ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
საქართველოს რესპუბლიკური პარტია
საქართველოს რესპუბლიკური პარტია



მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“


პარტიის თავმჯდომარე : ხათუნა სამნიძე


პოლიტიკური მდივანი:  დავით ბერძენიშვილი


საქართველოს რესპუბლიკური პარტია დაარსდა 1978 წლის 21 მაისს.


პარტიის ორგანიზაციული სტრუქტურა:


პარტიის ხელმძღვანელი ორგანოა პარტიის ყრილობა. ყრილობა ირჩევს ორი წლის ვადით ფარული კენჭისყრით ეროვნულ კომიტეტს,  35 წევრის შემადგენლობით. პარტიის თავმჯდომარეს ირჩევს ეროვნული კომიტეტი.


პარტიას ჰყავს ახალგაზრდული ორგანიზაცია „ახალგაზრდა რესპუბლიკელები“.


პარტიის ისტორია:


საქართველოს რესპუბლიკური პარტია დაარსდა 1978 წლის 21 მაისს. რესპუბლიკური პარტიის საპროგრამო მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, პოლიტიკური პლურალიზმის დამკვიდრება, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და საბაზრო ეკონომიკის ფორმირება.


რესპუბლიკელებმა თბილისში, ბათუმში, სოხუმში, ზუგდიდში, ტყიბულსა და ჭიათურაში შექმნეს არალეგალური ჯგუფები. ამ პერიოდში დაიბეჭდა და გავრცელდა თვითგამოცემითი ჟურნალ "სამრეკლოს" ორი ნომერი.


1983-84 წლებში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა დააპატიმრა პარტიის ოთხი დამფუძნებელი და ლიდერი – ვახტანგ ძაბირაძე (პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე 1979-95 წ.წ.), ლევან და დავით ბერძენიშვილები და ვახტანგ შონია. პარტიის კიდევ ერთი აქტიური წევრი ფრიდონ ჯაჯანიძე მოგვიანებით დააპატიმრეს.


1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში რესპუბლიკელებმა 3 ადგილი მოიპოვეს უზენაეს საბჭოში, სადაც ოპოზიციური ფრაქცია "დემოკრატიული ცენტრის" თანადამფუძნებლებად მოგვევლინნენ. 1991 წლის ივნისში რესპუბლიკურმა პარტიამ ხმების 20% მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნებში, სადაც ჩამოაყალიბა ოპოზიციური ფრაქცია "აჭარა". 1991-92 წ.წ. ზამთრის გადატრიალების შემდეგ რესპუბლიკელები წარმოდგენილნი იყვნენ ხელისუფლების დროებით ორგანოებში – საკონსულტაციო და სახელმწიფო საბჭოებში (1992 წ.).


თავისუფალ დემოკრატთა კავშირთან (1991 წ.) და პოლიტიკურ ორგანიზაციასთან "დემოკრატიული არჩევნები საქართველოში (დას-ი)" გაერთიანების დროიდან (1992 წ.) რესპუბლიკელები სტაბილური გუნდით საქმიანობენ. 1992 წლის 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში ჩამოყალიბდა 10-კაციანი ოპოზიციური ფრაქცია "რესპუბლიკელები".


რესპუბლიკურმა პარტიამ შეიმუშავა და წარადგინა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში საქართველოს კონსტიტუციის საკუთარი პროექტი, რომელიც საპარლამენტო ტიპის რესპუბლიკის და დეცენტრალიზებული მმართველობის მოდელს ემყარებოდა. რესპუბლიკელებმა პოზიტიური გავლენა მოახდინეს 1995 წლის კონსტიტუციის შექმნა-მიღების პროცესზეც – პარტიის რამდენიმე ლიდერი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი იყო.


1994 წელს რესპუბლიკური პარტიის, სახალხო ფრონტისა და "ქარტია-91"-ის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა "გაერთიანებული რესპუბლიკური პარტია", რომელმაც, თუმცაღა, დიდხანს ვერ იარსება. 1995 წლის 5 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში წარუმატებლობის შემდეგ რესპუბლიკური პარტია აღდგა როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაცია. 1996 წლის თებერვალში გამართულ ყრილობაზე ეროვნულმა კომიტეტმა პარტიის თავმჯდომარედ ივლიანე ხაინდრავა აირჩია.


