თბილისის არჩეული მერი დავით ნარმანია მერის უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად 2 აგვისტოდან დაიწყებს.
რა ცვლილებებია მოსალოდნელი თბილისის მერიაში, როგორი იქნება დედაქალქის ახალი მთავრობის შემადგენლობა,
რეალურად ამოქმედდება თუ არა საჯარიმო სანქციები თბილისის დანაგვიანებისთვის, შეიცვლება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტის ტარიფები – ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე დავით ნარმანიამ "ინტერპრესნიუსის" კითხვებს უპასუხა.
- ბატონო დავით, 2 აგვისტოდან თბილისის მერია უკვე თქვენს განკარგულებაში იქნება. რა იქნება ის საკითხები და თემები, რომლებზე მუშაობასაც პირველივე დღიდან დაიწყებთ?
- ორი აგვისტო იქნება ჩემი პირველი სამუშაო დღე მერიის ადმინისტრაციულ შენობაში. რა თქმა უნდა, პირველი და უმთავრესი თბილისის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებაა, რომელიც საკრებულოს პრეროგატივაა. აქედან გამომდინარე, საკრებულოს გადაეგზავნება შემადგენლობა, რომელსაც დავასახელებთ.
გარდა ამისა, რამდენიმე აუცილებელი გადაწყვეტილება იქნება მისაღები, რომ მერიის სისტემა და სტრუქტურა იყოს უფრო მეტად მოწესრიგებული. აქედან გამომდინარე, რასაც ვპირდებოდით ჩვენს ამომრჩეველს, მოქალაქეთა მიღების წესის დამტკიცებაა, რომელსაც პირველივე დღეებში მივიღებთ. გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები იქნება მერიაში, თუმცა ძალიან არსებითი არა. არსებითი ცვლილებები შემოდგომისთვის იგეგმება, მას შემდეგ, რაც თბილისის მერიის სტრუქტურის დეტალურ ანალიზს გავაკეთებთ. ჩვენ აუცილებლად საქმეზე მორგებულ სტრუქტურას გავაკეთებთ და არა - ადამიანებზე მორგებულს, როგორც ეს არის დღემდე თბილისის მერიაში. ასევე აუცილებელია, რამდენიმე საკვანძო გადაწყვეტილების მიღებაც. ვაანალიზებთ ბიუჯეტს და ცვლილებები გაგრძელდება აუცილებლად. მას შემდეგ, რაც დეტალური ანალიზი დასრულდება, მომზადდება ცვლილებების პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ წლის ბოლომდე ბიუჯეტი რაციონალურად და გამჭვირვალედ დავხარჯოთ. თბილისის მოქლაქეებთან აქტიურად კომუნიკაციას ვაპირებთ, რათა მათ საჭიროებებს მოვარგოთ მომდევნო წლის პროგრამები და ბიუჯეტი. შემოდგომიდან დავიწყებთ მოსახლეობასთან კონსულტაციებს, გამგეობის წარმომადგენლებისა და მაჟორიტარი დეპუტატების ჩართულობით და შემდეგ მომზადდება 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი.
- თუ გაქვთ გადაწყვეტილი, ვის დანიშნავთ მოადგილეებად, გამგებლებად და სამსახურების ხელმძღვანელებად? არაერთი ადამიანის გვარი სახელდება, ამბობენ რომ გიორგი სოლომონია, რომელიც თქვენი მოადგილე იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისროში, მერის მოადგილე გახდება, ასევე საუბრობენ, რომ მოადგილის პოსტზე შეთავაზება თემურ ქურხულმა მიიღო, ვაკის გამგებლად კი გლდანის ყოფილი გამგებელი კახა ლაბუჩიძე ინიშნება. . .
- გიორგი სოლომონია დღესაც არის მინისტრის მოადგილე. სხვა კანდიდატებიც, რომლებიც სავარაუდოდ დასახელდა, ყველა მუშაობს და თავის საქმეს აკეთებს. მქონდა გარკვეული მონახაზები და შეთავაზებები, მაგრამ ეს ცოცხალი პროცესია და კონსულტაციები მიმდინარეობს. ამიტომაც, ჯერ არ ვასახელებ შემადგენლობას. ჩემი სურვილია, 2 აგვისტოს ერთიანად დავასახელო ქალაქის მთავრობა და წარვუდგინო საზოგადოებას. გარწმუნებთ, ისინი იქნებიან პროფესიონალები, პატრიოტები და ხალხთან ახლოს მდგომი ადამიანები.
რაც შეეხება თემურ ქურხულს, პირველად საინფორმაციო საშუალებებით გავიგე ეს ამბავი. თემურ ქურხულს ვიცნობ, რამდენიმე წლის წინ ვთანამშრომლობდით კიდეც, როდესაც ის ქალაქის მმართველობაში იყო და მე "ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში" ვიყავი. რამდენიმე სასიკეთო გადაწყვეტილება შევთავაზეთ მაშინ მერიას და იქიდან ვიცნობ. მაგრამ ბოლო პერიოდში მასთან კომუნიკაცია არ მქონია.
