ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
პარტია საქართველო
პოლიტიკური მიმართულება: ცენტრისტული

სახელმწიფო ტერიტორიული მოწობა: ერთიანი იბერიულ - კავკასიური ფედერალური სახელმწოფოს მშენებლობა.

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო

პარტიის დაარსების თარიღი: 2016 წლის 11 თებერვალი

პარტიის რეგისტრაციის თარიღი: 2016 წლის 30 მარტი

პარტიის დაფუძნების ინიციატორი: საქართველოს ეროვნული აკადემია

პარტიის ორგანიზაციული სტრუქტურა:

პარტიის წევრთა ყრილობა

გენერელური საბჭო(მრჩეველთა საბჭო) შედგება 50 წევრისაგან

აღმასრულებელი ორგანო: კომიტეტი. კომიტეტი ირჩევა 4 წლის ვადით და შედგება 5 წევრისაგან.

პარტიის თავმჯდომარე: გიორგი ლილუაშვილი (პარტიის თავმჯდომარე ირჩევა 4 წლის ვადით ყრილობაზე ხმათა უმრავლესობით. ერთი და იგივე ადამიანის არჩევა პარტიის თავმჯდომარედ არ არის შეზღუდული  )

პარტიის წევრთა რაოდენობა: 2700 აქედან აქტიური: 210

პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია პარტიის დაარსებასთან ერთად დაარსდა და შედგება 65 წევრისაგან. ორგანიზაციის ლიდერია გიორგი გვიმრაძე

საკონტაქო ინფორმაცია:

ტელეფონი : 557 907 908 (გიორგი ლილუაშვილი)

იმეილი: parიtiasaqartvelo@gmail.com

პარტიის დაფუძნების და საქმიანობის ისტორია:

ქვეყანაში შექმნილ მძიმე პოლიტიკურ ეკონომიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული აკადემია საჭიროდ მიიჩნევს, შეიქმნას ძლიერი ეროვნული პოლიტიკური ძალა, რომელიც გააერთიანებს არსებულ ძველ ეროვნულსა და ახალს, ეროვნულად მოაზროვნე ძალებს და მეტი წარმატებით იბრძოლებს ახალ გამოწვევათა მეტი წარმატებით დაძლევაში. საქართველოს ეროვნული აკადემია მიესალმება მისი წიაღიდან აღმოცენებულ ახალ პოლიტიკურ ძალას და მხარს უჭერს მის დაფუძნებას. ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ პოლიტიკურ გაერთიანებას, პარტიას, ”საქართველო” ეწოდა, რადგანაც პარტიის საქმიანობა, დამყარებული იქნება ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობების დაცვაზე, ქვეყნის აღმშენებლობის ეროვნულ გზებზე, რაშიც გამოყენებული იქნება საქართველოს ეროვნულ აკადემიაში საუკუნის მეოთხედზე მეტი მუშაობის შედეგად, დაგროვებული ცოდნა გამოცდილებები, ვინაიდან ჩვენი რწმენით სწორედაც მეცნიერები და დარგის პროფესიონალი სპეციალისტები უნდა მართავდნენ ქვეყანას. საქართველოს ეროვნული აკადემია მიესალმება და მხარს უჭერს პარტიის ლიდერად (თავმჯდომარედ) საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე პრეზიდენტის, ”მომავლის აკადემიის” კოორდინატორის, ეროვნული აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთა ხელმძღვანელის, საქართველოს ეროვნული სამხედრო სამედიცინო აკადემიის რექტორის გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურას, რომელმაც აკადემიაში მრავალწლიანი მუშაობის მანძილზე თავი გამოიჩინა როგორც გამორჩეული ხიბლისა და ლიდერის მონაცემთა თვისებებით დაჯილდოებულმა პიროვნებამ.

მოკლედ  პარტიის საპროგრამო პრიორიტეტები:

საქართველო უძველეს სახელმწიფოთა რიცხვს განეკუთვნება. ჩვენი ისტორიული ვალია, გავაერთიანოთ, გავაძლიეროთ და შევინარჩუნოთ ერთიანი ქართული სახელმწიფო. დავაყენოთ ის განვითარებისა და ცივილიზებული სამყაროს მისეულ ტრადიციულად კუთვნილი ადგილის დასაბრუნებელ გზაზე, სადაც მისი ყველა მოქალაქის ძირითადი, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების დაცვის გარანტი იქნება სახელმწიფო განურჩევლად მათი სქესისა, ეროვნებისა, კანის ფერისა, მრწამსისა, აღმსარებლობისა, შესაძლებლობებისა, ეთნიკური, სოციალური თუ პარტიული კუთვნილებისა, წოდებრივი მგდომარეობისა და ა.შ. მოქალაქეს კი მიეცემა საშუალება, საკუთარი ნიჭი, ცოდნა, გამოცდილება და ენერგია გამოიყენოს ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა საქართველოს მოქალაქეების გამაერთიანებელი, ერთიან ხედვაზე დაფუძნებული საერთო ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეისა და პრიორიტეტების განსაზღვრა, რომელსაც წარმოგიდგენთ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება-პარტია საქართველო.

საერთოეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეა

 

სამხრეთ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიის ერთიან გეოსტრატეგიულ სივრცეში ევროპული ტიპის სტაბილური, მდგრადი განვითარების ქართული სახელმწიფოს დამკვიდრება, რომელიც იქნება კონსტიტუციით განსაზღვრული ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების დაცვაზე დაფუძნებული დემოკრატიული მოწყობის, მოწინავე ეკონომიკის, ტექნოლოგიების, განათლებისა და მეცნიერების, ჯანდაცვის, სპორტისა და კულტურის რეგიონალური მნიშვნელობის ქვეყანა.

 

მიზანი

ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ხარისხის გაზრდა.

„ოქროს ჯაჭვი“ არ სჯობს თავისუფლებას. თუ ქვეყნის უსაფრთხოებას დამოუკიდებლობაზე წინ დავაყენებთ, დავკარგავთ ორივეს, რადგან თუ მოქალაქეებს ქვეყნის სამართავად საჭირო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა აღარ ექნებათ, მოხდება სასიცოცხოლოდ მნიშვნელოვანი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ენერგიისაგან ქვეყნის დაცლა-გამოფიტვა.

ამოცანა

ერთიან ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ტრადიციებზე, ფასეულობებსა და ღირებულებებზე, ასევე, მუდმივად და სწარაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტირებაზე დაფუძნებული სტრატეგიით ქვეყნის გააზრებული, მიზანმიმართული და  თანმიმდევრული  მართვა.

