ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
დავით ბაქრაძის სიტყვით გამოსვლა წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ყვარელში
25 ოქტომბერი, 2013 წ.




"დღეს მთავრდება 2013 წლის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანია. ზეგ არჩევნებია. ბოლო 4 თვის განმავლობაში კიდევ ერთხელ მოვიარე პრაქტიკულად მთელი საქართველო, შევხვდი და ხელი ჩამოვართვი ათობით ათას ადამიანს. და დღეს, კამპანიის ბოლო დღეს, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს - მადლობა ბრძოლისთვის, დაუღალავობისთვის, შემართულობისა და გაუტეხლობისთვის! მადლობა სიყვარულისთვის და იმედისთვის, რომელსაც მათ თვალებში ვხედავდი! მადლობა იმისთვის, რომ ამ რთულ პერიოდში თითოეულმა მათგანმა შეძლო, დაეცვა და შეენარჩუნებინა თავისი რწმენა, იდეალები და ღირებულებები! რწმენის შენარჩუნება მხოლოდ ღირსეულ ადამიანთა ხვედრია და მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ქვეყანას ამდენი ღირსეული ადამიანი ჰყავს!
კარსმომდგარი არჩევნები მრავალმხრივ არის მნიშვნელოვანი. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს წყალგამყოფი არჩევნებია, რომელიც გამოავლენს არა მხოლოდ იმას, ვინ დაიკავებს პრეზიდენტის მაღალ პოსტს, არამედ ეს არჩევნები გვაძლევს შანსს, დავასრულოთ დაპირისპირებების ეპოქა ქართულ პოლიტიკაში, გავაკეთოთ მკაფიო არჩევანი ქვეყნის თავისუფლების სასარგებლოდ და განვაახლოთ ევროპული, დემოკრატიული საქართველოს შენება.
27 ოქტომბერს საქართველო პირველად ირჩევს პრეზიდენტს 2012 წლის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების შემდეგ, პირველად ირჩევს პრეზიდენტს, რომელიც არ იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, არამედ რიგი ევროპული ქვეყნების მსგავსად, საპარლამენტო რესპუბლიკაში პოლიტიკური კულტურის და დემოკრატიული განვითარების ლიდერი იქნება.
საქართველო ირჩევს ქვეყნის საგარეო ორიენტაციის წარმმართველსა და სახეს, რომელმაც ხალხის მანდატით, ყოველგვარი ორჭოფობის, მიკიბ-მოკიბვის, ორმაგი სტანდარტების გარეშე უნდა განსაზღვროს განვითარების არჩეული ევროპული, ევროატლანტური გზა. ჩვენი ხედვით პრეზიდენტი უნდა იყოს ამ გზის განუხრელი, მტკიცე დამცველი.
ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი მკაფიო ხედვით უნდა წარდგეს თავისი ქვეყნის მოსახლეობის, ამომრჩევლის წინაშე, სადაც საქართველოს განვითარების უმთავრესი ღირებულებები იქნება გაცხადებული.
იმისთვის, რომ აღვნიშნოთ, რა არის ჩვენი ღირებულებების მთავარი სვეტები, მთავარი ქვაკუთხედი, ჩვენ ყვარელში ჩამოვედით და ეს არ არის შემთხვევითი.
ყველა ერს ჰყავს პიროვნებები, რომელთაც ერის მამად შერაცხავს ხალხის ბრძნული კოლექტიური გონი. საქართველოსთვის ასეთი დიდი ილია ჭავჭავაძეა. სწორედ ამიტომ ვართ შეკრებილები დღეს, წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით დღეს, ქართველი ერის უდიდესი მოღვაწის, დიდი ილიას მშობლიურ სახლში.
ჩვენი აქ ყოფნა თავისთავად ხაზგასმაა ჩვენი ერთგულებისა ილიას იდეების, მისი ღირებულებების მიმართ. ჩვენი განვითარების გზა, ახალი საქართველოს მოწყობის წესი და ღირებულებების სისტემა პირდაპირ გამომდინარეობს, ეფუძნება, თანამედროვე ჟღერადობით ეხმიანება დიდი ილიას ყველაზე მოწინავე იდეებს.
ილია თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი მამაა და მისი ხმა ჩვენგან, ჩვენი პოლიტიკური თაობისაგან დღესაც უპირველესად ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეის ერთგულებას ითხოვს.
