემების ბაზებზე წვდომის და გადამოწმების შესაძლებლობით.
23. კოდექსში გაკეთდება ჩანაწერი, რომლის შესაბამისად, აიკრძალება საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად სხვა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის, საარჩევნო კომისიის წევრის, ადგილობრივი დამკვირვებლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშულების წარმომადგენლის დანიშვნა. ასევე შეიცვლება და შემცირდება საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმომადგენლის გამოწვევის ან/და შეცვლის ვადა. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტს წარმომადგენლის გამოწვევის ან/და შეცვლის უფლება ექნება, ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე და კენჭისყრის დღისა.
24. ცვლილების შედეგად, საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ამონაწერის (ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) მითითებით) წარდგენის ვალდებულება განისაზღვრება ასევე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციისათვისაც, გარდა უცხო ქვეყნის პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი, ხოლო ამონაწერის მონაცემების ნამდვილობისა გადამოწმების/დადასტურების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს ცესკოს შესაბამისი ელექტრონული მონაცემების ბაზებზე წვდომის და გადამოწმების შესაძლებლობით. გარდა ამისა, შემცირდება აკრედიტაციისათვის განცხადების წარდგენის ვადა და განისაზღვრება კენჭისყრამდე არაუგვიანეს 5 დღით, ხოლო შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი, აკრედიტაციის საკითხს გადაწყვეტს განცხადების წარდგენიდან 2 დღის ვადაში, ნაცვლად 1 დღისა.
25. საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხაში გათვალისწინებული იქნება არამხოლოდ სატელევიზიო რეკლამის განთავსების, არამედ მისი დამზადების ხარჯებიც, რომელიც ასევე ანაზღაურდება ცესკოს მიერ, ხოლო სრულად აუთვისებლობის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრულ ვადაში მოხდება მისი დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში.
26. კენჭისყრის დღეს, საჩივრების რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვება შეეძლება კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლებამოსილების მქონე ყველა პირს, ნაცვლად, სპეციალურად ამისათვის წილისყრით შერჩეული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისა.
27. შეიცვლება საკონტროლო ფურცლის რეკვიზიტები - მასზე მოხდება მხოლოდ პირველი ამომრჩევლის სახელის, გვარისა და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომრის დაფიქსირება.
28. საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების გაცემისას, ასევე გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის დროს, საარჩევნო ბიულეტენების გადაცემისას, რეგისტრატორი აღარ მოაწერს ხელს საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების უკანა გვერდზე. მოხდება მათი მხოლოდ რეგისტრატორის ბეჭდით დამოწმება.
29. ცვლილების შედეგად, დაზუსტდება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის ან/და ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე პირთა ჩამონათვალი. კერძოდ, თუ კომისიის თავმჯდომარე არ აღმოფხვრის დარღვევას ან სხვაგვარი ფორმით უარს განაცხადებს განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება მიეცემა დაუყოვნებლივ გაასაჩივროს კომისიის თავმჯდომარის ქმედება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
30. შეიცვლება ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების გასაჩივრების წესი. კერძოდ, აღნიშნული განცხადების/საჩივრის ჩანაწერთა წიგნში რეგისტრაციის შემდგომ, საუბნო საარჩევნო კომისია/კომისიის თავმჯდომარე ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა, ხოლო თუ კომისიის თავმჯდომარე ან/და კომისია არ აღმოფხვრის დარღვევას, ან სხვაგვარი ფორმით უარს განაცხადებს განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს, უფლება ექნება უკვე ამ პროცედურის შემდგომ, გაასაჩივროს კომისიის/კომისიის თავმჯდომარის ქმედება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის შეჯამებელი ოქმი და საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები გასაჩივრდება საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.