პრიორიტეტები:

ვინაიდან საქართველოს ტერიტორიის ნახევარზე მეტი დაკარგული და ოკუპირებულია პრიორიტეტულ საკითხად მიგვაჩნია:

1. თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერება.

ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიები. ქვეყნისათვის უსაფრთხოების მაღალი ხარისხის მიღწევა შესაძლებელი გახდება მხოლოდ მშვიდობიანი, საერთაშორისო მშვიდობის ძალების დახმარების გზით ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციით, დევნილთა დაბრუნებითა და უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანით.

ამავე კონტექსტში, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის, რაც ასევე უსაფთხოების განმაპირობებელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების რეორგანიზაცია. ამისათვის საჭიროა თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი კონცეფციის შემუშავება, რომელიც დაეფუძნება საქართველოსთან შეხებაში მყოფი ყველა სახელმწიფოს პრიორიტეტების, ჩვენთან დამოკიდებულების, ისტორიული და ტრადიციული ღირებულებებისა და სტრატეგიული მიზნების დადგენისათვის წარმოებულ კვლევებს, ამ მიმართულებით შექმნილი ანალიტიკური ცენტრების დასკვნებს, სპეცსამსახურების მონაცემებს და შეიარაღებული ძალების მშენებლობისას საქართველოს ბუნებრივი პირობებისა და რესურსების გათვალისწინებას.

ამოცანები:

             თავდაცვის ახალი დოქტრინის შემუშავება;

             ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვა;

             საგანგებო და კრიზისულ სიტუაციებში სამხედრო ძალების, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის, სახელმწიფო უშიშროების სამსახურისა და სპეცსამსახურების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად კონცეფციის შემუშავება;

             საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე ეტაპობრივად გადასვლა;

             სპეცდანიშნულების რაზმების შესაძლებლობების გაზდრა;

             ეფექტური სარეზერვო, მრავალსაფეხურიანი სისტემის შემუშავება-დანერგვა;

             სამოქალაქო თავდაცვის სისტემის დანერგვა;

             საკუთარი სამხედრო წარმოების ხელშეწყობა;

             სამხედრო მომზადების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება;

             სამხედრო იფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება;

             საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში ჩართულობა და საბრძოლო გამოცდილების მიღების ხელშეწყობა;

             ეკონომიკის განვითარების პარალელურად თავდაცვის ბიუჯეტის ეტაპობრივი ზრდა;

             შეიარაღებული  ძალების კიბერშესაძლებლობების გაზრდა;

             შეიარაღებული  ძალების თანამედროვე ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებებით აღჭურვა;

             შეიარაღებული  ძალების ეფექტური, თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემებით აღჭურვა;

             ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემაში მომსახურე პირების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან მუდმივი ყურადღება, ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა და დამატებითი სოციალური შეღავათების დაწესება;

             შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურეების, ვეტერანების და მათი ოჯახებისათვის დამატებითი შეღავათების დაწესება;

             სასურსათო და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.

 

2.            ეკონომიკის  განვითარება.

 

რეალური თავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა ქვეყნის სტაბილური ეკომომიკური ზრდა-განვითარება, რომელსაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ხელშემწყობი  ფაქტორები, კერძოდ:

             მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება;

             მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა

             ეკონომიკური ზრდის საშუალო წლიური ტემპი - არანაკლებ 8 %-სა;

             საბიუჯეტო ხარჯების თანაფარდობა მ.შ.პ-სთან 25%;

             სახელმწიფო ვალის თანაფარდობა მ.შ.პ-სთან არაუმეტეს 50%-სა;

             ინფლაციის დონე არაუმეტეს 7%-ისა;

             ეროვნული ვალუტის მდგრადობის შენარჩუნება ფულად-საკრედიტო და ფისკალური პოლიტიკის კოორდინაციით.

             დაბალი საბიუჯეტო დეფიციტის შენარჩუნება (თანაფარდობა მ.შ.პ-სთან მაქსიმუმ 3%);

             სახელმწიფო აპარატის შემცირება და ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია;

             ბიუჯეტის პროგრამული დაფინასება და ხარჯების მართვა (ბიუჯეტის შესრულების; კონტროლისას გადამწყვეტ ინდიკატორად ეფექტიანი, მიზნობრივი ხარჯვის განსაზღვრა);

             ლარის გაცვლითი კურსის დადგენის გამჭვირვალე მექანიზმის შემუშავება.

             სამეწარმეო-საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს მდგრადი გაუმჯობესება

             ჩრდილოვანი ეკონომიკის მაჩვენებლის შემცირება;

             თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობა;

             ანტიმონოპოლიური (ანტიტრასტული) პოლიტიკის გატარება;

             კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა-დაცულობის უზრუნველყოფა;

             ბიზნესისათვის ანგარიშის დაყადაღების შესაძლებლობა მხოლოდ შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე;

             ბიზნესის შემოწმების ვადების მკაცრი რეგლამენტირება.

             ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა

             ბიზნესის განვითარებისათვის სტაბილური გარემოს უზრუნველყოფა;

             ბიზნესის მართვა-ადმინისტრირებისათვის საჭირო ადამიანური რესურსის მომზადება;

             ბიზნესის გაფართოებაში თანხების რეინვესტირების წახალისება;

             რეგიონების/რაიონების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ამ გზით ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დივერსიფიცირების ხელშეწყობა;

             დედაქალაქთან შედარებით რეგიონებისათვის/რაიონებისათვის დიფერენცირებული, შეღავათიანი საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება-გატარება;

             რეგიონებში/რაიონებში ბიზნესაკონსულტაციო ცენტრების გახსნა;

             მარტივად ადმინისტრირებადი გადასახადების შემოღება და სხვადასხვა წლიური ბრუნვის მქონე სუბიექტებისათვის დიფერენცირებული გადასახადების დაწესება;

             დამწყები მცირე ბიზნესისათვის ორი წლით ყოველგვარი გადასახადებისგან განთავისუფლება;

             დამწყები მცირე და საშუალო ბიზნესის დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი, შეღავათიანი დაკრედიტება (სხვადასხვა ფონდების შექმნის გზით).

             საექსპორტო პროდუქციის წარმოების გაზრდა და იმპორტის შემცირება

             სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის შემცირება და ადგილობრივი რესურსებით ეტაპობრივი ჩანაცვლება;

             სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების გაზრდა;

             სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, გადამამუშავებელი, სასაწყობე, სასათბურე მეურნეობების შექმნა-განვითარება (რომლებიც ორიენტირდებიან ტრადიციული საექსპორტო პროდუქციის: ღვინის, ციტრუსების, თხილის, ჩაის, სხვადასხვა სახის ხილის, ბოსტნეულის, კენკროვნების, სამკურნალო მცენარეების, თაფლის და სხვა წარმოებაზე);

             სასურსათო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საჭირო პროდუქტების (რძისა და ხორცის პროდუქტები, ხორბალი, ბურღულეული და სხვა), ასევე საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების სუბსიდირება.

