დავით გამყრელიძე (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ახალი მემარჯვენეები”)

დაიბადა 1964 წლის 2 აპრილს თბილისში.

მამა – ერეკლე გამყრელიძე – პროფესიით გეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ქართული გეოლოგიური სკოლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი.

დედა– ია გობრონიძე – დიასახლისი.

დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა. 1982 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიულ ფაკულტეტზე. იყო წარჩინებული სტუდენტი, თარხნიშვილის სახელობის სტიპენდიანტი, სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს წევრი, მონაწილეობდა სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციებსა და ოლიმპიადებში.

1988 წლიდან ეროვნული მოძრაობა ფართო მხარდაჭერას პოულობს საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. დამოუკიდებლობის მოთხოვნით ქვეყანაში იწყება საპროტესტო ტალღა. დავით გამყრელიძე მეგობრებთან ერთად აფუძნებს ქრისტიანულ-დემოკრატიულ ასოციაციას, რომელიც შემდგომ ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირად ყალიბდება.

დავით გამყრელიძე აქტიურ მონაწილეობას ღებულობს 1989 წლის აპრილის საპროტესტო გამოსვლებში.

9 აპრილის შემდგომ იქმნება რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის რუსთაველის საზოგადოება, რომლის წევრადაც გვევლინება დავით გამყრელიძე.

1989 წლის გაზაფხულზე საქართველოში ეროვნულ განმთავისუფლებელი მოძრაობის კოორდინაციის მიზნით ყალიბდება ეროვნული ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ გია ჭანტურია, ზვიად გამსახურდია, ირაკლი ბათიაშვილი და სხვები. ფორუმში ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირს დავით გამყრელიძე და ირაკლი კაკაბაძე წარმოადგენენ. იმავე წლის ივნისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქართული ემიგრაციის მიწვევით პარიზში მიემგზავრება ეროვნული მოძრაობის პირველი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში სხვებთან ერთად მიწვეულია დავით გამყრელიძე.

მას შემდეგ, რაც 1990 წლის გაზაფხულზე საქართველოში ემხობა კომუნისტური რეჟიმი და ქვეყანა მოიპოვებს დამოუკიდებლობას, დავით გამყრელიძე მიიჩნევს, რომ მან ამოწურა თავისი ფუნქცია ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში და იწყებს ბიზნეს საქმიანობას. ის რამდენიმე მეგობართან ერთად აყალიბებს საქართველოში პირველ სადაზღვევო კომპანიას - “ალდაგი“. ძალიან მალე “ალდაგი“ სადაზღვევო ინდუსტრიის ფლაგმანი ხდება. 1999 წელს დავით გამყრელიძეს, როგორც “ალდაგის“ პრეზიდენტს, საქართველოს წარმატებულ ბიზნესმენთა ათეულში ასახელებენ.

1998 წელს მას ირჩევენ თბილისის საკრებულოს წევრად.

მაშინდელ მმართველ პარტიას საპარლამენტო არჩევნებში გასამარჯვებლად საკუთარ საარჩევნო სიაში წარმატებული ადამიანების ყოფნა ესაჭიროება. დავით გამყრელიძე, რომელიც არასდროს ყოფილა ამ პარტიის წევრი, სხვა წარმატებულ ბიზნესმენებთან ერთად თანხმდება საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. 1999 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დავით გამყრელიძე საქართველოს პარლამენტის წევრი ხდება. პირველივე სასესიო სხდომებზე მას ირჩევენ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ. თანდათანობით დავით გამყრელიძე და მისი მეგობრები ხვდებიან, რომ მათი პროფესიონალიზმი და საქვეყნო საქმისადმი თავდადება მმართველ პარტიას არაფერში სჭირდება. იწყება იმედგაცრუების პერიოდი, რომელიც პიკს 2000 წლის გაზაფხულზე აღწევს, ანუ მას შემდეგ, რაც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად 1999 წლის ბიუჯეტის ანგარიში წარუდგინეს და უმრავლესობას უპირობო მხარდაჭერა მოსთხოვეს.

პროტესტის ნიშნად დ. გამყრელიძე და ლ. გაჩეჩილაძე დაკავებულ თანამდებობას ტოვებენ და 1999 წლის საბიუჯეტო გარღვევის მიზეზების შემსწავლელი კომისიის შექმნის მოთხოვნით გამოდიან.

2000 წლის 17 მაისს დავით გამყრელიძის თავმჯდომარეობით 1999 წლის ბიუჯეტის 300 მილიონიანი გარღვევის მიზეზების შემსწავლელი კომისია იქმნება. 6 თვის შემდეგ დავით გამყრელიძე პარლამენტს წარუდგენს დასკვნას და ამბობს სრულ სიმართლეს, თუ რის გამო გაირღვა 1999 წლის ბიუჯეტი ასე კატასტროფულად.

