ახალი მემარჯვენეები
ახალი მემარჯვენეები
თავმჯდომარე: მამუკა კაციტაძე

გენერალური მდივანი: იოსებ ბორცვაძე

თავმჯდომარეები: 2001 - 2003 ლევან გაჩეჩილაძე, 2003- 2013 დავით გამყრელიძე, 2013-2015 ფიქრია ჩიხრაძე.

პარტიის ხედვა
  • პიროვნების თავისუფლება
ადამიანი ღვთის ნებით თავისუფალ არსებად არის შექმნილი, შესაბამისად მას აქვს უფლება თავისუფლად მოაწყოს საკუთარი ცხოვრება, მისი ღირსება იყოს ხელშეუხებელი და იცხოვროს პირადი მრწამსის მიხედვით.
  • შეზღუდული მთავრობა
ხელისუფლება არის ხალხის მიერ შექმნილი და ხალხისაგან მინიჭებული უფლებებით აღჭურვილი. მისი მთავარი მოვალეობაა - უზრუნველყოს პიროვნების სიცოცხლე, თავისუფლება და უსაფრთხოება. უკეთესია ის ხელისუფლება, რომელიც ნაკლებად ერევა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
  • კანონის უზენაესობა
თავისუფლება და კეთილდღეობა შესაძლებელია მხოლოდ იმ სახელმწიფოში, სადაც კანონის წინაშე ყველა თანაბარია და კანონი ეფუძნება ადამიანის ღვთისაგან ბოძებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს.
  • საკუთრების უფლება
კერძო საკუთრება პიროვნების თავისუფლების მატერიალური საფუძველი და მისი განხორციელების პირობაა. კერძო საკუთრება ხელშეუვალია.
  • თავისუფალი მეწარმეობა
ძლიერი ეკონომიკა და დოვლათი მხოლოდ თავისუფალი მეწარმეობისა და თავისუფალი ვაჭრობის პირობებში მიიღწევა.
  • თანაბარი შესაძლებლობები
ყოველ ადამიანს აქვს უფლება – იცხოვროს კონკურენტულ გარემოში და გააჩნდეს წარმატების მოპოვების თანაბარი შესაძლებლობები. რა შედეგს მიაღწევს ადამიანი ამ შესაძლებლობების გამოყენებით, ეს მის უნარზე, ნიჭსა და ცოდნაზეა დამოკიდებული.
  • სოციალური სამართლიანობა
ყოველ პიროვნებას აქვს უფლება და შესაძლებლობა, საკუთარი შრომით მიიღოს შემოსავალი, გახდეს გადახდისუნარიანი და თავად უზრუნველყოს სხვადსხვა სოციალური სიკეთე (სამედიცინო დახმარება, შესაფერისი განათლება, ნორმალური დასვენება, ხანდაზმულობა და სხვ). თვითდახმარება გაცილებით ღირსეული და გარანტირებული გზაა, ვიდრე სხვის (გადასახადის გადამხდელის) ხარჯზე ცხოვრება. ამავდროულად, ასეთი საზოგადოება სოლიდარულია იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც არ შესწევთ უნარი დამოუკიდებლად უზრუნველყონ საკუთარი მინიმალური სოციალური კეთილდღეობა.
  • ტრადიციული ღირებულებები და ქართული ოჯახი
ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაიცვას და განავითაროს საკუთარი ენა, ეზიაროს ეროვნულ მემკვიდრეობას, შეინარჩუნოს კულტურული თვითმყოფადობა, იცხოვროს ძლიერი და მტკიცე ოჯახის პირობებში. დროში გამოცდილი ტრადიციული ღირებულებები სტაბილური საზოგადოების საფუძველია.


პარტიის ისტორია

2001 წლის 15 ივნისს "ახალი ფრაქციის", "ახალი მოძრაობისა" და "ახალი კონსერვატორების" ბაზაზე იქმნება პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები", რომლის თავმჯდომარედაც ირჩევენ ლევან გაჩეჩილაძეს, თანა-თავმჯდომარედ დავით გამყრელიძეს.