             საკურორტო ბიზნესის განვითარება, საერთაშორისო საკურორტო ზონების შექმნის ხელშეწყობა.

             ტურიზმის განვითარება (ტურისტული ინფრასტრუქტურა, საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები და სხვა).

             სამშენებლო ბიზნესის განვითარების მიზნით თანამედროვე საბაზრო მოთხოვნების შესაბამისი სამშენებლო ნორმების (სნიპ) შემუშავება და სამშენებლო ტენდერებზე  რეალური სატენდერო ფასის დაწესების მექანიზმის შემუშავება-დანერგვა.

             ფასიანი ქაღალდების ბაზრის შექმნა.

             ქვეყნის ენერგეტიკულ-სატრანსპორტო, სატრანზიტო, საკომუნიკაციო და ინოვაციური ტექნოლოგიების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა.

             ენერგეტიკაში საკუთარი განახლებადი გენერაციის წყაროების (წყლის, ქარის, მზის და ა.შ) ათვისების არეალის გაზრდა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.

             ახალი საგარეო პარტნიორების მოძიების და მათთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ფორმირების ხელშეწყობა.

 

3.            განათლების სისტემის რეფორმა.

 

განათლების სისტემის ძირითადი ფუნქციაა, უზრუნველყოს ქვეყნის სტრატეგიული მიზნების განსახორციელებად საჭირო, ასევე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი ადექვატური რაოდენობის მოქალაქეების მომზადება, რათა მისცეს მათ საშუალება, დამოუკიდებლად უზრუნველყონ  თვითრეალიზება. ამის მიღწევა შეუძლებელია არსებულ სიტუაციაში და სისტემა საჭიროებს გადაუდებელ რეფორმირებას. განათლების სისტემის წარმატებული რეფორმირებისათვის, პირველ რიგში, აუცილებელია ქვეყნის სამომავლო-გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიასა და პრიორიტეტებზე, ასევე ბაზრის მოთხოვნებსა და სათანადო კვლევებზე დაფუძნებული განათლების ქართული მოდელის შექმნა, რომელშიც ასევე გათვალისწინებული იქნება წარმატებული უცხოური გამოცდილება. აღნიშნული მოდელის წარმატების პრიორიტეტულ კრიტერიუმებად ეფექტიანობის, შედეგზე ორიენტირებულობის (ბაზრის მოთხოვნებთან და ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებასთან თავსებადობა), ხარისხის (საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობა) და მდგრადი განვითარების განსაზღვრა.

განათლების სისტემაში:

             სამოქალაქო და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თვითშეგნების ჩამოყალიბება-ცნობიერების ამაღლების მიმართულებით შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

             განათლების განვითარების კურსის ხშირი ცვლილების დასრულება;

             განათლების სისტემაში დეცენტრალიზაციის პოლიტიკის გატარება;

             ეკონომიკის განვითარების პარალელურად განათლების სისტემის განვითარებაზე გამოყოფილი საბიუჯეტო დაფინანსების ეტაპობრივი ზრდა;

             განათლების სისტემის ხუთივე საფეხურის (სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული, უმაღლესი განათლება და მეცნიერება) განვითარების ერთიანი კონცეფციის შემუშავება, სადაც სისტემის ყველა საფეხური მჭიდროდ იქნება ერთმანეთთან დაკავშირებული, მისაღწევი შედეგები კი წინასწარ, სიღრმისეულად გათვლილი და გააზრებული.

             სახელმწიფოსათვის პრიორიტეტული პროგრამებისა და პროფესიების იდენტიფიცირება

             პრიორიტეტულ პროგრამებზე უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში (როგორც საჯარო, ასევე კერძო) წლის მანძილზე საერთო მისაღები კონტიგენტის რაოდენობის (ქვოტა) დადგენა;

             კონკრეტული პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებისათვის (როგორც საჯარო, ასევე კერძო) საერთო ქვოტიდან, (სადაც ასევე შევა უცხო ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპოროს წარმომადგენლებისათვის განსაზღვრული ქვოტა) ადგილების განსაზღვრა წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისად (სასწავლებლს კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი, კურსდამთავრებულთა სამუშაო ადგილზე დამაგრების მაჩვენებელი და სხვა);

             უმაღლეს საწავლებლებში მოსახვედრად საჭირო ერთიან ეროვნულ გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარის აწევა;

             როგორც საჯარო, ასევე კერძო პროფესიულ და უმაღლეს საწავლებლებში მოსახვედრად საჭირო ტესტირებასა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში დაწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის შემთხვევაში სახელმწიფოსათვის პრიორიტეტულ პროგრამებზე კვოტირების ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებისა და უცხო ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპოროს წარმომადგენლებისათვის   სწავლის 100 %-იანი (ვაუჩერული) დაფინანსება;

             პროფესიულ და უმაღლეს საწავლებლებში მოსახვედრად საჭირო ტესტირებასა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის შემთხვევაში როგორც პრიორიტეტულ, ასევე ნაკლებად პრიორიტეტულ პროგრამებზე სწავლების 100 % -ანი დაფინანსება:

             მრავალშვილიანი ოჯახის წევრების;

             სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრების;

             ეთნიკური  უმცირესობის წარმომადგენლების;

             მაღალმთიან რეგიონებში მუდმივად მაცხოვრებლების;

             ომის ვეტერანების, ან მათი ოჯახის წევრების;

             შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების.

             სხვა კატეგორიისათვის ნაკლებად პრიორიტეტულ პროფესიულ პროგრამებზე ფასიანი სწავლების შემოღება.

             სკოლამდელ დაწესებულებებში ერთიანი სტანდარტის შემოღება.

             სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელებისათვის მასწავლებლის სტატუსის აღდგენა.

