ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საბოლოო ანგარიში
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საბოლოო ანგარიში
20 იანვარი, 2014 წ.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (OSCE/ODIHR) 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც დადებითად არის შეფასებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, - “ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაო განახორციელა პროფესიონალურად, გამჭვირვალედ, ვადების დაცვით და ამ პერიოდში, არჩევნებში ჩართული მხარეების მხრიდან ნდობის მაღალი ხარისხით სარგებლობდა. ცესკოს სხდომები და შეხვედრები ღია იყო დამკვირვებლებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. გადაწყვეტილებების მიღებამდე ცესკო, საარჩევნო თემებზე არჩევნებში ჩართულ მხარეებთან დისკუსიებსაც მართავდა. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები მუშაობდნენ კომპეტენტურად და არჩევნებისთვის მოსამზადებელ სამუშაოს მნიშვნელოვანი სირთულეების გარეშე გაართვეს თავი”.

აღსანიშნავია რომ ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო გარემო საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, თუმცა საარჩევნო პროცესების საერთაშორისო სტანდარტებთან და ეუთოს ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოსაყვანად ორგანიზაცია საქართველოს მხარეს შემდეგ რეკომენდაციებს სთავაზობს:

კანონში შევიდეს ცვლილებები, რაც უზრუნველყოფს არჩევნების ყველა მონაწილის უფლებას წარადგინოს საჩივრები არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე, მოქალაქეებს უნდა მიეცეთ უფლება გაასაჩივრონ ყველა ის შემთხვევა, როცა დაირღვევა მათი საარჩევნო უფლება და აგრეთვე საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
რეკომენდირებულია, რომ პარტიის/კანდიდატის წარმომადგენლებმა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა პატივი სცენ მკაფიო გამიჯვნას პარტიულ და არაპარტიულ დაკვირვებას შორის და იმოქმედონ სამართლებრივი ნორმების და აკრედიტაციის პროცედურების შესაბამისად.
რეკომენდირებულია საარჩევნო დღის პროცედურების გადახედვა და გამარტივება, რის შედეგადაც გაუქმდება ის პროცედურები, რაც არსებითად არ უწყობს ხელს პროცესის გამჭირვალობას და ნამდვილობას.
რეკომენდირებულია განიმარტოს - ითვლება თუ არა საჯარო მოხელეების მხრიდნ საარჩევნო კამპანიის ღონისძიებებზე პასიური დასწრება საარჩევნო კამპანიად. ასევე, უნდა დაზუსტდეს აქვთ თუ არა პოლიციელებს უფლება დაესწრონ კამპანიის ღონისძიებებს და რა შემთხვევებში.

ეუთოს საბოლოო ანგარიშში ასევე დეტალურად არის განხილული არჩევნებში ჩართული სხვა მხარეების მიერ გაწეული საქმიანობა, არსებული გამოწვევები და სხვა რეკომენდაციები. ორგანიზაცია მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლებასთან რათა გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით და მოხდეს რეკომენდაციების გათვალისწინება.

ეუთოს საბოლოო ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე. (დოკუმენტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.)
ბეჭდვა