რამდენიმე დღის წინ თვითმმართველობის არჩევნების საკითხებზე “გურია ნიუსი” პოლიტიკურ ექსპერტს ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.
- ქალბატონო ხათუნა, იმ დროს, როცა არჩევნების შესახებ კომენტარს აკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრი, როცა საქართველოს პრეზიდენტი ადასტურებს, რომ თუ საჭირო გახდა, გამოიყენებენ ადმინისტრაციულ რესურსებს, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს კომისიებში ჩასმული ჰყავთ დედები, ბიძები ან უახლოესი ნათესავები, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები სამართლიანად ჩატარდება?
- გარდა თქვენს მიერ დასახელებულისა, შეიძლება სხვა არაერთი არგუმენტის მოყვანაც, თუნდაც იგივე გაყალბებული საარჩევნო სიებისა და დარღვევების ხელშემწყობი სხვა ფაქტორების დასახელება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, რესურსია ხელისუფლების ხელში და ჩვენ ამ რესურსის არსებობა, უდავოდ, უნდა ვაღიაროთ.
მაგრამ მეორეა - რამდენად სჭირდება ან დასჭირდება ხელისუფლებას გაყალბება ადგილობრივ არჩევნებში. ყველა სოციოლოგიური გამოკვლევით, არა მხოლოდ იმით, რომელიც ჟღერდება სახელისუფლო ტელეარხებით, არამედ იმითაც, რომელსაც უკვეთავენ ოპოზიციური პარტიები, ხელისუფლება პირწმინდად იგებს არჩევნებს მთელ საქართველოში. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს და ხელისუფლების ამ გამარჯვების მთავარი გარანტიორი ოპოზიციაა. გარდა ამისა, ხელისუფლებამ მაქსიმალურად დაიზღვია თავი სატელიტი ოპოზიციური კანდიდატების წამოყენებით. ამ პირობებში და მაშინ, როცა დასავლეთი ამ არჩევნებს დღევანდელი ხელისუფლების დემოკრატიულობის ერთგვარ ბარომეტრად აღიქვამს, რაში უნდა დასჭირდეს ხელისუფლებას რეალურად მოგებადი არჩევნების გაყალბება?!
- როგორ უყურებთ ოპოზიციის შესაძლებლობებს, შეძლებენ რომ საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვონ?
- დღევანდელი ოპოზიცია საქართველოს განაჩენია. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ამა თუ იმ ქვეყნის ტრაგედია არის არა ის, როგორი ხელისუფლება ჰყავს მას მოცემულ დროსა და მომენტში (იმიტომ, რომ ნებისმიერი ხელისუფლება ადრე თუ გვიან ცვალებადია), არამედ ქმედუნარიანი ალტერნატივის არყოლა, ისეთი ალტერანტივისა, რომელიც შეძლებს შეიმუშაოს ქვეყნის მომავლის უკეთესი ხედვა და დაარწმუნოს საზოგადოება ამ ხედვის აღმატებულობასა და რეალურობაში. დღეს ასეთი ალტერნატივა არ ჩანს და ეს არის სწორედ საქართველოსთვის ყველაზე დიდი ტრაგედია, იმიტომ, რომ ქვეყანას არ უჩანს პოლიტიკური მომავალი, პოლიტიკური ალტერნატივა.
დღევანდელი ოპოზიციის უდიდესი ნაწილი გონებრივ, მორალურ და პოლიტიკურ იმპოტენციას განიცდის, რომელსაც არც საზოგადოებისთვის შეუძლია თავისი საჭიროების დამტკიცება და არც ხელისუფლებისთვის - მეტოქეობის განცდის გაჩენა. ხელისუფლებას ყოველთვის შეუძლია: I. მოისყიდოს ოპოზიციის დიდი ნაწილი - მას ამის საშუალებას ოპოზიციის ამორალობა აძლევს; II. იცის ისიც, რომ მეორე ნაწილის გონებრივი შესაძლებლობები მაქსიმალურად შეზღუდულია და ვერაფრით გაუმკლავდება ხელისუფლების წიაღში შექმნილ პოლიტიკურ კონფიგურაციებსა და ინსინუაციებს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, პოლიტიკურ ინტრიგებს. გამოდის, რომ ხელისუფლებას ოპოზიციის მეორე ნაწილით მანიპულირების საშუალებას მისივე ანუ ამ ოპოზიციის გონებრივი სიმწირე აძლევს; III. მესამე, მცირერიცხოვანი ნაწილი ოპოზიციისა, რომელსაც ვერც ამორალობას დასწამებ დ ვერც გონებრივ სიბეცეს, ფინანსურ შეჭირვებასთან ერთად პრაგმატიზმის ნაკლებობასაც უჩივის, რაც მუდმივი წარუმატებლობისა და უიღბლობის ნიშანია პოლიტიკაში. შედეგად მივიღეთ ოპოზიციაში სამი განშტოება: მორალური, გონებრივი და პოლიტიკური იმპოტენცია. რჩება ძალზედ მცირე ნაწილი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისა, რომელიც სხვებზე მეტად საღია და მორალური, მაგრამ საერთო ფონში ამინდს ვერ ქმნის.