             საშუალო, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში:

             ეროვნული სასწავლო გეგმის, სტანდარტებისა და სასწავლო პროგრამების დახვეწა;

             ლექტორ-მასწავლებლების მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;

             ლექტორ-მასწავლებლების მომზადება-გადამზადება-კვალიფიკაციის ამაღლებისა და კვალიფიკაციის განსაზღვრის მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაგან დამოუკიდებელი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

             კვალიფიციური ლექტორ-მასწავლებლების ხელფასების ეტაპობრივი ზრდა და მათთვის დამატებითი სოციალური შეღავათების დაწესება;

             თანამედროვე სასწავლო სახელმძღვანელოებისა და მეთოდური ლიტერატურის მომზადება-გამოცემა;

             მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სტანდარტის შემუშავება და სტანდარტის შესაბამისად ინფრასტრუქტურის მოწესრიგება;

             სისტემაში მომუშავე მენეჯერების გადამზადება-ტესტირებისა და კვალიფიკაციის განსაზღვრის მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაგან დამოუკიდებელი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

             არსებული ავტორიზაცია-აკრედიტაციის წესის გადახედვა და ავტორიზაცია-აკრედიტაციის დამატებითი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაგან დამოუკიდებელი სისტემის შექმნა;

             ავტორიზაცია-აკრედიტაციის მისაღებად დამატებითი კრიტერიუმების შემოღება;

             სამეთვალყურეო საბჭოების არჩევის წესისა და არჩეული საბჭოს ფუნქცია-მოვალეობების გადახედვა;

ყველა ამ რგოლის  კოორდინირებულად განვითარების უზრუნველყოფა.

             უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლებისათვის საერთაშორისო პროგრამული აკრედიტაციის მიღების ხელშეწყობა საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობის უზრუნველყოფის მიზნით.

             უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში ნაკლებად პრიორიტეტულ პროგრამებზე კონკურენტუნარიანი ფასების დაწესება უცხო ქვეყნის სტუდენტების მოზიდვის მიზნით.

             ზოგადი განათლების საფეხურზე მეტი პროფილური სკოლების გახსნა.

             მეწარმეობის სწავლების ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანა.

             ზოგადი განათლების საფეხურზე ანალიზზე ორიენტირებული სწავლების დანერგვა.

             ზოგადი განათლების ახალ სახელმძღვანელოებზე მიზნობრივი დაფინანსების შემოღება.

             ზოგადი განათლების ახალ სახელმძღვანელოებზე ზღვრული ფასების დაწესება, რომელიც თვითღირებულებას არ უნდა აღემატებოდეს 20%-ზე მეტით და თანაგადახდის დაწესება;

             სასკოლო სახელმძღვანელოების თანაგადახდაში მონაწილეობას არ მიიღებს მხოლოდ ქვეყნის სოციალურად დაუცველი მოსახლეობა.

             პროფესიულ განათლებაში საგანმანათლებლო ჩიხის აღმოფხვრა

             საბაზო და საშუალო განათლების მქონე პირებისათვის სხვადასხვა ხანგრძლივობის პროფესიული პროგრამების შემუშავება და დამტკიცება, ასევე საბაზო განათლების მქონე სტუდენტებისათვის პროფესიულ სასწავლებლებში ზოგადი განათლების საგნების სწავლების შემოღება და პროფესიულ დიპლომთან ერთად კურდამთავრებულებზე საშუალო განათლების ატესტატის გაცემა;

             პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულებისათვის უმაღლეს წასწავლებელში, პროფილურ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი შეღავათების დაწესება;

             უმაღლესი სასწავლებლების რეალური ავტონომიის უზრუნველყოფა.

             უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლების შერჩევისას გარე რეფერირების პრინციპის დანერგვა.

             პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხის კონტროლის გარე მექანიზმის შემუშავება.

             სტუდენტური თვითმართველობების უფლება-მოვალეობების გადახედვა და ყველა სტუდენტისათვის განვითარების თანაბარი შესაძლებლობების მიცემის ხელშეწყობა.

             ქვეყნის სტრატეგიული მიმრთულებების შესაბამისად საუნივენსიტეტო მეცნიერების გაძლიერება.

             ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებების, ასევე ძირითად საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარების უზრუნველსაყოფად თანამედროვე სტანდარტების სამეცნიერო კვლევითი ცენტრების  დაფუძნება;

             სამეცნიერო კვლევითი ცენტრების სამეცნიერო ავტონომიურობის უზრუნველყოფა;

             სამეცნიერო კვლევითი ცენტრების რეპუტაციის განუხრელი ზრდის უზრუნველყოფა;

             სამეცნიერო კვლევითი ცენტრების საერთაშორისო პროექტებში, სემინარებსა და  ქსელში ჩართვა;

             სამეცნიერო კვლევით ცენტრებში ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერების მოწვევის ხელშეწყობა;

             სამეცნიერო კვლევით ცენტრებში ახალგაზრდა მეცნიერების მოზიდვა-ჩართულობის უზრუნველყოფა;

             სამეცნიერო კვლევებში ბაკალავრიატის პროგრაგრამების სტუდენტების ჩართვა.

 

4.            სოციალური გარემოს გაუმჯობესება.

 

ქვეყნის სტაბილური განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორია სოციალურად სამართლიანი გარემოს შექმნა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია:

             ქვეყანაში უმუშევრობის შემცირება (2015 წლის მონაცემებით საქართველოში იყო დაახლოებით 2 000 000 ეკონომიკურად აქტიური ადამიანი, აქედან დაახლოებით 600 000 ათასი დასაქმებული კერძო სექტორში, 160 000- სახელმწიფო სექტორში, 1 000 000 ითვლება თვითდასაქმებულად (რომელთა დიდი უმრავლესობა ფაქტიურად უმუშევარია) და უმუშევრი 210 000 ათასი).

             ჯანდაცვის, განათლებისა და სასამართლო სისტემის ყველასათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

             სახელმწიფო შიდა ვალების ინვენტარიზაცია და გადახდის კონკრეტული გრაფიკის შემუშავება;

             კერძო საპენსიო ფონდების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

             სახელმწიფო ან/და კერძო საპენსიო ფონდების შექმნა და დაგროვებით საპენსიო სისტემაზე ეტაპობრივი გადასვლა;

             დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლამდე საპენსიო თანხის დაანგარიშებისას სტაჟის, ინდივიდუალური შენატანების, ინდივიდუალური დანაგროვისა და ქვეყნის წინაშე დამსახურების გათვალისწინება;

             შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ვეტერანების, მარჩენალდაკარგულებისა და ობლების პენსიის ასაკობრივ პენსიასთან გათანაბრება;

             დევნილების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მშობლიურ მხარეში დაბრუნებამდე სათანადო საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა;

             სამხედრო პირების, ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის დამატებითი სოცილური საშეღავათო პაკეტის შეთავაზება;

             შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ადაპტირებული გარემოს შექმნისა და მათი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში რეალური ინტეგრაციის ხელშეწყობა;

             საარსებო მინიმუმის განსაზღვრისას ინფლაციის გათვალისწინება;

             სოციალური მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმების მკაფიოდ ჩამოყალიბება;

             სიღარიბის დაძლევის პროგრამების შემუშავება-განხორციელების წახალისება;

             მსჯავრდებულთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამების გაგრძელება;

             ხელფასების დაანგარიშებისას ინფლაციის გათვალისწინება.

