ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
საგანელიძე-ტყემალაძე პრემიერის "სიურპრიზის" წინააღმდეგ გამოვიდნენ, თუმცა, უშედეგოდ
19 თებერვალი, 2014 წ.
კოალიციაში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, თვითმმართველ ქალაქებში, მერებისა და გამგებლების არჩევა 50 პროცენტიანი ბარიერით მოხდება. ფორ.გე-ს ინფორმაციით, უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე და "მრეწველები" 50 პროცენტიანი ბარიერის დაწესების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. თუმცა, საბოლოო ჯამში, ისინი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას დაეთანხმნენ. გასულ კვირას, 50 პროცენტიანი ბარიერის შემოღების წინააღმდეგ მმართველი გუნდის სხვა ლიდერებიც გამოდიოდნენ, თუმცა, მათ პოზიცია გუშინ მას შემდეგ შეიცვალეს, რაც ირაკლი ღარიბაშვილი წინადადებით გამოვიდა, რომ მერების არჩევა 50 პროცენტიანი ბარიერით მოხდეს. პოზიცია შეიცვალა ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ზვიად ძიძიგურმაც, რომელმაც გასულ კვირას, ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ, - 40 პროცენტიანი ბარიერი 50 პროცენტამდე გაზრდილიყო, განაცხადა, რომ "დედამიწაზე სრული ბედნიერება არ არსებობს. შესაბამისად, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება ვერ მოხდებოდა".

დღეს კი, ზვიად ძიძიგური ფორ.გე-სთან საუბარში აცხადებს, რომ ისევ თვლის, რომ დედამიწაზე სრული ბედნიერება არ არსებობს, მაგრამ ამავე დროს, მიიჩნევს, რომ 50 პროცენტიანი ბარიერი უფრო მეტად ხელისუფლებას აწყობს, ვიდრე ოპოზიციას. "ისევ ვეთანხმები, რომ სრული ბედნიერება არ არსებობს, მაგრამ ვალდებულება გვაქვს. ბარიერის 50 პროცენტამდე აწევას, თუ ვინ უჭერს მხარს და ვინ არა, ეს შიგნით გასარკვევი საქმეა და ეს გარეთ არ გამოგვაქვს. 50 პროცენტიანი ბარიერი უფრო მეტად ხელისუფლებას აწყობს, ვიდრე ოპოზიციას. ამას ადრეც ვამბობდით, მაგრამ მეორე ტურის ალბათობის გამო, მივიჩნევდით, რომ ამ ნორმის შემოღების საჭიროება არ არსებობდა", - განმარტავს ძიძიგური, რომლის მსგავსად, რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ 50 პროცენტიანი ბარიერის შემოღება მნიშვნელოვანი სიახლეა, რასაც მთელი ცხოვრება ემხრობოდა. ბერძენიშვილის ცნობით, კოალიციაში 50 პროცენტიანი ბარიერის შემოღების მომხრეებიც იყვნენ და მოწინააღმდეგეებიც.

"პოლიტიკური კონიუნქტურა არავითარ პრობლემას არ წამოადგენდა. აქ პრობლემას მეორე ტურების საკითხი და ხარჯი წარმოადგენდა. კერძოდ, მომჭირნეობის მოთხოვნილება იყო, რომ დიდი ხარჯი არ იქნეს გაწეული. ამ პროცესში ღარიბაშვილი აქტიურად ჩაერთო, ის ფინანსებზე პასუხისგებელია და როგორც ჩანს, მან ფინანსთა მინისტრი დაითანხმა და ამ წინადადებით გამოვიდა. იმის გათვალისწინებით, რომ დემოკრატია ფული ღირს, სჯობს, ცოტა მეტი ფული კარგ სისტემაში ჩავდოთ და პროცესი კარგისკენ წავიყვანოთ. თუკი აქამდე ვამბობდით, რომ "საარჩევნო კოდექსის" გაუმჯობესება 70-80 პროცენტით უნდა უზრუნველვყოთ-თქო, ახლა შემიძლია ვთქვა, რომ კოდექსის 100 პროცენტიანი გაუმჯობესება ხდება", - განუცხადა ფორ.გე-ს ბერძენიშვილმა, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატად დავით ნარმანიას უპირობო ფავორიტად მიიჩნევს. დეპუტატის განცხადებით, ალბათობა ძალიან მაღალია, რომ დავით ნარმანია 50 პროცენტიან ბარიერს პირველივე ტურში გადალახავს, მაგრამ მეორე ტურის ჩატარება თეორიულადაც უნდა იქნეს დაშვებული. "თუ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გავითვალისწინებთ, 50 პროცენტის გადალახვის მაღალი რეზერვია, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. პროცესი წინ არის, არჩევნებამდე დიდი დროა დარჩენილი და დიდი სამუშაოა ჩასატარებელი", - დასძინა ბერძენიშვილმა, რომლისგან განსხვავებითაც, ზურაბ ტყემალაძე 50 პროცენიანი ბარიერის შემოღების მომხრე არ იყო და მიზეზებს ფორ.გე-სთან საუბარში განმარტავს.