1999 წლის მაისში რესპუბლიკურმა პარტიამ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან და მრეწველთა პარტიასთან ერთად ჩამოაყალიბა პოლიტიკური ალიანსი "ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი – მესამე გზა", რომლის ლოზუნგიც იყო "არც შევარდნაძე, არც აბაშიძე". 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში ალიანსმა ამომრჩეველთა ხმების 4,46% მიიღო (ოფიციალური მონაცემებით) და ვერ გადალახა იმ დროისათვის უკვე 7%-მდე გაზრდილი საარჩევნო ბარიერი. რესპუბლიკურმა პარტიამ არჩევნებში დამარცხების შემდეგაც გააგრძელა უკომპრომისო ბრძოლა შევარდნაძისა და აბაშიძის სახელისუფლებო ცენტრებთან, თუმცა, ვერ ჰპოვა ამაში სათანადო მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან, რასაც 2001 წლის ივლისში ალიანსის დაშლა მოჰყვა.


2000 წლის მარტში გამართულ პარტიის ყრილობაზე მიღებულ იქნა წესდების ახალი რედაქცია; პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დავით ბერძენიშვილი. 2001 წლის ოქტომბრის მიწურულს პარლამენტის წინ გამართულ მრავალათასიან მიტინგზე რესპუბლიკურმა პარტიამ წამოაყენა ლოზუნგი "საქართველო შევარდნაძის გარეშე", რომელიც გაიზიარა 2002 წლის გაზაფხულზე ჩამოყალიბებულმა სამსუბიექტიანმა საარჩევნო ბლოკმა "ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატიული ფრონტი" (სააკაშვილი-დავითაშვილის ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, ზვიად ძიძიგურის "ეროვნულ ძალთა გაერთიანება – კონსერვატორები").


2002 წლის 2 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატიულმა ფრონტმა" მიიღო ხმების 24% თბილისში. მიხეილ სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე გახდა, ხოლო დავით ბერძენიშვილი – ერთიანი ფრაქციის ("ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატიული ფრონტი") თავმჯდომარე. 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში ეს ბლოკი პირველ ადგილზე გავიდა (ეგზიტპოლებისა და პარალელური დათვლის მიხედვით – ხმების 27%-ით). რესპუბლიკელები ხელმძღვანელობდნენ საარჩევნო კამპანიას ბათუმში (ლოზუნგით "ბათუმი – აბაშიძის გარეშე") და მონაწილეობდნენ შევარდნაძისა და აბაშიძის ხელისუფლების მიერ გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ საპროტესტო ეროვნული კამპანიის ორგანიზებაში, რაც 23 ნოემბერს შევარდნაძის გადადგომით დაგვირგვინდა.


რესპუბლიკელებს 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ სულ მალე მოუწიათ მთელ რიგ პრინციპულ საკითხებზე სააკაშვილის გუნდთან მწვავე დებატებში შესვლა. რესპუბლიკელებმა გააკრიტიკეს 2004 წლის თებერვალში სააკაშვილის მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც ახალმა ხელისუფლებამ მკვეთრად შეზღუდა პარლამენტის ფუნქციები და გზა გაუხსნა ავტორიტარიზმს, აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატად გადააქცია სასამართლო სისტემა.


ანტიდემოკრატიულად და ქვეყნის სახელმწიფოებრივი მოწყობის სტრატეგიულ მიზნებთან შეუსაბამოდ შეფასდა კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის ივნისში მიიღო.


თვითმმართველობის ნაცვლად აჭარაში ფაქტობრივად დემოკრატიული ფასადის მქონე პირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობა დამყარდა.


ასევე მიუღებლად ჩაითვალა ადამიანის უფლებების შელახვისა და კანონის უზენაესობის უგულებელყოფის გზით რევოლუციური მიზნების მიღწევის მცდელობა, რაც 2004 წლის გაზაფხულზევე გახდა აშკარა.


2004 წლის ივნისში რესპუბლიკელები გაემიჯნენ სახელისუფლებო პარტიასა და მის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს და ოპოზიციაში გადავიდნენ.


