ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
მეორე ტურის მეორე სუნთქვა
08 ივლისი, 2014 წ.
"არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ქვეყანაში ისეთი არაფერი მომხდარა, რაც მეორე ტურის შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს - ამბობენ სპეციალისტები, რომელთაც "რეზონანსი" ესაუბრა და დასძენენ, რომ გიგი უგულავას დაჭერის ფაქტი, ერთადერთია, რამაც შედეგები უმნიშვნელოდ შეიძლება შეცვალოს. მოგეხსენებათ, 12 ივლისს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში გაიმართება. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 28 საარჩევნო ოლქში სულ 1,715,514-ია. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე დაიწყო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი. სულ 1,605,000 ბიულეტენი დაიბეჭდება, მათ შორის - 1,191,450 მერის და 413,550 გამგებლის (აქედან 5, 050 აზერბაიჯანულ ენაზე) ასარჩევი ბიულეტენები. ასევე იწყება ამომრჩეველთა ბარათების დარიგების პროცესი, სადაც აღნიშნულია, თუ რომელ საარჩევნო უბანს უნდა მიაკითხონ ამომრჩევლებმა ხმის მისაცემად. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩევლებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით საარჩევნო უბანზე მისვლა არ შეუძლიათ, 9 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით შესაბამის უბანს უნდა დაუკავშირდნენ და გადასატანი ყუთით სარგებლობა მოითხოვონ.როგორც ცესკოს სპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა გუშინ გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, 15 ივნისის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მონიტორინგი გაუწიონ არჩევნების მეორე ტურებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მეორე ტურის მეორე სუნთქვა.

"რაც შეეხება იმ ქალაქებს, სადაც მერის არჩევნები ხელახლა გაიმართება, მათი ჩამონათვალი შემდეგია: თბილისი, რუსთავი, მცხეთა, გორი, თელავი, ოზურგეთი, ბათუმი, ფოთი. ამ ქალაქებიდან 4-ში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ბათუმში ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები დაუპირისპირდებიან; მცხეთაში - "ქართული ოცნებისა" და "მწვანეთა პარტიის" კანდიდატები; გორში - "ოცნებისა" და "ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტიის" წარმომადგენლები, ხოლო ოზურგეთსა და ფოთში - "ქართული ოცნებისა" და "დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატები. რაც შეეხება გამგებლების განმეორებით არჩევნებს, იგი ახმეტაში, ყვარელში, გორში, თიანეთში, მარტვილში, ქობულეთში, ბაღდათში, ხონში, ტყიბულში, ლანჩხუთში, თერჯოლაში, თელავსა და ხულოში გაიმართება. აქედან 5 მუნიციპალიტეტში ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" კანდიდატები დაუპირისპირდებიან, 4-ში "ოცნებისა" და "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის", ორში - "ოცნებისა" და "პატრიოტთა ალიანსის", ერთგან "ოცნებისა" და "ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტიის" წარმომადგენლები და ასევე ერთგან მმართველი პარტიისა და "სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის" კანდიდატები", - აღნიშნავს გამოცემა.

"არჩევნებამდე 4 დღით ადრე, ჯერ კიდევ არაა გარკვეული გაიმართება თუ არა ტელედებატები მერობის კანდიდატებს შორის. ნიკა მელიამ კონკურენტი "იმედის" ტოქშოუ "რეაქციაში" სადებატოდ ჯერ კიდევ 24 ივნისს გამოიწვია. დავით ნარმანია გამოწვევას დათანხმდა, მაგრამ არა რომელიმე ტელევიზიის სტუდიაში, არამედ "ნეიტრალურ ტერიტორიაზე", რომლის გაშუქების შესაძლებლობაც ყველა მედიასაშუალებას ექნებოდა. მან მელიას დებატების საერთაშორისო ფორმატით ჩატარება შესთავაზა, რომელსაც ორგანიზებას მიუკერძოებელი საერთაშორისო ორგანიზაცია გაუწევს. კითხვების დასმის საშუალებაც ყველა მედიის ყველა წარმომადგენელს მიეცემა. მელიამ კი საპასუხოდ ოპონენტს ტელევიზიების მიერ მომზადებულ ფორმატისთვის დაჯერებისაკენ მოუწოდა, თუმცა აქვე მზადყოფნა გამოთქვა ნარმანიასთვის სასურველი ფორმატის დებატებშიც მიიღოს მონაწილეობა, თუნდაც ის "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართოს. როგორც ვთქვით, ჯერ კიდევ უცნობია თუ რითი დასრულდება ეს ყველაფერი და შედგება თუ არა დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის ტელედებატები, რომელმაც, სპეციალისტთა აზრით, შესაძლოა არჩევნების შედეგებზე იქონიოს გავლენა", - განაგრძობს გამოცემა.

"პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის აზრით, დებატები შედეგებს მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის, თუმცა მისი გამართვა მაინც აუცილებლად მიაჩნია. ვარაუდობს, რომ კანდიდატების ხმათა რაოდენობა დებატებმა შესაძლოა 4-5%-ით გაზარდოს ან შეამციროს. რადიკალურ ცვლილებებს კი იგი მეორე ტურში არ ელის და ამბობს, რომ შედეგებზე ასევე მცირედი ზეგავლენის მომხდენი შეიძლება აღმოჩნდეს გიგი უგულავას დაკავების ფაქტიც. "შესაძლოა გიგი უგულავას დაკავებამ, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის რეიტინგი გარკვეულწილად გაზარდოს, ვინაიდან ეს პარტია ახლა მსხვერპლად აღიქმება. ასევე, არაა გამორიცხული არჩევნებზე "ოცნების" ნაკლები მხარდამჭერი მივიდეს, ვინაიდან იმ ფაქტმა, რომ მმართველი გუნდის კანდიდატმა დედაქალაქში 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, შესაძლოა მათი ამომრჩეველთა რაოდენობა შეამციროს. თუმცა, ეს ყველაფერი, არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას, არ მოახდენს," - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

"პირველი ტურის შემდგომ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მნიშვნელოვან ცვლილებებს არც საზოგადოებრივი ურთიერთობების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ელის და ამბობს, რომ ამის გაკეთებას ვერც ყოფილი მერის დაპატიმრების ფაქტი შეძლებს. ფიქრობს, რომ "ქართულ ოცნებას" ამ ყველაფრის სათავისოდ გამოყენების საკმარისი რესურსი ჰქონდა, თუმცა მათ ეს ვერ შეძლეს. "მათ ამ საკითხის საკმარისად კარგი რეკრუტირება და პრომოუტირება ვერ მოახდინეს და ამიტომ ნაკლებია იმის შანსი, რომ ამ ფაქტით ისარგებლონ. უგულავას დაჭერით სარგებლობას, რა თქმა უნდა, თავად "ნაცმოძრაობაც" შეეცადა, მაგრამ ვფიქრობ მაინცადამაინც ეფექტურად არც მათ გამოუვიდათ, იმიტომ, რომ ყოფილ მერს საზოგადოებაში ისეთი იმიჯი აქვს, რომ ცვლილებებს ნაკლებად ექვემდებარება. ანუ, დადებითი კუთხითაც და ნეგატიური კუთხითაც, მდგრადი იმიჯი აქვს", - ამბობს გამზარდია.

"მისივე აზრით, პარტიებმა ვერ შეძლეს პირველი ტურისგან გაკვეთილი მიეღოთ და მეორე ტურისთვის "ემუშავათ" ხალხზე, რომლებიც პირველ ტურზე საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად არ მივიდნენ. მიიჩნევს, რომ ასეთი ადამიანების სახლიდან გამოყვანას კანდიდატები ვერც ამჯერად შეძლებენ. ბრძოლა, გამზარდიას აზრით, იმ ადამიანების ხმებისთვის მიმდინარეობს, რომლებიც 15 ივნისის არჩევნებზე მივიდნენ, თუმცა ხმა არც "ნაცმოძრაობის" კანდიდატებს მისცეს და არც "ქართული ოცნების". "ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი პირველ ტურზეც მივიდა, ვინაიდან ის საკმაოდ ორგანიზებული ამომრჩეველია და შეიძლება ითქვას, რომ ამ პარტიამ ხმების მაქსიმუმი უკვე მიიღო. შუალედური შეხედულებების მქონე პირებმა კი, მეეჭვება "ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ გააკეთონ არჩევანი. ალბათ, "ოცნებაც" ამის იმედზეა. წმინდა საკამპანიო თვალსაზრისით, ნარმანიას ჰქონდა მცდელობა, რომ სტანდარტული კამპანია ჩაეტარებინა, რაც საკმაოდ უსუსური იყო. საკმაოდ უხარისხო პრომოაქციები ჰქონდა. ამიტომ, ვერ ვიტყვი რომ დრო და რესურსი მაინცადამაინც ეფექტურად გამოიყენა. ამიტომ, ვფიქრობ, არსებითად განსხვავებულ შედეგებს არ უნდა ველოდოთ", - აღნიშნავს გამზარდია.

http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-presis-mimokhilva/289046-qarthuli-presis-mimokhilva-08072014.html
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
არჩევნებამდე დარჩა 31.10.2020 08:00 34 დღე
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2020 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30