დღევანდელი საქართველოში იმდენად გაჯერდა პოლიტიკური სივრცე სხვადასხვა ჯიშისა და ჯურის იმპოტენტებით, რომ საზოგადოებამ მომავალზე ორიენტაცია დაკარგა. საზოგადოების უდიდესი ნაწილი საკუთარ და ქვეყნის პოლიტიკურ მომავალს ოპოზიციასთან აღარ აიგივებს. ისევე როგორც, დასავლეთი: ბოლოდროინდელი გააქტიურებული საუბრები, რომ დასავლეთმა საქართველოს მიმართ ინტერესი დაკარგა, გამოწვეულია არა მხოლოდ გეოპოლიტიკური ძვრებით მსოფლიოში და კონკრეტულად, საქართველოს გარშემო, არამედ იმითაც, რომ დასავლეთი ვერ ხედავს ამ ეტაპზე საქართველოში პერსპექტიულ, ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალას, ამიტომაც მაქსიმალურად თავს იკავებს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და ფორსირებისგან, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასავლეთი ვერავისზე დებს ფსონს, რითაც ისევ და ისევ საქართველოს არსებულ ხელისუფლებას გაურკვეველი ვადით უხანგრძლივებს არსებობას.
- ბოლო კვლევების თანახმად, გოგი თოფაძის რეიტინგმა მნიშვნელოვნად აიწია. თქვენი აზრით, დედაქალაქში, რომლის მოგებას პრინციპული მნიშნველობა აქვს ხელისუფლებისთვი,ს ოპოზიციური კანდიდატი გაიმარჯვებს?
- დედაქალაქის მოგებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ ოპოზიციისთვისაც, მაგრამ მან ეს არ ან ვერ გაიცნობიერა. ამიტომ, ჩემი პასუხი ცალსახაა: ოპოზიციური კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს.
- ოპოზიციური პარტიები აქცენტს თბილისზე აკეთებენ და რეგიონებში მუშაობით “თავს არ იკლავენ”. რას ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?
- ადამიანური და მატერიალური რესურსების არქონა, ყველა იმ სავალალო დეფიციტთან ერთად, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ამ ორივე რესურსის დეფიციტს ისევ და ისევ ოპოზიციის უპერსპექტივობა განაპირობებს - უპერსპექტივო პოლიტიკურ ძალას საკუთარ მომავალს და ფინანსებს არავინ დაუკავშირებს. თუმცა, ამ შემთხვევაში, არ უნდა გამოვრიცხოთ, ხელისუფლების მიმართ შიშიც. მაგრამ წამყვანი, უთუოდ, საკუთრივ ამ პოლიტიკური ძალების მომავლისადმი უნდობლობაა.
- დღევანდელ საქართველოში ნამდვილი ოპოზიცია არსებობს?
- არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ასე დავსვამდი საკითხს: ვის უფრო დიდი შანსი აქვს, მოვიდეს ხელისუფლებაში, თუნდაც ეტაპობრივად, ნამდვილ თუ სატელიტ ოპოზიციას? მე ზემოთ შემთხვევით არ მიხსენებია პრაგმატიზმი და რაციონალიზმი. ორივე ეს თვისება აუცილებელია პოლიტიკაში წარმატებისთვის. ხშირად, მათი ფასი პოლიტიკაში წარმატების მისაღწევად მორალს გადაწონის, როგორი არასასიამოვნო მოსასმენიც არ უნდა იყოს ეს. მაგალითად ავიღოთ, თუნდაც, მომავალი ადგილობრივი არჩევნები: თუკი ხელისუფლების სატელიტი ოპოზიცია, ამ "სატელიტობით" მოახერხებს იმას, რომ არასატელიტი ოპოზიციისგან განსხვავებით, სოლიდურად იყოს წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, რაც მათ ძალასა და გავლენას, საქართველოს მასშტაბით, სერიოზულად გაზრდის და შექმნის ძალიან კარგ პირობებს მათი სამომავლო სტარტებისთვის, შედეგის თვალსაზრისით - რა არის ამაში ცუდი?! მათ ექნებათ ყველაზე უკეთესი სასტარტო პირობები, რომ იბრძოლონ და მოიპოვონ კიდევ და კიდევ უფრო მეტი ძალაუფლება, რაც, თეორიულად მაინც, მათ შანსებს - ხავერდოვნად ჩაანაცვლონ ხელისუფლება, - ნამდვილად ზრდის. ახლა ავიღოთ არასატელიტი, მაგრამ ასევე არაპრაგმატი და არარაციონალურად მოაზროვნე, თუნდაც მორალური ოპოზიცია, რომელიც მიუხედავად თავისი პრინციპულობისა, ძალიან შორს დგას მიზანთან - მოვიდეს ხელისუფლებაში. პოლიტიკაში მთავარი შედეგია - პრაგმატიზმი, რომელიც ამ შემთხვევაში სატელიტობისკენ გვიბიძგებს, რადგან ამ გზით უფრო რეალური ჩანს ხელისუფლების უფრო და უფრო დიდი პორციების მოპოვება, თუ მორალურობა, რომელიც სულ უფრო გვაშორებს ხელისუფლებისკენ სავალ გზას და პოლიტიკურ გვამობას გვაახლოებს - დამეთანხმებით, რომ დღევანდელი ქართული რეალობა პოლიტიკურ სპექტრს ძალზედ რთული დილემის წინაშე აყენებს.
