თქვენ იმყოფებით: ბიბლიოთეკა სტატიები "რესპუბლიკელმა" კანდიდატმა კანდიდატურა "ალიანსთან" შეთანხმების გარეშე მოხსნა
"რესპუბლიკელმა" კანდიდატმა კანდიდატურა "ალიანსთან" შეთანხმების გარეშე მოხსნა

19.05.2010 - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ბუკისციხე საარჩევნო მარათონში ყველაზე ცხელი წერტილი აღმოჩნდა - 10 მაისამდე ამ სოფელში კენჭისყრას სამი კანდიდატი: ედიშერ სიხარულიძე "ნაციონალებიდან", ერეკლე ბერიშვილი "ქრისტიან-დემოკრატებიდან" და კოტე სიხარულიძე "ალიანსი-საქართველოდან" აპირებდნენ. 10 მაისს კოტე სიხარულიძემ კანდიდატურა მოხსნა.

სანდო წყაროს ცნობით, "ნაციონალების" კანდიდატს ბუკისციხის ამომრჩევლის იმედი აქვს. "ქრისტიან დემოკრატებისას" - იანეულის. მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივად ბუკისციხეში მეტი ამომრჩეველია, გასული არჩევნების სტატისტიკური მონაცემებით იანეულში უფრო მეტი გამოცხადდა. ამიტომაც, კოტე სიხარულიძის მიერ დაყენებულმა კანდიდატურამ "ნაცებს" დიდი საფიქრალი გაუჩინა, თუმცა არა ისეთი, რომ გამოსავალი ვერ ეპოვათ:

 

 

"მოგახსენებთ, რომ 62/02 ბუკისციხის მაჟორიტარულ ოლქში უნდა მეყარა კენჭი მაჟორიტარ კანდიდატად. საკუთარი ნებით ვხსნი ჩემს კანდიდატურას. გთხოვთ, გააუქმოთ ჩემი რეგისტრაცია, როგორც მაჟორიტარი კანდიდატის," - წერია სიხარულიძის მიერ ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის სახელზე დაწერილ განცხადებაში.

 

ის, რომ "ალიანსის"კანდიდატი დიდხანს ვერ "გაქაჩავდა", თავიდანვე იყო ცნობილი და ჩვენი გაზეთიც ამის შესახებ უკვე წერდა. კოტე სიხარულიძე ედიშერ სიხარულიძის ახლო მეგობარია და როგორც წყაროები გვიდასტურებდნენ, ამ ორ შორის გარიგება ათ მაისამდე რამდენიმე დღით ადრე შედგა. რის ხარჯზე გაკეთდა ეს შეთანხმება, ამ თემაზე ოფიციალურ საუბარს ყველა გაურბის. აღსანიშნავია ისიც, რომ კანდიდატურის მოხსნის შესახებ გავრცელებულ ხმებს, კოტე სიხარულიძე ჩვენთან სატელეფონო საუბრისას ჯერ კიდევ 8 მაისს უარყოფდა. უარყოფდა იმასაც, რომ "ნაციონალების" კანდიდატთან გარიგებაში შევიდა.

- რატომ მოვხსენი კანდიდატურა და სტრატეგია შევიცვალე (საუბრის სტილი დაცულია), - გვითხრა სიხარულიძემ 11 მაისს, სატელეფონო საუბრისას.

- რას ნიშნავს სტრატეგიის შეცვლა?

- უნდა ვიმუშაო "რესპუბლიკური" პარტიის ხმებზე და მასე აჯობებს ახლა.

- ორივეს ერთად ვერ შეძლებდით?

- ვერ ვიზამდი, იმიტომ, რომ მაინც საერთო საძმაკაცო გვყავს, ამიტომ იქმნებოდა უხერხული მდგომარეობა და ამიტომ, ვთქვათ გავა, არ ვიცი, ვინ გავა... ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს (?!) და პარტიის ხმებზე ასე უფრო ვუმუშავებ.

- თუ თქვენ და ედიშერ სიხარულიძეს საერთო საძმაკაცო გყავთ, რატომ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა მის გამარჯვებას?

- მესმის და ამიტომ, ჩემი ამ ნაბიჯით, ჩემს სამეგობროს პრობლემა მოვუხსენი.

- როცა კანდიდატად დადექით, მაშინაც ხომ "საერთო საძმაკაცო" გყავდათ?

- რა ვიცი, აბა?!

- როგორც გვითხრეს, თქვენსა და "ნაციონალების" კანდიდატს შორის გარიგება შედგა...

- არა, არავითარი გარიგება. ეგ ტყუილად არ იფიქროთ (?!) და უბრალოდ მასეთი რამ არც უნდა მაკადროთ, რადგან არ მიცნობთ კარგად.

- ბატონო კოტე, გარიგების შესახებ ფაქტები მეტყველებენ და სანდო წყაროები საუბრობენ...

- ფაქტები არაფერს არ მოწმობს. მე უნდა ვიმუშაო პარტიის ხმებზე, ამიტომ ჩემი მთელი აქცენტი და ჩემი მთელი სტრატეგია გადატანილია პარტიულ ხმებზე.

- რატომ უნდა დაგიჯეროთ ამომრჩეველმა, რომ კანდიდატურის მოხსნის შემდგომ, თქვენი ძალისხმევა ხმების მოსაპოვებლად ნამდვილად "რესპუბლიკელებისკენ" იქნება მიმართული?

- მაგას ფაქტი დაგვანახებს და თუ კი არ დაგვანახებს, შემდეგ აქ არ ვართ რაიონში? (?!)

- ყოველ შემთხვევაში, როგორც წესი, პასუხს არავინ არავის არ მოსთხოვს... შესაძლოა ეს ღიად არც გააკეთოთ, ხერხები უამრავია...

- ვნახოთ, რა. მეტი სხვა რა უნდა გითხრათ? მე ვინც მიცნობს, იცის, რომ მასეთ რამეს არ ვიზამ, რადგან ეს უსინდისობაა. 44 წლის კაცი ვარ და მაგ გადასახედით არ მიცხოვრია, - გვითხრა სიხარულიძემ.

"ლიანსი საქართველოსთვის" ჩოხატაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვახტანგ გაჩეჩილაძე ამბობს, რომ სიხარულიძეს მასთან გადაწყვეტილება არ შეუთანხმებია:

კოტე სიხარულიძის კანდიდატურა, ჩვენს ცენტრალურ ოფისში ბოლო დღეს წარადგინეს და რეკომენდაცია "რესპუბლიკურმა" პარტიამ გაუწია. მე მანამდე საქმის კურსში არ ვიყავი. რა თქმა უნდა, კანდიდატი მისაღები იყო და ახლა რა მოხდა, არ ვიცი. იმედია, "რესპუბლიკური" პარტიის თავმჯდომარე იქნება გარკვეული. მე და კოტე ჯერ ერთმანეთს არ შევხვედრივართ, არც მისი არგუმენტაციები ვიცი, როგორც ის არ ვიცოდი, რომ კანდიდატურა მოიხსნა. იმედია, მისგან გავიგებ, რა მოტივი ჰქონდა, როცა ასეთ ნაბიჯს დგამდა, - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

გურია ნიუსი

19.05.2010

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა