რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი ევროსაბჭოს რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესის 27-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
თენგიზ შერგელაშვილმა საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის რეფორმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმა დაიწყო თვითმმართველობის საკანონმდებლო ბაზის ცვლილებით, რომელშიც სრულად იქნა გათვალისწინებული კონგრესის მიერ 2013 წლის მარტში მოცემული რეკომენდაციები. ასევე, განხორციელდა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, დემოკრატიის მექანიზმების დახვეწის მიმართულებით.
თენგიზ შერგელაშვილმა 2014 წელს საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შესახებაც გაამახვილა ყურადღება, მისი თქმით 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები არსებითად გაუმჯობესებული საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში ჩატარდა, მშვიდ გარემოში, დემოკრატიული პრინციპების დაცვით.
აღნიშნულ განხილვაზე სიტყვით, ასევე, თბილისი მერი დავით ნარმანია გამოვიდა. მან საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე, ქვეყანაში მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასა და მის გაგრძელებაზე ისაუბრა.
განხილვის დასასრულს, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა დაამტკიცა საქართველოში ჩატარებული ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით რეზოლუცია, რომლითაც თვითმმართველობის არჩევნები პოზიტიურად შეაფასა.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ, დაძაბული წინასაარჩევნო გარემოს მიუხედავად, 2014 წლის 15 ივნისის არჩევნები მშვიდ და წყნარ გარემოში ჩატარდა. კონგრესის მიერ მიღებულ რეზოლუციაში განსაკუთრებულად დადებითად აღინიშნა მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით, 50% პლიუს ერთი ხმით არჩევა.
კონგრესი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შემდგომ არჩევნებთან დაკავშირებით, შეიმუშაოს უფრო აქტიური პროცედურები, აგრესიული რიტორიკის, ძალადობრივი ქმედებისა და საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირებზე ზეწოლის პრევენციის მიზნით.
ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის რეზოლუცია