- სახელმწიფო სამსახურში მყოფი არაერთი ჩინოვნიკი საოლქო კომისიაში ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს (ოზურგეთში ამის “ცოცხალი მაგალითი, სევერიან საჯაია გვყავს) და თან ამბობს, ხელისუფლების სატელიტი არ ვარო. თქვენ აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.
- სატელიტობის თემაზე წინა კითხვის პასუხში უკვე მოგახსენეთ ჩემი პოზიცია. პოლიტიკის პრაგმატული ბუნებიდან გამომდინარე, ხანდახან, პოზიციურად, სატელიტობაც შეიძლება მიზნის მიღწევის გზაზე გარკვეულ ეტაპად, ერთგვარ ტაქტიკურ სვლად გამოიყენო და საბოლოო ჯამში, ამით უფრო მეტი გამოსტაცო ხელისუფლებას, ვიდრე ქუჩაში, მორალურობას ამოფარებული, უმიზნო, უსტრატეგიო და უტაქტიკო ხუნტრუცით. პოლიტიკაში, ამგვარი ტაქტიკური ნაბიჯები, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული, ხშირად ამართლებს. მაგრამ თუ სატელიტობა არა ეტაპია მიზნისკენ სავალ გზაზე, არამედ მხოლოდ წმინდა წყლის ამორალობა და პატარა ადამიანის პატარა კრედიტის დაფარვის საშუალება, ეს კიდევ სხვა თემაა.
- საზოგადოების დიდ ნაწილს არ მოსწონს ხელისუფლება, აკრიტიკებს მათ ნაბიჯებს, თუმცა ოპოზიციის მიმართაც იგივე განწყობას აფიქსირებს. როგორც ექსპერტი, რას გვეტყვით, რისი ბრალია? იმის, რომ ოპოზიცია სუსტია და ზოგიერთ შემთხვევაში ხელისუფლებასთან არის შეკრული თუ “ნაციონალებს” ოპოზიციის მსგავსად კადრების დეფიციტი არ გააჩნია?
- ოპოზიციის ავკარგიანობაზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. პოლიტიკაში ყველაფერი შედეგით იზომება: დღეს ოპოზიციის ქმედუნარიანობის კოეფიციენტი ნულია. ის, რომ ხელისუფლება შეუზღუდავი თავისუფლებითა და ძალაუფლებით სარგებლობს, ეს ოპოზიციის უსუსურობის ბრალია. საქართველოს არც ერთი ხელისუფლება არ იზღუდავდა თავს კონსტიტუციითა და კანონით, რომელთაც ყოველთვის და დღესაც ცერემონიალური მნიშვნელობა აქვს ქართული ხელისუფლებისთვის. ერთადერთი შემზღუდავი ხელისუფლებისა იყო და იქნება ძლიერი ოპოზიცია და მის მიერ სწორად მართული საზოგადოებრივი აზრი. ამიტომ, უსუსური ოპოზიცია ისეთივე სიმძაფრით არის პასუხისმგებელი საქართველოში მიმდინარე და მოსალოდნელ პროცესებზე, რამდენადაც ხელისუფლება. კიდევ ერთი მიზეზი ოპოზიციის სახის დაკარგვისა, არის ქართველი პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილის წრეგადასული ამბიციურობა გაუნათლებლობასთან სინთეზში. მართალი ბრძანდებით, კადრების დეფიციტი არის ოპოზიციაში არსებული პრობლემების ყველაზე დიდი სათავე. უბრალოდ, საქართველოსნაირ პატარა ქვეყანას არ აქვს რესურსი კვალიფიციური კადრებით აღჭურვოს ამდენი იაფფასიანი სოკოებივით ამოზრდილი პოლიტიკური პარტია, რომელთა მოსყიდვა, გაბრიყვება, გასატელიტება და ამით პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედება, ძალიან იოლია. ელემენტარულად შეხედეთ - ადგილობრივ არჩევნებში წარსადგენი კანდიდატურებიც კი არ ჰყავს პარტიების უმეტესობას. ასე რომ, პოლიტიკური კულტურის და სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტთან ერთად, კადრების ნაკლებობაც ავსებს იმ ტრიადას, რომელიც თანამედროვე ქართული პოლიტიკის სავალალო მდგომარეობას განაპირობებს.
გიორგი გირკელიძე, გურია ნიუსი