ლაბუჩიძესთან დაკავშირებით კი, არ შემიძლია ეს ინფორმაცია დაგიდასტუროთ. თუმცა, წყარო საინტერესოა…
- სხვათა შორის ამავე წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთ გამგეობაში ამბობენ, რომ არსებობს გარკვეული სიები, თუ ვინ უნდა დაინიშნოს მათ ნაცვლად და ეს შეეხება არა მარტო თანამდებობის პირებს, არამედ რიგით თანამშრომლებსაც. ასევე ამბობენ, რომ სიები "ქართული ოცნების" მხარდამჭერებით არის დაკომპლექტებული?
- არანაირი სიები რაიონების გამგეობების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით არ არსებობს და ასეთი მიდგომა ჩვენ არ გვექნება. თუ ვინმეს რამე სია აქვს, მინდა ვთქვა, რომ ეს არის სიცრუე. ჯერ არავინ იცის, ვინ რომელი რაიონის გამგებელი იქნება. ეს მონახაზი ჯერ ძალიან ვიწრო ჯგუფში არსებობს და კონსულტაციები მიმდინარეობს.
- რაც შეეხება ატესტაციას თვითმმართველობის ორგანოებში, როდისთვის იგეგმება?
- საქართველოს პარლამენტი მუშაობს ატესტაციის წესზე და ამ წესს დავემორჩილებით. ეს იქნება წესი მთლიანად ყველა ადგილობრივი თვითთმმართველობისთვის, მათ შორის - თბილისის მერიისთვისაც. ამ წესით ვიხელმძღვანელებთ და ჩავატარებთ ატესტაციას. სავარაუდოდ, შემოდგომაზე ჩატარდება.
- აპირებთ თუ არა, გააუქმოთ მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს-ების სამეთვალყურეო საბჭოები, რომელიც საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შეიქმნა და ძირითადად, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. ისინი საკმაოდ მაღალ ანაზღაურებასაც იღებენ. . .
- სამეთვალყურეო საბჭოების საქმიანობას შევისწავლით. არცერთი არ არის ისეთი შპს, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სამეთვალყურეო საბჭოს არსებობა. მათი მეთვალყურე არის შესაბამისი საქალაქო სამსახური, კურატორი, მერის მოადგილე და საკუთრივ მერი. თუ შენარჩუნებული იქნება სამეთვალყურეო საბჭოები, შევიყვანთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც არ მოითხოვენ დამატებით შრომის ანაზღაურებას, მერიის სტრუქტურაში ისედაც მუშაობენ და თანამდებობრივად ეკუთვნით, იყვნენ კონკრეტული შპს-ების მეთვალყურეები.
- პრემიების თემაზეც გკითხავთ, შენარჩუნდება თუ არა და როგორი იქნება პრემიების გაცემის წესი დედაქალაქის მერიაში?
- პრემიების და შრომის ანაზღაურების ნაწილში ცვლილება აუცილებლად იქნება. ჩვენ ძალიან სწრაფად, აგვისტოს თვეშივე დავამტკიცებთ თბილისის მერიის სისტემისთვის შრომის ანაზღაურების და დანამატების გაცემის წესს. ვინაიდან საქართველოს მთავრობამ შეუმუშავა და უკვე დაამტკიცა ასეთი წესი, ჩვენ ამ რეკომენდაციას მივიღებთ და შევასრულებთ. მხოლოდ ისეთი ადამიანი მიიღებს პრემიას, ვისაც რაიმე განსაკუთრებული საქმე ექნება გაკეთებული. პრემიის მინიჭების საკითხს კი კომისია განსაზღვრავს. ასევე აუცილებელია, შევზღუდოთ მერიის სისტემაში ერთი და იმავე ადამიანების სხვადასხვა სამსახურში მუშაობა და ორი და სამი ხელფასის მიღება. ასეთი, სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი ვნახეთ.
- ზოოპარკის თემაზე მინდა გკითხოთ, ინფორმაციას რომ ზოოპარკის გადატანის ინიციატივა არსებობს, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა. რომ დააკონკრეტოთ, რას გულისხმობს ეს ინიციატივა და თუ არებობს რეალური პროექტი? სავარაუდოდ რა დაუჯდება ზოოპარკის გადატანა ქალაქს?
- ზოოპარკის ტერიტორია არის ძალიან ვიწრო, რომ იქ თანამედროვე ზოოპარკი გაკეთდეს. საერთოდ, ჩვენს ზოოპარკს გაფართოება სჭირდება და ეს ტერიტორია არასაკმარისია. გარდა ამისა ზოოპარკის მიმდებარედ გზის გაყვანამ იქ ხმაური გამოიწვია და დისკომფორტია ამ თვალსაზრისითაც.
