თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მესამე სხდომა გაიმართა
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მესამე სხდომა გაიმართა
14 აგვისტო, 2017 წ.
14 აგვისტოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მესამე სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თანათავმჯდომარე, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი უძღვებოდა. სხდომას კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები − დაესწრნენ.

შს მინისტრის მოადგილემ კომისიის წევრებს და დამსწრე საზოგადოებას მოახსენა, რომ ინციდენტზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა სოფელ ურაველში, 5 პირის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა. შემთხვევა 16 ივლისს მოხდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი კოორდინატორის განცხადებით, მას, მის მამასა და შვილს თავს მერის ყოფილი მოადგილე და მისი თანმხლები პირები − თვითმმართველობის მოქმედი თანამშრომლები − ფიზიკურად გაუსწორდნენ.

რაც შეეხება კასპში „პატრიოტთა ალიანსსა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ შორის მომხდარ ინციდენტს, ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა. ამასთან, კომისიამ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაცია, განცხადებები და შეთავაზებები მოისმინა.

უწყებათაშორისი კომისია თანამშრომლობს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან. პირველ ეტაპზე კომისია ორ კვირაში ერთხელ იკრიბება, საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ კი სხდომები არანაკლებ კვირაში ერთხელ გაიმართება. სამუშაო პროცესში მონაწილეობენ კომისიის წევრები (საქართველოს შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს.

უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა. კომისია შეიქმნა 2015 წლის შუალედური არჩევნებისთვისაც. ჯამში, სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისიამ 48 რეკომენდაცია შეიმუშავა. უწყებათაშორისი კომისიის ეგიდით და მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველად 2016 წელს წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის პრევენციისა და ძალადობის წინააღმდეგ ჩატარდა სპეციალური საინფორმაციო კამპანია (17 სექტემბერი - 30 ოქტომბერი), რომელშიც მონაწილეობა მიიღო საარჩევნო სუბიექტის 11-მა ლიდერმა; შეიქმნა ვიდეორგოლი, სადაც პოლიტიკოსები მხარდამჭერებს არჩევნების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარებისაკენ მოუწოდებდნენ. ვიდეორგოლი 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში 967 620-მა მაყურებელმა, მინიმუმ, ერთხელ მაინც ნახა.

კომისია იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანებით (https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/3719758) შეიქმნა და მისი მიზანი 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაა.
ბეჭდვა