 

5.            ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება.

 

უპირველესი ამოცანაა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ასევე საყოველთაო ჯანდაცვაზე გამოყოფილი სახელმწიფო თანხების ხარჯთეფექტურობის გაზრდა და თანაგადახდის დამკვიდრება. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს მხოლოდ მოსახლეობის იმ პირობით კატეგორიას, ვისაც არ აქვს საშუალება, სრულად ან ნაწილობრივ უზრუნველყოს საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების დაზღვევა.

             საქართველოს მთელი მოსახლეობის პირობით კატეგორიებად დაყოფა და ჯანდაცვის პროგრამ(ებ)ის ამგვარად სუბსიდირებაზე ეტაპობრივად გადასვლა.

             პირველი კატეგორია: მარჩენალდაკარგულები და სოციალურად დაუცველები, ასევე ბავშვები 0-დან 16 წლამდე, პენსიონრები, უმუშევრები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ომის ვეტერანები, დევნილები და პირები, რომელთა ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი არ აღემატება მათი ოჯახის წევრების რაოდენობისა და საარსებო მინიმუმის ნამრავლს ისარგებლებენ სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტით და მომსახურებას მიიღებენ საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევით გათვალისწინებულ პროვაიდერ კლინიკებში;

             მეორე კატეგორია: საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებული პირები, რომელთა ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი მცირედით აღემატება მათი ოჯახის წევრების რაოდენობისა და საარსებო მინიმუმის ნამრავლს ისარგებლებენ თანადაფინანსებული კერძო სადაზღვევო პაკეტით და მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ კერძო დაზღვევით გათვალისწინებულ პროვაიდერ კლინიკებში (გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა);

             მესამე კატეგორია: საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებული პირები, რომელთა ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი ორჯერ და მეტჯერ აღემატება მათი ოჯახის წევრების რაოდენობისა და საარსებო მინიმუმის ნამრავლს, ასევე პირები, რომლებიც უარს აცხადებენ საყოველთაო სახელმწიფო ჯანდაცვაზე და სარგებლობენ კერძო სადაზღვევო კომპანიების მომსახურებით, მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ კერძო დაზღვევით გათვალისწინებულ პროვაიდერ კლინიკებში (გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა);

             კორპორატიული სადაზღვევო პაკეტის მფლობელ პირს, სამუშაოს დაკარგვის შემდეგ, მიეცემა საშუალება, დაუყოვნებლივ ისარგებლოს სახელმწიფო ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით;

             მოსახლეობის ყველა პირობითი კატეგორიისათვის შემუშავდება ავადმყოფობის გამო მათი გაღატაკების ხელისშემშლელი ეფექტური მექანიზმი.

             მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება დაავადებების პრევენციის მიმართულებით.

             პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარება, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა:

             პირველადი ჯანდაცვისათვის საჭირო კვალიფიკაციისა და რაოდენობის სტანდარტის შემუშავება და შესაბამისი სამედიცინო პერსონალის (ოჯახის ექიმი, ზოგადი პრაქტიკის ექთანი და ა.შ) მომზადების, უწყვეტი განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;

             პირველადი ჯანდაცვისათვის საჭირო სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის დადგენისა და მომსახურების ხარისხის განსაზღვრის სისტემის შექმნა, რომელიც დამოუკიდებელი იქნება ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამინისტროსაგან;

             პირველადი ჯანდაცვის ობიექტების მინიმალური აღჭურვილობის სტანდარტის შემუშავება და ობიექტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების შესაბამისად მოწყობა;

             პირველადი ჯანდაცვის მონაცემების ერთიან კომპიუტერულ ქსელში (პროგრამებში) ჩართვა ერთიანი  ბაზის შექმნისა და მომსახურების დუბლირების თავიდან აცილების მიზნით;

             პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა პოლიკლინიკებისა და ამბულატორიების რეგიონებში/რაიონებში განთავსებით;

             პირველადი ჯანდაცვის მომსახურე სამედიცინო პერსონალის რეგიონებში/რაიონებში მუშაობის წახალისება;

             პირველადი ჯანდაცვის მომსახურე სამედიცინო პერსონალის ხელფასების ეტაპობრივი ზრდა მათი ანაზღაურების კომბინირებული სისტემის დანერგვის გზით, სადაც მნიშვნელობა ექნება როგორც პაციენტების საერთო რაოდენობას, ასევე მათ მიზნობრივ მომსახურებას.

             პაციენტზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი, ხარჯთეფექტური, მაღალი ხარისხის მეორეული (სხვადასხვა ზოგადი პროფილის საავადმყოფოები) და მესამეული (პროგრამული) ჯანდაცვის სისტემის განვითარება:

             სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის დადგენისა და მომსახურების ხარისხის განსაზღვრის სისტემის შექმნა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამინისტროსაგან დამოუკიდებლად;

             მინიმალური აღჭურვილობის სტანდარტის შემუშავება და ჯანდაცვის ობიექტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების შესაბამისად მოწყობა;

             თანამედროვე სამედიცინო ლიტერატურის თარგმნა-გამოცემა;

             ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე კვალიფიციური სამედიცინო პერსონალისათვის მინიმალური ანაზღაურების სისტემის დანერგვა, ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა და დამატებითი სოციალური შეღავათების დაწესება.

             კერძო სადაზღვევო ბიზნესის განვითარება.

 

6.            გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა.

 

ქვეყნის ეკონომიკური, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის თუ სხვა მიმართულებებით წინსვლა  აზრს დაკარგავს, თუ ჩვენ დაუყოვნებლივ არ გავატარებთ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიმართულებით ქმედით ღონისძიებებს, კერძოდ:

             ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება;

             ბუნებრივი რესურსების ინვენტარიზაცია და რაციონალური გამოყენების გეგმის შემუშავება;

             მწვანე ნარგავებისა და გამწვანებული ტერიტორიების დაცვა და გაფართოება;

             სათბური აირების გარემოში გამოფრქვევის შემცირება;

             ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვა;

             ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების მიზნით იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის გარემოსდაცვითი შეზღუდვების დაწესება და ანგარიშვალდებულებების დამკვიდრება;

             ყველა დიდ ქალაქსა თუ რაიონულ ცენტრში კანალიზაციის სათაო-გამწმენდი ინფრასტრუქტურის მოწყობა;

             ალტერნატიული წყაროებიდან (ქარი, ზღვა, მზე, გეოთერმული წყაროები, ბიოსაწვავი) ენერგიის მოპოვების ხელშეწყობა;

