ზვიად ძიძიგური (კონსერვატიული პარტია)

ზვიად ძიძიგური დაიბადა 1964 წლის 31 ოქტომბერს აბაშის რაიონში სოფელ მარანში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.

1987 წლიდან აქტიურად ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში, იყო წმინდა ილია მართლის საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი.

მისი ინიციატივით და ორგანიზებით 1990 წელს სამტრედიაში ჩატარდა ძალზე რეზონანსული ,,რკინიგზის გადაკეტვის” აქცია, რასაც მოჰყვა კომუნისტების უკან დახევა და პირველი დემოკრატიული არჩევნები საქართველოში.

მონაწილეობდა 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში და გახდა სამტრედიის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს უზენაეს საბჭოში.

1991 წელს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ბრძანებით დაინიშნა სამტრედიის რაიონის პრეფექტად.

1992 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ შევარდნაძის უკანონო რეჟიმის წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდა, იყო ზვიად გამსახურდიას მიერ დანიშნული იმერეთის მხარის პოლიტიკური რწმუნებული.

1995 წელს ზვიად ძიძიგური ძმასთან და სიძესთან ერთად დააპატიმრა შევარდნაძის ხელისუფლებამ, პროკურატურამ მოითხოვა მისი დახვრეტა, ხოლო სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2000 წელს იგი გაათავისუფლეს პოლიტპატიმართა მასობრივი საპროტესტო აქციების, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ჩარევის შედეგად.

ზვიად ძიძიგურმა 2000 წელს დააარსა ,,ეროვნული ძალთა გაერთიანება”, რომლის ბაზაზე 2005 წელს, რეორგანიზაციის შედეგად დაფუძნდა საქართველოს კონსერვატიული პარტია.

2002 წელს რესპუბლიკურ პარტიასთან და ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ზვიად ძიძიგურმა შექმნა საარჩევნო ბლოკი ,,ნაციონალური მოძრაობა _ დემოკრატიული ფრონტი”, რომელიც აქტიურად ებრძოდა შევარდნაძის ხელისუფლებას. ეს ბრძოლა 2003 წლის ნოემბერში დაგვირგვინდა ,,ვარდების რევოლუციით”.

2003 წელს ზვიად ძიძიგური აირჩიეს სამტრედიის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად საქართველოს პარლამენტში.

2004 წელს საქართველოს პარლამენტში კონსერვატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლებმა შექმნეს ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია ,,დემოკრატიული ფრონტი”, რომელსაც პერიოდულად, 6-თვიანი ვადით თავმჯდომარეობდა ზვიად ძიძიგური.

2007 წლის სექტემბრიდან სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ახალი ენერგიით დაიწყო საერთო სახალხო მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული სახე და ლიდერი არის ზვიად ძიძიგური.

ჰყავს მეუღლე და 4 შვილი.

ბეჭდვა