კანონმდებელის მოსაზრებით, პრემიერი ინციატივით გამოვიდა, მას მხარიც დაუჭირა, თუმცა, იდეის მომხრე არ იყო. "მე სხვა პრინციპის მომხრე ვარ. 50 პროცენტი აქ კი არ უნდა დაწესდეს, არამედ არჩევნებზე მომსვლელთა რაოდენობაზე. კერძოდ, არჩევნები შემდგარად არ უნდა ჩაითვალოს, თუ მას ამომრჩეველთა 50 პროცენტზე ნაკლები დაესწრება. ეს უფრო სწორი იქნება, მაგრამ ჩემი პოზიცია არცერთმა პარტიამ არ გაითვალისწინა. ხომ გაგიგიათ, ძალა აღმართს ხნავსო?! "ქართული ოცნება" ისეთ ძლიერ კანდიდატურებს დააყენებს, რომ უპირობოდ მოიგებს", - განუცხადა ფორ.გე-ს ტყემალაძემ. რაც შეეხება ოპოზიციის განწყობას, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია გასულ კვირას, 50 პროცენტიანი ბარიერის დაწესებას კატეგორიულად ითხოვდა, მაგრამ ამ ინიაციტივის გაჟღერების შემდეგ, ისინი მაინც უკმაყოფილოები დარჩნენ. უმცირესობა ყურადღებას საკუთარი წარმომადგენლების დაკავებაზე ამახვილებს და მიიჩნევს, რომ საარჩევნო გარემოს უკვე დიდი ჩრდილი მიადგა. არასაპარლამენტო ოპოზიცია კი თვლის, რომ "ქართული ოცნება" აკეთებს ერთს, მაგრამ აფუჭებს ბევრს. როგორც ფორ.გე-ს დეპუტატმა, პავლე კუბლაშვილმა განუცხადა, მაშინ როდესაც, დუშეთსა და ხონში დაკავებულნი არიან ნაციონალების წარმომადგენლები, 50 პროცენტიანი ბარიერის შემოღება არსებითად არაფერს შეცვლის. "ის პირები დააკავეს, რომლებიც გამგებლის არჩევნებში მონაწილეობას აპირებდნენ.

ამ პირობებში, კანონში რაც არ უნდა ჩაიწეროს, ეს რელევანტური არ იქნება, რადგან საარჩევნო პროცესს რეალურ კონკურენტებს აცილებენ. "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია სტაბილური საარჩევნო გარემო იყოს, რადგან მის ლეგიტიმაციას ხელისუფლებამ საკმაოდ დიდი ჩრდილი მიაყენა", - დასძინა კუბლაშვილმა, რომლის მსგავსად, ხელისუფლებას აკრიტიკებს "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე. მისი შეფასებით, ხელისუფლება საარჩევნო საკითხების მიმართულებით კომპლექსური რეფორმისთვის მზად არ არის და მხოლოდ 50%-იანი ბარიერის შემოღება საარჩევნო გარემოს ვერ გააუმჯობესებს. მიუხედავად იმისა, რომ საგანელიძე-ტყემალაძე პრემიერ-მინისტრის "სიუპრიზის" (ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას "სიუპრიზს" გასულ კვირას დაჰპირდა) წინააღმდეგ გამოვიდნენ, 50 პროცენტიანი ბარიერის შემოღება მოხდება, რადგან აღნიშნული სიახლე "საარჩევნო კოდექსში" მეორე მოსმენით განხილვისას აისახება. რაც შეეხება სხვა სიახლეებს, პროექტით, თვითმართველი თემის საკრებულოს პროპორციული წესით ასარჩევ წევრთა რაოდენობა 10-დან 15-მდე იზრდება და უმრავლესობის შეფასებით, აღნიშნული ნორმა საარჩევნო ბარიერის შემცირებას იწვევს, რაც ხელს უწყობს პოლიტიკური წარმომადგენლობების გაზრდას თვითმართველობებში. ამასთან, ცვლილებებით, ამომრჩეველთა გაორების გამორიცხვის მიზნით, საარჩევნო სიების დაზუსტება მოხდება სახელმწიფო სერვისების განვითარების მონაცემთა ბაზაში არსებულ პირთა ფოტოსურათების ციფრულ ფორმატში გადაყვანით. პროექტში გათვალისწინებულია არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციაც და მომავალში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინფორმირებისთვის და მათი არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიზნით, საარჩევნო უბნების ადაპტაცია მოხდება და საზოგადოებრივ მაუწყებელზე სატელევიზიო დებატები სურდო-თარგმანით იქნება უზრუნველყოფილი. აღსანიშნავია, რომ პროექტით გათვალისწინებულია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესი და დაფინანსებაზე 30 პროცენტიანი დანამატის მიღების ნორმა კონკრეტდება. პაკეტით, პარტია 30 პროცენტიან დანამატს მიიღებს არა ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხაზე, არამედ საბაზო დაფინანსებაზე, რომელიც წელიწადში 300 000 ლარით განისაზღვრება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30