             ენერგეოფექტური-ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების სამშენებლო ბიზნესში დამკვიდრება;

             რადიოაქტიური ნარჩენებისა და სხვა მაიონიზირებელი გამოსხივების მქონე ნივთიერებების აღმოჩენა და გაუვნებელყოფა, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მათი შენახვისა და ტრანსპორტირების აკრძალვა;

             ქვეყნის ტერიტორიაზე ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის აკრძალვა;

             ელექტრომობილებითა და სხვა ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე მომუშავე ან/და ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალებებით ბენზინზე, დიზელზე და გაზზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების ეტაპობრივი ჩანაცვლება;

             მავნე გამონაბოლქვის შემცირების მიმართულებით ავტომობილების ტექდათვალიერების შემოღება;

             ქვეყნის ტერიტორიაზე მხოლოდ იმ სახის საწვავის შემოტანის დაკანონება, რომლის შემადგენლობაში შემავალი მავნე ნივთიერებების (გოგირდწყალბადი, მძიმე მეტალები და ა.შ) ზღვრული დასაშვები რაოდენობა არ აღემატება ევროპული სტანდარტით გათვალისწინებულ ზღვრულ  რაოდენობას;

             ადგილზე წარმოებულ ყველა ძირითად სასურსათო პროდუქტზე საკვები დანამატების თუ სხვა ქიმიური შენაერთებისა და ელემენტების, ასევე ბაქტერიოლოგიური დაბინძურების ზღვრული (ევროპული სტანდარტის შესაბამისი) ნორმების დაწესება და კონტროლი;

             შემოტანილ სასურსათო პროდუქტებზე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეალიზაციო საკვები პროდუქტების ეტიკეტირების (ეტიკეტზე დატანილ უნდა იქნას მომხმარებლისათვის საჭირო ყველა ძირითადი ინფორმაცია) ვალდებულების დაწესება და სასურსათო პროდუქტების ხარისხის კონტროლის გამკაცრება;

             სტიქიური მოვლენების პროგნოზირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა;

             მოსალოდნელი სტიქიური უბედურებებიდან მინიმალური დანაკარგებით გამოსვლის მიზნით საჭირო ტექნიკითა და აღჭურვილობით საგანგებო სიტუაციების სამსახურის აღჭურვა;

             ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის წახალისება.

 

7.            დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

ქვეყნის არასახარბიელო დემოგრაფიული მდგომარეობა საჭიროებს დროულ, გადაუდებელ გამოსწორებას, ამისათვის სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ  ახლადშექმნილი ოჯახებისათვის, ვისაც შეეძინება ორ შვილზე მეტი, ხელს შეუწყობს:

             საკუთარი ბიზნესის (მეურნეობის) მოწყობის მიზნით შესაბამისი ცოდნის მიღების ხელმისაწვდომობასა და შემდგომ საკონსულტაციო მომსახურებას;

             საკუთარი ბიზნესის (მეურნეობის) მოწყობის მიზნით დაბალპროცენტიანი სესხებისა და გრძელვადიანი კრედიტების გაცემას;

             დამოუკიდებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას გადახდის 30 წლიანი, დაბალპროცენტიანი (არაუმეტეს 5%) ხელშეკრულების საფუძველზე;

             დასაქმებას.

             ქვეყნის მასშტაბით ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

             დემოგრაფიული ფონდების დაარსება და მათი საშუალებით შემდეგი პროგრამების დაგეგმვა-განხორციელება:

             ოჯახის შექმნის ხელშეწყობა;

             ოჯახის შენარჩუნების ხელშეწყობა;

             მსოფლიოს ყველა ქართული სათვისტომოს ქართველების აღნუსხვა;

             მათთან კომუნიკაციის საშუალებით გარკვევა იმისა, თუ რა პირობებით დაბრუნდებიან ემიგრანტები საქართველოში;

             ემიგრანტი ქართველების საქართველოში დაბრუნების ხელშეწყობის პროგრამების განხორციელება;

             გარე მიგრაციის შემცირების ხელშეწყობა.

 

8.            ქალაქებიდან რაიონებში შიდა მიგრაციის ხელშეწყობა.

 

             რეგიონებში/რაიონებში მცხოვრებთათვის, სურვილის შემთხვევაში, საჭირო განათლების მიღებისა და შემდგომი უფასო საკონსულტაციო მომსახურების ხელშეწყობა.

             რეგიონებში/რაიონებში დედაქალაქისაგან, ასევე  ქვეყნის დიდი ქალაქებისაგან განსხვავებული დიფერენცირებული საშეღავათო საგადასახადო  პოლიტიკის შემუშავება-დანერგვა.

             რეგიონებში/რაიონებში გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხების გაცემის გზით ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებების განვითარების ხელშეწყობა. ეს მიმართულებებია:

             ტურისტული ბიზნესი;

             გადამამუშავებელი წარმოება;

             დამამზადებელი წარმოება;

             სასათბურე მეურნეობები;

             სასაწყობე მეურნეობები;

             საოჯახო სასტუმროები და კვების ობიექტები;

             მომსახურების სფერო;

             და სხვა მცირე თუ საშუალო ბიზნესი.

 

9.            უმცირესობების უფლებების დაცვა

უმცირესობის წარმომადგენლებისათვის:

             საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში, სახელმწიფოს შენების პროცესში ჩართულობის გაზრდა;

             უფასო იურიდიულ-საკონსულტაციო ცენტრების გახსნა;

             ადგილობრივი სპორტული და კულტურულ-საგანმანათლებლო კერების განვითარების ხელშეწყობა;

             სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლების მათთვის მისაღები მეთოდიკით დანერგვა;

             ეთნიკური სათვისტომოებისა და გაერთიანებების ჩართულობა სახელმწიფო ინიციატივების შემუშავებაში;

             უმცირესობების ინტეგრაცია ქვეყნის მართვაში და ქვეყნის მშენებლობის პროცესში მათი მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა.

             რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრების შექმნა და ადგილებზე სხვა რეგიონების, რაიონებისა და ქალაქების მონაწილეობით შესაბამისი, ერთობლივი ღონისძიებების გამართვის ხელშეწყობა.

 

10.   სახელმწიფო მოწყობა და კანონმდებლობა.

სწორი სახელმწიფო მოწყობისა და გამართული კანონმდებლობის საშუალებით კონსტიტუციით განსაზღვრული ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა არის ის უმთავრესი ფაქტორი, რაც განაპირობებს ქვეყნის მშვიდ და სტაბილურ განვითარებას.

             საპარლამენტო მოწყობის რესპუბლიკა.

             პროპორციული საპარლამენტო სისტემა.

             პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა, რომლის ფორმირებასაც ახდენს პარლამენტი.

             ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რომელიც ასრულებს წარმომადგენლობით ფუნქციას საერთაშორისო ურთიერთობებში და არბიტრის ფუნქციას ხელისუფლების შტოებს შორის.

             კანონის უზენაესობის დამკვიდრება (მიღებული კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლი).

             ყველა სახელისუფლებო შტოსგან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა (საკონსტიტუციო სასამართლო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, იუსტიციის უმაღლესი სკოლა და სასამართლოების თავმჯდომარეები)

             საკონსტიტუციო სასამართლოსათვის დამატებითი უფლებამოსილების მინიჭება საერთო სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობის განსაზღვრის მიზნით;

             დეპოლიტიზირებული იუსტიციის უმაღლესი საბჭო და წევრების დაკომპლექტება გამჭვირვალე სისტემით;

             იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა;

             მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნისას გამჭვირვალე, კონკრეტული კრიტერიუმების დაწესება;

             სასამართლო დავების განაწილება ელექტრონულად, შემთხვევითობის წესით;

             სასამართლო საქმეთა განხილვის მონიტორინგის ეფექტური სისტემის შემუშავება-დანერგვა.

             საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო სტანდარტის (სარეკლამო დროის განაწილება, რეკლამის საფასურის გადახდის წესი და ა.შ) და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება

             პარლამენტის წევრების პირდაპირპროპორციული არჩევნების გზით არჩევა (პარტიებს შორის მანდატების გადანაწილება მიღებული ხმების პროპორციულად);

             ადგილობრივი არჩევნებისათვის შერეული სისტემის გამოყენება.

             საკანონმდებლო ცვლილებები:

             პატივისა და ღირსების;

             კერძო საკუთრების დაცვის;

             თავისუფალი კონკურენციის;

             შრომის დაცვის (განსკუთრებულად, კერძო სექტორში დასაქმებული მოქალაქეების);

             და სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ადამიანის  უფლებებისა და თავისუფლების დაცვას.

             კანონმდებლობაში ცვლილების გზით სტატისტიკის სამსახურის რეფორმირება და სტატისტიკური მონაცემების გადამოწმების ეფექტური მექანიზმის შექმნა.

             სტატისტიკის სამსახურის პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულების დაკანონება.

             საკანონმდებლო ცვლილებების გზით დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება-განვითარების ხელშეწყობა.

             სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების, ასევე სხვადასხვა სამინისტროების (ჯანდაცვა, განათლება და ა.შ) ხარისხის მაკონტროლებელი დამოუკიდებელი მონიტორინგისა და შეფასების განმახორციელებელი სამსახურების დაფინანსება მოქალაქეების გადაწყვეტილებით. მოქალაქემ ამ ორგანიზაციების თუ სამსახურების დაფინანსების ოდენობა თვითონ უნდა განსაზღვროს მათ ანგრიშზე საშემოსავლო გადასახადის გარკვეული პროცენტის გადარიცხვით.

             სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების არჩევა გამჭვირვალედ (წინასწარ ცნობილი კრიტერიუმების საფუძველზე) და მათთვის უფლების მინიჭება, საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტში შევიდნენ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით, ან/და მიიღონ ქვეყნის სტრატეგიის ჩამოყალიბება-განხილვაში მონაწილეობა.

 

11.          მიწის რეფორმა.

 

მიწა წარმოადგენს ქართული იდენტობის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ძირითად ფაქტორს, ამდენად მას არ აქვს მხოლოდ ეკონომიკური დანიშნულება. ასევე, მიწის რესურსი მიეკუთვნება განუახლებელ რესურსებს, ამიტომ აუცილებელია მიწის კოდექსის მიღება, სადაც განისაზღვრება მიწასთან დაკავშირებული უმთავრესი საკითხები. ასევე გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს:

             საქართველოს საზღვრების დემარკაცია ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა);

             მიწის რესურსების ინვენტარიზაცია;

             საქართველოს მოქალაქეებისათვის ფაქტიურ მფლობელობაში არსებული  მიწების დაკანონება;

             უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის მიწის გაყიდვაზე რეგულაციების დაწესება;

             საზღვრისპირა და სახელმწიფოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებში მიწის გაყიდვის აკრძალვა.

 

12.   საჯარო სექტორის ოპტიმიზაცია და პასუხისმგებლიანი მართვის დამკვიდრება.

 

საჯარო სექტორში დასაქმებულების:

             მხოლოდ დამსახურების მიხედვით დაწინაურება;

             რაოდენობის შემცირება;

             მათზე გაწეული ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება;

             თანამდებობრივი ფუნქცია-მოვალეობების (ანგარიშვალდებულებების) განსაზღვრა;

             მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო აქტივობების, მათი თანამიმდევრობის, შესრულებისა და ანგარიშის მომზადების დროის და წახალისების ფორმის გაწერა;

             ანგარიშვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და შეფასება;

             საჯარო სექტორში დასაქმებულებისათვის პრემიებისა და დანამატების გაცემა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და, შესაბამისად, კონკრეტული დამსახურებების მიხედვით;

             დასაქმებულთა პერიოდული გადამზადება-ტესტირება კვალიფიკაციის განსაზღვრისათვის დამატებითი ტრენინგ-ცენტრების გახსნა;

             საჯარო სექტორიდან კადრების კერძო სექტორში გადაყვანისა და დასაქმების ხელშეწყობა;

             ამ სეგმენტში დასაქმების მსურველთათვის შერჩევის გამჭვირვალე კრიტერიუმების შემუშავება.

 

13.          დეცენტრალიზაცია.

 

ეტაპობრივად უნდა გადანაწილდეს და გაიმიჯნოს უფლებამოსილებები და  ანგარიშვალდებულებები ცენტრალურ, რეგიონალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის

             რეგიონების/რაიონების განვითარების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის ადგილობრივ შემოსავლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;

             ცენტრსა და რეგიონებში საჯარო მოსამსახურის ხელფასებს შორის  არსებული სხვაობის შემცირება;

             რეგიონებში/რაიონებში ახალგაზრდების დამაგრების მიზნით ადგილობრივი სპორტულ-კულტურულ-საგანმანათლებლო კერების განვითარებისათვის ხელშეწყობა (შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება);

             რეგიონებში/რაიონებში ბიზნესის, წარმოებებისა და მეურნეობების შექმნა-განვითარების ხელშეწყობა (სხვადასხვა ფონდებისა და საგრანტო პროგრამების საშუალებით).

 

14.          კაზინოებისა და  ონლაინ სესხების გამცემი კომპანიების სახელმწიფო რეგულაციებში მოქცევა.

