ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
926959
48.15%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
522463
27.14%
პარტიები
საქართველოს პოლიტიკური პარტიები
04 მაისი, 2010 წ.

საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული უფლება, შექმნან პოლიტიკური პარტია თუ სხვა პოლიტიკური გაერთიანება და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში.
საქართველოში პოლიტიკური პარტიების საქმიანობა რეგულირდება ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” 1997 წლის 31 ოქტომბერს მიღებული ორგანული კანონით.

კანონის მიღებიდან დღემდე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა 220 პოლიტიკური პარტია.

არსებული კანონმდებლობით პოლიტიკური პარტიის დაფუძნება და რეგისტრაცია რთული არ არის.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. რეგისტრაციისათვის იუსტიციის სამინისტროში აუცილებელია შემდეგი დოკიუმენტაციის წარდგენა:

ა) განცხადება პარტიის რეგისტრაციის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით (ხელმოწერებით);
ბ) ნოტარიუსის მიერ დამოწმებული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმი;
გ) პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია, სახელის, გვარის,დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომერის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართისა და ტელეფონის მითითებითა და მათი ხელმოწერებით;
დ) პარტიის წესდება;
ე) ცნობა პარტიის იურიდიული მისამართისა და ტელეფონის შესახებ;
ვ) პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებული ნიმუშები;
ზ) ესკიზები პარტიის ბეჭდის, ემბლემისა და სხვა სიმბოლიკის გამოსახულებით, თუ ასეთები გამოიყენება.
თ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის (500 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.

პოლიტიკური პარტიის წევრობა ეკრძალება სამხედრო ძალების ან შინაგან საქმეთა ორგანოების პირად შემადგენლობას, მოსამართლეებს და პროკურორებს.

საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს ნაწილობრივ სახელმწიფო აფინანსებს: ის, პარტიები, რომლებიც წარმატებას აღწევენ არჩევნებზე, მომდევნო პერიოდში ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათ მიერ მოპოვებული მხარდაჭერის შესაბამისად. პარტიებმა შეიძლება სხვა წყაროებიდანაც მიიღონ დაფინანსება, მაგრამ კანონით მკაცრად დადგენილ საზღვრებში. კერძოდ, მათ უფლება აქვთ მიიღონ ფინანსური და მატერიალური შემოწირულებები საქართველოს მოქალაქეებისაგან (მაგრამ არა იურიდიული პირებისაგან), ოღონდ ერთი ადამიანისგან მიღებული შემოწირულობა წლის განმავლობაში 60 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს. პარტიის თითოეული წევრის საწევრო შენატანების წლიური ოდენობა ვერ აცდება 1 200 ლარს. წლის განმავლობაში პარტიის მიერ გაწეული ხარჯის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ს.

პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

არჩევნებში მონაწილეობისათვის პარტიას რეგისტრაციაში ატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

რეგისტრაცია გაადვილებულია იმ პარტიებისთვის, ვისაც უკვე ჰყავს წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში: მათთვის საკმარისია დადგენილ ვადაში მიმართონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარეს. სხვა პარტიებმა ცესკოს თავმჯდომარეს უფრო ადრე, 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე უნდა მიმართონ, ხოლო 15 აგვისტომდე არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 ათასი ამომრჩევლის სია უნდა წარმოადგინონ.

სათანადო წესით რეგისტრირებულ პარტიებს საარჩევნო ბლოკების შექმნა შუძლიათ. მაგრამ ამის შემდეგ პარტიას აღარ აქვს უფლება, დამოუკიდებლად მონაწილეობდეს არჩევნებში ან სხვა საარჩევნო ბლოკშიც შევიდეს.