2004 წლის 20 ივნისს აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებში მთავარი კონკურენტები ყოფილი პარტნიორები – ნაციონალური მოძრაობა და რესპუბლიკური პარტია აღმოჩნდნენ. ოფიციალური მონაცემებით რესპუბლიკურ პარტიას აჭარის ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 13,5% მიიღო. აჭარის 30-კაციან უზენაეს საბჭოში პარტია სამი დეპუტატით იქნა წარმოდგენილი. ამ პერიოდისათვის ამდენივე წევრით იყო წარმოდგენილი პარტია ქალაქ თბილისის საკრებულოშიც. 2006 წლის მდგომარეობით რესპუბლიკური პარტია იყო ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელსაც ჰყავდა დეპუტატები ქვეყნის სამივე ძირითად წარმომადგენლობით ორგანოში.


2005 წლის 27 ივნისს გაიმართა რესპუბლიკური პარტიის მორიგი ყრილობა. პარტიის თავმჯდომარედ აირჩა დავით უსუფაშვილი; გადახალისდა და რიცხობრივად გაიზარდა პარტიის ეროვნული კომიტეტის შემადგენლობაც.


საპარლამენტო საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, ასევე ოპოზიციაში გადასულ კონსერვატორებთან და პარლამენტის უპარტიო წევრებთან ერთად, რესპუბლიკელებმა 2005 წლის შემოდგომაზე ოპოზიციური ფრაქცია "დემოკრატიული ფრონტი" ჩამოაყალიბეს.


2006 წლის თებერვალში პარტიამ გამოაქვეყნა საპროგრამო ხასიათის დოკუმენტი "რესპუბლიკური არჩევანი", რომელშიც მოცემულია სააკაშვილის ხელისუფლების ორწლიანი საქმიანობის დეტალური შეფასება დემოკრატულობის, ინსტიტუციური განვითარებისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით, აგრეთვე პრობლემების გადაჭრის რესპუბლიკური (ლიბერალური) ხედვა.


2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის რესპუბლიკურმა და კონსერვატიულმა პარტიებმა ჩამოაყალიბეს საარჩევნო ბლოკი, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით ხმების 8,6% მოიპოვა და მეორე ადგილზე გავიდა (მმართველი პარტიის შემდეგ). რესპუბლიკელებისა და კონსერვატორების ბლოკმა საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენა ამ არჩევნებში (თბილისში – 12%, ბათუმში – 26%, გურჯაანში – 24%, ამბროლაურში – 22% , ოზურგეთში – 21% , ბორჯომსა და ხელვაჩაურში – 17-17% , ფოთში – 16% და ა.შ.).


ნაციონალური მოძრაობის მმართველობის წლებში დაგროვილმა უკმაყოფილებამ, 2007 წლის შემოდგომაზე მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციებში იჩინა თავი. მასობრივ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა გაერთიანებული ოპოზიციის საბჭო, რომელშიც ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი რესპუბლიკურმა პარტიამ დაიკავა.


მიხეილ სააკაშვილმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, რომელთა თარიღადაც 2008 წლის 5 იანვარი განისაზღვრა. ამ არჩევნებში რესპუბლიკურმა პარტიამ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს – ლევან გაჩეჩილაძეს – დაუჭირა მხარი.


საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარებულმა პლებისციტმა დაადასტურა ხალხის ნება, რათა საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე (კონსტიტუციურ ვადაში) გამართულიყო (21 მაისს). პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება ამ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის თაობაზე, წარადგინა 150-კაციანი საარჩევნო სია და წამოაყენა კანდიდატები 67 საარჩევნო ოლქში. 12 მაისს გაიმართა პარტიის რიგგარეშე ყრილობა, რომელიც მიეძღვნა პარტიის დაარსებიდან 30-ე წლისთავს.


რესპუბლიკური პარტიის ოფიციალური მაჩვენებელი ამ არჩევნებში 3,84% აღმოჩნდა, რაც არ იყო საკმარისი 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადასალახად (რესპუბლიკური პარტიის მიერ წარდგენილმა ორმა უპარტიო კანდიდატმა მოიგო მაჟორიტარული ოლქები). პარლამენტში გასული ოპოზიციონერების უმრავლესობამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა დეპუტატების მანდატებზე და პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში გაღრმავდა.


2008 წლის შემოდგომიდან ქვეყანაში აღინიშნა პოლიტიკური პროცესის გააქტიურება. 8 დეკემბერს რესპუბლიკურმა პარტიამ და პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ახალი მემარჯვენეები" ("ახლები") გააფორმეს შეთანხმება პოლიტიკური ალიანსის შექმნის თაობაზე. 2009 წლის 23 თებერვალს კი, რამდენიმეთვიანი კონსულტაციების შემდეგ ჩამოყალიბდა "ალიანსი საქართველოსთვის" რესპუბლიკური პარტიის, ახლებისა და ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდის შემადგენლობით და უკანასკნელის თავმჯდომარეობით.