 

             ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება;

             მოსახლეობის აზარტულ თამაშებში ჩართულობის მიზეზის დადგენა და ამ მიზეზების აღმოსაფხვრელად შესაბამისი პროექტების დაგეგმვა-განხორციელება;

             კაზინოების ქალაქგარეთ გატანის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება;

             მოქალაქეების გაღარიბების თავიდან აცილების მიზნით ონლაინ სესხების გამცემი კომპანიების სახელმწიფო რეგულაციებში მოქცევა;

             ახალგაზრდობისათვის ალტერნატიული გართობის შეთავაზება;

             მოსახლეობისათვის დასაქმებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების რეალური პრობების შექმნის მიზნით შესაბამისი პროგრამების დაგეგმვა-განხორციელება.

 

15.          ნარკომოხმარების დეკრიმინალიზაცია.

 

დანაშაული განეკუთვნება სოციალურ კატეგორიას და დანაშაულის ჩადენის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორს, ხშირ შემთხვევაში, წარმოადგენს სოციალერი ფონი. ნაკროტიკების მომხმარებელი კი, მით უმეტეს, არ უნდა მიიჩნეოდეს დამნაშავედ, თუ ის არ ჩადის სისხლის სამართლის ან სხვა კოდექსით განსაზღვრულ  დანაშაულს. ამდენად, შესაცვლელია ქვეყნის ამჟამინდელი ნარკოპოლიტიკა, კერძოდ, საჭიროა:

             ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;

             ნარკოდამოკიდებული პირების სტატუსის  განსაზღვრება და მათი უფლებებისა და შეზღუდვების გაწერა;

             ნარკოდამოკიდებული პირებისათვის ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია;

             ნარკოდამოკიდებული პირების სახელმწიფო-სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვა საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნთ.

 

16.          ეფექტიანი საგარეო პოლიტიკური კურსის გატარება.

 

ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის საფუძველზე ეფექტიანი საგარეო პოლიტიკური კურსის შემუშავება-დამტკიცება და გატარება, რომლის მთავარი ამოცანა იქნება პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებით საქართველოსათვის მაქსიმალური სარგებლის მიღება, სადაც ასევე გათვალისწინებული იქნება ჩვენს გეოსტრატეგიულ სივრცეში მყოფი ყველა სახელმწიფოს, ასევე პარტნიორი ქვეყნების სტრატეგიული ინტერესები, კულტურულ-ტრადიციული ღირებულებები, მათთან ურთიერთობის როგორც  ისტორიული, ასევე თანამედროვე  გამოცდილება.

ამოცანები:

             ევროკავშირთან შემდგომი დაახლოება;

             ევროპის სხვა ქვეყნებთან ინდივიდუალური კონტაქტების დამყარება;

             ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან,  ურთიერთობების გაღრმავება და თანამშრომლობის ახალ ფაზაში გადასვლა;

             პარტნიორული და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება ერთიანი გეოსტრატეგიული სივრცის (სამხრეთ კავკასია, ახლო აღმოსავლეთი და შუა აზია) ყველა მეზობელ ქვეყანასთან;

             შავი ზღვისპირა სახელმწიფოებთან პარტნიორული და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება, განვითარება და მართვა;

             რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა;

             რეგიონალური და მსოფლიო უსაფრთხოების მიზნით დაგეგმილ ოპერაციებში ჩართულობა;

             სამხრეთკავკასიის ქვეყნების დაახლოების ხელშეწყობა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიატორის ფუნქციის შესრულება;

             საქართველოს სატრანზიტო, ენერგეტიკული, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და საკომუნიკაციო დერეფნის ფუნქციის გაძლიერება;

             ურთიერთობების ჩამოყალიბება-გაღმავება მსხვილ აზიურ სახელმწიფოებთან (ჩინეთი, იაპინია, სამხრეთ კორეა და ინდოეთი).

 

17.          ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

 

ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია, ავამაღლოთ მოქალაქეების ცნობიერება, რომ სამყარო ჩვენ გარშემო არ ტრიალებს და მსოფლიო პოლიტიკის წარმართვას, მსოფლიო პოლიტიკის მთავარ ავტორებს შორის ძალთა ბალანსი განსაზღვრავს.

             ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის მზადება

             ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებზე დაფუძნებული მშვიდობიანი მოწესრიგების გრძელვადიანი, პრაგმატული კონცეფციის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს მიზანმიმართულ, ეტაპობრივ წინსვლას და დაეყრდნობა, ერთი მხრივ, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების, ეკონომიკის, უსაფრთხოება-თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მეორე მხრივ კი, ტერიტორიული მთლიანობით დაინტერესებულ ყველა მხარესთან კომპრომისულ შეთანხმებებს.

გრძელვადიან პერსპექტივაში:

             ქვეყნის რეგიონალური მნიშვნელობის სახელმწიფოდ ჩამოყალიბება;

             სამეზობლო ურთიერთობების დალაგება;

             სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების ახალ ფაზაში გადაყვანა, რომელიც დაეყრდნობა ორივე მხარის სტრატეგიული ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით შექმნილ მოდელს;

             კონფლიქტის არმოგვარებით დაინტერესებული ქვეყნების იდენტიფიცირება, მათთან საერთო შეხების წერტილებისა და ინტერესების მოძებნა და ამ გზით მათგან მხარდაჭერის მოპოვება;

             ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დევნილთა დაბრუნება.

მოკლევადიან პერსპექტივაში:

             ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება;

             ნდობის აღდგენა და შერიგება გამყოფ ხაზს იქით მცხოვრებ მოსახლეობასთან (კონტაქტების გაღრმავება, სახალხო დიპლომატია, თანამშრომლობა: ეკონომიკის, ინოვაციური ტექნოლოგიების, სპორტის,  ჯანდაცვის, განათლების და კულტურის, სფეროებში);

             საოკუპაციო საზღვრების მონიტორინგის მიზნით ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობით ვიდეოსაკონტროლო სისტემების დამონტაჟება;

             დანაშაულის პრევენციის მიზნით საოკუპაციო საზღვრის პირას სტაციონალური ბლოკ-საგუშაგოების რაოდენობის გაზრდა, მობილური  საპოლიციო ჯგუფების პატრულირების დაწესება და ნებისმიერ სამართალდარღვევაზე მყისიერი რეაგირება;

             საზღვრისპირა მოსახლეობასთან ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებების დონეზე მუდმივი კომუნიკაცია;

             სხვადასხვა საერთაშორისო მისიების კონფლიქტის ზონაში დაბრუნების ხელშეწყობა.

 

 

პარტიის ჰიმნი:



პარტიის ლოგო:

I VOTE
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31