ილია ლელთ ღუნიას პირით ბრძანებდა - "ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდესო". ამის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი მომავალი. საქართველომ უნდა დაიცვას თავის უმთავრესი მონაპოვარი, თავისუფლება და დამოუკიდებლობა. საქართველომ უნდა მიაღწიოს მყარ, ხანგრძლივ ვადიან გარანტიას თავისუფლებისა.
ამისთვის მივისწრაფით ნატოს წევრობისკენ, ევროკავშირისკენ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ყოველგვარი საუბრები ევრაზიულ კავშირსა და რუსეთის მიერ შექმნილ სხვა რომელიმე ერთობაზე დიდი საფრთხეა.
ჯერ კიდევ ილიას ეპოქაში ევროპული არჩევანი საქართველოსი ცხადი იყო თერგდალეულების თაობისთვის. ილიას ძალისხმევა საქართველოში ევროპული განათლების შემოტანისთვის, ევროპული ეკონომიკის მოწინავე იდეების საქართველოში დასანერგად წამყვანი ლაიტმოტივი იყო მისი მოღვაწეობისა. ევროპულ სახელმწიფო აზროვნებას, რომელიც პიროვნულ თავისუფლებასა და შრომით მოპოვებულ განვითარებას და სიმდიდრეს ემყარება, ეფუძნებოდა ილიასა და მისი თანამოაზრეების იდეოლოგია.
ილია და მისი თანამებრძოლები პრაგმატულადაც ევროპას, ამერიკას და დასავლეთს ირჩევდნენ – სივრცეს, სადაც ადამიანი მეტად თავისუფალია, სადაც ადამიანის შრომა მეტად ფასდება, სადაც ადამიანის ინიციატივა და სწრაფვა განახლებისკენ წახალისებულია საზოგადოებისგან, სამყაროს რომელიც თავისუფლების, თანასწორობის იდეებს ეფუძნება და არა შებოჭილობასა და დათრგუნულობას, რაც სუფევდა იმდროინდელ რუსეთის იმპერიაში.
ილიას კვალდაკვალ დღეს ჩვენი პარტია საქართველოს ევროპული არჩევანის მთავარი დამცველი ძალაა! ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და გავაკეთებთ, რომ საქართველო გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი! დღეს სრულიად ნათელია, რომ ეს ერთ-ერთი ის საკითხია, სადაც დღევანდელ მთავრობას ყველაზე მეტად სჭირდება კონტროლი!
სამწუხაროდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენი მეგობრების მუდმივი გაწბილება და რუსეთთან დათმობის ენაზე საუბარი მუდმივ ტენდენციად იქცა! დიახ, მე მინდა ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთთან, მაგრამ ცალსახად ვაცხადებ, რომ ეს ურთიერთობა ვერ გაუმჯობესდება საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე! რუსეთთან ურთიერთობები გაუმჯობესდება მხოლოდ მაშინ, თუ ის მიხვდება - შეუძლებელია საქართველოს დამორჩილება, მისი გადაყვანა ევროპული გზიდან! ასე იყო ლიტვაში, პოლონეთში, ესტონეთში და ასე იქნება საქართველოშიც!
მე ვიცი, რა ნიშნავს რუსეთთან დიალოგი. მე ვიყავი იმ მოლაპარაკებების მონაწილე, რომლის შედეგადაც საქართველოდან გავიდნენ რუსი მესაზღვრეები; მე ვიყავი მონაწილე იმ მოლაპარაკებების, რომლის შედეგადაც 1999 წელს რუსეთი დათანხმდა საქართველოდან ბაზების გაყვანას. ამიტომ მე ვიცი, როგორი უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული დიალოგი რუსეთთან - კონსტრუქციული, მშვიდი, მაგრამ ამავე დროს უკიდურესად პრინციპული, კრიტიკული და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული. და ნებისმიერი სხვა ფორმა - თავის დახრა, კრიტიკაზე უარის თქმა, პირფერობა - ყველაფერი მხოლოდ საპირისპირო შედეგამდე მიგვიყვანს.
დიდი ილიას ნანატრი თავისუფლება თავისუფლება მიიღწევა არა დათმობებით, არამედ პრინციპულობით და საკუთარი ინტერესების დაცვით! სწორედ ამის დასტურია დღეს ჩვენი სამშობლოს გულში გავლებული ახალი მავთულხლართები და მიტაცებული მიწები!