2002 წლის 2 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში "ახალი მემარჯვენეები" საქართველოს მასშტაბით პირველ ადგილს იღებენ, ხოლო თბილისის მასშტაბით – მესამეს. (551 მანდატი)

2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პარტიის ყრილობა თავმჯდომარედ დავით გამყრელიძეს ირჩევს. პარტიამ შვიდ პროცენტიან ბარიერი გადალახა.(7.35%)

2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები უქმდება. ინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები 2004 წლის 28 მარტს. "ახლები" საარჩევნო ბლოკში ერთიანდებიან მემარჯვენე ორიენტაციის კიდევ ერთ პარტიასთან "მრეწველებთან". შედეგად კი წარმატებით ლახავენ 7 პროცენტიან ბარიერს და მრეწველებთან ერთად ოპოზიციურ საპარლამენტო ფრაქციას ქმნიან.( 7.56%)

2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტში ფრაქცია ''მემარჯვენე ოპოზიცია - მრეწველები, ახლები" ორ ფრაქციად გაიყო და ''ახალმა მემარჯვენეებმა'' ჩამოაყალიბეს ფრაქცია ''მემარჯვენე ოპოზიცია''.

2005 წელს პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები" გაწევრიანდა მსოფლიო მემარჯვენეთა გაერთიანებაში (IDU).

2007 წელს ''ახლების'' ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი ირინა ფრუიძე არჩეულ იქნა ევროპის მემარჯვენე პარტიათა გაერთიანების (EPP) ახალგაზრდული ფრთის ვიცე-პრეზიდენტად.

2007 წლის ნოემბერში ''ახალი მემარჯვენეები'' არ მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში, რომელიც მოჰყვა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალურ განცხადებებსა და მის დაპატიმრებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც მიიღეს ინფორმაცია მოშიმშილეების დარბევის შესახებ, ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილ ძალადობაზე პროტესტის ნიშნად ქუჩაში გავიდნენ.

2008 წლის 5 იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის სახელით ''ახალი მემარჯვენეების'' ლიდერი დავით გამყრელიძე იყრიდა კენჭს.

2008 წლის მარტში ''ახალი მემარჯვენეები'' პროტესტის უკიდურესი ფორმით – შიმშილობით დაუპირისპირდნენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას შეეცვალათ საქართველოს კონსტიტუციაში პარლამენტის დაკომპლექტების წესი.

2008 წლის მაისში ''ახალმა მემარჯვენეებმა'', ოპოზიციური პარტიების ეროვნულ საბჭოსთან ერთიან ბლოკში ''გაერთიანებული ოპოზიცია - ეროვნული საბჭო, ახალი მემარჯვენეები'', მიიღეს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში.

მათ ამ არჩევნებში მოიპოვეს ბლოკის წევრ პარტიებს შორის ყველაზე მეტი - 5 მანდატი პარლამენტში, მათ შორის 2 – ვაკისა და დიდუბის მაჟორიტარულ ოლქებში. ოპოზიციამ მაჟორიტარული მანდატების მოპოვება მხოლოდ ამ ორ ოლქში მოახერხა, სადაც კენჭს მემარჯვენეების კანდიდატები დავით გამყრელიძე და დავით საგანელიძე იყრიდნენ.

თუმცა არჩევნების გაყალბების გამო პროტესტის ნიშნად "ახლებმა" უარი თქვეს მანდატებზე. საქართველოს პარლამენეტის გადაწყვეტილებით ''ახალი მემარჯვენეების'' 5 დეპუტატს საკუთარი განცხადების საფუძველზე შეუწყდათ დეპუტატის უფლებამოსილება.

2009 წლის 22 თებრვალს "ახალმა მემარჯვენეებმა" ალიანსი შექმნეს ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ ჯგუფთან და რესპუბლიკურ პარტიასთან. ალიანსს ეწოდა "ალიანსი საქართველოსთვის". მოგვიანებით ალიანსს ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი და პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს გზა" შემოუერთდნენ.

