ნატო-ს გენმდივანი - ველოდებით მომავალ არჩევნებს, რომელიც დააკმაყოფილებს უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს
 ნატო-ს გენმდივანი - ველოდებით მომავალ არჩევნებს, რომელიც დააკმაყოფილებს უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს
07 სექტემბერი, 2016 წ.
საქართველოს ურყევი პროგრესისთვის ჩვენ ველოდებით მომავალ არჩევნებს, რომელიც დააკმაყოფილებს უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ის, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭო, მონტენეგროს ჩათვლით აქ იმყოფება, მხარდაჭერის და პარტნიორობის დამადასტურებელი სერიოზული გზავნილი გახლავთ. ჩავატარეთ ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ნატო-საქართველოს კომისიის ჩარჩოებში და წარვმართეთ სიღრმისეული დისკუსია საქართველოს წვლილზე საერთო უსაფრთხოებაში, თქვენი ქვეყნის რეფორმებისა და იმ მიღწევების ფონზე, რომელიც გაგაჩნიათ, ასევე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხებზე. ჩვენი პარტნიორობა ძალიან მყარია და კიდევ უფრო ძლიერდება. ნატო მადლიერია იმ სამსახურისა, რომელიც ქართველმა სამხედროებმა გასწიეს ავღანეთში. საქართველომ სერიოზული მსხვერპლი გაიღო ჩვენი ერთობლივი, ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად და შეაქვს რა წვლილი ეროვნულ უსაფრთხოებაში, საქართველო ახორციელებს საკმაოდ ამბიციურ რეფორმას თავდაცვის სისტემაში. ქართული მხარე აგრძელებს დემოკრატიული და სამოქალაქო ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც ეხმარება საქართველოს, დაუახლოვდეს ნატო-ს. რეფორმების გზაზე თქვენ მარტო ნამდვილად არ მოძრაობთ. საქართველოს ხელშია ყველა საჭირო ინსტუმენტი, რათა იმოძრაოს ნატო-ს წევრობისაკენ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა და ამ კონტექსტში ნატო-საქართველოს კომისია, არსებით ღონისძიებათა პაკეტი, ერთობლივი წვრთის ცენტრი დაასახელა.

მისი თქმით, ყველა მოკავშირე მიესალმება საქართველოს თავდაცვის სისტემის რეფორმას და საერთო პროგრესს.

“ეს გახლავთ ქვაკუთხედები საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნისთვის. ნატო-ს სამიტზე ვარშავაში ალიანსის ლიდერები მიესალმნენ იმ სერიოზულ პროგრესს, რომელიც საქართველომ აჩვენა. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული პროგრესი გაგრძელდება, რაც მოიცავს საკონსტიტუციო, საარჩევნო რეფორმებს. საქართველოს ურყევი პროგრესის ჭრილში ჩვენ ველოდებით მომავალ არჩევნებს, რომელიც დააკმაყოფილებს უმაღლეს დემოკრატიული სტანდარტებს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ჭრილში. რეფორმები კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს მოსახლეობისათვის, თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური აყვავებისათვის“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატო-ს ერთგულება და ვალდებულებები საქართველოს მიმართ.

„ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას და თქვენი იმედი გვაქვს“, - დასძინა სტოლტენბერგმა.

ipn.ge
ბეჭდვა