ამიტომ, დათმობების გზა ჩიხია. ჩვენ უნდა შევქმნათ რუსეთთან ცივილიზებული ურთიერთობის ისეთი მოდელი, რომელიც არასოდეს გვქონია და ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ ვიქნებით ნატოსა და ევროპის ნაწილი. ჩვენ პოლიტიკურ თაობას ისტორიული მისია აქვს - მივაღწიოთ საქართველოს დაბრუნებას ევროპაში. არ უნდა შევცდეთ, არ უნდა შევშინდეთ და არ უნდა დავიღალოთ!
განა ეს არ იყო დიდი ილიას ოცნება? თავისუფალი საქართველო, თანასწორი და ღირსეული წევრი მსოფლიო ხალხთა თანამეგობრობისა! არა ვასალი და ყმა, რომელიც რუსეთს დიდ მეზობელს უწოდებს, ხოლო თავისივე ქვეყანა პატარა უმნიშვნელო სოფლად მიაჩნია!
როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ არასდროს, არცერთ ვითარებაში არ ვუღალატებთ ილიას იდეას - ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს!
დღეს 25 ოქტომბერია ილიას უფროსი მეგობრისა და დიდი პატრიოტის დიმიტრი ყიფიანის გარდაცვალების დღე. ის რუსეთის იმპერიის მაშინდელმა სპეცსამსახურებმა მუხანათურად მოკლეს. დიმიტრი ყიფიანისა და ილიას დროს ჩვენ არ გვქონდა ჩვენი სახელმწიფო - დღეს კი გვაქვს და მთავარი ვალდებულება ჩვენი არის გავუფრთხილდეთ ამ თავისუფლებას და არაფერზე, არაფერზე, არაფერზე არ გავცვალოთ!
მეგობრებო! თუკი ვინმეს შეიძლება ვუწოდოთ საქართველოს თანამედროვე და ევროპული გზის სულისჩამდგმელი - ეს ილის ჭავჭავაძეა! მას არასოდეს ეშინოდა სიახლის, არასოდეს ეშინოდა რეფორმების, რომელიც საქართველოს თანამედროვე სამყაროს დაუახლოვებდა!
ილია ასევე გახლდათ მოწინავე, ლიბერალური ეკონომიკის სულისჩამდგმელი, საქართველოს საბანკო სისტემის დამფუძნებელი, უდიდესი მოამაგე ცოდნის და განათლების გავრცელებისა!
ინიციატივასა და შრომაზე დაფუძნებულ განვითარებას დღესაც არ აქვს ალტერნატივა. საქართველოს ვერ გადაარჩენს და არ გადაარჩენს ერთი მდიდარი ადამიანის წყალობა, და ოცნება, რომ ეს ერთი ადამიანი გამოკვებავს ყველას და არჩენს ქვეყანას. ასეთი ოცნება არ მუშაობს და ასეთი დაპირება ფუჭია.
მაგრამ ჩვენ ერთი წლის წინ გვესმოდა ბევრი ისეთი დაპირებაც, რომელიც უნდა შესრულდეს და ჩვენი ვალია ამისათვის - ვაკონტროლოთ მთავრობა!
რატომ უნდა ვაკონტროლოთ მთავრობა? იმიტომ, რომ ერთი წლის წინ ეს მთავრობა მოვიდა დაპირებით, რომ გააუმჯობესებს ხალხის ცხოვრებას, ააშენებს ახალ ქარხნებს და საწარმოებს, ღირსეული დასაქმების საშუალებას მისცემს ჩვენ მოქალაქეებს, გაანახევრებს ტარიფებს და 230 ლარამდე გაზრდის პენსიებს.
ერთი წელია მოთმინებით ვუყურებთ ახალ მთავრობას და ვხედავთ, რომ ნაცვლად ახალი საწარმოების გახსნისა, არსებულები ჩერდება და იხურება - ბიზნესი გაჩერებულია. ნაცვლად ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა, მხოლოდ 3 თვეში 42 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა, სოციალური დაპირებების შესრულების ნაცვლად თითქმის 30 000 ადამიანი ამოიღეს შემწეობის მიმღებთა სიიდან - 84 საჯაროდ გაცემული დაპირებიდან 76 დღემდე შეუსრულებელია! ოცნება არ მუშაობს მეგობრებო! დაპირებები არ სრულდება და ამას დღეს ყველა ხედავს!