31. საარჩევნო დავების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების, შესაბამისად პროცესში ჩართული მხარეების დაბარებისათვის განსაზღვრული შემჭიდროვებული ვადების ფარგლებში დროის ეფექტურად გამოყენების მიზნით, კოდექსს დაემატება ჩანაწერი, რომლის შესაბამისად, სასამართლოების მიერ, საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში წარდგენილი სარჩელების/საჩივრების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობება ცესკოს. ასევე, შესაბამისი სასამართლოს მიერ ცესკოს ეგზავნება განსახილველ საქმესთან დაკავშირებული განჩინება სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ, რომლებსაც ცესკო, მიღებისთანავე დაუყოვნებლივ განათავსებს საკუთარ ვებგვერდზე; განჩინების ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 3 საათის გასვლისთანავე აღნიშნული განჩინება მესამე პირებისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება და ისინი სასამართლო პროცესზე დაბარებულად ჩაითვლებიან.
32. კოდექსში გაკეთდება ჩანაწერი, რომლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 78-ე მუხლით განსაზღვრულ საარჩევნო დავებზე, საარჩევნო კომისიებში განცხადების/საჩივრის შეტანის უფლება აქვთ ამავე მუხლით განსაზღვრულ პირებს.
33. საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, შეიცვლება საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე პირთა წრე:
ა) საარჩევნო ოლქებისა და უბნების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის ცესკოში/შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენელთან ერთად, მიენიჭება შესაბამის პარტიას/საარჩევნო ბლოკს, ასევე, აღნიშნული საკითხის გამო სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილი იქნება ბოლო საერთო არჩევნებისათვის რეგისტრირებული დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაცია;
ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის შესაბამის საოლქო სარჩევნო კომისიაში წარმომადგენელთან ერთად, მიენიჭება შესაბამის პარტიას/საარჩევნო ბლოკს/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს;
გ) საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის შესაბამის საოლქო სარჩევნო კომისიაში წარმომადგენელთან ერთად, მიენიჭება შესაბამის პარტიას/საარჩევნო ბლოკს/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფსა და პრეზიდენტობის კანდიდატს;
დ) არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების, საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ცესკოს შესაბამისი განკარგულებების, ასევე ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება საარჩევნო კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრულ პირებთან ერთად, მიენიჭება პრეზიდენტობის კანდიდატსაც.
34. პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის დადასტურების მიზნით, მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების მინიმალურ ოდენობას დაადგენს ცესკო განკარგულებით, არჩევნების დანიშვნის დღეს, იმ დროისათვის არსებული მონაცემების შესაბამისად, საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში.
35. პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით, შესაბამის განცხადებასთან ერთად, დაბადების მოწმობის ფოტოასლის ნაცვლად, მოითხოვება კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის/პასპორტის ფოტოასლისა და 2 ფოტოსურათის წარდგენა.
36. დაზუსტდება პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის წესი.
37. პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებთან ერთად, განისაზღვრება უკვე რეგისტრირებული კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებიც.
38. შემცირდება პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა და ნაცვლად კენჭისყრამდე არა უგვიანეს 10 დღისა, განისაზღვრება კენჭისყრამდე არა უგვიანეს 12 დღით, გარდა არჩევნების მეორე ტურისა. მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებზე აღნიშნული წესი არ გავრცელდება.
39. თვითმმართველი ქალაქების სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებული შესაბამისი ცვლილებების ასახვა მოხდება საარჩევნო კოდექსის 1101 მუხლში.
40. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ წევრს უფლებამოსილება შეუწყდება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება უახლოეს მაისში, აპრილის ნაცვლად.
41. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილება შეწყდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 142-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით (საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვეში არ დაამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს), მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება და გაიმართება საარჩევნო კოდექსის 1541 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესითა და ვადებში - არჩევნებს დანიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ- მინისტრის კონტრასიგნაციით, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის ამოქმედებიდან არაუადრეს მე-8 და არაუგვიანეს მე-10 დღისა, არჩევნები კი ჩატარდება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა.
42. საარჩევნო კოდექსში, გარდამავალი დებულების სახით, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი ცვლილების გათვალისწინებით, გაკეთდება ჩანაწერი, რომლის შესაბამისად, 2018 წელს გასამართი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 6 წლის ვადით.
43. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ცვლილებების შედეგად, გამარტივდება კენჭისყრის
პროცედურები, აღმოიფხვრება ტექნიკური ხარვეზები დაიხვეწება და დაზუსტდება არსებული პროცედურები.


ბეჭდვა