"ალიანსმა მონაწილეობა მიიღო 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

2009 წლის 8 ივლისს გაიმართა რესპუბლიკური პარტიის მორიგი – მე-13 ყრილობა. ყრილობამ მიიღო პარტიის წესდების ახალი რედაქცია, კონკურენტულ საფუძველზე აირჩია ეროვნული კომიტეტი 35 წევრის და სარევიზიო კომისია 5 წევრის შემადგენლობით. ეროვნულმა კომიტეტმა პირველ სხდომაზე პარტიის თავმჯდომარედ კვლავ დავით უსუფაშვილი აირჩია.


2011 წელს რესპუბლიკური პარტია ოპოზიციური "რვიანის" შემადგენლობაშია სხვა პარტიებთან ერთად - ახალი მემარჯვენეები, ეროვნული ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები, კონსერვატიული პარტია, საქართველოს გზა, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ხალხის პარტია - შეეცადა მიეღწია სამართლიანი საარჩევნო გარემოსათვის. თუმცა ახლებმა და ქრისტიან დემოკრატებმა დატოვეს "რვიანი", რასაც ამ ბლოკის დაშლა მოჰყვა.


2011 წლის ნოემბერში გაიმართა პარტიის მე-14 ყრილობა, სადაც არჩეულ იქნა ახალი ეროვნული კომიტეტი. კომიტეტმა პარტიის თავმჯდომარედ მეორე და უკანასკნელი ვადით დავით უსუფაშვილი აირჩია.


2012 წლის 21 თებერვალს პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" შეიქმნა, რომელშიც გაერთიანდნენ: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", რესპუბლიკური პარტია, "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები", ეროვნული ფორუმი, კონსერვატიული პარტია, მრეწველები.


2012 წლის1 ოქტომბერს კოალიციამ საპარლამენტო არჩევნები მოიგო. პარლამენტში ცხრა რესპუბლიკელმა შექმნა ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელები", რომელიც პარტნიორებთან ერთად უმრავლესობაში გაერთიანდა.


რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს, გიგლა აგულაშვილი - აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო ვახტანგ ხმალაძე - იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ.


ასევე რესპუბლიკელი პაატა ზაქარეიშვილი დაინიშნა სახელმწიფო მინისტრად რეინტეგრაციის საკითხებში.


2013 წელს გაიმართა რესპუბლიკური პარტიის ყრილობა, რომელმაც აირჩია ახალი ეროვნული კომიტეტი. პარტიის ახალ თავმჯდომარედ ხათუნა სამნიძე აირჩიეს.


2015 წ. მაისში თინათინ ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი, ხოლო გიგლა აგულაშვილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გახდა. საქართველოს კოალიციურ მთავრობაში ისინი პაატა ზაქარეიშვილთან ერთად წარმოადგენდნენ რესპუბლიკურ პარტიას.
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა 2016 წლის 27 მარტს მიიღო გადაწყვეტილება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ.


პარტიის ორგანიზაციული სტრუქტურა:


პარტიის ხელმძღვანელი ორგანოა პარტიის ყრილობა. ყრილობა ირჩევს ორი წლის ვადით ფარული კენჭისყრით ეროვნულ კომიტეტს,  35 წევრის შემადგენლობით. პარტიის თავმჯდომარეს ირჩევს ეროვნული კომიტეტი.


პარტიას ჰყავს ახალგაზრდული ორგანიზაცია „ახალგაზრდა რესპუბლიკელები“.


2007 წლის 18-19 ოქტომბრის ბერლინის კონგრესზე  "საქართველოს რესპუბლიკური პარტია" "ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისათვის" (ALDE Party) სრულუფლებიანი წევრი გახდა.


2013 წლის 3 აპრილიდან "ლიბერალური ინტერნაციონალის" (LI) სრულუფლებიანი წევრია.


მისამართი: სოფიკო ჭიაურელის 13, თბილისი 0108, საქართველო

ტელ.: (995 32) 292 00 58


ფაქსი: (995 32) 292 06 34


ელ-ფოსტა: info@republicans.ge
ვებსაითი: www.republicans.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30