მომავალმა პრეზიდენტმა არ უნდა დაუშვას, რომ მთავრობამ დაივიწყოს ის, რისთვისაც ხალხმა ხმა მისცა 1 ოქტომბრის არჩევნებში. პრეზიდენტმა ხალხთან ერთად უნდა აიძულოს მთავრობა, მთავარ ამოცანად გაიხადოს არა პოლიტიკური დაპირისპირება, არამედ ხალხზე ზრუნვა და ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესება. და ამავე დროს, თვითონ პრეზიდენტსაც უნდა შეეძლოს მთავრობასთან ერთად მუშაობა და მისი დახმარება ამ მიზნების მისაღწევად. ვფიქრობ, სწორედ ესაა ახალი პრეზიდენტის ამოცანა და სწორედ ასეთ მიდგომას ვთავაზობ ჩვენს საზოგადოებას.
იმედი მაქვს, საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერობის ერთი წლის განმავლობაში მე დავამტკიცე, რომ შემიძლია ერთდროულად ვიყო კრიტიკულიც და კომპრომისულიც, მწვავეც და კონსტრუქციულიც, შემიძლია მოვთხოვო ხელისუფლებას საქმის გაკეთება და ამავე დროს შემიძლია დავეხმარო კიდეც მას ამ საქმის გაკეთებაში.
განსხვავებით სხვა პოლიტიკური ძალებისგან, ჩვენი ფუნქცია მხოლოდ კრიტიკა არაა! ჩვენ უნდა ყოველთვის გვქონდეს რეალური გეგმა ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესებისათვის, სამუშაო ადგილების შექმნისათვის, ბიზნესის წინსვლისათვის, ეკონომიკის ზრდისათვის!
სწორედ ამიტომ, მე, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, კიდევ ერთხელ ვთავაზობ მთავრობას, ერთად გადავდგათ 3 ნაბიჯი ეკონომიკის გაჯანსაღების და ასეულობით ათასი ქართული ოჯახის უკეთ ცხოვრებისთვის:
1. გავაგრძელოთ გადასახადების შემცირება, რითიც თითოეული ოჯახი მეტ შემოსავალს მიიღებს;
2. უარი ვთქვათ ახალი რეგულაციების შემოღებაზე, რითიც შევქმნით სტაბილურ საინვესტიციო გარემოს და მოვიზიდავთ ინვესტიციებს;
3. მოვახდინოთ ეკონომიკური ამნისტირება და ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, რითიც ბიზნესს შევუქმნით დაცულობის განცდას და სწორედ დაცული და გაფართოებული ბიზნესის შედეგად, შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს.
ამ ყველაფრის სანაცვლოდ დღეს ხალხს აღარაფერს პირდებიან გარდა ერთისა – რომ არჩევნების შემდეგ კოაბიტაცია დამთავრდება! ანუ იქნება არა ურთიერთთანამშრომლობა, არა ურთიერთკონტროლი, არა საზოგადოების კონსოლიდაცია – არამედ ის, რითაც დღევანდელი მთავრობა ისედაცაა დაკავებული მთელი ერთი წელი – დაპირისპირება, დაპირისპირება და დაპირისპირება!
საქართველო ყოველთვის არ უნდა იმეორებდეს ერთსა და იგივე შეცდომას. მთავარი ამ შეცდომათაგან დაპირისპირება და პოლიტიკურ პარტიებს შორის სიძულვილია. ახლაც, როგორც ილიას დროს, სხვადასხვა პოზიციაზე მდგომი დასები ერთმანეთს უპირისპირდებიან და ავიწყდებათ, რომ ამ დაპირისპირებაში საქართველო აგებს.
სწორედ ამიტომ, დღეს მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო – ამ დაპირისპირების პოლიტიკას საქართველოში წერტილი უნდა დაესვას! მინდა მკაფიოდ დავადასტურო – "ნაციონალური მოძრაობა" არასდროს არ დაადგება რევანშიზმისა და სამაგიეროს გადახდის გზას!
ხალხი დაიღალა მუდმივი დაპირისპირების, შუღლის და დაძაბულობისგან. შევწყვიტოთ ეს დაპირისპირება და მთელი ჩვენი ენერგია მოვახმაროთ ქვეყნის განვითარებას და ხალხის უკეთ ცხოვრებას. მაშინ, როდესაც ჩვენ მთლიანად დაკავებული ვართ ერთმანეთთან ჩხუბით, გვავიწყდება, რომ ხალხს სჭირდება დასაქმება, სამუშაო ადგილები, გაზრდილი პენსია, სოფლის განვითარება, აშენებული ინფრასტრუქტურა, წესრიგი და ევროპული მომავალი.