ალიანსმა მონაწილეობა მიიღო 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ქვეყნის მასშტაბით მეორე შედეგი აჩვენა. დედაქალაქის საკრებულოში ალიანსმა 5 მანდატი მოიპოვა.

მოგვიანებით ალიანსი დაიშალა.

2011 წლის 3 ოქტომბერს "ახალმა მემარჯვენეებმა" ქუთაისში დასავლეთ საქართველოს ოფისის გახსნეს და პარტიის ახალი სტრატეგია გამოაცხადეს.

2011 წლის 18 ნოემერს სასტუმრო "რედისონში" პარტიის მეხუთე საიუბილეო ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე აირჩიეს ახალი მთავარი კომიტეტი, დამტკიცდა პარტიის წესდების ახალი რედაქცია და პოლიტიკის დოკუმენტი. ყრილობის დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარედ კვლავ დავით გამყრელიძე აირჩიეს.  პარტიის კურსის განახლების, ახალი სტარტისთვის შეიცვალა პარტიის სიმბოლიკა – ლოგო, დროშა.

2012 წლის არჩევნების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ დატოვა პოსტი, ხოლო პარტიამ დროებით ტაიმ–აუტი გამოაცხადა.

2013 წლის დასაწყისში  პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვნეეების“ რიგგარეშე ყრილობა ჩატარდა.

რიგგარეშე ყრილობამ პოლიტიკური და ორგანიზაციული საკითხები განიხილა.

პარტიის თავმჯდომარედ ყრილობამ აირჩია ფიქრია ჩიხრაძე, ხოლო გენერალურ მდივნად – მამუკა კაციტაძე.

ყრილობაზე არჩეულ იქნა მთავარი კომიტეტის განახლებული შემადგენლობა.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ახალმა მემარჯვენეებმა“  მონაწილეობა მიიღეს პარტია „თავისუფალ საქართველოსთან“ ერთად საარჩევნო ბლოკით „არასაპარლამენტო ოპოზიცია“. არჩევნების შედეგად  პარტიამ 6  საკრებულოში 8  მანდატი მოიპოვა. დღეისთვის პარტიას 2  საკრებულოში ჰყავს ფრაქცია „ახალი მემარჯვენეები“ , ხოლო 4  საკრებულოში ჰყავს  თითო  წევრი.

2015 წლის 17  ოქტომბერს  „ახალ მემარჯვენეებში“ 14 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ფიქრია ჩიხრაძემ პარტიის მთავარი კომიტეტის სხდომაზე თავმჯდომარის უფლებამოსილება მოიხსნა  საქართველოს პრეზიდენტის -  გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურ მრჩევლად დანიშვნის გამო.

2016 წლის  11 იანვარს გაიმართა პარტიის VII ყრილობა.

ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ მამუკა კაციტაძე აირჩია, რომელსაც მანამდე პარტიის გენერალური მდივნის პოსტი ეკავა, ხოლო გენერალურ მდივნად პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი, შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იოსებ ბორცვაძე იქნა არჩეული.

ყრილობაზე არჩეულ იქნა პარტიის მთავარი კომიტეტის განახლებული შემადგენლობა: მამუკა  კაციტაძე, იოსებ  ბორცვაძე, მანანა  ნაჭყებია, რუსუდან გურჩიანი, გოგა ასათიანი, გიგი იმერლიშვილი, საბა ქამუშაძე, დათო ილურიძე, გურამ  ასათიანი, გელა  გორგილაძე, გელა თოფურია, მიხეილ  კოტიშაძე.

„ახალმა მემარჯვენეებმა“  VII ყრილობაზე რეზოლუცია მიიღეს.

მისამართი:

თბილისი, ირაკლი აბაშიძის 16;

ტელ.: +995 32 2 72 38 58

ფაქსი: +995 32 2 22 23 47

E-mail: info@nrp.ge

www.nrp.ge
ბეჭდვა