2000 წლის 8 სექტემბერს ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის დასაძლევად და ამ პროცესებში საზოგადოების გასააქტიურებლად 35 პროფესიონალი ადამიანი აფუძნებს საზოგადოებრივ ორგანიზაცია “ახალ მოძრაობას“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრიც ხდება დავით გამყრელიძე.

2000 წლის 17 სექტემბერს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იქმნება “ახალი ფრაქცია“, რომლის თავმჯდომარედაც ირჩევენ დავით გამყრელიძეს.

“ახალი ფრაქცია”, მიუხედავად მცირერიცხოვნობისა, საპარლამენტო ცხოვრებაში მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას. ის სრულიად განსხვავებულ და ახალ სიტყვას ამბობს ქართულ პოლიტიკაში.

2001 წლის 15 ივნისს “ახალი ფრაქციის“, “ახალი მოძრაობისა“ და “ახალი კონსერვატორების“ ბაზაზე იქმნება პოლიტიკური გაერთიანება “ახალი მემარჯვენეები“, რომლის თანა-თავმჯდომარედაც დამფუძნებელი ყრილობა დავით გამყრელიძეს ირჩევს.

დაფუძნებიდან ერთ წელიწადში პოლიტიკური გაერთიანება “ახალი მემარჯვენეები” ერთი წლის პარტიისთვის ძალიან მაღალ შედეგებს აღწევს. 2002 წლის 2 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში “ახალი მემარჯვენეები” საქართველოს მასშტაბით პირველ ადგილს იღებენ, ხოლო თბილისის მასშტაბით მესამეს. პარტიის ასეთ წარმატებაში დავით გამყრელიძის განსაკუთრებული წვლილია. სწორედ ის ხელმძღვანელობდა პარტიის საარჩევნო შტაბს. ადგილობრივ არჩვენებში გამარჯვების შემდეგ პარტია საპარლამენტო არჩენებისთვის ემზადება. 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პარტიის ყრილობა დავით გამყრელიძეს ერთხმად ირჩევს თავმჯდომარის თანამდებობაზე.

2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, სადაც ,,მემარჯვენეებმა” 7%-იანი ბარიერი გადალახეს, უქმდება. ინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები. 28 მარტის არჩევნებამდე ძალიან მცირე დრო იყო დარჩენილი. ქვეყანაში რევოლუციური განწყობა ჯერ კიდევ ძლიერად იგრძნობოდა, ამიტომ ყველა, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც დარწმუნებული იყო, რომ ვერც ერთი ოპოზიციური ძალა წარმატებას ვერ მიაღწევდა. არარევოლუციური პარტიებიდან მხოლოდ “ახლებმა” შეძლეს ბარიერის გადალახვა. ისინი საარჩევნო ბლოკში ერთიანდებიან მემარჯვენე ორიენტაციის კიდევ ერთ პარტიასთან “მრეწველებთან”. შედეგად კი წარმატებით ლახავენ 7%-იან ბარიერს. 28 მარტის არჩევნების დროსაც ახლების და მრეწველების გაერთიანებულ საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე თავმჯდომარეობდა. დავით გამყრელიძე მეორედ ხდება საქართველოს პარლამენტის წევრი. ამჟამად ის სათავეში უდგას “მემარჯვენე ოპოზიციისს” ფრაქციას, არის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნატოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი. მის აზრს, როგორც ერთ-ერთი ოპოზიციის ლიდერისას, ანგარიშს უწევენ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში.

2006 წლის 3 ივნისს პოლიტიკური გაერთიანება”ახალი მემარჯვენეები (ახლები)-ის” მე-3 საიბილეო ყრილობაზე დავით გამყრელიძე ხელახლა იქნა არჩეული პარტიის თავმჯდომარედ.

2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში დავით გამყრელიძე კენჭს იყრიდა, როგორც `ახალი მემარჯვენეების~ კანდიდატი. ამავე წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში დავით გამყრელიძე იყო საარჩევნო ბლოკის `ეროვნული საბჭო-ახალი მემარჯვენეები~ საარჩევნო შტაბის უფროსი. იგი კენჭს იყრიდა ვაკის #2 საარჩევნო ოლქში და მოიპოვა მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი, თუმცა არჩევნების გაყალბების პროტესტის ნიშნად უარი თქვა მანდატზე. ამ არჩევნებში. მოპოვებულ 5 მანდატზე, ასევე, უარი თქვეს პოლიტიკური გაერთიანების სხვა წევრებმაც. ამჟამად პარტია დავით გამყრელიძის ხელმძღვანელობით პარლამენტს გარეთ აგრძელებს ბრძოლას ქვეყნის გათავისუფლებისათვის ავტორიტარული მმართველობისაგან და საქართველოში დემოკრატიის დამკივიდრებისათვის.

დავით გამყრელიძეს ჰყავს მეუღლე მარინა მადიჩი და ორი შვილი – ერეკლე და ნინო.

ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებს.

ბეჭდვა