ამიტომ გთავაზობთ - ვიმუშაოთ ერთად ქვეყნის განვითარებისთვის. და თუ მთავრობის გეგმა შემდგომი დაპირისპირებაა, ჩვენი გეგმაა - ურთიერთთანამშრომლობა ხალხის საკეთილდღეოდ! მე მზად ვარ ვიმუშაო მთავრობასთან და მიუხედავად უამრავ საკითხზე განსხვავებული შეხედულებებისა მივაღწიო იმას, რაც ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება - მეტ სამუშაო ადგილს, უკეთეს ანაზღაურებას და უფრო მეტად დაცულ ოჯახებს!
დაბოლოს: ილია ჭავჭავაძე იყო მთავარი მქადაგებელი შემწყნარებლობისა - იმ მთავარი ღირებულების, რასაც ჩვენი მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური სამშობლოს ერთიანობა ეფუძნება.

საქართველო ვერ გამთლიანდება მანამ, სანამ, პირველ რიგში, არ გამთლიანდება ქართული საზოგადოება. ჩვენი ყველას მთავარი ამოცანა კი იყო და იქნება გამთლიანებული, ერთიანი, თავისუფალი, ძლიერი საქართველოს შექმნა. შექმნა ისეთი ქვეყნისა, სადაც თიოთეული მოქალაქე თავისუფალ, ღირსეულ ადამიანად გრძნობს თავს, იმისდა მიუხედავად, თუ რომელი უმცირესობის წევრია; სადაც არავინ ხდება ძალადობის მსხვერპლი მისი არჩევნის ან წარმომავლობის გამო; სადაც თავისუფალი არჩევანია მთავარი ღირებულება და ყველას საკუთარი შრომით და ნიჭით შეუძლია მოიპოვოს კეთილდღეობა.
მხოლოდ ასეთი ქვეყანა შეძლებს, მშვიდობიანად გაუმკლავდეს ყველაზე დიდ გამოწვევებს, რომელიც ჩვენს წინაშე დგას – დაასრულოს რუსული ოკუპაცია და აღადგინოს საკუთარი ერთიანობა; გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი; საერთო გამონახოს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და შეუქმნას ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ეკონომიკური კეთილდღეობა და ღირსეული ცხოვრების პირობები! მხოლოდ ასეთი ქვეყანა შეძლებს, აასრულოს დიდი ილიას ოცნება თავისუფალი, ევროპული და თანამედროვე საქართველოს შესახებ!
ასეთი ქვეყანის აშენებას კი სჭირდება, რომ მომავალი პრეზიდენტი იყოს მთელი ქვეყნის, თითოეული მოქალაქის პრეზიდენტი და ზრუნავდეს ყველა ადამიანის უკეთ ცხოვრებაზე, დამოუკიდებლად მისი პოლიტიკური სიმპატიებისგან; რომ პრეზიდენტი იყოს ქვეყნის სტრატეგიული ეროვნული ინტერესების დაცვისა და ევროპული და ევროატლანტიკური კურსიდან არგადახვევის გარანტი; რომ ქვეყანას ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი მთავრობისგან და ხალხთან ერთად გააკონტროლებს მთავრობას, რათა არ იქნას დავიწყებული ის დაპირებები, რომელთა შესრულებაც ასე სჭირდება ხალხს; და ამავე დროს, იყოს პრეზიდენტი, რომელსაც შეეძლება ყველა პოლიტიკურ ძალასთან და მთავრობასთან საერთო ენის გამოძებნა და მუშაობა ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ.
ამიტომ, ჩემო მეგობრებო, თუ ჩვენი ღირებულებების მთავარი ქვაკუთხედები თავისუფლება, განახლებისაკენ სწრაფვა და მრავალფეროვნების პატივისცემა იქნება, თუ ჩვენი ცხოვრების წესი "მოძრაობა და მოძრაობაა", თუ ჩვენ განუხრელად დავიცავთ ჩვენი დიდი წინაპარის იდეებს და ქვეყანაზე ვიფიქრებთ, და არა ტაშზე - ჩვენი პოლიტიკური ძალა ღირსი იქნება გამარჯვების!
მეტიც! ეს იქნება არა მხოლოდ პარტიის გამარჯვების გზა, არამედ მთელი ქვეყნის და თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის, სიმშვიდის და მშვიდობისკენ მიმართული გზა.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიქნებით წარმატებული ამ ბრძოლაში, იმიტომ, რომ ეს არ არის ბრძოლა ვინმეს წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა უკეთესი საქართველოს და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის.
სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ და ამით გაიმარჯვებს ჩვენი ხალხი და სამშობლო. ჩვენს გამარჯვებას და ჩვენი გამარჯვებით გამარჯვებულ საქართველოს გაუმარჯოს"

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30