აუცილებელია, ზოოპარკის გადატანა იქ, სადაც შედარებით სიმშვიდე და სივრცე იქნება განვითარებისა და გაფართოებისთვის. არსებობს რამდენიმე საპროექტო მონახაზი, რომელიც თავის დროზე სხვადსახვა ჯგუფების მიერ იქნა გაკეთებული ზოოპარკთან დაკავშირებით. ჩვენ ყველა დოკუმენტაცია ავიღეთ და ვაანალიზებთ. ამის საფუძველზე გაკეთდება დეტალური პროექტი და მოხდება ზოოპარკის გადატანა. საკმაოდ დიდ რესურსთან არის დაკავშირებული, გავაკეთებთ გეგმა-გრაფიკს და ამის მიხედვით ვიმუშავებთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა ზოოპარკის გადატანა და ამ ტერტორიის გამწვანება. ზოოპარკის ტერიტორია საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდება მზიურს, რათა მათ შორის გაწყვეტილი კავშირი აღდგეს. ხმაურჩამხშობი მოწყობილობები გაკეთდება გზის ორივე მხარეს და დამატებითი რეკრეაციული დატვირთვა ექნება როგორც მზიურს, ასევე ზოოპარკის ტერიტორიას.
ზოოპარკის გადატანის დაახლოებითი ხარჯთაღრიცხვა არსებობს, მაგრამ ეს გამომდინარეობს იქიდან, რა მასშტაბის და მოცულობის ზოოპარკს გავაკეთებთ. ეს არ არის 2-3 მილიონის თემა, გაცილებით დიდია. აქედან გამომდინარე ჩვენ საშუალო, ნორმალური ზომის ზოოპარკს გავაკეთებთ, რომელიც არც ძალიან ძვირი დაჯდება და არც ძალიან მარტივი კონსტრუქციის და ფორმის იქნება. აქ რესურსების ჩადება ღირს გრძელვადიანი პერიოდისთვის. როდესაც გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი პროექტის გაკეთება გვინდა, ის შედარებით ძვირი ჯდება, ვიდრე მოკლევადიანი პერიოდისთვის უხარისხოდ აშენებული.
- რაც შეეხება "პანორამა თბილისს", როგორია პირადად თქვენი დამოკიდებულება?
- "პანორამა თბილისი", როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი პროექტია. ამ პროექტის მიხედვით იქმნება შესაძლებლობა დამატებით ადამიანების დასაქმების, როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციის პროცესში. გაიზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი, გაჩნდება დამატებითი შემოსავლები, მოვიზიდავთ ინვესტიციებს და ა.შ. ამიტომ საინტერესო პროექტია. რაც შეეხება მის არქიტექტურულ მხარეს, ვიზუალს, ამ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა ინვესტორის მხრიდან. მას შემდეგ, რაც წარმოადგენენ საბოლოო სახით, ის აუცილებლად უნდა იქნას განხილული შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობით და საზოგადოების ფართო ჩართულობით უნდა მოხდეს ამ პროექტის განხორციელება.
- თქვენი პროგრამის მიხედვით, თბილისს უნდა ჰქონდეს განვითარების გენერალური გეგმა, ამავე დროს თქვენ მიშენებების დაკანონებას დაჰპირდით მოსახლეობას, რამდენად თავსებადია ეს ორი საკითხი ერთმანეთთან?
- ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმა იქნება სივრცითი ტერიტორიის განვითარების გეგმა, თუ სად, რომელ უბანში, რა სიმაღლის, როგორი ფორმის შენობა შეიძლება აშენდეს, როგორი შეიძლება იყოს რეკრეაციული ზონები. რაც შეეხება მიშენებებთან დაკავშირებულ საკითხს - არასწორად იქნა აღქმული, დაპირება შეეხებოდა დაშენების, მიშენების ან კარ-ფანჯრის გადატანის გამო უკვე დაჯარიმებული პირების ამნისტიას. ჯარიმა ძირითადად გადაუხდელი აქვთ ისეთი კატეგორიის ადამიანებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები და არ აქვთ შესაძლებლობა. რაც შეეხება დაკანონების საკითხებს - ლეგალიზაციაზე საკრებულოში შესაბამისი კომისია შეიქმნება, ეს იქნება მიწის და ქონების საკითხთა ლეგალიზაციის კომისია. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური მოამზადებს დასკვნებს მდგრადობასთან, არქიტექტურულ მხარესთან დაკავშირებით და შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ეს არ იქნება ქაოტური პროცესი. ეს პროცესი გარკვეულ ჩარჩოში მოექცევა.
- რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს - იგეგმებოდა ავტობუსების ჩანაცვლება. ასევე თბილისის მიკროავტობუსთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემებიც ალბათ ცნობილია თქვენთვის, მოსახლეობა უხარისხო მომსახურებას აპროტესტებს, ბოლო დროს გახშირდა მძღოლებსა და მგზავრებს შორის დაპირისპირებაც. . .
- ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაუმჯობესოთ სატრანსპორტო მომსახურება და მოქალქეებისთვის გავხადოთ უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი. ამისთვის აუცილებლად კვლევას ჩავატარებთ, გამოვკითხავთ მოსახლეობას. თუმცა კვლევის გარეშეც რამდენიმე აუცილებელი ღონისძიების გატარება მალევე დაიწყება. ასევე მძღოლების უფლებების დაცვასთან დაკავშირებითაც ვაპირებთ აქტიურად ვიმუშაოთ.
მუნიციპალური ტრანსპორტი, ავტობუსების პარკი ეტაპობრივად განახლდება და ჩანაცვლდება ახალი თანამედროვე ავტობუსებით, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზთუდული შესაძლებლობების მქონე პრებისთვის. არის მთელი რიგი უბნები, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი ძალიან იშვიათად დადის ან საერთოდ არ დადის. ეს განსაუთრებით თბილისს შემოერთებულ უბნებს ეხება, სადაც დამატებით დაინიშნება მარშრუტები.
- მოსალოდნელია თუ არა სატარიფო ცვლილებები?
- სატარიფო ცვლილებები დაგეგმილია შშმ პირებისა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირებისთვის. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირები სრულად გათავისუფლდებიან მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულებისგან.
სხვა ნაწილში, ჩვენ კვლევა გვიჩვენებს სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს და მხოლოდ ამაზე დაყრდნობით მივიღებთ გადაწყვეტილებას.
- "სითი პარკის" თემას რაც შეეხება, თუ აპირებთ მათთან კონტრაქტის გადახედვას ან საერთოდ შეწყვეტას? თუ გაქვთ კონკრეტული გეგმა პარკირების საკითხთან დაკავშირებით?
- "სითი პარკთან" დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კაბალური და საზიანო ხელშეკრულებაა დადებული. ამიტომ ძალიან მკაცრად მოეთხოვებათ პასუხი იმ პირებს, ვინც თბილისის მერიის მხრიდან შესაბამის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი და მისცეს ვიზა. ვინაიდან სახელმწიფოს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ვალდებულება დაეკისრება ამ ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უფრო ფრთხილად და სკრუპულოზურად უნდა მოვეკიდოთ მას. მაგრამ აუცილებელი იქნება ხელშეკრულებაში ცვლილებები და ამას გავაკეთებთ მუნიციპალიტეტის და ხალხის სასარგებლოდ და არ დავუშვებთ იმას, რომ ვინმემ ჩვენი თანამოქლაქეების საზიანოდ ჯიბე გაისქელოს და თავისკენ მიმართოს ხალხის ფული. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ მკაცრად მოვითხოვთ პარკირების წესების დაცვას, მკაცრად მოვითხოვთ, რომ თბილისში აშენდეს მიწისქვეშა და მიწისზედა პარკირების სისტემები და განიტვირთოს სხვადასხვა უბნებში არსებული ტროტუარები მანქანებისაგან. ასევე გზის სავალ ნაწილში პარკირებისთვის მონიშნული ადგილები დამატებით საცობებს ქმნის და დისკომფორტს უქმნის მძღოლებს. ამ თვალსაზრისით კომპლექსური მიდგომა გვექნება. კონკრეტულად ყველა ინფორმაცია, რაც არის თბილისის მერიაში, ამოწეული იქნება და გადავაგზავნით საკრებულოში შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
- დასუფთავების საკითხი საკმაოდ მწვავეა. არ ფიქრობთ, რომ აუცილებელია ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის არსებული საჯარიმო სანქციების რეალურად ამოქმედება?
- ჩვენ ვფიქრობთ, რომ სისუფთავის დაცვის თვალსაზრისით რამდენიმე კონკრეტული ღონისძიება გავატაროთ. იქნება საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში. ჯარიმების ნაწილი რეალური და ქმედითი გახდება და ზედამხედველობის სამსახურს დაეკისრება მონიტორინგის განხორციელების პასუხისმგებლობა და მოუხდება კანონმდებლობის დამრღვევი დააჯარიმოს შესაბამისი ჯარიმით. ეს არა მხოლოდ ფიზიკურ პირებს ეხება, არამედ იურიდიულ პირებსაც, რომლებიც წარმოქმნიან სამშენებლო ნარჩენებს ქალაქის სხვადსახვა ნაწილში და უკანონოდ ყრიან, მათზეც გავრცელდება პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, რამდენიმე ღონისძიების ერთობლივად გატარებით მივიღებთ შედეგს.
ipn.ge
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები