ანა მიქელაძე - ცესკო განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურების ჩასატარებლად მზად არის
 ანა მიქელაძე - ცესკო განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურების ჩასატარებლად მზად არის
19 ოქტომბერი, 2016 წ.
საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გუშინ ჩატარებულ სხდომაზე ცესკო-მ მიიღო დადგენილება, რომლითაც განისაზღვრება განმეორებით კენჭისყრასა და მეორე ტურებთან დაკავშირებული პროცედურები.

”სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება, რომლითაც არის განსაზღვრული ის პროცედურები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება განმეორებით კენჭისყრასა და ასევე არჩევნების მეორე ტურებს. კანონმდებლობაში განსაზღვრული სხვა დამატებითი დეტალების მიხედვით იმოქმედებს საარჩევნო ადმინისტრაცია და რა თქმა უნდა საარჩევნო გარემო თითოეული ამომრჩევლისა და ჩართული მხარისთვის იქნება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი”, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტურების და განმეორებითი კენჭისყრის შესაძლო თარიღები განსაზღვრა. 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება.

რაც შეეხება განმეორებით კენჭისყრას, ის 22 ოქტომბერს ჩატარდება. ცესკოს ცნობით, №36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №36.22.48 საარჩევნო უბანზე (მარნეული)პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები გაიმართება, ხოლო №66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №66.67.38, №66.67.79 და №66.67.108 საარჩევნო უბნებზე (ზუგდიდი) - როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები.

ცესკო სამართლებრივ აქტებს შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გამოსცემს.

ipn.ge
ბეჭდვა