ტრენინგები ჟესტურ ენაზე
19 სექტემბერი, 2016 წ.
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა ჩაატარა ტრენინგების ციკლი ჟესტურ ენაზე საქართველოს ოთხ რეგიონში: ბათუმში, ქუთაისში, გორში, მარნეულში, თელავში და თბილისში (თბილისში - 5, სულ 9 ტრენინგი).

ტრენინგების მიზანი იყო ყრუ პირთა სეგმენტისთვის წინასაარჩევნო პერიოდში თანაბარი გარემოს უზრუნველყოფა, მათი, როგორც ელექტორატის მზაობის და აქტივობის ამაღლება 2016 წლის 8 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების ხელშეწყობა.

ტრენინგების ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა ყრუ პირებმა ჟესტურ ენაზე მოისმინეს:

დემოკრატიის არსი და მნიშვნელობა ადამიანის უფლებათა და თავისუფლების დაცვისთვის, საქართველოს სახელმწიფო მოწყობის პრინციპები;
ხალხის მმართველობის ფორმები;
პარლამენტის უფლებამოსილებები;
არჩევნების მნიშვნელობა და საარჩევნო სისტემები;
საარჩევნო ადმინისტრაცია და არჩევნებში ჩართული მხარეები;
პარტიები და ამომრჩეველი; წინასაარჩევნო კამპანია;
საარჩევნო სიები და საკუთარი მონაცემების გადამოწმების მნიშვნელობა;
კენჭისყრის პროცედურა.

თითოეულ ტრენინგზე ყრუ პირთა მონაწილეობით ჩატარდა კენჭისყრის იმიტირებული პროცესი. ყრუ პირებმა იმიტირებულ პროცესში გადაინაწილეს და შეასრულეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციები.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ტრენინგები ჩაატარა ტრენენრმა კონსტანტინე კანდელაკმა, თეორიული ნაწილის ფასილიტირებას სურდო-თარჯიმანთან - ქსენია მოსიკაშვილთან ერთად ახორციელებდა საქართველოს ყრუთა კავშირის პრეზიდენტი ამირან ბატატუნაშვილი.

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა მოამზადა ვიდეოლექცია ჟესტურ ენაზე,
რომელიც ყრუ პირებს საშუალებას აძლევს მათთვის გასაგებ ენაზე ვრცლად და დეტალურად გაეცნონ შემდეგ საკითხებს:

დემოკრატიის არსი და მნიშვნელობა, საქართველოს სახელმწიფო მოწყობის პრინციპები, ხალხის მმართველობის ფორმები, პარლამენტის უფლებამოსილებები, არჩევნების მნიშვნელობა და საარჩევნო სისტემები; საარჩევნო ადმინისტრაცია და არჩევნებში ჩართული მხარეები, პარტიები და ამომრჩეველი, წინასაარჩევნო კამპანია, საარჩევნო სიები და საკუთარი მონაცემების გადამოწმების მნიშვნელობა, კენჭისყრის პროცედურა.
ვიდეოლექცია არის საქართველოში პირველი ჟესტურ ენაზე წარმოდგენილი ლექცია, რომელიც თავი მეთოდოლოგიით და სტრუქტურით სრულად არის ადაპტირებული ყრუ პირებზე. ხამოქალაქო განათლებასთან ერთად, ვიდეოლექციის მიზანია ყრუ პირთა სამოქალაქო ჩართულობის, სოციალური განწყობის ამაღლება.

ვიდეოლექცია დისკის სახით განკუთვნილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 800 ყრუ პირისთვის. ამავდროულად, ვიდეოლექცია შეგიძლიათ იხილოთ სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე დისტანციური სწავლების რუბრიკაში, საქართველოს ყრუთა კავშირის ფბ-გვერდზე.


ბეჭდვა